Home რუბრიკები საზოგადოება სხვის ხელში ყურება ვერაფერი თამასუქია

სხვის ხელში ყურება ვერაფერი თამასუქია

“ხალხი თვითმოქმედებით არის მხოლოდ ძლიერი...”

666
ქართული ბრენდი „სადილი“ - ხორცის კონსერვების საწარმო დედოფლისწყაროში

თვითმოქმედება პირადი ინიციატივის, თაოსნობის გამოჩენაა რაიმე საზოგადოებრივ საქმიანობაში. ასე განმარტავს უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი ამ სიტყვას. საქართველოს ახსოვს მის სახელოვან შვილთა თაოსნობითა და პირადი ინიციატივით რამდენი კარგი რამ გაკეთდა ქვეყნისთვის, თუმცა დღეს ცხოვრება ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და ახალახალ ინიციატივებსა და იდეებს მოითხოვს ჩვენგან.

ცნობილია, რომ ნიკო ნიკოლაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის, გაზეთების გამომცემლის, ნიჭიერი პუბლიცისტის, მეცნიერის, პოლიტიკოსის, განმანათლებლისა და სახელმწიფო მოხელის ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრება გაჯერებეული იყო მისი დროის საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობითა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობით. ამ ადამიანს ყველაფერი ახალი, ინოვაციური ჩამოჰქონდა საქართველოში, იყო პიონერი ძალიან ბევრ საქმეში. საქართველოს ისტორიაში ის შევიდა, როგორც ტყიბულის, ჭიათურის სამთომრეწველობის, ფოთის პორტის ფუძემდებელიჯერ კიდევ შორეულ 1871 წელს ფოთის მომავალი თავკაცი წერდა, “სანამ ფოთში პორტი არ გაიმართება, ისეთი, რომ ზღვის გემებს ყოველთვის შეეძლოს რიონში შემოსვლა და თავისუფლად დაცლადატვირთვა, მანამდი ფოთის მომავალი ყინულზეა დაწერილიო”.

ფოთის, როგორც საპორტო ქალაქისა და მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრის, შექმნა მართლაც დიდწილად არის დაკავშირებული ნიკო ნიკოლაძის სახელთან.

თვითმოქმედება მისთვის ნიშნავდა თავისუფალ ეკონომიკურ საქმიანობას. ნიკო ნიკოლაძე დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების გარეშე ბედნიერი მომავლის იმედი არ უნდა ჰქონოდა:

ყოველი ერის საფუძველი, ძალა, მომავალი უფრო მის მეურნეობაზეა დამყარებული, მის მწარმოებლობაზე. სხვა ყველაფერი თითქმის უმნიშვნელოა ამასთან შედარებით. ერი, რომლის წარმოება შეფერხდა სხვა ქვეყნების წარმოებასთან შედარებით და ხეირიანად ვეღარ აჯილდოვებს მწარმოებელს, სხვის მსხვერპლადაა გამზადებული. იმან თუ სწრაფად ვერ მოახერხა თავისი წარმოების გაუმჯობესება, გაიაფება, გაადვილება და გახვავიანება, მისი საქმე წასული და დაღუპულია”.

ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება ბაქოთბილისიბათუმის რკინიგზის მშენებლობა და მისი ორგანიზაცია.

აი ილია კი წერდა, რომ ჩვენი ხალხი უნდა გამოფხიზლდეს და მიხვდეს: “ჩემს ქვეყანაში ყოველივე საქმე უფრო უპრიანია ჩემ ხელთ იყოს, ვიდრე სხვის ხელშიო; თუ რამ გაკეთდეს, ჩემის ხელით გაკეთდესო, და თუ გამორჩომაა რამე, მე გამოვრჩე, სხვის გამორჩომასაო. აქამომდე ამგვარ საქმეებისათვის ჩვენ მიძინებულნი ვიყავით, ჩვენის ქვეყნის სიკეთით სხვანი ხეირობდნენ, ჩვენის ქვეყნის საქმეებისაგან სხვანი მდიდრდებოდნენ და, თუ ლუკმა გავარდეს, ისევ ჯამში ჩავარდეს, ის არა სჯობიაო?”

მაგრამ რას ფიქრობენ დღეს ის ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის ბატონპატრონობის პრეტენზია აქვთ?

საკითხავი აი ეს არის. ჩვენ კი, მკითხველო, ისევ სულმნათ ილიას მივუგდოთ ყური:

თვითმსაჯულება, თვითმხედველობა გონებრივი უმაღლესი წერტილია ადამიანის განვითარებისა და წარმატებისა (“რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს”. 1887 წ.).

“შესაძლოა კაცს მრავალი ცოდნა ჰქონდეს, და ის უნარი-კი, რომელიც თავისით ჭრასა და კერვას მოასწავებს გონების საქმეში, არ გახსნოდეს, არ გაშლოდეს სამოქმედოდ” (“რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს”. 1887 წ.).

ჩვენს ინტელიგენციას სწორედ ეგ უნარი თვითმსჯელობისა, თვითმხედველობისა არა აქვს გახსნილი და გადაშლილი. ეგ ნაკლია მიზეზი, რომ ჩვენს საკუთარს საქმეში, ჩვენს საკუთარს ავკარგიანობაში ვერაფერი გაგვიგნია, თავი და ბოლო ერთმანეთზედ ვერ გადაგვიბამს. ეგ არის მიზეზი, რომ ჩვენ ჩვენი კრიტიკა არა გვაქვს არა-რომელისამე საგნისა საზოგადოდ, და ლიტერატურისა საკუთრად” (“რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს”. 1887 წ.).

ხალხი თვითმოქმედებით არის მხოლოდ ძლიერი და ნაყოფიერი სულით თუ ხორცით, რაც მალე დავიჯერებთ ამ ჭეშმარიტებას, რაც მალე შევითვისებთ, მით მალე გამოვიხსნით თავს იმ გაჭირვებიდამ, რომელშიაც ასე სასოწარკვეთილებით დღეს ვიმყოფებით(“საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის”. 1877 წ. 10 ნოემბერი).

“გვეყო, რაც ჩვენმა წარსულმა ჩვენ მაგალითები გვიჩვენა. ნუთუ აქამომდე გული ვერ დავაჯერეთ, რომ ჩვენს გარე ჩვენი ხსნა სიზმარია! მაშ თუ ასეა, სწავლისა და განათლების სახსარის ნაკლებულობას ჩვენის ცრემლით, ვახით და ვიშით ვერ შევავსებთ. სულ ტყუილია! როგორც თვითოეული კაცი, ისე საზოგადოება, ისე ხალხი მარტო თავისით არის თავისით უნდა იყოს კიდეც. ძალაც ამისთანა ხალხშია და ბედიცა” (“საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის”. 1877 წ. 10 ნოემბერი).

დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვივა და ამაებმა სრულიად წარწყმიდეს ჩვენში ის თვითმოქმედების ძალღონე, რომელიც უწინ იყო და რომელიც, თუკი სადმე არის, ყოველგან ხალხის ბედნიერების სათაურია და საფუძველიც. ხსნა ჩვენი თვითმოქმედებაში და ერთობაშია. საცა კაცი თითონ არ არის, სხვისით არა გაკეთებულა რა; საცა ერთი ვერას იქმს, იქ ოცსა და ორმოცს ერთად შეუძლიან ჰქმნას (“საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის”. 1877 წ. 10 ნოემბერი).

რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისაგან ბევრ ნურას ველოდებითო; რასაც თვითოეული ცალკე ვერ შევსძლებთო, ამას საზოგადოებრივად, ერთად ადვილად შევიძლებთო (“საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის”. 1877 წ. 10 ნოემბერი).

თვითმოქმედებაშია მთელი სიმძიმე ამ თავმოსაწონის და პატიოსანის საქმისა. ამასთანავე მთელი სახელოვანებაც, და ამაზედვეა დამყარებული იმედი გამარჯვებისა. თვითმოქმედება ყოვლად მხსნელი და ძლევამოსილი ძალია ყოველსფერში და ნამეტნავად მაშინ, როცა კაცს, თუ საზოგადოებას თავისთავის შველა უნდა (“ქალი მასწავლებელი”. 1886 წ. 7 იანვარი).

თუ თავი ჩვენი ჩვენ გვახლავს, ღარიბად არ ვიხსენებითო (“ქართველი სტუდენტობა რუსეთში”. 1886 წ. 4 თებერვალი).

რაც გინდა დიდ გაჭირვებაში ჩავარდეს კაცი, ერთადერთი გზა ხსნისა კაცის საკუთარი მხნეობა და გამრჯელობაა. მართალია, შესაძლოა სხვა გარემოებამაც ხელი შეუწყოს კაცს გაჭირვებისაგან დახსნისათვის, მაგრამ თავიდათავი მომქმედი ძალი მთაკლდის გასარღვევად მაინც კაცის საკუთარი მხნეობაა, საკუთარი თვითმოქმედებაა. უამისოდ სხვისით საქმის წარმართვა, სხვისით ხსნა, სხვისაგან მოლოდინი შველისა და ხსნისა უფრო მიძინებაა მხნეობისა, თვითმოქმედებისა და თავისთავის შველისა, ვიდრე საქმის გაჩარხვა, კეთება და წარმატება” (“ქალთა სასწავლებელი”. 1889 წ. 6 მარტი).

“საზოგადოებას აიღებთ, თუ ცალკე კაცს, ყველგან ერთსა და იმავე უცვალებელს ბედისწერასა ჰხედავთ, რომ მარტო საკუთარს თვითმოქმედებას, მხნეობას, გამრჯელობას წარუმართნია საქმე როგორც საზოგადოების, ისე ცალკე კაცისა. რომელი საზოგადოებაც, თუ ცალკე კაცი, სხვაზე დანდობილა და თითონ გულ-ხელი დაუკრებია, იმას ამ ქვეყანაში პური არსობისა ვერ გამოუცხვია და საცა ეგ პური არ არის, იქ არც სიცოცხლეა _ იქ მკვდარი მკვდარზეა აკიდებული, საფლავამდე წასაღებად” (“ქალთა სასწავლებელი”. 1889 წ. 6 მარტი).

“თვითმოქმედება, თვით თვისის საქმის აჩენა, გაძღოლა და გატანა, ისეთი თვისებაა ადამიანისათვის, ურომლისოდაც იგი უფრო მონაა, ვიდრე ბატონი. არც ცალკე კაცს, არც საზოგადოებას ერთად, უამთვისებოდ არ ძალუძს სთქვას, მე ვარ და ვცხოვრობო. უამთვისებოდ ერთიც და მეორეც სათრეველაა და არა თვითონ მავალი. კაცი, თუ საზოგადოება, რომელიც თვით არ მოქმედებს, თვით საკუთარის თაოსნობით ჭირს არ ებრძვის, მეტ-ნაკლებობისაგან დახსნას თვით არ ეტანება, თავის სვე-ბედსა თვითონ არ იურვებს, _ იგი ტვირთია, იგი მეტი ბარგია ამ ქვეყნიერობაზედ. კაცს თუ საზოგადოებას არა ეძლევა-რა ამ წუთისოფელში უშრომელად, გაურჯელად” (“ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო”. 1886 წ. 12 მაისი).

მარტო იგი შრომაა, იგი გარჯაა ნაყოფიერი, რომლის საძირკველიც ანუ სათავე საკუთარი თაოსნობაა და ძალღონე კიდევ საკუთარი მარჯვენა (“ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო”. 1886 წ. 12 მაისი).

“არამცთუ საზოგადო საქმეში, კერძო კაცის ცალკე ცხოვრებასაც რომ დავაკვირდეთ, ვნახავთ რომ არსებობისათვის ბრძოლასა და ჭიდილში მარტო იგია გამარჯვებული, ვინც თვით არის საქმის თაოსანი, საქმის ამჩენი და საქმის მომქმედიცა, ვინც თავისთავზეა მარტო დანდობილი და თავის საკუთარ მხნეობას და გარჯას ჰსახავს წყაროდ თავისის ცხოვრების განკარგებისა და წინ წაწევისად”. (“ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო”. 1886 წ. 12 მაისი).

“ეს თვითმოქმედება, ეს თვით თვისით საქმის აჩენა, გაძღოლა და გატანა, რაკი ერთხელ აღფრთოვანდება და დაიძვრის, რაკი ერთხელ შაებმის ხოლმე ცხოვრების უღელში, მისი გამარჯვება, ძლევამოსილობით სვლა უეჭველია” (“ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო”. 1886 წ. 12 მაისი).

“მართალია, ეს თვითმოქმედება ხანდისხან ათასნაირ მოსალოდნელ და მოულოდნელ მიზეზთაგან შეფერხდება ხოლმე, მაგრამ ბოლოს-კი მაინც თავისას გაიტანს და ამაშია მისი სიკეთე და ღირსებაცა” (“ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო”. 1886 წ. 12 მაისი).

“საითაც უნდა მიიხედოთ, რომელი ქვეყანაც გინდათ გასინჯოთ, ყველგან ერთს უცილობელს ჭეშმარიტებას დაინახავთ: იგი ქვეყანაა უფრო ბედნიერი, უფრო ღონიერი სულითა და ხორცით, რომელსაც თვითმოქმედება გაძლიერებული აქვს და ყოველის მოძრაობის სათავედ შეჰქმნია” (“ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო”. 1886 წ. 12 მაისი).

“პირიქით, საცა ეგ თვითმოქმედება გაღვიძებული არ არის, იქ კერძო კაციც ცალკე და საზოგადოებაც საერთოდ ფერმკრთალია, უღონო და ცოცხალ-მკვდარი” (“ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო”. 1886 წ. 12 მაისი).

“თვითმოქმედებას არამცთუ მარტო პირდაპირი სარგებლობა მოაქვს ხორცისათვის, ამასთან იგი იმისთანა სკოლაც არის, საცა იწურთნება ყოველი მოზარდი, იზრდება ახალი თაობა, საცა მოზარდისა, ახალის თაობის ძალ-ღონეს ნაჭედის სიმტკიცე და სიმაგრე ეძლევა, როგორც რკინას სამჭედურში. ამ მხრით თვითმოქმედება ცალკე კაცისა, თუ საზოგადოებისა, უებრო რამ არის და ვერაფერი ვერ აღემატება, მაგიერობას ვერაფერი ვერ გაუწევს კაცს არსად და არასდროს” (“ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო”. 1886 წ. 12 მაისი).

“დიდი საქმეა, როცა თითონ ხალხი ცდილობს თავისი-თავი გაიტანოს. დღე-და-დღე გვესმის, რომ ჩვენი ხალხი, ნამეტნავად ტფილისის გუბერნიაში, იღვწის შკოლების დამართვისათვის, ყოველ-დღე ისმის, რომ აქ და აქ გამართეს შკოლაო; დღე-და-დღე ეგ თვითმოქმედება მატულობს და იმატებს კიდეც, თუ ხელს არ შეუშლიან” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. იანვარი).

“წარსულმა წელმა ბევრი რამ უანდერძა ამ ახალს წელიწადს. ეგ წარსული წელი კარგა მსხმოიარე წელიწადი იყო ჩვენი ჭკუა-გონების და გულის სამოქმედოდ დაძვრისათვის და თუმცა თითონ ვერა მოიმკო-რა, მაგრამ იმითაც სადიდებელია, რომ მოსავალი მოთესა, მოიყვანა და ახალ წელიწადს დაულოცა: აი მოვხან-მოვთესე, შენ მომკე და შეირგეო, ეხლა შენ იცი და შენმა გამრჯელობამაო, მე-კი გეთხოვები სამუდამოდ და დასასრულ გეუბნები: რაც შევიძელ, იგი ვქმენო!” “მართალიც არის: რაც შეძლო, იგი ჰქმნა, და ამასაც ვიტყვით, _ ამისთანა საქმიანი წელიწადი ბევრი არ ჩამოითვლება ამ ოთხმოც-და-ათის წლის მანძილზე. რა ჰქმნა ასეთი ამ განვლილმა წელიწადმაო, იკითხავს მკითხველი. ისა ჰქმნა, რომ ორი დიდი ძალა წამოაყენა ფეხზე ჩვენში, იმისთანა ძალა, ურომლისოდაც წარმატება ერისა, მისი წინსვლა, მისი ბედნიერება, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ღონიერობა _ შეუძლებელია და წარმოუდგენელი. ერთს ეძახიან ძალას თვითმოქმედებისას და მეორეს _ თავის-თავის იმედისას” (“შინაური მიმოხილვა 1892 წლისა”. 1893 წ. 1 იანვარი).

დიაღ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი მიხვდა, რომ ღვთის მიმართ ხელთაპყრობა, ლოცვა და ვედრება კარგია, მაგრამ თითონ ღმერთს მარტო თვითგამრჯელი, თვითმომქმედი, ხელგამომავალი კაცი უყვარს და ამისთანა კაცსა ჰშველის, ამისთანა კაცსა სწყალობს. მიხვდა, რომ ამა ქვეყნის სუფრაზე ადგილი აქვს მარტო იმას, ვინც დამყარებულია თავის საკუთარ მხნეობაზედ, თავის საკუთარ მარჯვენაზედ და ვინც თავისთავის იმედით ჰგულოვნობს, ვინც თავისთავის იმედით ომობს და იბრძვის ამ წუთისოფელში _ არსებობისა და საპატიო ადგილის დაჭერისათვის. მე თუ თითონ არა ვარ ჩემის ქვეყნისათვის, ჩემის თავისათვისაო, სხვა უფრო არ იქნებაო, _ ამ აზრმა თავი იჩინა საყოველთაო დასანახავად უფრო წარსულ წელს, ვიდრე სხვა დროს როდისმე (“შინაური მიმოხილვა 1892 წლისა”. 1893 წ. 1 იანვარი).

შპს „ქართული დაფნა“ ვანში
შპს „ქართული დაფნა“ ვანში

“ამ თვითმოქმედებით და თავის-თავის იმედით დაწყებულ საქმეთა ზოგიერთი მაგალითები წინა-წლების მეოხებითაც თვალ-წინა გვაქვს. ჩვენი ბანკები, ჩვენი საზოგადოებანი _ წერა-კითხვის გამავრცელებელი, დრამატიული, ღარიბთა მოსწავლეთა შემწეობისათვის, ჩვენი სკოლები, ქართველთა წიგნთა გამომცემელი ამხანაგობა, _ ყოველივე ესენი ერთად და თვითოეულად ცალკე ჩვენის თვითმოქმედების, თავისთავის იმედის შვილები არიან და, როგორც ვხედავთ, თუმცა ტაატით, მაგრამ მაინც ძლიერდებიან და მატებით წინ მიდიან დღითი-დღე ჩვენდა სასიხარულოდ და სანუგეშოდ. ყოველივე ეს მომხდარია ამ ოცს წელიწადში თითოობით, ხანდაზმობით, დროგამოშვებით, კანტი-კუნტად, ხოლო წარსულმა წელიწადმა ერთბაშად მოგვიხნა და მოგვითესა უშველებელი ნაყოფიერი და ნოყიერი დიდი მინდორი საეკონომიო მოქმედებისა, აქამდე უქმად დებული, დაუძრავი და ჩვენ მიერ თითქმის ხელუხლებელი” (“შინაური მიმოხილვა 1892 წლისა”. 1893 წ. 1 იანვარი).

მომწიფდა ჩვენში ის აზრი, რომ სულიერ ღონესთან ერთად უნდა ვლიდეს ღონე ხორციელიც, რომ სულის, ჭკუისა და გონების გაძლიერებას მხარდა მხარ უნდა მოსდევდეს ქონებისა, ჯიბის გაძლიერებაცა, რომ ერი და ქვეყანა, რომელთაც ან ერთი აკლია, ან მეორე, ცალფეხა კაცსა ჰგავს, და როგორც ცალფეხა კაცი შორს მანძილს საჭირო სიმალით ვერ გაივლის, ისეც ერი, ქვეყანა, ვერას გახდება, თუ თავის წარმატების საყევარში ეს ორი უღლადი, ყოვლთშემძლებელი ძალღონე არ ეყოლება შებმული ერთად და განუყრელად (“შინაური მიმოხილვა 1892 წლისა”. 1893 წ. 1 იანვარი).

“ეს ვიგრძენით, ეს ვიცანით. ამას მივხვდით ჩვენ, და წარსულმა წელიწადმა დაგვიმტკიცა, რომ ჩვენ ამასთან გამჭრელი თვალიცა გვქონია საქმის დასანახავად, გონებაც _ გამოსარჩევად, ხელიც _ მისაწვდენად და მარჯვენაც _ საკეთებლად. დავიწყოთ იქიდამ, რომ ამ გრძნობით, ცნობით და მიხვედრით ფრთა-ასხმულებმა შარშან შეადგინეს ერთი პატარა, ჯერ-ხანად ჩუმი, ხმაამოუღებელი, მშვიდობიანი “სახლების ამშენებელი ამხანაგობა”, რომელსაც საგნად დაუდვია ერთი-ერთმანეთის მიშველებით, ერთიერთმანეთის შემწეობით თავის წევრთ სახლები უშენოს ქალაქში. ეს ამხანაგობა არ შობილა ბუკითა და ნაღარითა, არა ჰყვირის ჩხავანა კატასავითა _ ქვეყნის მხსნელი მე ვარო, მაგრამ ჰსაქმობს კი ჩუმად, დაუღალავად, და თავდებობაც მისის გაძლიერებისა, განდიდებისა, ამ თითქმის კდემით-მოსილს მოქმედებაშია. ვიმედოვნებთ, რომ იგი, ეხლა თვალად პატარა, თავის დროზე დიდ საქმედ გადიქცევა და ჯეროვანს ყურადღებას დაიმსახურებს ჩვენში” (“შინაური მიმოხილვა 1892 წლისა”. 1893 წ. 1 იანვარი).

“შარშანვე დაიძრა მედგრად და ჰლამის განხორციელებას ღვინის საქმე ჩვენში. ვენახების პატრონებმა კახეთში დაინახეს, რომ ჩვენებურ ღვინოს ღირსეული მერმისი მოელის; რომ თუ თვითონვე არ მოჰკიდებენ ამ დიდს საქმეს ხელს, ეს ძვირფასი სავაჭრო საქონელი ჯერ ჰფოლდება ღირსებით და აბრუ უტყდება, რადგანაც ვაჭარნი აფუჭებენ, და მერე აკლდება ფასი, რადგანაც, რადგან ბაზარი არა აქვს, და საცა აქვს _ იქაც გამორჩომა ვაჭარსა რჩება და არა ვენახის პატრონს, რომელსაც დიდის ლუკმისაგან არგუნებენ ხოლმე ნასუფრალს ვაჭრობისას, ძლივ-ძლივ საკმარის ვენახისავე სახარჯოდ. დაინახეს, რომ ამ გზით თვისის ოფლის ნაამაგარით სხვას ამდიდრებენ და თითონ-კი ჰღარიბდებიან, დაიძრა აზრი ამ უნუგეშო ყოფისაგან გამოსახსნელად. ჰფიქრობენ, მოქმედობენ, ირჯებიან, რომ ამ სატკივარს ჯეროვანი წამალი მოუპოვონ და იმედია, რომ მეცადინეობა ამ შემთხვევაში უქმად არ ჩაუვლით” (“შინაური მიმოხილვა 1892 წლისა”. 1893 წ. 1 იანვარი).

სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვას“ საწარმო თბილისში
სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვას“ საწარმო თბილისში

“საქმე ის არის, რომ გაჭირვება ნაგრძნობია საერთოდ და საყოველთაოდ, და ქართველს ოღონდ გაჭირვება უჩვენე და გაქცევას თითონ მოახერხებს, ღვთისა და ქვეყნის წყალობითა” (“შინაური მიმოხილვა 1892 წლისა”. 1893 წ. 1 იანვარი).

ჩემს ქვეყანაში ყოველივე საქმე უფრო უპრიანია ჩემ ხელთ იყოს, ვიდრე სხვის ხელშიო; თუ რამ გაკეთდეს, ჩემის ხელით გაკეთდესო, და თუ გამორჩომაა რამე, მე გამოვრჩე, სხვის გამორჩომასაო. აქამომდე ამგვარ საქმეებისათვის ჩვენ მიძინებულნი ვიყავით, ჩვენის ქვეყნის სიკეთით სხვანი ხეირობდნენ, ჩვენის ქვეყნის საქმეებისაგან სხვანი მდიდრდებოდნენ და, თუ ლუკმა გავარდეს, ისევ ჯამში ჩავარდეს, ის არა სჯობიაო? კახეთის რკინისგზა ერთი ამისთანა ლუკმაა. თავადაზნაურობა ამით გაიჩენს ერთს მდიდარს წყაროს, ერთს უეჭველს ღონეს გამოკეთებისას, მოჯობინებისას თავისთავისა და ქვეყნის წარმატების გზაზე. ეს ისეთი საქმეა, რომ ამის ხელიდამ გაშვება ერთი შეუნდობარი ცოდვა და დანაშაულობა იქნება წინაშე ქვეყნისა საერთოდ და თვითოეულისა ცალკე. თავადაზნაურობამ თავის სასახელოდ სწორედ ამ თვალით შეხედა ამ საქმეს და საგანგებო კრებამ საგუბერნიო 197 თავადაზნაურობისამ ეს საქმე თვის საკუთარ საქმედ იცნო და დაადგინა, მაგ საქმეში ჩვენ უნდა ჩავებნეთ და არავინ სხვაო (“შინაური მიმოხილვა 1892 წლისა”. 1893 წ. 1 იანვარი).

“არც გლეხობა დარჩა შარშან უიმისოდ, რომ არ დაძრულიყო თავის სახსნელად და წარსამატებლად. იგიც დაადგა ამ ყოვლად-მხსნელს და ყოვლად-შემძლებელს თვითმოქმედების გზას და ძირს დადებულს შვილდს თავისთავის იმედისას დასწვდა თავის ძლიერის ხელით ასაღებად. გლეხკაცობამაც იგრძნო, რომ სხვის ხელში ყურება არაფერი თამასუქია; რომ თვის სატკივარს თითონვე უნდა უწამლოს, თავის-თავს თითონვე უნდა უშველოს. ამისათვის გაიწერა თავის ნებაყოფლობით პური, რომელიც ფულად უნდა იქცეს ფული მოხმარდეს მიწათმოქმედების განკარგებას, გაძლიერებას, იმ გზით, რა გზითაც თითონ დაინახავს საჭიროდ. დღეს-აქამომდე ტფილისის გუბერნიის გლეხკაცობას ნახევარ მილიონზე მეტი აქვს პური თუ ფული ამ საქმისათვის მოგროვებული” (“შინაური მიმოხილვა 1892 წლისა”. 1893 წ. 1 იანვარი).

წიპწის ზეთის მწარმოებელი საწარმო გურჯაანში
წიპწის ზეთის მწარმოებელი საწარმო გურჯაანში

“აი, სხვათა შორის, რა საქმეები დასთესა წარსულმა წელიწადმა ჩვენში და რა საქმეები უანდერძა ახალსა. ღმერთმა ჰქმნას, რომ ეს ახალი წელიწადი კვლავ ისე პირნათლად გამოგვეთხოვოს, როგორც პირნათლად წარსული გამოგვემშვიდობა, და ყოველს ამისთანა საქმეს იმისთანა კაცები შეახვედროს, რომ ჩვენ, იმ კაცების ღვაწლის მნახველთა, თავი მოვიწონოთ ქვეყნის წინაშე და ვსთქვათ თამამად: ჩვენც კაცნი ვართ და არა-რა კაცებური არ გვეუცხოების” (“შინაური მიმოხილვა 1892 წლისა”. 1893 წ. 1 იანვარი).

“ღმერთმა ჰქმნას, რომ ეს ასე მოხდეს, და მოხდება კიდეც, თუ არ დავივიწყებთ, რომ თვითოეული ჩვენგანი, _ გლეხია, თავადი, აზნაური, ქალია თუ კაცი, _ სულ ყველანი ერთად ქართველები ვართ, ჭირსა და ლხინში განუყრელნი და განუყოფელნი. ამიტომაც სიკეთისათვის ბრძოლაში თვითოეულს ჩვენგანს ყველანი ერთნაირად უნდა ახსოვდეს, რათა გარჯით და ბრძოლით მოპოებულ სიკეთისაგან ყველას თავისი წილი ერგოს უნაკლულოდ. მარტო ამ საერთო სიყვარულით გამსჭვალული კაცია უძლეველი და გამარჯვებული. ღმერთიც ამისთანა კაცსა სწყალობს და ქვეყანაც ამისთანა კაცის სახელს ჰლოცულობს, რადგან საქვეყნო საქმე მარტო ამისთანა კაცებისაგან ჰრიგდება და კეთდება” (“შინაური მიმოხილვა 1892 წლისა”. 1893 წ. 1 იანვარი).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here