მთავარი საზოგადოება სტენლი მეტიუზი _ ფეხბურთის მათუსალა

სტენლი მეტიუზი _ ფეხბურთის მათუსალა

კაცი, რომელმაც 41 წლისამ მოიპოვა “ოქროს ბურთი”

535
გააზიარეთ
სტენლი მეტიუზი

ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდებზე თუ ვილაპარაკებთ, პირველი მოთამაშე, რომელიც უნდა დასახელდეს, არის გარემარბი სტენლი მეტიუზი. დღეს, ალბათ, ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელმაც მისი თამაში ნახა საფეხბურთო მოედანზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რამდენი რამ გაუკეთა მეტიუზმა თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ბრიტანულ ფეხბურთს, ის ლეგენდად იქცა თავისი კლუბისა და სრულიად ინგლისისთვის.

სტენლი მეტიუზი იყო პირველი ინგლისელი, რომელსაც საფეხბურთო მოედანზე მიღწეული წარმატებებისთვის რაინდის წოდება მიანიჭეს _ ეს ტიტული მას დედოფალმა ელისაბედ II-მ უბოძა 1965 წელს, როდესაც დიდმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა. იმ წელიწადს სტენლი მეტიუზს 50 წელი შეუსრულდა. მის პატივსაცემად გამართულ გამოსათხოვარ მატჩში მონაწილეობდნენ მსოფლიოს ვარსკვლავები _ ალფრედო დი სტეფანო, ფერენც პუშკაში და სხვ.

სტოკ სიტი

სტენლი მეტიუზი დაიბადა პატარა ქალაქ ჰენლიში, სტოკ-ონ-ტრენტ-თან ახლოს. “ოქროს ბურთის” პირველი მფლობელი დაიბადა 1915 წლის 1 თებერვალს მოკრივე ჯეკ მეტიუზის ოჯახში და, მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა, ფეხბურთის კარიერა აირჩია.

გასაკვირი არ არის, რომ სტენლი მეტიუზის პირველი კლუბი იყო “სტოკ სიტი” _ 14 წლის სტენლი ამ კლუბის სელექციონერებმა შენიშნეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ შესანიშნავმა ფეხბურთელმა, რომელსაცფეხბურთის პირველი ჯენტლმენიუწოდეს (თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სტენლი მეტიუზს არათუ წითელი ბარათი, არამედ ყვითელიც კი არასოდეს მიუღია), კარიერის საუკეთესო წლები გაატარა კლუბში, რომელიც დღეს პრემიერ ლიგაშიც კი არ არის (შარშან გავარდა ქვედა ლიგაში).

სტენლი მეტიუზი
სტენლი მეტიუზი

სტენლი მეტიუზი სწრაფად იქცა “სტოკ სიტის” ცოცხალ ლეგენდად. ამ პერიოდში ინგლისელთა მენტალიტეტი, პოლიტიკა, კულტურა, უწინარესად, ცნობიერება გაჩერებული იყო თვალსაზრისზე, რომ ბრიტანეთის იმპერია კვლავ სამყაროს ცენტრია და ყველაფერი, რაც ინგლისის საზღვრებს გარეთ ხდება, მეორეხარისხოვანია. იმხანად ინგლისი პლანეტის საფეხბურთო ცენტრი იყო, პრინციპში, ის ახლაც ასეთია ბევრი ბრიტანელის ცნობიერებაში.

1930-1940-იან წლებში სტენლი მეტიუზს ტოლი არავინ ჰყავდა. სხვა ასეთი მარჯვენა გარემარბი არ არსებობდა. ნებისმიერი გუნდის დაცვის მარცხენა ფლანგი, რომელიც მეტიუზის წინააღმდეგ იბრძოდა, შიშისგან ცახცახებდა. სტენლი ფლობდა გამაოგნებელ დრიბლინგს, ხოლო მისი სვლების გამოცნობა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

სტენლი მეტიუზი
სტენლი მეტიუზი

1936 წელს “სტოკ სიტიმ” ინგლისის უმაღლეს ლიგაში სარეკორდო მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო 1937 წელს მეტიუზმა სამი ბურთი გაიტანა ინგლისისა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებების მატჩში, რომელიც 5:4 დასრულდა ინგლისელთა სასარგებლოდ. ამის შემდეგ სტენლიმ მოისურვა, უფრო ძლიერ კლუბში გადასულიყო, მაგრამ მოხდა უპრეცედენტო რამ: 1938 წელს ერთერთი მატჩის მიმდინარეობისასსტოკ სიტის” 4000-ზე მეტმა გულშემატკივარმა სთხოვა მეტიუზს, გუნდში დარჩენილიყო და სტენლიც დარჩა სტოკონტრენტში!

სტენლი მეტიუზი
სტენლი მეტიუზი

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მეტიუზს 256 მატჩი ჰქონდა ჩატარებული “სტოკ სიტის” მაისურით. იმხანად ის მხოლოდ 24 წლის იყო. შემდეგი 6 წლის განმავლობაში მეტიუზი გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა და ამხანაგურ მატჩებს თამაშობდა მაისურებით ისეთი კლუბებისა, როგორიც არის “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი” და “ბლეკპული”. ზოგჯერ კი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაშიც გამოდიოდა. მეორე მსოფლიო ომმა სტენლი მეტიუზს კარიერის საუკეთესო წლები წაართვა. ომის შემდეგ ის უკვე აღარ იყო ადრინდელივით შედეგიანი ფეხბურთელი, მაგრამ რეგულარულ ვარჯიშსა და მონდომებას თავისი გაჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ “სტოკ სიტის” ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ სტენლი ისეთი აღარ იყო, როგორც წლების წინათ, როდესაც გულშემატკივრებმა კერპად აქციეს და თავიანთი ლიდერი 11 500 გირვანქა სტერლინგად მიჰყიდეს “ბლეკპულს”, მაგრამ “სტოკის” ბოსები შეცდნენ, 32 წლის მეტიუზი განაგრძობდა ბრწყინვალე კარიერას.

ბლეკპული

1948 წელს სტენლი მეტიუზი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. იმავე წელს მან თავის პირველ დიდ წარმატებას მიაღწია _ “ბლეკპული” ინგლისის თასის ფინალში გავიდა, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდა _ 2:4. ასეთივე შესაძლებლობა მიეცა მეტიუზს 1951 წელსაც, მაგრამ “ბლეკპული” ამჯერად “ნიუკასლ იუნაიტედმა” დაამარცხა _ 0:2.

მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლო მეტიუზმა “ბლეკპულთან” ერთად ინგლისელი ფეხბურთელებისთვის ამ მეტად საპატიო პრიზის მოგება. 1953 წელს სტენლის “ბლეკბული” ფინალში “ბოლტონს” ხვდებოდა და თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 1:3-ს აგებდა. სწორედ ამ მომენტში თქვა თავისი სიტყვა მეტიუზმა _ მისი ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით (სამჯერ გააკეთა საგოლე გადაცემა) “ბლეკპულის” თავდამსხმელმა მორტენსენმა სამი ბურთი გაიტანა მეტოქის კარში, მაგრამ ეს მატჩი ბრიტანელებმა “სტენლი მეტიუზის ფინალად” ჩათვალეს. სტენლი მატჩის შემდეგ ხელში აიტაცეს და ისე გაიყვანეს საფეხბურთო გაზონიდან.

1956 წელს მეტიუზი 41 წლის იყო. ეს წლოვანება წარმოუდგენელია ფეხბურთელისთვის, მაგრამ სწორედ მეტიუზს გადაეცა ფრანგული ყოველკვირეული “ფრანს ფუტბოლის” მიერ საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი “ოქროს ბურთი”. და ახლა კონტინენტის ლაურეატთა გრძელ სიაში სტენლი მეტიუზის სახელი პირველია.

ინგლისის ნაკრები

ინგლისის ნაკრების მაისური მეტიუზმა 19 წლისამ მოირგო, 1934 წელს. თავისი სადებიუტო მატჩი უელსის ნაკრების წინააღმდეგ (4:0) მან გოლით აღნიშნა.

ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 54 მატჩიდან (ინგლისი 1930-იან წლებში და მას შემდეგ კარგა ხანს ამპარტავნულად უარს ამბობდა ოფიციალურ საფეხბურთო შეჯიბრებებში მონაწილეობაზე და მხოლოდ ამხანაგური მატჩებით კმაყოფილდებოდა) 30 მეტიუზმა დიდი ბრიტანეთის სამეფოს ქვეყნების წინააღმდეგ ითამაშა, 9-ჯერ მოიგო დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობდა _ ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია.

1950 წელს 35 წლის “დრიბლინგის მეფე” ინგლისის ნაკრებთან ერთად გაემგზავრა ბრაზილიაში, სადაც, ბრიტანელთა აზრით, მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ, როგორ უნდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისელებს დიდი იმედგაცრუება ელოდათ _ გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა.

4 წლის შემდეგ მეტიუზი მონაწილეობდა შვეიცარიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ის ყველაზე ხანდაზმულ ფეხბურთელად აღიარეს. ინგლისელები შედარებით წარმატებით გამოვიდნენ, თუმცა მეოთხედფინალს ვერ გასცდნენ.

1957 წელს სტენლი მეტიუზი ინგლისის ნაკრებს გამოემშვიდობა. ბოლო მატჩი მან 15 მაისს კოპენჰაგენში ითამაშა დანიის ნაკრების წინააღმდეგ. ინგლისმა გაიმარჯვა ანგარიშით 4:1.

კარიერის დასრულება

როდესაც “ბლეკპულს” აღარ დასჭირდა, მეტიუზმა გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო მშობლიურ “სტოკ სიტიში”, რომელიც იმხანად მეორე დივიზიონში იმყოფებოდა. მეტიუზი ძალიან დაეხმარა “სტოკს” ელიტურ დივიზიონში დაბრუნებაში. პროფესიონალურ დონეზე მეტიუზმა 1965 წლამდე ითამაშა, ბოლო მატჩი კი 6 თებერვალს ჩაატარა. მას შემდეგ, რაც ლურსმანზე ჩამოკიდა ბუცები, დედოფალ ელისაბედ II-ის ხელიდან მიიღო რაინდის ორდენი სპორტის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. სერ სტენლიმ კარიერა ინგლისში 50 წლისამ დაასრულა. მის გამოსამშვიდობებელ მატჩს მსოფლიოს ნაკრების წინააღმდეგ 35 ათასი მაყურებელი დაესწრო. ინგლისში კარიერის დასრულების შემდეგ სტენლი წავიდა მალტაზე და აფრიკაში, სადაც თამაშობდა და წვრთნიდა. სამოყვარულო დონეზე ის თითქმის 70 წლამდე თამაშობდა. სწორედ ამიტომ შეარქვეს მეტიუზს ფეხბურთის მათუსალა. სერ სტენლი მეტიუზმა ინგლისში 700 მატჩში ითამაშა და 70-ზე მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ მისი სავიზიტო ბარათი არა გოლები, არამედ შესანიშნავი დრიბლინგი და საგოლე გადაცემები იყო.

მეტიუზი მაყურებელს უყვარდა ჯენტლმენური საქციელისთვის. ის არ ვარჯიშობდა დღე და ღამე და არ გამოირჩეოდა ათლეტური მონაცემებით, როგორც, მაგალითად, კრიშტინუ რონალდუ, მაგრამ ბუნებრივი ნიჭისა და შესანიშნავი კოორდინაციის წყალობით ხშირად ჯაბნიდა მეტოქის მცველებს.

მიღწევები

* ინგლისის თასის მფლობელი _ 1953 წ.;

* დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული _ 1935, 1038, 1939, 1947, 1948, 1950, 1952, 1954, 1955 წწ.

პირადი:

* ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზ “ოქროს ბურთის” მფლობელი _ 1956 წ.;

* ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი _ 1948, 1963 წლებში.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here