Home ახალი ამბები საქართველო სტალინი და რუსეთ-უკრაინის ომის ექო

სტალინი და რუსეთ-უკრაინის ომის ექო

370

სტალინი მსოფლიო გეოპოლიტიკის მონსტრია, მან რუსეთი XX საუკუნეში ზესახელმწიფოდ აქცია ისე, როგორც რიშელიემ _ საფრანგეთი XVII საუკუნეში”.

ჰენრი კისინჯერი

სტალინური სახელმწიფო სტალინის ღირსეული მემკვიდრის გარეშე განწირულია”.

შარლ დე გოლი

სტალინის შემოქმედებას როდესაც ვეცნობით, უამრავ დიალოგს, სცენასა და სატელეფონო საუბარს წავაწყდებით ხოლმე და რთული გამოსარჩევია, რომელია მთავარი და რომელი _ მეორეხარისხოვანი. სტალინის ყოველი სიტყვა ფოლადის ყალიბშია ჩამოსხმული და ფოლადისვე სიმტკიცე აქვს. მაგალითისთვის მომყავს მისი საუბარი სარდლებთან:

სტალინგრადი. 1942 წლის 27 ნოემბერი. აპარატ “ბოდოსთან” სტალინი დგას და ესაუბრება სტალინგრადში მყოფ გენერალური შტაბის უფროს ალექსანდრე ვასილევსკისა და გენერალ ნიკოლოზ ვატუტინს:

სტალინი: _ არ დაგიმთავრებიათ ერთი საქმე და იწყებთ მეორეს. მტერი ალყაშია მოქცეული, რისთვისაც დაკავებული გყავთ სამი არმია, რას უყურებთ, რატომ არ გამოათავისუფლებთ სამ არმიას, რომლებმაც უნდა იბრძოლონ და არა იყარაულონ? დაუყოვნებლივ შეასრულეთ ჩემი ბრძანება: საჭიროა, ლიაპიჩევოსთან შექმნათ ოპერატიული პუნქტი 10-15 კაცის შემადგენლობით, რომელიც გააკონტროლებს ბლოკირებული შენაერთების იზოლაციას. რაც შეიძლება მეტად შეავიწროვეთ რკალი. მიხაილოვმა (ჟუკოვმა _ გრ.ო.) მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშაოს და თავი დაანებოს გეგმა “სატურნს”; რაც შეეხება “სატურნს”, ის განახორციელოს ვატუტინმა და კუზნეცოვმა. მოსკოვი მათ აუცილებლად დაეხმარება. მეორე _ გაკვირვებული ვარ, საიდან აიღო ლელიუშენკომ 8 საბრძოლო დივიზია, რა გამოთქმაა და რა მიმართვაა: “ლელიუშენკოს მარჯვენა და ლელიუშენკოს მარცხენა ფრთა”, როდესაც ლელიუშენკოს ჰყავს ერთი პირველი გვარდიული არმია?

ვასილევსკი: _ კარგად მესმის, რომ სტალინგრადის დაჯგუფების განადგურება ჩვენი ძირითადი ამოცანაა, მაგრამ ამხანაგმა ბერიამ თქვენი სახელით გამოგვიცხადა, რომ “სატურნს” განაგებს თვითონ. მე მზად ვარ, თქვენი ბრძანების შესასრულებლად.

სტალინი: _ როგორია თქვენი სხვა გეგმები? სად ფიქრობთ “დონცოვისა” და “ივანოვის” ოპერპუნქტების განლაგებას, სად იქნება “ვორონოვი”: თქვენთან თუ დაუბრუნდება “სატურნის” რაიონს?

ვასილევსკი: _ აუცილებელია, მოგახსენოთ შექმნილი მდგომარეობა მიმდინარე მომენტისთვის.

ვასილევსკიმ მთავარსარდალს გააცნო მოქმედების გეგმა, მაგრამ სტალინმა მოკლე და კონკრეტული დავალება მისცა.

სტალინი: _ მექანიზებული კორპუსის გამოყენების ყველა უფლება დაუტოვეთ ვატუტინს მისი თვალსაზრისის მიხედვით.

ვასილევსკი: _ ამხანაგო სტალინ, “ვორონოვი” მთხოვს, წამოვიდეს 2 დღით ლელიუშენკოსთან ერთად, რათა შეთანხმებულად და უფრო სწრაფად შეადგინონ “სატურნის” გეგმა.

სტალინი: _ სად არის დონცოვის (როკოსოვსკის _ გრ.ო.) სამეთაურო პუნქტი?

ვასილევსკი: _ 24-ე არმიის მონაკვეთში.

სტალინი: _ კარგი. გაიყოლოს რამდენიმე სპეციალისტი და “დონცოვსა” და “ივანოვთან” ერთად სასწრაფოდ გადაწყვიტონ ეს საკითხი. ლელიუშენკოს დიდხანს ნუ მოაცდენთ, მან სასწრაფოდ მიაბრუნოს არმია ჩრდილოეთისკენ. მაინტერესებს, ვინ უხელმძღვანელებს პირველ გვარდიულ არმიას?

ვასილევსკი: _ ნება დამრთეთ, ჩემს თავზე ავიღო ეს.

სტალინი: _ მე გეკითხებით, ვინ იქნება პირველი გვარდიული არმიის სარდალი მარჯვენა ფლანგზე _ ლელიუშენკო, კუზნეცოვი თუ სხვა ვინმე?

ვასილევსკი: _ გთხოვთ, ნება დამრთოთ, მოვალეობა დავაკისრო კუზნეცოვს ვატუტინის უშუალო პასუხისმგებლობით.

ვასილევსკის პასუხიდან სტალინმა ვერაფერი რომ ვერ გაიგო, ბოლოს იკითხა: _ სად იქნება პირველი გვარდიული არმიის შტაბი _ ლელიუშენკოსთან თუ კუზნეცოვთან?

ვასილევსკიმ კვლავ დაბნეულად აუხსნა გვარდიის განლაგებისა და შტაბის ადგილმდებარეობის კოორდინატები, შემდეგ კი დაბნეულობის გამოსწორება იმით სცადა, რომ სტალინს სთხოვა, მისთვის სასწრაფოდ გაეგზავნა 8 საუკეთესო შტაბისტი, კავშირგაბმულობისა და ზურგის მომარაგების სპეციალისტები. ნერვებმოშლილმა სტალინმა ვეღარ შეინარჩუნა წონასწორობა და ვასილევსკის თითქმის ყვირილით ჰკითხა:

_ ბოლოს და ბოლოს, მითხარით, ვინ იქნება მარჯვენა დაჯგუფების სარდალი _ კუზნეცოვი თუ ლელიუშენკო და სად იქნება მათი ადგილსამყოფელი?

ვასილევსკის აბდაუბდა საუბრიდან სტალინმა კვლავ რომ ვერაფერი გაარკვია, თვითონ დაიწყო ვითარების მოგვარება.

_ ამხანაგო ვასილევსკი, ლელიუშენკო უკვე სარდლობს ფრონტს გერმანელების წინააღმდეგ, მას თავი დაანებე, უკეთესი იქნება, თუ დარჩება თავის ადგილზე მარცხენა დაჯგუფებაში. კუზნეცოვი კი გადაიყვანე მარჯვენა დაჯგუფებაში. კუზნეცოვი ამით კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება “სატურნის” მომზადებაში.

ვასილევსკი და ვატუტინი: _ ასეც მოვიქცევით, ამხანაგო სტალინ.

სტალინმა ვასილევსკის უთხრა:

_ ჩაიწერეთ: პირველი _ თქვენი დავალებაა, გააერთიანოთ “დონცოვისა” და “ივანოვის” ძალები და ერთად გაანადგუროთ მოწინააღმდეგე. გთხოვთ, ნუ მიედ-მოედებით სხვა საქმეებს, თქვენ მხოლოდ ეს ერთი საქმე გავალიათ. მეორე _ მთელი ავიაცია, ნოვიკოვის ავიაციის ჩათვლით, თქვენ განკარგულებაშია. თქვენი ამოცანაა, დაუნდობლად ურტყათ მტერს საბოლოო განადგურებამდე. მესამე _ თუ საჭირო შეიქნება, შეიძლება გამოგიყოთ სატანკო კორპუსი “დონცოვის” ან “ივანოვის” დასახმარებლად. მეოთხე _ თქვენ გევალებათ, ყოველდღიურად ანგარიში ჩააბაროთ მთავარსარდალს “დონცოვისა” და “კუზნეცოვის” მოქმედებათა შესახებ. მეხუთე _ ხვალ დილით უნდა მომახსენოთ, საჭიროა თუ არა 62-ე არმიის გადაცემა დონის ფრონტისთვის. ხვალვე მითხარით, სად გავგზავნოთ სატანკო კორპუსი. შეკითხვა ხომ არ გაქვთ, თქვენთვის ყველაფერი გასაგებია?

ვასილევსკი: _ ყველაფერი გასაგებია.

სტალინი: _ კეთილი, აპარატთან მოვიდეს ვატუტინი. ამხანაგო ვატუტინ, მიიღეთ დავალება: პირველი _ უნდა უხელმძღვანელოთ ლელიუშენკოსა და რომანენკოს მოქმედებებს, ნიჟნე ჩირსკიდან ნიჟნე კრივსკოემდე. კონკრეტული დავალებაა. უნდა მოამზადოთ ოპერაცია “სატურნი”. მეორე _ ვორონოვი დატოვეთ ფიოდოროვის განკარგულებაში “სატურნის” მოსამზადებლად და, ამასთანავე, ლელიუშენკოს დასახმარებლად. მესამე _ პირველი შერეული ავიაკორპუსი ფიოდოროვის განკარგულებაში გამოგიგზავნეთ, დღე-დღეზე კი კვლავ მიიღებთ კიდევ ერთ ავიაკორპუსს, რომელშიც იქნება გამანადგურებლების დივიზია თავისი მოიერიშეებით. მეოთხე _ თუ მეხუთე მექანიზებულ კორპუსს მიიღებთ, რომანენკოს განკარგულებაში იქნება თუ არა?

ვატუტინი: _ დღევანდელი მდგომარეობით, მეხუთე მექანიზებული კორპუსის გამოგზავნა რომანენკოსათვის უფრო სამართლიანი იქნება, მაგრამ, თუ მის მიღებამდე მდგომარეობა შეიცვლება და დახმარება დასჭირდება ლელიუშენკოს, ჩვენ მას დავეხმარებით.

სტალინი: _ ვინ გაანაწილებს იმ მექანიზებულ კორპუსს, რომელსაც თქვენ მიიღებთ?

ვატუტინი: _ გვარდიული მექანიზებული კორპუსი დარჩება ლელიუშენკოს მარცხენა ფლანგზე.

სტალინი: _ ორივე მექანიზებული კორპუსი _ მეხუთე და გვარდიულიც, შეიძლება დარჩეს მარცხენა ფლანგზე ლელიუშენკოსთან, თუ რომანენკოს საბრძოლო რაიონში არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ. “სატურნის” წარმატებისთვის უმოკლეს დროში დამატებით მიიღებთ ერთ მექანიზებულ და ერთ სატანკო კორპუსს. ეს იქნება თქვენი რეზერვი. სასწრაფოდ დასვით კუზნეცოვი ლელიუშენკოს მარჯვენა ფრთაზე პირველ გვარდიულ არმიაში და შეუქმენით ყველა პირობა “სატურნის” ოპერაციაზე სამუშაოდ. ყველაფერი გასაგებია თუ გაქვთ რამე გასარკვევი?

ვატუტინი: _ ჩვენთან, დიდი ხანია, არ გამოჩენილა საარტილერიო დივიზია, არ ვიცი, რა ხდება.

სტალინი: _ საარტილერიო და საზენიტო დივიზიები მალე იქნებიან თქვენთან.

ვატუტინი: _ გასაგებია. გთხოვთ, მაცნობოთ მათი ნომრები. მე მხოლოდ 3 პოლკი დამრჩა, დანარჩენი გადავეცი 21-ე არმიას. გთხოვთ, თუ ამის საშუალება გექნებათ, დამატებით გამომიგზავნოთ 4 პოლკი.

სტალინი: _ თქვენი მოთხოვნები სასწრაფოდ გამოგზავნეთ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბში. გამოვნახავ დროს და, თუ ახლა მხოლოდ 2 პოლკს გიგზავნით, ხვალ თქვენ მოთხოვნას სრულად დავაკმაყოფილებ. გმადლობთ, ნახვამდის”.

წითელ არმიელები კიევის მისადგომებთან

ძვირფასო მკითხველო, ეს საუბარი იმიტომ მოვიყვანე დაწვრილებით, რომ გააცნობიეროთ, რა ზუსტად იცოდა ომის ყველა წვრილმანი და როგორი გულდასმითა და ყოველგვარი კითხვების გაუჩენლად აძლევდა დავალებას სტალინი. ეს ის სტალინგრადია, სადაც მოკავშირეების დახმარების გარეშე სტალინმა ჰიტლერელთა გამარჯვების მზე ჩაასვენა და 300 000 ჰიტლერელი ჯარისკაცი და ოფიცერი, მათ შორის 27 გენერალი და 1 ფელდმარშალი, რკინის სალტეში მოაქცია და ტყვედ აიყვანა.

არავის სამხედრო ნიჭსა და თავდადებას არ ვამცირებ, მაგრამ, უბრალოდ, სასაცილოა და შეურაცხმყოფელი, როცა ამბობენ, დიდი სამამულო ომი პარტიამ, ხალხმა, კოალიციამ, რუსულმა ზამთარმა და ღვთისმშობლის ხატმა მოიგოო. ხატს, რა თქმა უნდა, დიდი ძალა აქვს, მაგრამ ის ხატი, რომელმაც მსოფლიო და მისი კულტურა გადაარჩინა, ჯერ არ გამოჭედილა. ჯერ არ აღვლენილა ლოცვა მის მიმართ, ვინც მართლმადიდებლურ მსოფლიოს ქრისტეს საფლავი შემოუნახა, ვინც ქრისტეს რჯული შეინარჩუნა, ვინც ქრისტეს 10 მცნება კონსტიტუციად აქცია და ვინც 30 წლის განმავლობაში კრემლში უფლის მოვალეობას ასრულებდა.

1945 წლის 24 ივნისს სტალინი, როდესაც გამარჯვების აღლუმს ატარებდა, მავზოლეუმის ტრიბუნაზე იდგა და შორეულ სივრცეებს უმზერდა. ის სადღაც, შორს, დასავლეთში ჰიტლერელ ნაძირალებთან ომის ხანძარს შეჰყურებდა, რომელიც თითქმის 1946 წლის ბოლომდე გაგრძელდა. და ფერფლიდან ორჯერ აღდგენილი უკრაინა სტალინის პირველი საზრუნავი სამშენებლო პოლიგონი გახდა, რომელმაც 6 წლის განმავლობაში არნახულ წარმატებებს მიაღწია.

1952 წლის 7 ოქტომბერს სსრ კავშირის კპ (ბ) XIX ყრილობაზე სიტყვით გამოსულმა ლავრენტი ბერიამ ასე შეაფასა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიღწევები: “შევადაროთ, მაგალითად, ერთი საბჭოთა რესპუბლიკა უკრაინა ორ დიდ ევროპულ ბურჟუაზიულ ქვეყანას _ საფრანგეთსა და იტალიას. ცნობილია, რომ უკრაინის სსრ-ში ექსპლუატაციის კლასები, დიდი ხანია, აღმოფხვრილია; ქარხნები, მიწა და შრომის ყველა პროდუქტი ხალხის საკუთრებაა, უმუშევრობა სამუდამოდ გაუქმებულია, მთელი ძალაუფლება განუყოფლად ეკუთვნის ხალხს. ამ მხრივ, საფრანგეთიცა და იტალიაც, სადაც კაპიტალისტები არიან ხელისუფლებაში, ოცდაათ წელზე მეტი ხნის წინათ საბჭოთა უკრაინამ უკან ჩამოიტოვა. ამიტომ შევადაროთ მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მონაცემი ამ ქვეყნების ეკონომიკიდან. საბჭოთა უკრაინა, რომელსაც თავისი არსებობის განმავლობაში ორჯერ მოუწია ამოსვლა ნანგრევებიდან და ფერფლიდან აღდგომა უცხო დამპყრობლების შემოსევების შემდეგ, ახლა აწარმოებს გაცილებით მეტ რკინას, ვიდრე საფრანგეთი და იტალია ერთად, აწარმოებს უფრო მეტ ფოლადს, ნაგლინსა და ლითონს, ვიდრე საფრანგეთი და სამჯერ მეტს, ვიდრე იტალია; აწარმოებს ნახშირს ერთნახევარჯერ მეტს, ვიდრე საფრანგეთი და იტალია ერთად; ტრაქტორებს, სიმძლავრის მიხედვით, თითქმის სამჯერ მეტს, ვიდრე მათ ერთად აწარმოებენ საფრანგეთი და იტალია; აწარმოებს მნიშვნელოვნად მეტ მარცვლეულს, კარტოფილს, შაქრის ჭარხალსა და შაქარს, ვიდრე საფრანგეთი და იტალია ერთად. სოციალისტური მრეწველობისა და კოლმეურნეობის აღმავლობის საფუძველზე უკრაინელი ხალხი ცხოვრობს აყვავებული ცხოვრებით და სარგებლობს კულტურის ყველა სარგებლით, რომელსაც მოკლებული არიან საფრანგეთისა და იტალიის მშრომელი მასები”.

დღეს კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული უკრაინა. იწვის დედამიწის 1/6-ის ინდუსტრიის ცენტრი და ბომბები აცვივა ევროპის პურის ბეღელს. ვინ არის ის ეშმაკის თესლით ნაშობი, ვინც შუა ევროპაში ძმათა შორის სისხლისღვრა გააჩაღა? ვინ არის, ვისაც სურს, დაასუსტოს სლავი ხალხი და შემდეგ თვითონ ჩაიგდოს ხელში სლავების სისხლით მორწყული დოვლათიანი მიწა? ვის სურს ჩვენს სათაყვანებელ ხალხზე ბატონობა და ჩვენი სისხლით მორწყული მიწის მიტაცება? _ მას, ვინც ევროპის შუაგულში აყვავებული იუგოსლავია დაანგრია; ვინც მოსპო შუამდინარეთის ცივილიზაციის ნაშთები; ვინც სისხლში ჩაახშო ლიბანი და ალბანეთი; ვინც ვერ გადაყლაპა სირია და დღეს სურს გადაყლაპოს ევროპის უდიდესი ქვეყანა _ უკრაინა. აშშ-სა დ ევროპას დაავიწყდათ სტალინის 1941 წლის 3 ივლისის ისტორიული გამოსვლა რადიოთი, რომელმაც გააერთიანა მსოფლიოს მოწინავე საზოგადოება ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. დღეს უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს, მეთაურებს, პოლიტიკოსებსა თუ პოლიტოლოგებს პირზე აკერიათ ცნობილი სიტყვები: “_ ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ”, რომელსაცშეგნებულადმიაწერენ მოლოტოვს. არავინ უკარგავს მოლოტოვს უდიდეს დამსახურებას დიდ სამამულო ომში, მაგრამ ომის გამოცხადების მოკლე ტექსტის ბოლოს, რომელიც მან 1941 წლის 22 ივნისს წარმოთქვა, სტალინის ხელით ჩამატებულია სიტყვები: “ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ!”. ისე, როგორც ყველაფერს აქვს საწყისი და ჰყავს მშობელი, ამ სიტყვებსაც თავისი მშობელი ჰყავს. ის დიდი სტალინია. დიდ სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვება სამმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: 1. საბჭოთა კავშირში 30-40-იან წლებში სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ; 2. 1941 წლის 7 ნოემბრის სამხედრო აღლუმმა წითელ მოედანზე და 3. ქვეყნის კოლექტივიზაციამ.

პირველი წითელი არმიის შეიარაღების პერიოდია, უახლოესი სამხედრო ტექნიკით; მეორე _ ქვეყნის ყველა მოქალაქის პატრიოტული გრძნობების ამაღლება და სამშობლოსათვის თავგანწირვა; მესამე _ კოლექტივიზაცია, ქვეყნის ზურგის სიმტკიცე, ზურგის ფრონტი, რომელიც არანაკლებ ორგანიზებულობითა და თავგანწირვით იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ. ეს იყო ომი თავისი კლასიკური გაგებით: ზურგისა და ფრონტის ხელმძღვანელობის უნაკლო შესრულების მაგალითი. დღეს უკრაინაში ომი ვირტუალურად მიმდინარეობს. დუმს წითელი მოედანი. აღარ ქუხს ლევიტანის ხმა. ჩვენი ოკეანისგაღმელი მტრების გულის საამებლად მავზოლეუმის ტრიბუნა და სტალინის საფლავი ფირფიცრებით არის შემოღობილი. ქვეყანა გაყოფილია ორ ნაწილად _ ქვეყნის დამცველებად და მტრებად (მე-5 კოლონად). ნაცვლად იმისა, რომ სამშობლოს მოღალატეთა ფეხქვეშ მიწა იწვოდეს, ელოლიავებიან და მათღირსებასა და თავისუფლებასიცავენ.

“ჩვენ უნდა დავიწყოთ ულმობელი ბრძოლა ზურგის ყოველგვარ დეზორგანიზატორებთან, დეზერტირებთან, პანიკიორებთან, ხმების გამავრცელებლებთან. უნდა მოვსპოთ ჯაშუშები, დივერსანტები და ყოველივე ამაში სწრაფად დავეხმაროთ ჩვენ მიერ შექმნილ გამანადგურებელ ბატალიონებს. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მტერი ვერაგია, ცბიერია, გამოცდილია მოტყუებაში და ცრუ ხმების გავრცელებაში. უნდა გავითვალისწინოთ ყოველივე ეს და არ ავყვეთ პროვოკაციას. საჭიროა, დაუყოვნებლივ სამხედრო სამართალში მიცემა, განურჩევლად პიროვნებისა, ყველა, ვინც პანიკიორებითა და ლაჩრობით ხელს უშლის თავდაცვის საქმეს. მტერი სასტიკი და ულმობელია. იგი მიზნად ისახავს, ხელთ იგდოს ჩვენი ოფლით მორწყული ჩვენი მიწაწყალი, ხელთ იგდოს ჩვენი შრომით მოპოვებული ჩვენი პური და ნავთი. დაანგრიოს რუსთა, უკრაინელთა, ბელორუსთა, ლიტველთა, ლატვიელთა, ესტონელთა, უზბეკთა, თათართა, მოლდაველთა, ქართველთა, სომეხთა, აზერბაიჯანელთა და საბჭოთა კავშირის სხვა თავისუფალ ხალხთა ნაციონალური კულტურა და ნაციონალური სახელმწიფოებრიობა (სტალინი, 1941 წლის 3 ივლისი).

რუსეთის პრეზიდენტი უნდა ავიდეს გამარჯვების სიმბოლო მავზოლეუმის ტრიბუნაზე და მოუხმოს დიდი რუსი ხალხის ღირსეულ ახალგაზრდობას. ამოასუნთქოს ძალით ჩასუნთქული ამერიკული სული და ჩაჰბეროს უკვდავების რუსული სული _ განმათავისუფლებლის სული. აღმართოს ჯვარი ქრისტესი და წავიდეს მდინარის სათავისკენ, სადაც წევს გველეშაპი და წამლავს უკვდავების წყალს. მდინარე ბოლოდან არ იწმინდება, ის სათავიდან უნდა გაიწმინდოს. დადგა ჟამი, როცა “ცეცხლითა და მახვილით” უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა “სოდომი და გომორა”. დასასრულ, გთავაზობთ მცირე ამონარიდს სტალინის მიმართვიდან წითელარმიელებისადმი. ეს სიტყვა მან 1941 წლის 7 ნოემბერს წარმოთქვა წითელ მოედანზე, როცა გერმანელი ფაშისტები მოსკოვს იყვნენ მომდგარი:

“…თქვენ წილად გხვდათ განმათავისუფლებლის დიადი მისია. მაშ, იყავით ამ მისიის ღირსნი. ომი, რომელსაც თქვენ ეწევით, არის განმათავისუფლებელი ომი, სამართლიანი ომი. დაე, ამ ომში თქვენ აღგაფრთოვანებდეთ ჩვენი დიდი წინაპრების: ალექსანდრე ნეველის, დიმიტრი დონელის, კუზმა მინინის, დიმიტრი პოჟარსკის, ალექსანდრე სუვოროვის, მიხეილ კუტუზოვის მამაცური სახეები! დაე, გფარავდეთ ლენინსტალინის ძლევამოსილი დროშა. გაუმარჯოს დიდ რუს ხალხს, მის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას! სიკვდილი საერთაშორისო იმპერიალისტებს და მათ დაქირავებულ აგენტებს!”

 გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here