Home რუბრიკები სპორტი სპორტი და პოლიტიკა

სპორტი და პოლიტიკა

259
ანგელა მერკელი

სპორტის რომელი სახეობებით არიან გატაცებული სახელმწიფო მეთაურები

1966 წლის მაისში მაო ძედუნმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, გადაცურა მდინარე იანძი, რომლის სიგანე დაახლოებით 600 მეტრია. მაო იმხანად 73 წლის გახლდათ, ცურვა კი 1 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა. ჩინეთის ლიდერისთვის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. თავისი სიცოცხლის განმავლობაში მან იანძი 42-ჯერ გადაცურა. გთავაზობთ მასალას პოლიტიკოსებზე, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობით არიან გატაცებული.

ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი,  გერმანიის კანცლერი, 67 წლის

ვინ იფიქრებდა, რომ გერმანიის კანცლერი გააკვირვებდა იტალიელ ალპინისტ რეინჰოლდ მესნერს, რომელიც ფრაუ მერკელს სამხრეთი ტირილის მთებში ახლდა. მერკელმა ექვსი საათის განმავლობაში დაუსვენებლად იარა მთაში. მისი გამძლეობისა და ამტანობის საიდუმლოს ამოხსნა სურდა მასმედიას, მაგრამ გაირკვა, რომ არანაირი საიდუმლო არ არსებობს. უბრალოდ, მერკელს ფანატიკურად უყვარს სამთო-სათხილამურო სპორტი.

ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი _ რუსეთის პრეზიდენტი, 68 წლის

რუსეთის ლიდერი საბრძოლო ხელოვნების აღიარებული ოსტატია. ის 14 წლიდან ვარჯიშობს სამბოში, აქვს კარატე შავი ქამარი კიოკუშინკაიში, რომელიც კარატეს ყველაზე რთული და ხისტი სახეობაა. ამასთანავე, პუტინი ძიუდოთიც არის დაკავებული, თუმცა მისი სპორტული ინტერესები მხოლოდ ორთაბრძოლებით არ ამოიწურება. ის მშვენივრად დაჯირითობს ცხენით, ცურავს, სრიალებს თხილამურებით და კარგად თამაშობს ჰოკეის.

ჯიგმე კნესარ ნამგიელ ვანგჩუკი

ჯიგმე კნესარ ნამგიელ ვანგჩუკი, ბუტანის მეფე, 41 წლის

ბუტანის მონარქი ბავშვობაში ფეხბურთით იყო გატაცებული, მაგრამ თავისი მაღალი მდგომარეობის გამო სპორტის ამ სახეობაზე უარის თქმამ მოუწია _ მოწინააღმდეგენი ვერ ბედავდნენ მისთვის ბურთის წართმევას, თანაგუნდელებს კი ეშინოდათ, ცუდად არ ეთამაშათ. ამიტომ ვანგჩუკი კალათბურთზე გადაერთო _ ბუტანის მეფე ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია, თავისუფალ დროს კი მოსწონს მშვილდის სროლა და მეუღლესთან ერთად ველოსიპედით სეირნობა.

ფილიპე VI

ფილიპე VI, ესპანეთის მეფე, 53 წლის

ესპანეთის მონარქს ორი სამხედრო სკოლა და სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემია აქვს დამთავრებული და სიყმაწვილიდან სპორტით არის დაკავებული. ის 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაზეც კი ასპარეზობდა აფრისნობაში. ესპანეთის მეფეს, აგრეთვე, მოსწონს სპორტის ზამთრის სახეობები და მშვენივრად სრიალებს თხილამურებით.

ხალტმააგიინ ბატულგა

ხალტმააგიინ ბატულგა, მონღოლეთის პრეზიდენტი, 57 წლის

სამბისტი და ძიუდოისტი 1980-1990 წლებში, მსოფლიოს 1983 წლის ჩემპიონი სამბოში _ ხალტმააგიინ ბატულგა 1963 წლის 3 მარტს დაიბადა ულან-ბატორში. დაამთავრა სახვითი ხელოვნების სასწავლებელი მხატვრის სპეციალობით.

2017 წლიდან არის მონგოლეთის პრეზიდენტი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერმინისტრი, 72 წლის

ისრაელის პრემიერმინისტრი თავის ხალხს ჯანმრთელ ცხოვრებას ასწავლის. ჯერ კიდევ მინისტრთა კაბინეტში მუშაობისას მან კოლეგებს მოუწოდა, ევლოთ სავარჯიშო დარბაზში. თვითონ კვირაში ორჯერ დარბის სუფთა ჰაერზე, თამაშობს ფრენბურთს და რეგულარულად სეირნობს ფეხით.

ჯასტინ ტრიუდო

ჯასტინ ტრიუდო, კანადის პრემიერმინისტრი, 50 წლის

ტრიუდომ ჯერ კიდევ 2012 წელს გაითქვა სახელი, როგორც მოკრივემ, როცა მოკრივეთა საქველმოქმედო მატჩში ნოკაუტში გაგზავნა სენატორი პატრიკ ბრაზო, თანაც ბრაზო გამოცდილი იყო ორთაბრძოლებში. მიუხედავად იმისა, რომ ტრიუდო თითქმის სულ დაკავებულია სამუშაოთი, რეგულარულად ვარჯიშობს კრივში. წინასაარჩევნო პერიოდშიც კი მას ხშირად ხედავდნენ კრივის დარბაზში. ტრიუდოს თქმით, “კრივი, უწინარესად, გასწავლის დარტყმების ატანას, ვიდრე დარტყმას”. კრივის გარდა, კანადელი პოლიტიკოსი დარბის, დაკავებულია სნოუბორდითა და კანოეთი ცურვით.

ფილიპე, ბელგიის მეფე

ფილიპე, ბელგიის მეფე, 61 წლის

ფილიპე ადრე სამხედრო მფრინავი იყო, შეიარაღებულ ძალებში გენერალ-ლეიტენანტობამდე მიაღწია. მეფე ამჟამად მხოლოდ ამიტომ არ არის შესანიშნავ ფორმაში. როგორც ბელგიის მონარქის გარემოცვა ამბობს, ის ყოველდღიურად სტუმრობს სავარჯიშო დარბაზს, სრიალებს თხილამურებით და სეირნობს ველოსიპედით.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here