Home ახალი ამბები საქართველო სოსო ცინცაძე: “ცოტა ხანში რუსეთი საქართველოს მოსთხოვს, ოფიციალურად თქვას უარი ნატოზე. აი,...

სოსო ცინცაძე: “ცოტა ხანში რუსეთი საქართველოს მოსთხოვს, ოფიციალურად თქვას უარი ნატოზე. აი, მაშინ ვიკითხავ: რისთვის გამოადგება ჩვენს ქვეყანას “ნატოს არაწევრი მოკავშირის” სტატუსი?”

581

უკრაინისა და საქართველოს გაწევრების მიმართ აშშის ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის გარეშე პუტინი გააგრძელებს უპირატესობის გამოყენებას ევროპაში”, _ ნათქვამია აშშის ჰელსინკის კომისიის მიერ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისადმი გაგზავნილ წერილში. ჰელსინკის კომისია, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, დაარსდა 1976 წელს, როგორც დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო. კომისია, რომელსაც სენატორი ბენ კარდინი და კონგრესმენი სტივ კოენი ხელმძღვანელობენ, შედგება აშშის კონგრესის 18 წევრისაგან.

“ამ კომისიაში გაერთიანებულნი არიან ყოფილი პოლიტიკოსები, ექსპერტები და მოქმედი პოლიტიკოსებიც. გამომდინარე აქედან, ამ მიმართვის სერიოზულობაზე უნდა ვიმსჯელოთ”, _ ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უკრაინასა და საქართველოს ნატოს “არაწევრი მთავარი მოკავშირის” სტატუსი მიანიჭოს. ამასთანავე, წერილის თანახმად, ქვეყნისთვის “მთავარი მოკავშირის” სტატუსის მინიჭება გამოიწვევს იარაღის გადაცემის, ფინანსური დახმარებისა და ინფორმაციის გაზიარების გაადვილებას. ეს ასევე მხარდაჭერის მძლავრ სიგნალს გაუგზავნის როგორც კიევს, ისე თბილისს.

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე:

_ “ნატოს არაწევრი მოკავშირის” სტატუსი 16 ქვეყანას აქვს და ეს სტატუსი არაფერს ნიშნავს. ეს შემოიფარგლება წვრთნებითა და საჭირო დროს იარაღის გადაცემით. ნატოში უმთავრესია მე-5 პუნქტის ამუშავება _ ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვისნატოსა და ევროკავშირს აქვთ ფორმალური ტერმინები _ “მაპი”, “კანდიდატი”, “ასპირანტიდა .. ეს იმისთვის არის მოგონილი, რომ გართულდეს წევრობა. სიმართლე გითხრათ, უარყოფითად და პესიმისტურად ვარ განწყობილი ყოველივე ამის მიმართ. თუკი დღეს ვინმე უნდა მიეღოთ ნატოში, ეს უკრაინა იყო, მაგრამ არ მიიღეს.

დღეს მთავარია ის, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრების გადაწყვეტილებას გენერლები კი არა, პოლიტიკოსები იღებენ, მაგრამ ევროპაში ძლიერი პოლიტიკოსები არ არიან და ძალიან ცუდ ზოლზე _ “პალასაზე” სხედან.

მსოფლიოს პოლიტიკოსები შეპყრობილნი არიან შიშით, რომ რუსეთის პრეზიდენტი “წითელ ღილაკს” თითს დააჭერს, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ ეს არ მოხდება, რომ ეს ასეთი ადვილი პროცესი არ არის. მსოფლიო შანტაჟზეა გადასული, რაც არსერიოზულია, თანაც არაპროფესიონალური…

უკრაინის მოვლენების შემდეგ, ვფიქრობ, აღარ ღირს, საჯარო განხილვის საგნად იქცეს ჩვენი ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ვექტორის თემა, არ გვყავს აქ განათლებული საზოგადოება. ჩვენ არ გვყავს განათლებული ხელისუფლება, აქ ყველას, სანტექნიკოსსა თუ ფერშალს, პოლიტოლოგი და პოლიტიკოსი ქვია.

ჭკუათმყოფელმა ადამიანმა იცის, რომ უკრაინა დასავლეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო, მაგრამ ამ ომსა და გაჭირვებაში უკრაინას ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსიც კი არ მიანიჭა. ვერსალში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი არც კი განხილულა, ზრდილობის გამოც კი არ უთქვამთ რაიმე, არც შეიმჩნიეს

_ ცდილობს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და არ გამოსდის. მაშ, რა უნდა ვქნათ?

_ რა უნდა ქნას ქვეყანამ, რომელშიც არ არსებობს მეცნიერება და განათლება, რომელშიც არ არსებობს ჭკვიანი პოლიტიკოსი. საქართველოს არ ჰყავს თუნდაც 6-7-კაციანი გუნდი, რომელიც მიიღებს სწორ და შეუცდომელ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვყავს 6-7 ადამიანიც კი ისეთი, რომელსაც საზოგადოება დაუჭერს მხარს. გარდა ამ უბედურებისა, ჩვენი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა არ იცის, რას ნიშნავს ნატო, რას მოგვიტანს, როგორ შეიცვლება ჩვენი ქვეყნის ცხოვრება და ა.შ. სამწუხაროდ, ისიც არ იციან, რომ ნატო მითია და ეს არასოდეს იქნება. ნატოს თემა ჩვენთვის, ქართველებისთვის, როგორც შტირლიცი იტყოდა, “არის ინფორმაცია განსჯისათვის”. უკრაინის მაგალითზე ჩვენ ბევრი რამ უნდა დაგვენახა და გვესწავლა, მაგრამ ამაოდ…

გასული საუკუნის 70-იან წლებამდე დასავლეთის უმნიშვნელოვანესი მოკავშირე იყო ტაივანი. დღეს ტაივანს ჩინეთიდან საფრთხე ემუქრება და ამერიკელებმა რამდენიმე დღის წინათ ტაივანელებს უთხრეს, _ მოემზადეთ ომისათვის, ხომ ხედავთ, უკრაინელები როგორ იბრძვიანო… უკრაინა თითქმის განადგურდა და დასავლეთი ცასაც არ ხურავს, უკრაინა გაწირეს…

_ საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციაში დესტრუქციული ძალები არიან, ხელისუფლებაში არ არიან მცოდნე პოლიტიკოსები, შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა გამუდმებით ბეწვის ხიდზე გადის, ვებრძვით ერთმენთს და არანირად არ ვზუნავთ ქვეყანაზესად არის გამოსავალი? ნუთუ, სულ ასე უნდა ვიცხოვროთ ნატოსა და ევროკავშირის გადმოგდებული სატყუარებით?

_ უმეცართა ქვეყანაში ასე რომ ხდება და გამოსავალი არ გვაქვს, არ მიკვირს. ქვეყანა, რომელშიც არც ერთი პოლიტიკოსი სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს, კიდევ კარგად ცხოვრობს. ახლა დიდი ამბავია ატეხილი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან შეერთება-არშეერთებაზე, მაგრამ არავინ ამბობს, ვინმე დაჯდა და გადაწყვიტა, რა იქნებოდა უკეთესი ან უარესი _ სანქციებს თუ შევუერთდებოდით, რას წავაგებდით; თუ არ შევუერთდებოდით, რას მოვიგებდით?! _ ამაზე პასუხი არავის აქვს. სიმართლე გითხრათ, სულ ფრთხილად ვსაუბრობხოლმე, რომ ქუჩაში გასულს, სიმართლის თქმისთვის თავს არ დამესხან დარუსეთუმეარ მიძახონ

გაუნათლებელია ჩვენი ქვეყნის ე.წ. ელიტა, მაგალითად, სხვაგან გაუნათლებელია სოფლებში მცხოვრები ხალხი, მაგრამ ჩვენთან დედაქალაქში მცხოვრები ხალხია გაუნათლებელი. ჩვენი ქვეყნის პარლამენტი შპს-დ იქცა. ასე რომ, სასიკეთოს ამ ქვეყანაში ვერაფერს ვხედავ…

_ ბოლოს და ბოლოს, უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომნატოს არაწევრი მოკავშირეებივიქნებით?

_ შესაძლოა ითქვას, რომ წინგადადგმული არაფრისმომცემი ნაბიჯია, და არავითარ შემთხვევაში _ გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის…

_ თუკი აქამდე გვაწვდიდნენ პამპერსსა და წყალს, ამის შემდეგ მოგვაწვდიან რას?..

_ მოგვაწვდიან იარაღს და გვეტყვიან: ჩვენ არ ვიომებთ თქვენთვის!

ნატომ რაც გააკეთა უკრაინისთვის, ვნახეთ, მაგრამ ჩვენ უფრო ადრე ვნახეთ ის, რა გააკეთეს ნატოს წევრი თურქეთისთვის ნატოს წევრმა ქვეყნებმა, როდესაც თურქეთში რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თურქეთის პრეზიდენტს პირდაპირ უთხრეს უარი დახმარებაზე იმ მიზეზით, რომ რუსეთი მათ ტერიტორიაზე არ შეჭრილა და ამის გამო მის ქვეყანაზე ნატოს მე-5 მუხლი ვერ ამუშავდებოდა. ერდოღანს დიდი ძალისხმევა დასჭირდა რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად.

დღემდე შიშით ცხოვრობენ ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი. ევროპელები, ამერიკის ძალისხმევით, ომს გადაეჩვივნენ. ევროპელები წუხან იმაზე, რომ ნავთობი ძვირდება, უკრაინა კი საერთოდ არავის აინტერესებს.

ომი დასრულდება და ყველა გაერთიანება _ ნატოც, გაეროც და ევროკავშირიც _ სხვანაირი გახდება, მათი ფუნქციები შეიცვლება. ფუნქციები, რომლებიც ისედაც დაკარგული აქვთ, განსაკუთრებით ფუნქციადაკარგულია ევროსაბჭო.

სულ სხვანაირ მსოფლიოში როგორი იქნება საქართველო? _ საკითხავი ეს არის. ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ რუსეთს შეუძლია, ვეტო დაადოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ჩააგდოს ნებისმიერი საკითხი; ასევე შეუძლია ამის გაკეთება ამერიკას. საქართველოს მოსაძებნი აქვს სულ სხვა ფორმულა. მართალია, გვინდა ევროკავშირში, მაგრამ არავინ იცის, ამისთვის რა უნდა გააკეთოს. შესაძლოა, ვერც ვერაფერი გააკეთონ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, დაურეკოთ რომელიმე პარლამენტარს და ჰკითხოთ, რა გვაქვს გასაკეთებელი ევროკავშირში გასაწევრებლად. მაინტერესებს, იციან თუ არამაასტრიხტის კონცეფცია”.

ნატოსა და ვეროკავშირში არასდროს მიგვიღებენ და ამაზე თავსაც არ ვიკლავ… ევროკავშირმა, ბოლო რამდენიმე წელიწადია, ძალიან გაამკაცრა ქვეყნების ინტეგრაცია. მოლაპარაკებები ევროკავშირში წლების განმავლობაში გრძელდება. მაგალითად, თურქეთს, 40 წელიწადია, მოლაპარაკებები აქვს. ასე რომ, საქართველოს არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ცოტა ხანში რუსეთი საქართველოს მოსთხოვს, ოფიციალურად ვთქვათ უარი ნატო-ზე. აი, მაშინ ვიკითხავ: რისთვის გამოადგება ჩვენს ქვეყანას “ნატოს არაწევრი მოკავშირის” სტატუსი?

შუა საუკუნეებში ხალხს ატყუებდნენ, _ თუ ჭკუით მოიქცევით სამოთხეში მოხვდებითო. ასეა დღეს ნატოში საქართველოს გაწევრების თემაც _ არც მაშინ იცოდა ხალხმა, სამოთხე რა იყო და არც ჩვენმა ხალხმა იცის, რა არის ნატონატოში ჩვენი გაწევრება ნიშნავს უარის თქმას დაკარგულ ტერიტორიებზე, რადგან ნატო კონფლიქტებში არ ერევა

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here