Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ობიექტური აუცილებლობაა, რომელიც, გვინდა თუ არა, არსებობს

სოსო ცინცაძე: რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ობიექტური აუცილებლობაა, რომელიც, გვინდა თუ არა, არსებობს

2141
სოსო ცინცაძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ ვრცელი განცხადება. მასში ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მიზეზებზეა საუბარი; აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ოფიციალური თბილისი განსაკუთრებით პროვოკაციულ პოლიტიკას ატარებს მოსკოვის მიმართ, რომელიც ერთადერთ მიზანს _ ორ ქვეყანას შორის დესტრუქციულობისა და დაძაბულობის კიდევ უფრო გაზრდას ემსახურება, რაც არ შედის არც რუსეთის და არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ თავი უნდა დაანებოს პოლიტიკური სპექტაკლების მოწყობას და გამოიყენოს დიალოგის ყველა ხელმისაწვდომი საშუალება, როგორც რუსეთთან, ისე სოხუმსა და ცხინვალთან.

განცხადებაში მწვავედაა გაკრიტიკებული აშშ-ის სახელმწიფო კონგრესი და ამერიკის საელჩო საქართველოში, რომელიც ბოლო პერიოდში დაუფარავ ანტირუსულ პოლიტიკას ატარებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ყველაფერი თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გამწვავების მიზანმიმართული მცდელობაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას რეგიონში…

ცნობითვის: ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე მერამდენედ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ იფიქროს პირდაპირ დიალოგზე რუსეთთან და კონფლიქტურ რეგიონებთან (მსგავსი რამ პირადად ვლადიმერ პუტინმა 2014 წელს სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან განაცხადა), თუმცა თითოეულ ამ გზავნილზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი უცვლელი იყო: “საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობის გარეშე დიალოგს აზრი არ აქვს”.

რა უშლის დღეს ხელს თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი დიალოგის გამართვას და რა შანსი არსებობს ამისთვის ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

_ ბატონო სოსო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამას წინათ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დროა, საქართველომ თავი დაანებოს პოლიტიკური სპექტაკლების მოწყობას და გამოიყენოს პირდაპირი დიალოგის ყველა შესაძლებლობა, როგორც მოსკოვთან, ისე სოხუმსა და ცხინვალთან, მაგრამ ფაქტია, ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ დიალოგს კი არა, საერთოდ დიალოგსაც კი არ განიხილავს. დღევანდელ ვითარებაში რა საშუალებები არსებობს კრემლთან სასაუბროდ და აუცილებელია თუ არა ეს საქართველოსთვის?

_ მე, როგორც დიპლომატიის თეორეტიკოსს, მტკიცედ მწამს, რომ დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში წერდა რიშელიე თავის პოლიტიკურ ანდერძში, რომ მოლაპარაკება მაშინაც კი, როდესაც ის წინასწარ განწირულია, აუცილებელია, ვინაიდან ასეთ მოლაპარაკებაშიც კი გაიგებ მოწინააღმდეგის აზრსა და პოზიციას. საერთოდ, გაბუტვა და ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა არის სახელმწიფოებრივად მავნებლური დიპლომატია. ეს არის ბავშვური სიჯიუტე, რომელიც ლოგიკურ აზრს არის მოკლებული. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ბოლო ექვსი თუ შვიდი წლის განმავლობაში ეს უკვე მერამდენეა, მათ შორის ვლადიმერ პუტინის მხრიდანაც, მაგრამ პასუხად ჩვენგან მუდმივად ისმის ერთი და იგივე _ “რაზე უნდა ვილაპარაკოთ?” აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა და არაადეკვატური მიდგომების დემონსტრაცია. თუ ჩვენ დღეს ვინმესთან გვაქვს სალაპარაკო, ეს, პირველ რიგში, არის რუსეთი. სხვათა შორის, იმ პოლიტკოსებს, რომლებიც ამას ამბობენ, შეუძლიათ, წავიდნენ რეგიონებში და გაიგონ, რას ფიქრობს მოსახლეობა ამ საკითხზე. წავიდნენ, მაგალითად, კახეთში და დაელაპარაკონ რიგით ადამიანებს…

_ თქვენი აზრით, რა განწყობებია მოსახლეობაში?

_ კახეთი ვახსენე, ახლა რთველი მოდის და, აბა, ჰკითხონ კახელ მევენახეს, რისი იმედი აქვს; ჰკითხონ ნებისმიერ გლეხს, სოფლად მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, ვინც მიწას ამუშავებს და იქიდან მიღებულ მოსავალზეა დამოკიდებული. სხვათა შორის, წელს, როგორც იქნა, კახეთში ფასი დაედო ატამსა და ვაშლატამას, იმიტომ, რომ აშენდა დიდი ზომის მაცივრები, რომლებშიც ინახება ასეულობით ტონა ხილი და შემდეგ გადის რუსეთში. აი, ასეთ ვითარებაში პრინციპული მომხრე ვარ მოსკოვთან დიალოგის, თუმცა აქ არის მეორე საკითხი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია: ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვერ ჩამოვაყალიბეთ ქართული დიპლომატიური სკოლა, რომელიც კვალიფიციური კადრების ერთგვარი საბადო იქნება. ქართული დიპლომატია დღეს კრიტიკას ვერ უძლებს. ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ობიექტური აუცილებლობაა, რომელიც, გვინდა თუ არა, არსებობს. ეს ერთი. და მეორე _ დიპლომატიის ისტორიამ არ იცის ასეთი ფენომენი, როდესაც პატარა სახელმწიფო ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს თავის უდიდეს მეზობელთან.

_ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიქართული ოცნებისერთერთი დაპირება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იყო, თუმცა, არათუ მოგვარება ვერ მოხერხდა, ამის რეალური მცდელობაც კი არ ყოფილა. ხელისუფლების შეცვლიდან რვა წლის თავზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები აბაშიძეკარასინის ფორმატს ვერ გასცდა. რა არის ამ ყველაფრის შემაფერხებელი ფაქტორები?

_ პირველი და უმთავრესი: “ოცნებამთავიდანვე შეცდომით დაიწყო კრემლთან ურთიერთობა, რაც ძალიან მალე გამოჩნდა. ვგულისხმობ იმას, რომ ივანიშვილმა რუსეთს დაასწრო და თვითონ შექმნა სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა და დანიშნა ზურაბ აბაშიძე. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ აბაშიძეს დიდ პატივს ვცემ და მაღალი დონის დიპლომატად მიმაჩნია, მან თავიდანვე წაგებული პოზიციიდან დაიწყო _ იმიტომ, რომ საქართველომ შექმნა სპეციალური თანამდებობა, რუსეთის მხრიდან კი მსგავსი რამ არ მომხდარა. უბრალოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის ერთერთ მოადგილეს დაავალეს მეთხუთმეტე ფუნქციად სამ თვეში ერთხელ აბაშიძესთან შეხვედრა. მაშინაც ვამბობდი და ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ საქართველოს უნდა მოეთხოვა ოფიციალური მოლაპარაკებები პარიტეტულ დონეზე, მაგრამ ეს არ მოხდა და შედეგიც შესაბამისი იყო _ ნული

_ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ: რაში ჩანს, რომ დიპლომატია არ გვივარგა?

_ გადახედეთ თუნდაც ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს _ საშინელი დილეტანტიზმი, საშინელი არაპროფესიონალიზმიარ არსებობს არანაირი ინიციატივა, არანაირი სტრატეგია და გათვლა. კრეატივზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რაც შეეხება ხელისშემშლელ გარემოებებს, რომლებიც აფერხებს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას, არაპროფესიონალიზმთან ერთად, ვფიქრობ, ერთ-ერთია პოლიტიკური ნების არარსებობა, რომელიც გასაგებია, საიდანაც მოდის, თუმცა ჩვენს ხელისუფალთ ერთი რამ ავიწყდებათ _ დიპლომატია ხშირად არაპოპულარული გადაწყვეტილებების აუცილებლობას გულისხმობს… ისე, სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რა დაშავდებოდა იმით, რომ თავის დროზე მარგველაშვილი შეხვედროდა პუტინს. ისევე, როგორც არ მესმის, რა უშლის დღეს ხელს პრემიერმინისტრს…

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას გარკვეულწილად დასავლეთის პოლიტიკური ნდობის დაკარგვის ეშინია?

_ 15 წლის განმავლობაში დიპლომატიური აკადემიის რექტორი ვიყავი და კვირა არ გავიდოდა, დასავლეთის რომელიმე ქვეყნის ელჩი ჩვენთან სტუმრად არ მოსულიყო. არაერთხელ მისაუბრია მათთან ამ თემებზე და დავრწმუნდი, რომ მთავარია, სწორად ავუხსნათ ყველაფერი. ესეც არ იყოს, დასავლეთის ნდობის დაკარგვის რა შიშზეა საუბარი, როცა ჩვენს პირისპირ ამხელა სახელმწიფოა რუსეთის სახით?! სწორი დიპლომატიის გარდა, ვინ დაიცავს ჩვენს ინტერესებს, როცა ევროკავშირი იშლება, ნატომ კი ლამის კოსმოსიდან ჩამოიტანოს მიზეზები, ალიანსში ინტეგრაციაზე საბოლოოდ უარი რომ გვითხრას?! რუსეთსა და საქართველოს შორის აუცილებელია პირდაპირი დიალოგი შუამავლებისა და ზედამხედველების გარეშე, ოღონდ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ისეთი დიალოგის, როგორსაც, მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსი” აწარმოებს.

_ რას გულისხმობთ?

_ არ შეიძლება, ჩვენი ვიზავი იყოს დსთ-ის კომიტეტი. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ დსთ-ის წევრი. შევიდეთ ამ ორგანიზაციაში და, კი ბატონო, ლოგიკური იქნება მსგავსი დიალოგი, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ჩვენ, წმინდა პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით, მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში…

_ დასასრულ, ლუგარის ლაბორატორიის გარშემო ატეხილ ხმაურზეც შეგეკითხებით. რუსეთის ხელისუფლება უკვე მერამდენედ ავრცელებს განცხადებას, რომ ეს ლაბორატორია საფრთხის შემცველია, თუმცა, როგორც საქართველოს ხელისუფლება, ისე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ამ განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. შესაძლებელია, ლუგარის ლაბორატორიაში რამიე სახის ბიოლოგიური იარაღი მზადდებოდეს?

_ ძნელია, ერთმნიშვნელოვანი შეფასების გაკეთება, მაგრამ რუსეთს, ალბათ, საკმარისზე მეტი ინფორმაცია აქვს ლუგარზე. ვფიქრობ, ეს განცხადებები უფრო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, ვიდრე საფრთხეების თავიდან აცილებას, რაც მოსკოვის პოზიციიდან ლოგიკურია, თუმცა დარწმუნებული ვარ, კრემლი ლუგარიდან სერიოზულ საფრთხეს რომ გრძნობდეს, მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლებოდა. რაც შეეხება ხელისუფლებას, ვფიქრობ, ის ამ შემთხვევაშიც ვერ იქცევა ადეკვატურად, რათა საბოლოოდ წერტილი დაუსვას აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ სპეკულაციას, ეს ისევ მათ სისუსტესა და არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს…

_ თქვით, რომ ხელისუფლებას კრემლთან დიალოგის პოლიტიკური ნება არ აქვს. მომავალში მაინც თუ ხედავთ პერსპექტივას ამ თვალსაზრისით?

_ დღეს პერსპექტივაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, უადგილოა, იმიტომ, რომ რამდენიმე თვეში არჩევნებია. საერთოდ, დიპლომატიის ნომერი პირველი დაუწერელი კანონია ის, რომ არჩევნების წინ ყველანაირი ურთიერთობა იყინება. თუ მოხდა ისე, როგორც “ოცნების” ლიდერები იმედოვნებენ და კვლავ უმრავლესობით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც ძალიან მეეჭვება, მაშინ თეორიული შანსი გაჩნდება, მაგრამ, თუ კოალიციური მთავრობა შეიქმნება, უფრო პესიმისტურად ვიქნები განწყობილი. იქ იმდენი პრობლემა და სადავო საკითხი გაჩნდება, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარება დროებით მაინც აქტუალობას დაკარგავს. მეტიც, ალბათ, ისე გავა რამდენიმე წელიწადი, რომ ამ საკითხის დაყენებას ვერავინ გაბედავს, რაც ქვეყნისთვის იქნება ცუდი და, რაც დრო გავა, სულ უფრო მეტი ზიანის მომტანი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here