Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: რატომ არ გაშუქდა მედიაში ის დოკუმენტი, რომელიც მე ვახსენე?

სოსო ცინცაძე: რატომ არ გაშუქდა მედიაში ის დოკუმენტი, რომელიც მე ვახსენე?

3342
სოსო ცინცაძე

რამდენიმე დღის წინათ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა და ამაყად განაცხადა, რომ საქართველო, როგორც სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო, სტრატეგიული პარტნიორებისთვის ერთერთი საიმედო მოკავშირეა აღმოსავლეთ ევროპაში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთის სახით სერიოზული გამოწვევები არსებობს, ქვეყანა დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას კვლავ სწრაფი ტემპით განაგრძობს: “რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და დემოკრატია კვლავ ვითარდება.

თუ რუსეთის მიზანი იყო, ბლოკირება მოეხდინა ამ გზის, ეს მიზანი არ არის მიღწეული. ეს ჩვენი გამარჯვება და მათი დამარცხებაა. ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა ყველა იმ ქვეყანასთან ერთად, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს და დღესაც გვიჭერენ…” მისივე განმარტებით, თურმე ის ფაქტი, რომ, კრემლის ზეწოლის მიუხედავად, ქვეყანა ევროინტეგრაციის პროცესს წარმატებით განაგრძობს, ხელისუფლების სწორი და ადეკვატური პოლიტიკის შედეგია. პრეზიდენტს არ განუმარტავს, კონკრეტულად რაში გამოიხატება აღნიშნული წარმატება

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი არ არის, რომელიც ეკონომიკურ აღმავლობასა და განვითარების სწრაფ ტემპებზე საუბრობს. მანამდე დაახლოებით მსგავსი განცხადება პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც გააკეთა. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა სოციოლოგიური კვლევა ცხადყოფს, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილში მთავრობის პოლიტიკისადმი (განსაკუთრებით _ ეკონომიკური) ნდობა მცირდება…

ადეკვატურია თუ არა პრეზიდენტის შეფასება საქართველოს განვითარების ტემპების მიმართ და რა მდგომარეობაა დღეს რეალურად ქვეყანაში?

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი სოსო ცინცაძე.

_ ბატონო სოსო, ამას წინათ ესტონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ დღეს საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანაა. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლა დღითიდღე ძლიერდება, ქვეყანა სწრაფ განვითარებას განაგრძობს, რაც თურმე იმის წინაპირობაა, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრები აუცილებლად გავხდებით. როგორ ფიქრობთ, ადეკვატურია ეს შეფასება?

_ ეს შეფასება აცდენილია რეალობას და თანაც კატასტროფულად, მაგრამ ერთია განცხადება და მეორე _ ვინ აკეთებს მას. ჩვენი პრეზიდენტი, პრაქტიკულად, არც არის რეალური პოლიტიკური ფიგურა და ვფიქრობ, მისი განცხადება სერიოზულად არ უნდა განვიხილოთ. თუმცა ფაქტია ისიც, რომ მსგავსი რიტორიკა მხოლოდ პრეზიდენტისგან არ ისმის და ბოლო პერიოდში საკმაოდ თამამ განცხადებებს აკეთებს პრემიერიც. რაც შეეხება სინამდვილეს, რამდენიმე დღის წინათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავის გამო გამოქვეყნდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ინდექსი, რომელშიც დეტალურადაა განხილული ამ პარტნიორობის წევრი ექვსი სახელმწიფოს: უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობა. ახლა _ მოკლედ, რა დასკვნები წერია ამ დოკუმენტში: უკრაინა _ ნელი პროგრესი, ბელარუსი, მოლდოვა _ დაახლოებით იგივე, საქართველო _ ნელი რეგრესი და სომხეთი, აზერბაიჯანი _ უარესი. ანუ, საუბარია არა იმაზე, რომ საქართველო წინ მიდის და ვითარდება, არამედ საუბარია უკუსვლაზე. სხვათა შორის, იქვე მოყვანილია ფედერიკა მოგერინის მოხსენებაც, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ პრობლემაა ცუდი მმართველობა, კორუფცია, ეკონომიკური განვითარების შენელება, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სერიოზული ხარვეზები და ა.შ. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: როდესაც გამუდმებით ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ პრეზიდენტით დაწყებული, მინისტრებითა და მთავრობის მეთაურით დამთავრებული, სად ჩანს ეს ზრდა? სად ჩანს ეს განვითარება და სწრაფი ტემპები?

_ პრემიერმა განაცხადა, რომ მუნიციპალური ბიუჯეტები გაიზარდა და ასი პროცენტით შესრულდა.

_ ეს არის წმინდა წყლის დემაგოგია, რომელსაც ვისმენთ, უკვე კარგა ხანია. მერე მოჰყავთ რაღაც კვლევები და ანგარიშები, რომლებშიც წერია, რომ თურმე სერიოზული ეკონომიკური ზრდა გვაქვს. რატომ არ გაშუქდა მედიაში, ვთქვათ, ის დოკუმენტი, რომელიც მე ვახსენე? ბიუჯეტი შეიძლება ასი პროცენტითაც შესრულდეს და ხუთასითაც, მაგრამ რა აზრი აქვს, თუ ამ ყველაფერს რიგითი მოქალაქე ვერ გრძნობს?! მე, მაგალითად, მირჩევნია, ბიუჯეტი ნაკლებად შესრულდეს, ოღონდ ფასები დაბალი იყოს, ლარი არ გაუფასურდეს, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ა.შ. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ფასებიც იზრდება, ინფლაციაც მაღალია და უმუშევრობა ხომ არის და არის. სხვათა შორის, იმ არარსებულ ეკონომიკურ ზრდაზე გაკეთებული აბსურდული განცხადებების შედეგია ის, რომ აქედან შიმშილსა და სიღატაკეს გაქცეულ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან უჭირთ ევროპაში თავის დამკვიდრება. მათ ეუბნებიან: საქართველო არის უსაფრთხო, მზარდი ეკონომიკის ქვეყანა და მიბრძანდითო… ამ დროს რეალურად საქართველო არის სრული ეკონომიკური რეგრესის ქვეყანა. არ ვიცი, ჩვენი დიპლომატია დღეს რაზე მუშაობს: იმაზე, რომ ევროპელებს თავი მოაწონოს, თუ იმაზე, რომ რეალურად რამე სასიკეთო გააკეთოს ქვეყნისთვის. თავს თუ აწონებენ, ესეც არ გამოსდით, ვინაიდან, თუ ვინმეს ჰგონია, ევროპელები ამათ განცხადებებს ბრმად ენდობიან და არ იციან, აქ რეალურად რა მდგომარეობაა, ძალიან ცდება. ყველაფერს სწავლობენ და აკვირდებიან. ამიტომაც არის უკვე მათ განცხადებებში მინიშნებები, რომ საქართველო, უკეთეს შემთხვევაში, 20-25 წლის შემდეგ შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი. ნატოზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი.

_ თქვით, რომ პრეზიდენტის შეფასება რეალობას აცდენილია. როგორ ფიქრობთ, რისთვის კეთდება ეს განცხადებები, რაზე შეიძლება ეს სინამდვილეში გათვლილი იყოს?

_ ვფიქრობ, უბრალოდ, კურსია ასეთი აღებული და ამით იქმნება გარკვეული ილუზიები. პარალელურად იმ სიდუხჭირისა და გაჭირვებისა, რომელიც რეალურად არის ქვეყანაში, მოსახლეობას არწმუნებენ, რომ სინამდვილეში მდგომარეობა არც ისე მძიმეა, როგორც გვგონია. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებამ არ იცის, რა განწყობებია მოსახლეობაში და რა პროცესი მიდის. ცხადია, იცის და იმასაც ხვდება, რომ მსგავსი ცინიკური განცხადებებით უკმაყოფილებას კიდევ უფრო ზრდის. უბრალოდ, ხელისუფალთა ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ როგორმე გაიხანგრძლივონ ქვეყნის სათავეში ყოფნა; ოღონდ არა იმით, რომ წარმატებული პოლიტიკა ჰქონდეთ, ამაზე თავს არ იწუხებენ, არამედ იმით, რომ ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ და ილუზია შეუქმნან.

_ თქვენი აზრით, როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?

_ თავის დროზე სააკაშვილის მიმართ იყო დიდი უკმაყოფილება და ეს წლების განმავლობაში გროვდებოდა, მაგრამ, სანამ არ შეიქმნა კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც აღმოჩნდა კატალიზატორის როლის შემსრულებელი, ის განაგრძობდა დაგროვებას. ანალოგიური რამ ხდება დღესაც: ხელისუფლების მიმართ არის მზარდი უკმაყოფილება, რომელიც გროვდება და გროვდება, მაგრამ რეალური პოლიტიკური ალტერნატივის არარსებობის გამო ეს უკმაყოფილება შედეგში ვერ აისახება. ამიტომაც არის მოსახლეობაში ნიჰილიზმი და უნდობლობა მთლიანად პოლიტიკური სპექტრისადმი, რაც ყველაზე ნათლად და მკაფიოდ არჩევნების დროს ჩნდება ხოლმე. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ მიდის არჩევნებზე. იმიტომ, რომ არსებულ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც არის დეგრადირებული, ნდობა აქვს დაკარგული. აი, ეს პოლიტიკური სიმახინჯე უნდა დასრულდეს და მერე ვნახავთ, როგორ შეძლებს დღევანდელი მმართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნებას. მანამდე, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოვისმენთ აბსურდულ გამოსვლებსა და განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ეკონომიკა იზრდება, რომ ქვეყანა ვითარდება და ყველაფერი კარგადაა და ა.შ.

_ რეალური პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბების პერსპექტივას თუ ხედავთ ახლო მომავალში?

_ ძნელი სათქმელია, ყოველ შემთხვევაში ამის რეალურ ნიშნებს, კონკრეტულ თარიღებზე რომ ვილაპარაკოთ, ვერ ვხედავ.

რაც შეეხება განწყობებს საზოგადოებაში, მე, ძირითადად, მეცნიერულ წრეებთან მაქვს ურთიერთობა და ჯერჯერობით ჩემ გარშემო კმაყოფილი არავინ მინახავს. თუმცა ეს, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებისთვის არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი. ის მშვენივრად აკეთებს თავის საქმეს. მოკლედ, ჩვენი რეალობა ასეთია: მედალის ერთი მხარეა ის, რომ ნაციონალები არ უნდა დაბრუნდნენ, ხოლო მეორე მხარე _ რომ “ოცნება” არასოდეს არ უნდა წავიდეს. მორჩა. სხვა დანარჩენი _ ის, რომ საქმე გაკეთდეს, ეკონომიკა განვითარდეს, ხალხი დასაქმდეს და ა.შ., არავის არ აინტერესებს.

_ ნიჰილიზმი ახსენეთ და ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოების ინერტულობის შედეგიც არის ნაწილობრივ ეს ყველაფერი?

_ ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოება ინერტულია, ხალხი მეტ-ნაკლებად ყოველთვის არის აქტიური, მაგრამ დააკვირდით ბოლო წლების მოვლენებს: ირჩევენ ერთს, აღმოჩნდება, რომ თურმე სულ სხვა ძალა ყოფილა. მერე იწყება გამოსვლები. მერე ჩნდება მეორე და ყველას ჰგონია, რომ გვეშველა, მაგრამ უარესს ვიღებთ… აი, ამ ყველაფერმა, ჯამში, გამოიწვია ის, რომ საზოგადოება გადავიდა ქრონიკულ ნიჰილიზმში. აღარაფრის და არავის აღარ სჯერათ უკვე. ისე, თუ ვინმე ხეირობს ამ მდგომარეობით, ისევ ხელისუფლება, რომლის ერთადერთ საზრუნავს წარმოადგენს ის, რომ როგორმე გაიხანგძლივოს ძალაუფლება. მორჩა, სხვა დანარჩენი მისთვის ღობის ჩხირია. მოახლოვდება არჩევნები _ დაფაცურდებიან და გაიფორმებენ გამარჯვებას.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here