მთავარი საზოგადოება სოსო ცინცაძე: აფხაზებსა და ქართველებს შორის არა შერიგების, არამედ გაუცხოების პროცესი მიმდინარეობს....

სოსო ცინცაძე: აფხაზებსა და ქართველებს შორის არა შერიგების, არამედ გაუცხოების პროცესი მიმდინარეობს. მათ მხოლოდ ის იციან, რომ საქართველოში შიმშილი და უმუშევრობაა

1090
გააზიარეთ
სოსო ცინცაძე
პოლიტოლოგი: სოსო ცინცაძე

ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისება ნებადართულია. ამასთანავე, უქმდება პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის წესი. საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, სასამართლო თავისი პრესტიჟის გაზრდას ცდილობს და მოსამართლეების შეურაცხყოფისთვის რეგულაციების დაწესებას გეგმავს, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეფასდა. რა შედეგები შეიძლება მოიტანოს კოსტიტუციის პროექტში ამ ცვლილებების შეტანამ? _ ამ და სხვა საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

_ ბატონო სოსო, 2012 წელს წინასაარჩევნოდქართული ოცნებისერთერთი დაპირება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იყო, რა გააკეთა და რას აკეთებსქართული ოცნებაამ ურთერთობების მოსაგვარებლად?

_ აბსოლუტურად არაფერს. არ ვიცი, რა სტრატეგია აქვს “ქართულ ოცნებას” ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ძალიან ადვილი იყო რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება, მაგრამ ვხედავთ, რომ აღდგენას 2-3 ათეული წელიც არ ჰყოფნის. საქართველოს ხელისუფლებას ამ ურთიერთობის მოგვარების სტრატეგია არ აქვს. ჩვენი პოლიტიკური ელიტა შეგუებულია არსებულ ვითარებას. აფხაზებსა და ქართველებს შორის არა შერიგების, არამედ გაუცხოების პროცესი მიმდინარეობს. მათ ჩვენზე მხოლოდ ის იციან, რომ საქართველოში შიმშილი და უმუშევრობაა. არც ერთი ხელისუფლების მხრიდან არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით. ჩვენმა მაღალჩინოსნებმა თავიანთი მოღვაწეობა ჟენევაში სეირნობას მოანდომეს, რასაც სახელს ვერ ვუძებნი.

_ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაწუნებული მოსამართლის _ ევა გოცირიძის ინიციატივით, მოსამართლეების შეურაცხყოფისთვის რეგულაციების დაწესება იგეგმება. ეს ინიციატივა ხომ არ შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას?

_ ეს არის საშინელი ცენზურის გამოხატულება. თურმე შეურაცხყოფაა, რომ იტყვი, ბრმა არისო, იმ მოსამართლეზე, რომელიც შავზე ამბობს, თეთრიაო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არასწორი ვუწოდოთ, მაგრამ არ შეგვიძლია მათ მონობა დავწამოთ. ეს სასაცილოა! ეს მის ინტელექტზე მეტყველებს. მე თუ მკითხავთ, ევა გოცირიძის ინიციატივა სასამართლო სისტემაში არსებული განუკითხაობის გადაფარვას ემსახურება. სასამართლო სისტემა მთლიანადაა შესაცვლელი, რეფორმებია საჭირო. მაშინ, ბატონო, დავურიგოთ მოსამართლეებს ინდულგენციის მსგავსი სიგელი და ვუთხრათ, _ რაც უნდა გააკეთო, ხელს არავინ გახლებს! ასეთ ნდობას სასამართლო სისტემა საზოგადოების მხრიდან არ იმსახურებს.

_ ევა გოცირიძის კიდევ ერთი ინიციატივის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები, რომლებიც გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნულნი, მოსამართლის თანამდებობაზე ავტომატურად უვადოდ უნდა დაინიშნონ. რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე?

_ სასამართლო სისტემის ამ შემადგენლობისთვის არ მემეტება უვადო რეჟიმი. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში პროფესიონალები გამოჩნდებიან. მე არ ვაღიარებ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ადრე უკანონო გადაწყვეტილებას იღებდნენ. ვეკითხები მურუსიძეს: იცი, როგორი იყო ჰიტლერის რეჟიმი? გიორგი დიმიტროვი (კომუნისტი აგენტი), რომელიც გერმანიის პარლამენტის შენობის დაწვაში იყო ეჭვმიტანილი, ნაცისტმა მოსამართლეებმა გაამართლეს. მათ ჰიტლერის არ ეშინოდათ და მურუსიძეს მიშასი შეეშინდა? საფრანგეთის მეფე ლუი XIV თავის დროზე 9 მოსამართლე შეკრიბა, რათა მეფის მოწინააღმდეგისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანათ, მაგრამ მოსამართლეებმა ბრალდებული გაამართლეს. ეს იმის ფონზე, როცა მოსამართლეებს გაანალიზებული ჰქონდათ, რომ მათ ამის გამო პროვინციებში გადასახლება არ ასცდებოდათ. გგონიათ, საქართველოში ყველა მოსამართლეს ზურგზე ფრთები ამოსდის? ძალიან ცოტა დრო გავიდა ტოტალური რეჟიმიდან, შევარდნაძისდროინდელი მექრთამეობიდან და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილი წნეხიდან. ჩვენთან “შინაგანად თავისუფალი თაობა” არ არსებობს _ დღეს ყველაში ზის პატარა მონა.

_კონსტიტუცის პროექტის მიხედვით, პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების ჩამორთმევა დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევას ხომ არ ნიშნავს?

_ როგორც პარლამენტის წევრებს, ისე საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის “მეოცნებეებს” არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში. სანამ მოსახლეობის პოლიტიკური კულტურა ოდნავ მაინც არ მიუახლოვდება განვითარებული ქვეყნების პოლიტიკურ კულტურას, პრეზიდენტი საყოველთაო წესით უნდა ავირჩიოთ. ახლა ვუსმენთ ტელევიზორში, რომ პრეზიდენტს არანაირი იურიდიული უფლება არ აქვს და როგორ შეიძლება საყოველთაო წესით აირჩიონ. სამაგიეროდ, პრეზიდენტს მორალური უფლებები შეუნარჩუნდება და მმართველი პარტია იძულებული გახდება, ანგარიში გაუწიოს მის ინტერესებს. ახლა ოცნებისვიღაც ბიჭები პრეზიდენტს, როგორც უნდათ, ისე აბურთავებენ და ამბობენ, რად გვინდა ისეთი პრეზიდენტის საყოველთაო არჩევა, რომელსაც უფლებები არ ექნებაო, მაშინ მე გეკითხებით: რისთვის გვინდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სამინისტრო, რომელიც აბსოლუტურად არაფერს აკეთებს და რომლის შენახვის ფულს ჩვენ ვიხდით?

ესაუბრა ეკა ზარნაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here