Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: ასამბლეის თავმჯდომარეს ვერ აუკრძალავ ღონისძიების გახსნას, ეს დიპლომატიის დაუწერელი კანონია

სოსო ცინცაძე: ასამბლეის თავმჯდომარეს ვერ აუკრძალავ ღონისძიების გახსნას, ეს დიპლომატიის დაუწერელი კანონია

976
სოსო ცინცაძე

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის ჩატარებას იხვეწებოდა და ერთი წლის წინათ მიიღო კიდეც თანხმობა, 17 ივნისს ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში 19 ივნისს იგეგმებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს რამდენიმე დეპუტატი დაესწრებოდა. კანდელაკი ამბობდა, რომ დუმის დეპუტატების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა შელახავდა საქართველოს ავტორიტეტს.

მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის ხელმძღვანელმა, რუსეთის დუმის წევრმა სერგეი გავრილოვმა ასამბლეის სხდომის გახსნისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. ამ ფაქტმა ოპოზიციის დეპუტატები და ქართველი საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა. საპროტესტო აქციებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა; შემდეგ _ “ოცნების” ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ამ გადაწყვეტილებით შესრულდა აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა, მაგრამ აქციები მაინც გრძელდება.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება ვთხოვეთ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს:

_ საქართველოს ხელისუფლებას შეცდომა არ დაუშვია, ეს იყო დაუდევრობა, მაგრამ, თუ შეცდომაზე ვილაპარაკებთ, აღნიშნული ღონისძიების საქართველოში ჩატარება იყო შეცდომა, თანაც ამ ღონისძიების ჩატარებას ქართული მხარე ითხოვდა და ასამბლეა ერთი წლის წინათ დათანხმდა ჩვენი ხელისუფლების თხოვნას, აი ეს იყო შეცდომა.

ამ ღონისძიების თავიდან აცილება ბევრი მიზეზით შეიძლებოდა, რადგან ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი რუსეთის წარმომადგენელია. საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს. დიპლომატიის დაწერილი თუ დაუწერელი კანონი არ ითვალისწინებს იმ ქვეყნების ურთიერთობას, რომლებსაც გაწყვეტილი აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, თანაც, როდესაც ეს ურთიერთობები გაწყვეტილია არა დროშის დაწვის ან მსგავსი რამის გამო, არამედ ომის გამო. ასეთ შემთხვევაში, თბილისში არ უნდა დაგეგმილიყო ღონისძიება ორგანიზაციისა, რომლის თავმჯდომარეც რუსეთის წარმომადგენელია. მას ვერ აუკრძალავ ღონისძიების გახსნას _ ესეც დიპლომატიის დაუწერელი კანონია.

ქართულ მხარეს შეეძლო აპელირება საერთაშორისო ურთიერთობების ნორმებზე, დიპლომატიურ პრაქტიკაზე და მაგალითად მოეყვანა ვენის კონგრესი, რომელიც ავსტრიაში ჩატარდა და რომლის თავმჯდომარეც იყო ავსტრიის წარმომადგენელი; იყო ბერლინის კონგრესი, რომელსაც თავმჯდომარეობდა გერმანელი ბისმარკი; როცა კონგრესი ჩატარდა საფრანგეთში, თავმჯდომარე იყო ფრანგი _ ეს დიპლომატიური პრაქტიკაა და ამის გაკეთება ქართულ მხარესაც შეეძლო. ასამბლეა თვითდინებაზე იყო მიშვებული, ამიტომაც აღმოვჩნდით გაუგებრობაში.

ასეთი ფაქიზი საკითხების ორგანიზება მიანდეს ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც საკმარისი გამოცდილება და განათლება არ აქვს, ის კარგი იურისტიც კი არ არის. ერთი წლის წინათ მიიღეს გადაწყვეტილება, ჰქონდათ გეგმა, რომელშიც გაწერილი იყო ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რუსები იტყოდნენ: ჩვენ გავხსნით ღონისძიებასო, რადგან თავმჯდომარე რუსული მხარეა, მაგრამ ქართულ მხარეს საპასუხოდ არ უთქვამს, რომ მასპინძლები არიან და უფლება აქვთ, თვითონ გახსნან ღონისძიება.

ისე, ქართული მხარე ცუდად მოექცა სტუმრებს. ისინი დაპატიჟეს, ჩამოიყვანეს და მერე ობსტრუქცია მოუწყვეს და გაყარეს. ეს დიპლომატიაში მიუტევებელი შეცდომაა. ქართულმა მხარემ ყველა დეტალი ვერ გაითვალისწინა, რასაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა გამოეხმაურება. ზოგიერთი ადამიანი დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გლობალურ პოლიტიკას უკავშირებს, ვერსია ბევრია და ვარაუდიც კი შეიძლება სიმართლე გამოდგეს. არ გამოვრიცხავ ვერსიას, რომ ეს, შესაძლოა, ამერიკელების მოწყობილი იყოს ქართველი პოლიტიკოსების ხელით, რათა აქ სიტუაციის დაწყნარების მიზნით ჯარი შემოიყვანონ, რაც კიდევ უფრო დიდი დანაშაულია ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან

_ რუს დეპუტატს, სერგეი გავრილოვს მას შემდეგ, რაც პარლამენტიდან გაიყვანეს, სასტუმროშიც მიუვცივდნენ და ხელითაც შეეხნენ, ამის შესახებ თვით აცხადებს რუსულ მედიასთან. არის თუ არა ეს საერთაშორისო სკანდალი და რა სანქციებია ასეთი ქცევის გამო დიპლომატიაში?

_ რუსეთის პრეზიდენტის ნებაზეა დამოკიდებული, რას მოიმოქმედებს, მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. შესაძლოა გვიჩივლონ, მაგრამ ხელით შეხების ფაქტი არ დასტურდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესები სხვაგავარად წარიმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა იმავე ღამეს მოიწვია უშიშროების საბჭო და სანქციები დაგვიწესა, ვფიქრობ, ბოლომდე არ გაგვწირავს. საქართველოში მომხდარი ფაქტი არის მსუყე ნიადაგი იმისა, რომ პოლიტიკური სკანდალი მოხდეს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რუსეთი გვინდობს. მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ავიამიმოსვლა დროებით შეწყდა, ვიდრე საქართველოში სიტუაცია არ დაწყნარდება. პუტინს არ უთქვამს, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არ უთქვამს არც ლავროვს და არც პესკოვს. მოკლედ, ვლადიმერ პუტინის ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ ფაქტია, ის არ გვწირავს.

მწვავე განცხადებები არ გაუკეთებიათ არც იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ასამბლეას ესწრებოდნენ, მხოლოდ გერმანიამ მისცა მწვავე შეფასება.

_ რამდენად ადეკვატური იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, მომხდართან დაკავშირებით მან რუსეთს მტერი და ოკუპანტი უწოდა

_ საერთოდ არ იყო ზურაბიშვილი ადეკვატური, აბსოლუტურად ზედმეტი იყო მისი განცხადება, მაგრამ ვფიქრობ, ის თავის იმიჯზე ზრუნავს. მან თავისი განცხადებით, რუსების გინებით, ცეცხლზე ნავთი დაასხა ჩვენთვის, სამაგიეროდ, თავი მოაწონა ანტირუსულ ძალებს ევროპაში.

_ სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ხელისუფლების ლიბერალურმა ფრთამ და ნაციონალებმა ერთად დაგეგმეს ყველაფერი

_ თუ ეს მართალია, მაშინ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებივით გაუბრიყვებია “ნაცმოძრაობას” “ოცნება”. თუ ეს ასეა, მაშინოცნებაარ არის ღირსი, იყოს სახელისუფლო პარტია. გავრილოვის დაჯდომას სპიკერის სკამზე რა მოჰყვებოდა, ძალიან მარტივი გასაანალიზებელი იყო. “ქართულ ოცნებაშიდილეტანტები არიან. თავად ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი.

_ ამბობთ, რომ ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, ხალხი ეჭვობს, რომ შესაძლოა, მას სურს, ხელისუფლება ნაცებს გადააბაროს

_ გამორიცხულია. ბიძინამ მშვენივრად იცის, რომ, მიუხედავად იმისა, ნაცები გულში მჯიღს იცემენ, _ შურისძიება არ იქნებაო, _ სწორედ ეს მოხდება.

ბიძინამ არ იცის, რა ხდება ქვეყანაში? გაწირა კობახიძე და ახლა აღარ იცის, რა ქნას?!

გახარიას გაწირვა დაღუპავს ივანიშვილს, ამ კაცის გაწირვის შემდეგ ოპოზიციას მადა გაეხსნება და უფრო მეტს მოითხოვს. მოხდება რევანში, თანაც სასტიკი ფორმით. “ქართულმა ოცნებამმხოლოდ ის შეძლო, რომ არჩევნებში გამარჯვების ხერხს მიაგნო, აგინებსნაცებს”, არიგებს კარტოფილს და ეუთოს დადებით დასკვნას ელოდება. არადა, იმ ეუთომ, რომელიც არჩევნებსგვიპრავებს”, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი ევროპარლამენტში დაებრუნებინა

ბიძინა არ დათმობს ხელისუფლებას, მან კარგად იცის, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე იქნება კრიტიკული, მობეზრდება მიტინგები ხალხს… ან თუნდაც იყოს მიტინგები, მერე რა?! თანაც, ახლა პარლამენტიც არდადეგებს გამოაცხადებს და ქვეყანაში მკვდარი სეზონი დაიწყება.

ბიძინა ჭკვიანურად მოიქცევა, თუკი სამთავრობო ცვლილებებს განახორციელებს და რაც შეიძლება ნაკლებ ხალხს შეიყვანს მთავრობაში ახლო გარემოცვიდან. ჩვენ უკვე საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს, პარლამენტს ეკისრება ყველანაირი პასუხისმგებლობა, მმართველი პარტიის როლი ასჯერ და ათასჯერ მეტია, ვიდრე საპრეზიდენტო რესპუბლიკაში.

ბიძინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საპარლამენტო არჩევნებში, რათა პროფესიონალებით დააკომპლექტოს მმართველი პარტია. შეძლებს ის ამას?

არჩილ თალაკვაძე არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რთულ ვითარებაში შეძლებს საქმისთვის თავის გართმევას. ეს დასაფიქრებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონ ბიძინას არ აინტერესებს პოლიტიკა. ის წავიდა პოლიტიკიდან და ნახევრად დაბრუნდა უკან, მხოლოდ საკადრო საკითხებს ხელმძღვანელობს. ასეთი პარტია თვითონ ივანიშვილს უქმნის ბევრ პრობლემას, ქვეყანაზე რომ არ ვილაპარაკოთ.

20 ივნისს მოხდა ლუსტრაცია _ მეათეხარისხოვან ღონისძიებას გადააყოლა ქვეყანა “ქართულმა ოცნებამ”, რასაც კრეატიული, ნამდვილი პოლიტიკოსები არ ჩაიდენდნენ, ღონისძიება ისე ჩატარდებოდა, ვერავინ გაიგებდა.

_ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, 2020 წელს არჩევნები ჩაატაროს ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემით, ასეთი არჩევნები თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ ჩაატარა 1992 წელს. როგორ ფიქრობთ, მიზანშეწონილია დღეს მსგავსი არჩევნების ჩატარება, როდესაც პარლამენტში 150 დეპუტატია, ხოლო ქვეყანაში 250 პარტიაზე მეტი?

_ დიახ, შევარდნაძემ ჩაატარა ასეთი არჩევნები და მაშინ ეს ბრძნული გადაწყვეტილება იყო _ ირაკლი წერეთელი და ვიღაცები ქუჩიდან დარბაზში შეიყვანა. დღეს სულ სხვა ვითარებაა, საფრთხეებიც არის, მაგრამ ჯერჯერობით თეორიული. გადაწყვეტილება მიმზიდველია, ბევრ პარტიას მოსწონს ეს, რადგან, სიზმარშიც რომ ვერ ნახავდა თავს პარლამენტში, უკვე შანსი ეძლევათ, რომ მოხვდნენ იქ. ივანიშვილმა ყველას გაუხსნა კარი.

საფრთხე არსებობს და რაში მდგომარეობს ის: საქართველოში ძალიან ბევრი პარტიაა, როგორც თქვენც თქვით, მაგრამ წლის ბოლომდე ეს რაოდენობა ორჯერ მოიმატებს, პარლამენტში კი ამდენი ადგილი არ არის. სელექცია ამ პარტიებისა ცესკოს ხელში რჩება, ორგანიზაციის, რომელსაც საზოგადოების ნდობა არ აქვს. მოკლედ, როგორც იტყვიან, ეშმაკი დეტალებშია. დეტალები კი ისაა, რომ პარლამენტმა დაკარგოს საპარლამენტო რესპუბლიკის ორგანოს ფუნქცია.

_ გამოდის, ბიძინა ივანიშვილი ფეოდალად იქცევა?

_ თუ არჩევნები ისე ჩატარდება, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ჩათვალეთ, რომ ყიდვა-გაყიდვა გაჩაღდება, მყიდველს კი კონკურენტი არ ეყოლება და ასეთ ვითარებაში ჩემი შვილიშვილების ბედი მაწუხებს. იმედი მაქვს, არჩევნებამდე ბევრი რამ შეიცვლება და ეს იდეაც მოკვდება. ბიძინას თავი ერის გადამრჩენი ჰგონია, რადგან მიშა გააგდო. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება პარლამენტი, ის მართავს ქვეყანას ისე, როგორც თვითონ სურს. ის იბრძვის ხელისუფლებისთვის, მაგრამ მაინც მგონია, რომ არჩევნებამდე დიდი დროა და ეს აგონია გადაივლის.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. უჭკვიანესი სოსო ცინცაძე.ყოველთვის მჯეროდა მისი.იყო დრო,მთელი კვირების მანძილზე ყოველდღე ვუსმენდი მის ლექციებს ქუთაისში.კულუარებშიცკი მო.უსმენია მისთვის.ნეტავი იმ დროს.ვამაყობ იმ პერიოდით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here