Home რუბრიკები პოლიტიკა სომხური არჩევნების ქართული ანარეკლი

სომხური არჩევნების ქართული ანარეკლი

3225
აქცია

2 აპრილს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტი სარქისიანი, მეორე ვადის დასრულებიდან გამომდინარე, ცდილობს, პრემიერმინისტრის სავარძელში გადაჯდეს და, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ეს ნამდვილად შეიძლება გამოუვიდეს. თუმცა მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება მოულოდნელობებისგან 100%-ით დაზღვეული ნამდვილად არაა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდი ჯერ კიდევ 2013 წელს ალაპარაკდა, მას შემდეგ, რაც სარქისიანმა საპრეზიდენტო არჩევნები მეორედ მოიგო. 2015 წლის დეკემბერში მან საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი რეფერენდუმზე გაიტანა და მას მხარი ამომრჩეველთა 63%-მა დაუჭირა. ახალი ნორმების თანახმად, მთელი ძალაუფლება საპარლამენტო უმრავლესობისა და მის მიერ არჩეული პრემიერმინისტრის ხელში გადადის, ხოლო პრეზიდენტი ცერემონიალური ფიგურა ხდება. მას პარლამენტი უპარტიო კანდიდატებიდან შვიდი წლით (მხოლოდ ერთი ვადით) აირჩევს.

კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის რედაქტირების პროცესში მმართველი რესპუბლიკური პარტია მაქსიმალურად ცდილობდა, კანონები საკუთარ ინტერესებზე მოერგო და საკმაოდ ჩახლართული სისტემა შექმნა. ახალ პარლამენტს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ, საარჩევნო სუბიექტებმა 13 საარჩევო ოლქში ადგილობრივი, 15-კაციანი სიები უნდა წარმოადგინონ (პლუს საერთო-ეროვნული სია). პარლამენტში შესული კონტინგენტის ნახევარს რეგიონული სიებით არჩეულები შეადგენენ, მეორე ნახევარს კი _ ეროვნული სიით არჩეულები. ეს ნიუანსი საინტერესოა, რადგან გადასვლას პროპორციულ არჩევნებზე რეგიონული (ან რეგიონული+ეროვნული) სიებით საქართველოს საკონსტიტუციო კომისიაც განიხილავს.

თუ რომელიმე პარტია ხმათა 50%-ზე მეტს და 54%-ზე ნაკლებს მიიღებს, ცესკო იმდენ მანდატს მიაკუთვნებს, რომელსაც ხმათა 54% შესაბამება. ამ “დამატებითი” მანდატების გაცემა სხვა პარტიების ხარჯზე კი არ მოხდება, არამედ ახალი სადეპუტატო ადგილების შექმნის ხარჯზე. ამგვარად, დღეს შეუძლებელია იმის გამოთვლა, რამდენი დეპუტატი იქნება ახალ პარლამენტში. თუ 50%-ს ვერც ერთი პარტია ვერ დააგროვებს, უნდა შეიქმნას მმართველი კოალიცია, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სამი (მაგრამ არა მეტი) პოლიტიკური გაერთიანება. თუ მისი ფორმირება ვერ მოხერხდება, არჩევნებიდან სამ კვირაში გაიმართება მეორე ტური, მონაწილებას მასში ორი საუკეთესო მაჩვენებლის მქონე პარტია მიიღებს. გამარჯვებულს, თუ ის 50%-ზე მეტ და 54%-ზე ნაკლებ ხმას მიიღებს, მანდატების რაოდენობას გაუზრდიან ზუსტად ისე, როგორც ამას პირველი ტურის გამართვის წესები ითვალისწინებს.

საინტერესოა სხვა ნიუანსებიც _ ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, ოთხი მანდატი ეროვნული უმცირესობების, კერძოდ კი, რუსების, იეზიდების, ქურთებისა და ასირიელების წარმომადგენლებს უნდა გადაეცეთ. ქალების კვოტა საარჩევნო სიებში 20-25%-ზე დაბალი არ უნდა იყოს, სიის ყოველი ოთხი ნომრიდან მინიმუმ ერთი მათ უნდა ეკუთვნოდეს. თუ ერთ-ერთი დეპუტატი პარლამენტს დატოვებს, მისი ადგილმონაცვლე არა უბრალოდ სიის მომდევრო ნომერი ხდება, არამედ მომდევნო ქალი სიაში. ამასთანავე, იკრძალება ისეთი ფრაქციების შექმნა, რომლებიც მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლებს გააერთიანებს. თუმცა ამ ეგზოტიკურ ნორმებზე გაცილებით დიდი ყურადღება ახალი საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულმა შეზღუდვამ მიიპყრო _ საარჩევნო უბანზე ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ 15 ადგილობრივი დამკვირვებელი და მასმედიის წარმომადგენელი. ადრე საარჩევნო კოდექსი დაკვირვების უფლებას უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ანიჭებდა, თუმცა ახალი კოდექსიდან ეს ნორმა ამოღებულია. ამასთანავე, დამკვირვებლების და ნდობით აღჭურვილი პირების გაძევება საარჩევნო უბნებიდან ადრე მხოლოდ მათი დაკავება-დაპატიმების შემდეგ შეიძლებოდა, ახლა კი კომისიის თავმჯდომარე თვითონ წყვეტს, ვინ და როდის გააძევოს უბნიდან.

ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ სერჟ სარქისიანი და მისი გარემოცვა აკეთებენ ყველაფერს, რათა ხელისუფლებაში დარჩნენ. ოპოზიციური ძალები დაქსაქსულები არიან და ამ მხრივ პარალელების გავლება 2012 წლის საქართველოსთან შეუძლებელია _ მძლავრი ოპოზიციური ფრონტი არ არსებობს და “შუა გაკრეფილი არაა”. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გაგიკ ცარუკიანის შედარება ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც ზოგიერთ სომხურ გაზეთში გაჩნდა, უადგილოა, რადგან ცარუკიანი მდიდარი ადამიანი კია, მაგრამ ამჯერად სარქისიანისთვის და მმართველი რესპუბლიკური პარტიისთვის “კონსტრუქციული”, მარტივად რომ ვთქვათ, “ჯიბის ოპოზიციის” როლს ასრულებს და ხელს ოპოზიციური ელექტორატის დაქსაქსვას უწყობს. ეს დაახლობით იგივე ვარიანტია, 2012-ში ვინმეს რომ ეთქვა, _ კობა ნაყოფია სააკაშვილს დაუპირისპირდა და შეურიგებელი ოპოზიციონერი გახდაო.

სომხეთის, ისევე როგორც საქართველოს, პოლიტიკა, არა იდეების, არამედ ინტერესების კონკურენციას ეფუძნება. ამგვარად, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ერევანში ცალსახად ლიბერალურ და პროდასავლურ ან კონსერვატიულ და პრორუსულ პოზიციაზე დგას მეტისმეტად ზედაპირულია. ოპოზიციის ლიდერების აბსოლუტურ უმრავლესობას ყოფილი მაღალჩინოსნები შეადგენენ, რომლებიც თავიანთ კლანებთან ერთად გავლენის სფეროს გაფართოებისთვის იბრძვიან. გარკვეულ პირობებში, მათ შეიძლება მიიღონ მონაწილეობა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილფერად რევოლუციაში”, თუმცა ეს მათ პროდასავლელ ლიბერალებად არ აქცევს, ისევე, როგორც უკრაინელ ოლიგარქებს ან ულტრანაციონალებს, რომლებიცევრომაიდანშიმონაწილეობდნენ.

“ფერადი” ტექნოლოგიების გამოყენების მცდელობას სომხეთში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, თუმცა ხელისუფლებამ, მათ შორის ძალის გამოყენებით, ეს აღკვეთა. მიუხედავად ამისა, სერჟ სარქისიანს დამშვიდების შესაძლებლობა არ აქვს. 2015 წლის “ენერგომაიდანმა”, აგრეთვე, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა (სარქისიანმა, მართალია, პირველსავე ტურში მოიგო, მაგრამ მისმა მთავარმა კონკურენტმა რაფი ოვანესიანმა ხმათა 36,75% დააგროვა) ნათლად აჩვენა, რომ მოქალაქეების, მათ შორის ერევნელი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიღალა რესპუბლიკური პარტიისა და სერჟ სარქისიანის მმართველობისგან. ის ფაქტი, რომ მას მხარს მოსახლეობის უმრავლესობა უჭირს, “ფერადი ტექნოლოგიებისკონტექსტში განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, რადგან გამოცდილება ცხადყოფს, რომ უკმაყოფილოთა თუნდაც 20-25%-ის არსებობა ქვეყნის სერიოზული დესტაბილიზაციის და, გარკვეულ პირობებში, ხელისუფლების შეცვლისთვისაც კი სავსებით საკმარისია.

სერჟ სარქისიანი აცნობიებს, რომ მოსახლეობის ნაწილს ძალიან არ მოსწონს, ამიტომ მმართველი პარტიის მთავარისახეარჩევნების წინ ახალი პრემიერმინისტრი კარენ კარაპეტიანი გახდა (ისევე, როგორც გიორგი კვირიკაშვილი _ საქართველოში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ) _ ქარიზმატული, დალაგებული პიროვნება, რომლის წარსული თავისუფალია კორუფციული სკანდალებისგან და პოლიტიკური გარჩევებისგან. ის პრემიერმინისტრად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა, ხოლო მმართველი პარტიის რიგებში ნოემბერში შევიდა. კარაპეტიანი წლების განმავლობაში “გაზპრომის” სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, თუმცა ეს სომხეთისთვის კომპრომატი არ არის (უფრო _ პირიქით).

სომხური სოციოლოგიური ჯგუფების მონაცემები მაღალი სანდოობით არ გამოირჩევა, მაგრამ მათი შეჯერებიდან ჩანს, რომ ყველაზე მეტ ხმას, სავარაუდოდ, მმართველი რესპუბლიკური პარტია და ზემოთ ნახსენები ოლიგარქისა და ქველმოქმედის _ გაგიკ ცარუკიანის ბლოკი მიიღებენ. საკმაოდ მაღალი ბარიერის (7% ბლოკებისთვის, 5% პარტიებისთვის) გადალახვის შანსი აქვს პოლიტიკურ გაერთიანება “ელკს” (“გამოსავალი”), რომელსაც შედარებით ახალგაზრდა ლიდერები ხელმძღვანელობენ _ მას ხშირად პროდასავლურ ძალას უწოდებენ. შემდეგ არაოფიციალურ რეიტინგში მოდიან “დაშნაკცუტიუნი” და “სომხური აღორძინება”. კიდევ ერთ მკვეთრად პროდასავლურ ძალას “თავისუფალ დემოკრატებს”, ისევე, როგორც სომხეთის კომუნისტურ პარტიას და “ეროვნულ კონგრესს” ბარიერის გადალახვა შეიძლება გაუჭირდეს. ყველაზე ძნელია კიდევ ერთი პოლიტიკური გაერთიანების შედეგის პროგნოზირება, რომელშიც ყოფილი მინისტრები: სეირან ოგანიანი, რაფი ოვანესიანი და ვარდან ოსკანიანი გაერთიანდნენ (მათ ზურგს უკან ზოგიერთი კომენტატორი ყოფილი პრეზიდენტის _ რობერტ ქოჩარიანისა და მისი კლანის ინტერესებს ხედავს). მათი ელექტორალური რესურსი არც ისე დიდია, სამაგიეროდ აქვთ გავლენა და ძველი კავშირები სახელისუფლო სტრუქტურებში, ამიტომ იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომელნიც გადაწყვეტენ (და გაბედავენ) ერევნული “ევრომაიდნის” აგორებას, ყოფილი მინისტრები შეიძლება მნიშვნელოვან მოკავშირეებად იქცნენ.

დღეს სომხეთი არ წარმოადგენს აშშ-ისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს და ნაკლებად სავარაუდოა, ამჯერად “ფერადი გადატრიალების” ინიციატორებად მოგვევლინონ. ამ ეტაპზე რუსეთის პოზიციები ერევანში გაცილებით მყარია და ავანტიურისტული მოქმედება სომხეთში დასავლეთისთვის შეიძლება მძიმე მარცხით დასრულდეს, ამიტომ დასავლურ დედაქალაქებში, ალბათ, ამჯობინებენ, ინიციატივა ადგილობრივ ძალებს დაუთმონ და პოსტსაარჩვენო პროტესტს, სავარაუდოდ, მხოლოდ მისი დაწყებისა და პერსპექტივების შეფასების შემდეგ დაუჭერენ მხარს. მხოლოდ მათ შეუძლიათ ერთ მუშტად შეკრან დაქსაქსული, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები, როგორც ეს 2012_2014 წლების მიჯნაზე უკრაინაში გააკეთეს; დამოუკიდებლად სომეხი პარტნიორები ამას, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებენ. ასე რომ, საპარლამენტო არჩევნების კვალობაზე მეზობელი ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხე შედარებით მცირეა, თუმცა ბოლოდროიდელმა მოვლენებმა რეგიონსა და მსოფლიოში ნათლად აჩვენა, რომ 100%-იანი სტაბილურობის გარანტია, უბრალოდ, არ არსებობს და, აქედან გამომდინარე, ალბათ, აუცილებელია, მეზობლებს საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანი გადაგორება ვუსურვოთ.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here