Home რუბრიკები სპორტი სნუკერის ლეგენდა

სნუკერის ლეგენდა

315

თუ გსმენიათ სნუკერის შესახებ, .., გსმენიათ რონი სალივანზეც, სწორედ ის არის სნუკერი. ბილიარდის ყველაზე პოპულარული სახეობის, სნუკერის, ინგლისელი დიდოსტატი 37 წლის განმავლობაში იყო საუკეთესოთა შორის. ბოლოს 2020 წელს მეექვსედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა.

რონი ო’სალივანი დაიბადა 1975 წლის 5 დეკემბერს ქალაქ უორდსლიში (დასავლეთ მიდლენდის საგრაფო, ინგლისი), მისი ბაბუა ცნობილი მოკრივე იყო, მამა (მისი სეხნია) _ ფეხბურთელი, ჰყავს 4 წლით უმცროსი და.

რონი 7 წლის იყო, როცა სნუკერმა გაიტაცა. მამამ დაინახა, რომ შვილი ბიძასთან სტუმრობისას დიდი ინტერესით უყურებდა სნუკერის პარტიას და შობის დღესასწაულზე შვილს სნუკერის მაგიდა აჩუქა. რონი მას შემდეგ თამაშობს.

13 წლისამ მოიგო დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი იუნიორებს შორის, 16-ისა კი გახდა პროფესიონალი, მაგრამ იმ წელს, როცა ო’სალივანმა უმაღლეს დონეს მიაღწია, მამა დაუპატიმრეს. 1995 წელს დედის დაპატიმრების შემდეგ კი რონი მოზარდ დასთან ერთად დიდ სახლში მარტო დარჩა.

“როცა 17 წლის ვიყავი, ერთდროულად მყავდა ათამდე გოგონა _ ფრანგი, რუმინელი… ძირითადად, სნუკერის ფანატები. ისე, მე ცუდ ბიჭად ვითვლებოდი, ნაწილობრივ თამაშის მანერის, ნაწილობრივ ჩემი ოჯახის ისტორიის გამო”, _ ამბობს რონი ო’სალივანი ერთ-ერთ ინტერვიუში. დედის დაპატიმრებით გამოწვეული განცდების მიუხედავად, რონიმ ერთი კვირაში შინ წვეულება მოაწყო: “დილით, როცა გავიღვიძე, სახლი დავათვალიერე, ყველგან ეყარა ლუდის ბოთლები, სიგარეტის ნამწვებისგან ყველაფერი გაშავებული იყო, სახლი დაბომბილს ჰგავდა”.

7 თვის შემდეგ დედა გაათავისუფლეს, მაგრამ ძალიან მალე რონი თვითონ აღმოჩნდა ციხეში. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მან ჩხუბი აუტეხა მსაჯ ლენ გენლის ვაჟს _ მაიკს (ამჟამად ის სნუკერის ტურნირების ორგანიზატორად მუშაობს). ლენ გენლი იმის გამო დასცინოდა რონი ო’სალივანს, რომ მამამისი ციხეში აღმოჩნდა. მაიკი, რომელიც იმ ჩემპიონატზე პრესსამსახურში მუშაობდა, შეეცადა, რონის მწვრთნელი მოთამაშეთა ოთახიდან გაეძევებინა მხოლოდ იმიტომ, რომ ჯინსი ეცვა. სალივანს, როგორც იტყვიან, გონება გადაეკეტა და მაიკს რამდენჯერმე უთავაზა თავში. შემდეგ კი, რომ არ დაეჭირათ, ოთახიდან გაიქცა. რონის ფულადი ჯარიმის გადახდა არ აკმარეს და პირობითი სასჯელიც შეუფარდეს. ის დღე ძალიან დატვირთული აღმოჩნდა რონისთვის, ჩხუბის შემდეგ შეიტყო, რომ მალე მამა გახდებოდა.

რონი ო’სალივანი შვილებთან – ლილი ჯოსა და რონი – უმცროსთან ერთად

ქალები, შვილები და ნარკოტიკები

ო’სალივანი 1 წლის განმავლობაში ხვდებოდა სალი მაგნუსს, მაგრამ მანამდე დაშორდნენ, სანამ ქალი შეიტყობდა, რომ ფეხმძიმედ იყო. ახალ ამბავს რონი არ გაუხარებია: “ეს დაგეგმილი არ გვქონია, რადგან ჩვენი ურთიერთობა შემთხვევითი იყო, მაგრამ სალიმ გადაწყვიტა, ბავშვი გაეჩინა. მე არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. დეპრესიაში ჩავვარდი. სალიმ გოგონას ტეილორი დაარქვა და მე დავიწყე მათთვის ალიმენტის გადახდა. ისინი მალე წავიდნენ”.

მიუხედავად იმისა, რომ სალიმ და ტეილორმა ლონდონი დატოვეს, ო’სალივანს მათზე ზრუნვა არ შეუწყვეტია: უყიდა სახლი, ყოველ კვირას უგზავნიდა ფულს, მაგრამ ბავშვთან ურთიერთობა, თავდაპირველად, არ სურდა. რონი იმარჯვებდა სნუკერში, მაგრამ რეჟიმის დაცვით თავს მაინცდამაინც არ იზღუდავდა: სვამდა, ეწეოდა მარიხუანას, გასუქდა. 2000-ში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა და სარეაბილიტაციო კურსი გაიარა ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში. სწორედ იქ გააცნობიერა, რომ სურს, გაიცნოს თავისი ქალიშვილი. სალი წინააღმდეგი იყო.

“კინაღამ გავგიჟდი, როცა ტეილორი დავინახე, მასში ჩემი თავის ნაწილს ვხედავდი _ როგორც მე, მას ვერავინ ვერაფერს უბრძანებს. მაგრამ ვხვდებოდი, რომ იქ არასასურველი სტუმარი ვიყავი, ამიტომ გადავწყვიტე, მათ გავრიდებოდი. ჩემი შვილი გაიზრდება და ყველაფერს თვითონ გადაწყვეტს”, _ თქვა რონიმ, მაგრამ შემდეგ შვილს იშვიათად ნახულობდა.

2018-ში ტეილორს გოგონა ეყოლა და რონიმ განაცხადა, რომ შეეცდება, მოაგვაროს შვილთან ურთიერთობა, რადგან ძალიან სურს შვილიშვილის გაცნობა და მის აღზრდაში მონაწილეობა.

 * * *

2000-ში ო’სალივანმა გაიცნო ჯო ლენგლი და წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო. 2006 წელს ქალმა მას ორი შვილი გაუჩინა _ ლილი ჯო და რონიუმცროსი. მათი ქორწინება 8 წლის შემდეგ დასრულდა. მიზეზი ჯოს ჭირვეულობა იყო, რომელსაც სურდა, რონის ბილიარდისთვის თავი დაენებებინა და მეტი ყურადღება დაეთმო ოჯახისთვის. 2008 წელს რონი და ჯო განქორწინდნენ. რონი, ყოველ ჯერზე, როცა პრობლემები ექმნებოდა, ნარკოტიკებს უბრუნდებოდა, ასე მოხდა ჯოსთან დაშორების შემდეგ. ყოველ ხუთშაბათს 22 საათიდან დილის 7 საათამდე ეწეოდა მარიხუანას, სვამდა არაყს და თამაშობდა ნარდს, შემდეგ კი დარბოდა.

დროსტარებისა და ადვოკატებთან ალიმენტის გამო ნერვების გლეჯვის მიუხედავად, რონი ბილიარდის მაგიდასთან უმაღლესი დონის ოსტატობას ავლენდა. 2008 წელს მოიგო დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი, შემდეგ _ მსოფლიო ჩემპიონატი და სწორი დასკვნები გამოიტანა უფროს ქალიშვილთან მძიმე ისტორიიდან. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან, რომლებიც ჯომ გაუჩინა. ახლა ისინი ზოგჯერ ესწრებიან კიდეც მამის გამოსვლებს.

2013 წელს რონიმ იქორწინა ლეილა რუასთან. მასთან ჰყავს ქალიშვილი _ ინეზი.

ყოველ წელს ამბობს, რომ თავს ანებებს სპორტს, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ თამაშობს

არც ერთ სპორტსმენს იმდენჯერ არ განუცხადებია სპორტისთვის თავის დანებების შესახებ, რამდენჯერაც რონი ო’სალივანს. 1991 წელს, როცა სულ ახალი მოპოვებული ჰქონდა პროფესიონალის წოდება, თქვა, რომ მალე დატოვებდა სნუკერსს. მას შემდეგ ეს მან კიდევ 7-ჯერ გააკეთა.

ხულიგნობს თამაშისას: იხდის ფეხსაცმელს, თავს იპარსავს შესვენებაზე, კინკლაობს მეტოქეებსა და მსაჯებთან

რონი ო’სალივანს ჩახლართული ურთიერთობა აქვს სნუკერთან. ის სპორტის ამ სახეობის სახეა, მაგრამ World Snooker-ის (მთავარი ორგანიზაცია) ბოსებს ძალიან უჭირთ სკანდალურ ვარსკვლავთან ურთიერთობა.

მატჩებისა და პრესკონფერენციებისას არაეთიკური გამონათქვამების გამო არავინ იმდენჯერ არ დაჯარიმებულა, რამდენჯერაც რონი ო’სალივანი. ამასთანავე, ხშირად მისი საქციელი უპროგნოზოა: მატჩზე თეთრი სპორტული ფეხსაცმლით მისულა, დემონსტრაციულადაც შეუკრავს ფეხსაცმლის თასმები სნუკერის მაგიდაზე… და ამიტომაც უყვართ სნუკერის გულშემატკივრებს.

2016 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას რონი ო’სალივანს ნერვული აშლილობა დაემართა და ისე გამოიფიტა, რომ 4 დღე საავადმყოფოში გაატარა. ო’სალივანს შეიძლება გავუგოთ _ დღეს ის საკულტო მოთამაშეა, რომელსაც გულშემატკივრები აღმერთებენ. ის ძალიან დიდხანს თამაშობდა ამ როლს და დაიღალა ორგანიზატორებთან და საკუთარ თავთან ბრძოლით.ძალიან რთულია, იყო სნუკერის მთავარი სახე. ყველას ყურადღება ჩემკენაა მოპყრობილი, ყველა რაღაცას ელის ჩემგან, თვითონ მეც კი”.

თუ მართლა დაანებებს სნუკერს თავს, ო’სალივანს აქვს შესაძლებლობები, სხვა გზას დაადგეს _ წერს წიგნებს და არა მხოლოდ ბიოგრაფიულს. ემლინ რისთან თანაავტორობით გამოსცა სამი კრიმინალური რომანი, 2019 წელს კი _ წიგნი კვებაზე. კიდევ ერთი გატაცება არის სირბილი. ის ყოველდღე დარბის და ამბობს, რომ სირბილი დემონებთან ბრძოლაში ეხმარება. ტელევიზიებიც დაინტერესებულნი არიან ო’სალივანით, “ვერისპ-რატის” ეთერში გადიოდა “რონი ო’სალივანის შოუ”. პლუს მას ტელეეთერში ხშირად იწვევენ, როგორც ექსპერტს.

რონი სალივანის მიღწევები

* 6-გზის მსოფლიო ჩემპიონი (2001, 2004, 2008, 2013, 2020);

* 7-გზის მასტერსის ჩემპიონი (1995, 2005, 2007, 2009, 2014 , 2016, 2017);

* დიდი ბრიტანეთის 7-გზის ჩემპიონი;

* 37-ჯერ მოიგო ყველაზე რეიტინგული ტურნირი;

* დაჯილდოებულია ბრიტანეთის იმპერიის ორდენით.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here