Home რუბრიკები საზოგადოება სკოლებში მაინც არ შევუშვათ ომის სისასტიკე

სკოლებში მაინც არ შევუშვათ ომის სისასტიკე

333

სოციალურ ქსელში ბოლო ხანს არც ისე იშვიათად ჩანს ფოტოები, რომლებზეც დაბალი კლასის მოსწავლეებს ხელში თაბახის ფურცელი უჭირავთ, ზედ კი უკრაინის დროშის ფონზე სხვადასხვა ნახატია, ანუ მასწავლებლები მოსწავლეებს სთხოვენ, დახატონ უკრაინის დროშა და ის, როგორ წარმოუდგენიათ იქ ომი ან როგორ წარმოუდგენიათ მშვიდობა. ხშირად ნახატებზე ჯავშანტექნიკა ჭარბობს და ბავშვებს მეტს, ალბათ, ვერც მოსთხოვ, მათ სწორედ ტანკი ამახსოვრდებათ, რომელიც ომთან არის გაიგივებული. ერთი შეხედვით, ეს უწყინარი გართობაა, მაგრამ, მხოლოდ ერთი შეხედვით.

გასულ კვირას თბილისის ერთ-ერთი სკოლის ხატვის პედაგოგმა, 11-12 წლის მოსწავლეებს მოსთხოვა, დაეხატათ, როგორ მისდევს რუსი ჯარისკაცი უკრაინელ გოგონას, სწორედ ასე კონკრეტულად _ რუსი ჯარისკაცი უკრაინელ გოგონას. უფრო მეტიც, მასწავლებელი საჯარო სივრცეში პირობას დებდა, ბავშვებს იმასაც ავუხსნი, ჯარისკაცი გოგონას რომ დაიჭერს, რას უზამსო. რამდენიმე მშობელმა ეს ყველაფერი გააპროტესტა: არ არის აუცილებელი, 11-12 წლის ბავშვებს ვუთხრათ, რომ გოგონა შეიძლება გააუპატიურონ ან წამებით მოკლანო. და აი, მანდ დაიწყო, რაც დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ლიბერალებმა მშობლები ლამის კოცონზე დაწვეს: რას ჰქვია, ბავშვებს სიმართლეს უმალავთ! მათ უნდა იცოდნენ, რა მოჰყვება ომს და ზუსტად უნდა იცოდნენ, რას სჩადიან რუსი ჯარისკაცებიო. ისე, თვეზე მეტია, სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს და მხოლოდ ერთხელ ითქვა, გაუპატიურების შემთხვევები არისო, თუმცა გვერწმუნეთ, თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში, ასეთი შემთხვევები რომ იყოს, პირდაპირ ეთერს ჩაგვირთავდა დასავლეთი ან დაზარალებულებს მონახავდა და აუცილებლად ალაპარაკებდა ტელეკამერების წინ, თუნდაც დაფარული სახით. ნამდვილად არ ვამტკიცებთ იმას, რომ ომის დროს ძალადობის ფაქტები არ არის, მაგრამ ამ ყველაფრის ნახატზე გადმოტანა, თანაც საქართველოში, ცოტა არ იყოს, ზღვარგადასულად ჩანს. იქნებ ისიც გეცადათ, გაგერკვიათ, 1999 წლის მარტში, როცა ამერიკა იუგოსლავიას უმოწყალოდ ბომბავდა, რამდენი გოგო გააუპატიურეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა? მათ სისასტიკეზე დღემდე ლეგენდები დადის და უკვე დაშლილი იუგოსლავიის მოსახლეობა ამერიკელებს დღემდე ვერ იტანს, დღემდე სძულს და ხომ არ იცით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?! იქნებ ქართველ ლიბერალებს ისიც არ გაუგიათ, როგორ დაბომბეს ამერიკელებმა იუგოსლავიაში არა მხოლოდ სამშობიარო სახლები და სკოლები, არამედ საბავშვო ბაღებიც კი და დახოცეს ათასობით პატარა ბავშვი. მაშინ რაკი არ დაახატვინეთ იქაური სისასტიკე მოსწავლეებს, ახლა სცადეთ, გვერწმუნეთ, გაცილებით საინტერესო ნახატები გამოვა, ინფორმაციის მოძიება კი ინტერნეტით შეიძლება. ჰო, სავარაუდოდ, ისიც არ იცით, რომ აშშის ერთერთი იმჟამინდელი სენატორი იუგოსლავიის მიწასთან გასწორებას ითხოვდა _ მანდ ყველა ტერორისტია, ბოლომდე უნდა დავანგრიოთ ეგ ქვეყანაო. იმ სენატორის სახელი და გვარი ჯოზეფ რობინეტ ბაიდენია, ახლა მეტსახელად მძინარა ჯოს რომ ეძახიან. მისი გამოსვლების ნახვაც შეიძლება ინტერნეტში და იმჟამინდელ ბაიდენს ულვაში რომ გაუკეთოთ, რიტორიკით ძია ადოლფისგან ვერ განასხვავებთ. ჰოდა, ვისაც იმის სჯერა, რომ 20 წლის შემდეგ (იუგოსლავიაში ომი 10 წელს გაგრძელდა) პრეზიდენტი ბაიდენი სენატორი ბაიდენისგან რამეთი განსხვავდება, ძალიან ცდებით.

ამის ფონზე, ცოტა არ იყოს, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის გადაწყვეტილებითაც თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრი კასიანოვს პირადად ამცნო. მინისტრმა ისიც თქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მიმართულებით უკვე მუშაობსო. ცნობისათვის: არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა წლოვანების 200-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.

ახლა იმას გეტყვით, რატომ არის ეს გადაწყვეტილება უცნაური. საქართველოში უკრაინელ ბავშვებზე მეტი ჩინელი, ინდოელი, ირანელი და თურქი ბავშვი ცხოვრობს. მოდი, ყველას ცალ-ცალკე სექტორი გავუხსნათ, მშობლიური ენა რომ არ დაავიწყდეთ, განათლების მიღება რომ გაუადვილდეთ და მერე რა, რომ საზღვარგარეთ, სადაც კომპაქტურად დასახლებული ქართველები არიან, იმ ენის სწავლა უწევთ და ქართულ სექტორზე არავინ ფიქრობს. ჰოდა, უნიკალური შემთხვევა იქნება _ შეხვალ სკოლაში და, რომელ სექტორსაც გინდა, იმას აირჩევ. აფრიკიდან ჩამოსულიც ბევრია, მაგრამ იქ, ძირითადად, ფრანგულად საუბრობენ (საფრანგეთის კოლონია იყო აფრიკის ნახევარზე მეტი) და ფრანგული სექტორი შევაშველოთ. რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ გავხსნათ რუსული სექტორი, რუსეთი ხომ მტერი და ოკუპანტია და არ შეიძლება. არ მივიღოთ ქართულ სკოლებში რუსი ბავშვები, იმიტომ, რომ შესაძლოა, მასწავლებელმა მერე იმ ბავშვებს უკრაინელი გოგონასა და რუსი ჯარისკაცის დახატვა მოსთხოვოს… რაღა მოსთხოვოს, აიძულოს!

ერთი შეხედვით, ხელისუფლება არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს სახელმწიფოს, მაგრამ იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც აზიანებს ბავშვებს. ახლა საუბარი იმაზე, რომ განათლების სისტემა საქართველოში კრიტიკას ვერ უძლებს და კატასტროფული ვითარება გვაქვს, შორს წაგვიყვანს და იქნებ, მიუთითონ პედაგოგებს, რომ სკოლებში მაინც არ შეუშვან ომის სისასტიკე, ბავშვები მაინც არ მიაჩვიონ თავიდანვე პოლიტიკას, ომს… იმაზე თუ უფიქრია ვინმეს, რომ თაობები გაზიარდნენ აქციების, შიდა დაპირისპირებების, კონფლიქტების ფონზე და მათ სერიოზული, ფსიქოლოგიური სტრესი აქვთ მიღებულგადატანილი და სწორედ ეს არის ერთერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ისეთი დანაშაულები მომრავლდა, ადრე არასოდეს რომ არ მომხდარა _ შვილები და მშობლები, დედმამიშვილები არ ინდობენ ერთმანეთს, არასრულწლოვნებს კლავენ, აუპატიურებენჰოდა, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იქნება 11 წლის ბავშვი (არ აქვს მნიშვნელობა, ბიჭი თუ გოგო), რომელმაც უნდა დახატოს ძალადობის სცენა _ როგორ მისდევს რუსი ჯარისკაცი გოგონას და თან მასწავლებელი იმასაც ეტყვის, რომ დაიჭერს, რას უზამს. ანუ, 11 წლის ბავშვი გონებაში დაუშვებს იმას, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია და ახლა ის იფიქრეთ, რა მდგომარეობაში იქნებიან ის ბავშვები, რომლებსაც ნათესავები ან უკრაინაში ჰყავთ, ან რუსეთში. 11 წლის ბავშვს აუცილებლად ეგონება, რომ ყველა რუსი ჯარისკაცი ასე იქცევა, რომ უკრაინელ გოგონებს გადარჩენის შანსი არ აქვთ… და ამ ყველაფერს ლიბერალური ფრთა “აპრავებს”, აქაოდა, ბავშვებმა ყველაფერი უნდა იცოდნენო…

თემურ ჭყონიამ გვახარა, ის ბავშვები, რომლებიც უკრაინულ პასპორტს წარადგენენ, “მაკდონალდსში” უფასოდ ისადილებენო. საზოგადოდ, როცა საქმე ბავშვებს ეხება, ყველაფერი კარგია, იმიტომ, რომ ჩვენთვის ბავშვს ეროვნება არ აქვს, ბავშვი ყველა კუთხიდან ბავშვია, მაგრამ, ბატონო თემურ, 75 ათასი ბავშვი შიმშილობს საქართველოშიო, გაეროს დასკვნაში წერია. ნუთუ აუცილებელია, ამ ბავშვებს უკრაინული პასპორტები ჰქონდეთ, რომ გამოკვებოთ? თუ ამის შესაძლებლობა გქონდათ, აქამდე სად იყავით, აქამდე რატომ არ გამოაცხადეთ, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, იმ ბავშვებს, რომლებსაც სრულფასოვანი კვება არ აქვთ დამაკდონალდსისჰამბურგერი თუ ჩიზბურგერი მხოლოდ სატელევიზიო რეკლამებში აქვთ ნანახი, გამოკვებავდით თუნდაც ერთხელ, ერთადერთხელ ნამდვილ ბავშვობას აჩუქებდით, თქვენი კომპანიის ერთერთ საბავშვო პროდუქტსაც ხომ ასე ჰქვია HAPPY MEAL _ “ბედნიერი კვება”. თუ ამ ნაბიჯს საერთაშორისო ასპარეზზე არ მოჰყვებოდა აღიარება, რადგან ქართველი ბავშვების ბედი ირგვლივ არავის ადარდებს?!

წარმოდგენაც არ გვსურს იმის, რა მოხდება, თუ საქართველო კონფლიქტში ჩაერთვება. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად გვიტევს დასავლეთი, მით უფრო ხშირად ახსენებენ უკრაინელი მაღალჩინოსნები, რომ ჩვენმა ქვეყანამ კავკასიაში მეორე ფრონტი უნდა გახსნას. 45-მილიონიანი უკრაინა, 4-მილიონიან საქართველოს ურჩევს, 145 მილიონიანი რუსეთის წინააღმდდეგ ომი დაიწყოს. რამდენიც ჩვენ ვართ მთლიანად, იმაზე მეტი დევნილი ჰყავს უკვე უკრაინას. არ დაიწყოთ ახლა, აბა, რა ვქნათ, “დავჩმორდეთო?” არ არის ეს ლაჩრობა, როცა იცი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კი არ დამარცხდები, არამედ, როგორც ქვეყანამ და ერმა, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტო და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე ფრონტის გახსნით რუსეთს, უბრალოდ, დისკომფორტი შეუქმნა.

მანამდე კი იმაზე იფიქრეთ, უკრაინელ გოგოს ადევნებულ რუს ჯარისკაცს რომ დახატავენ ჩვენი შვილები, ღამით რა დაესიზმრებათ და დილით მოუნდებათ თუ არა სკოლაში წასვლა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here