მთავარი პოლიტიკა სიტყვა სტალინზე

სიტყვა სტალინზე

430
გააზიარეთ

წარმოთქმული 2019 წლის 21 დეკემბერს .. სტალინის დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილ რუსეთისა და ბელარუსის მეცნიერებათა საკავშირო აკადემიის სესიაზე ამ აკადემიის ნამდვილი წევრის ალექსანდრე ჭაჭიას მიერ.

ძვირფასო კოლეგებო!

ამ აუდიტორიაში აუცილებელი არაა, მოვყვეთ ი.ბ. სტალინის ბიოგრაფიაზე, იმ ღვაწლზე, რომელიც მას მიუძღვის სსრ კავშირის შექმნაში, შენარჩუნებასა და განვითარებაში. სტალინის, როგორც პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, ადამიანის, მოქალაქის სიდიადე შეუდარებელია და მას ანალოგი არ აქვს მსოფლიო ისტორიაში. ვერც ერთმა დიადმა ისტორიულმა მოღვაწემ ვერ შეძლო იმდენი, რამდენიც სტალინმა _ შეექმნა თვისობრივად ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაცია, ჩაეტარებინა ორი მოდერნიზაცია _ 30-იან და ომისშემდგომ წლებში; განეხორციელებინა კულტურული რევოლუცია, აეშენებინა სოციალური სამართლიანობის საზოგადოება, ჩამოეყალიბებინა ადამიანთა ხარისხობრივად ახალი ისტორიული ერთობა, როგორიც იყო საბჭოთა ხალხი; გაემარჯვებინა მსოფლიო ომში და გარდაცვლილიყო მსოფლიო ზესახელმწიფოს მეთაურად.

არიან ისტორიული პერსონაჟები, რომლებიც მადლიერებით ახსოვთ და უყვართ ეროვნულ ელიტებს და მმართველ ფენას, ყველანაირად განადიდებენ საკუთარ ქვეყნებში და საზღვარგარეთაც. განათლების სისტემის, მასმედიის, ლიტერატურისა და ხელოვნების მეშვეობით მათგან ქმნიან კეთილშობილურ, გმირულ ხატებას და ეროვნულ გმირებად ნერგავენ საზოგადოებრივ ცნობიერებაში, თუმცა სინამდვილეში ისინი ამ წარმოსახვისგან შეიძლება ძალიან შორს იდგნენ. ასე აშშ-ის მაგალითზე შეიძლება დავასახელოთ ლინკოლნი, ვაშინგტონი, გენერალი გრანტი ან კიდევ ჯეფერსონი, რომელიც ადამიანთა თავისუფლებასა და თანასწორობაზე დებდა თავს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მსხვილი მონათმფლობელი იყო.

არიან ისეთი ისტორიული პერსონაჟებიც, რომელთაგანაც ხელისუფლება და ინტელიგენცია ყველანაირად ცდილობენ ეროვნული გმირის შექმნას, მაგრამ საზოგადოება მათ ასეთებად არ ცნობს. ჩვენს დღევანდელობაში ამას ვხედავთ ნიკოლოზ მეორის, სოლჟენიცინისა თუ ელცინის მაგალითზე. რამდენიც არ უნდა აშენო ელცინ-ცენტრები, ხალხის აზრი პოზიტიური არ გახდება.

სტალინის მიმართ ჩვენ იმ ფენომენალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ხელისუფლებაც, ინტელიგენციაც, შიდა და გარე ძალებიც, 70 წელია, ხალხის მეხსიერებიდან მისდამი მადლიერების, სიყვარულის, პატივისცემის ამოშანთვას ცდილობენ, მაგრამ არაფერი არ გამოსდით. სტალინის შემდეგ ადამიანთა უკვე მესამე თაობა ცხოვრობს, მაგრამ მშობლიური ისტორიის უდიდეს მოღვაწედ ისინიც სტალინს თვლიან. დამეთანხმეთ, ეს ფენომენალურია.

 მე არ მოვყვები საბჭოთა ხალხის მიერ სტალინის ხელმძღვანელობით მოპოვებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, სამხედრო, იდეოლოგიური, კულტურული გამარჯვებების შესახებ. ეს თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. ვიტყვი მხოლოდ, რომ სხვა ყველაფერთან ერთად სტალინის უდიდეს დამსახურებად ხარისხობრივად ახალი სახელმწიფო მმართველობის სისტემის შექმნა მიმაჩნია, სისტემისა, რომელიც მისი სიკვდილიდან ორმოცი წლის განმავლობაში ეფექტიანად ფუნქციონირებდა. ამ სისტემის ცალკეული ნარჩენები დღესაც მოქმედებენ და მხოლოდ ამის წყალობითაა, რომ რუსეთიც და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც ბოლომდე არ ჩაფლულან დეგრადაციის ჭაობში.

ვ.ნ. ნოვიკოვმა, სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ერთხელ ასეთი რამ თქვა პოსტსტალინურ დროებაზე: სახელმწიფო მანქანა ფუნქციონირებდა იმის მიუხედავად, ვინ სად იჯდა. ზემოთ საერთოდაც რომ არავინ არ ყოფილიყო, ქვეყანა მაინც ივლიდა ადრე დასახული განვითარების გზით”. აი, რას ნიშნავს მმართველობის ეფექტური სისტემა. შექმნა ასეთი სისტემა და თან პარალელურად წყვეტდე ინდუსტრიალიზაციის, კოლექტივიზაციის, კულტურული რევოლუციის, კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ომის, ომისშემდგომი აღმშენებლობის, ახალი მოდერნიზაციისა და კოსმოსის ათვისების კოლოსალურ ამოცანებს და ეს ყველაფერი მოახერხო ერთი ადამიანის სიცოცხლის კი არა, არასრული ოცდაათი წლის განმავლობაში _ აი, რა იმსახურებს აღფრთოვანებას, მადლიერებას და მუხლმოყრით თაყვანისცემას. რა თქმა უნდა, სტალინის სახება ქვაკუთხედი იყო საბჭოთა კავშირის გრანდიოზული შენობისთვის და მსოფლიოს მუშათა, კომუნისტური, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის. . ბჟეზინსკი, აშკარა მტერი, მაგრამ ჭკვიანი ადამიანი, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში წერდა: “საბჭოთა ხალხის მორალურ-პოლიტიკური ერთობის მოსაშლელად მხოლოდ ორი ბერკეტი არსებობს: ანტისტალინიზმი და ნაციონალიზმი”. 80-იანი წლების ბოლოდან ორივე ეს ბერკეტი სრულად აამოქმედეს ჩვენმა გამყიდველმა ხელისუფლებმა.

სტალინის ფიგურის დაკნინების, გაცამტვერების და ისტორიის კვარცხლბეკიდან ჩამოგდების საჭიროებას ბჟეზინსკიმდე გაცილებით ადრე აცნობიერებდნენ საერთაშორისო ფინანსური კაპიტალი და ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები. ასეთი მცდელობები მუდმივად იყო მის სიცოცხლეშივე, _ შეიძლება, ომის პერიოდის გამოკლებით, _ მაგრამ უშედეგოდ. ჩვენი ხალხიც და საერთაშორისო საზოგადოებაც უნდობლობით ეკიდებოდა ამ პროპაგანდისტულ კამპანიებს. სტალინის “გაშავება” მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა: თუ მის მიმართ ბრალდებებს საბჭოთა ხელმძღვანელობა წამოაყენებდა. და ეს მოხდა.

 თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ხრუშჩოვის ცილისმწამებლური მოხსენება მისი გონებაჩლუნგობის ან სტალინისადმი პირადი მტრობის შედეგი იყო. არ მჯერა, რომ სტალინის მრავალწლიანი, გამობრძმედილი თანამებრძოლები _ მოლოტოვი, კაგანოვიჩი, მალენკოვი, ბულგანინი, ვოროშილოვი _ არ შეეპასუხნენ ხრუშჩოვის მყვირალა ტყუილებს პარტიის გახლეჩის შიშით. არ მჯერა, რომ მათ არ ესმოდათ ამ მოხსენების დამანგრეველი მნიშვნელობა ქვეყნისათვის, ხალხის ერთიანობისათვის, სახელმწიფოს საერთაშორისო ავტორიტეტისთვის, მსოფლიო სოციალიზმისთვის. არ მჯერა, რომ მათ არ ესმოდათ ის, რაც მაშინვე გაიგო მაო ძე დუნმა: “ხრუშჩოვის და მისი დამქაშების დანაშაულებრივ საქციელს შორსმიმავალი შედეგები ექნება. ისინი ჯერ გადააგვარებენ და მერე დაანგრევენ საბჭოთა კავშირს და სსრკ კომპარტიას”. კიდევ იმიტომ არ მჯერა, რომ რამდენიმე წლის წინათ გამოქვეყნდა 1951 წელს მომზადებული ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მოხსენება აშშ-ის პრეზიდენტისადმი, რომელშიც მოცემულია სტალინის სიკვდილის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების გეგმა. საბჭოთა საზოგადოების შიგნით გასატარებელ პროპაგანდისტულ სამუშაოში გამოყოფილია შემდეგი მიმართულებები: უნდა წამოიწიოს ლენინის ანდერძი სტალინის ნეგატიური დახასიათებით; სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ომმა შეიწირა; სტალინმა გაანადგურა ძველი ბოლშევიკლენინელები, რომ ქვეყანა პირადი დიქტატურის ქვეშ მოექცია; ომის საწყისი პერიოდის მარცხი გამოიწვია არმიის ხელმძღვანელობის განადგურებამ; ომში გამარჯვება მოიტანა ხალხის გმირულმა ბრძოლამ სტალინის უნიჭო და უვიცი ხელმძღვანელობის მიუხედავად; ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია განხორციელდა პატიმართა მონური შრომით; მოლოტოვრიბენტროპის პაქტის დანაშაულებრივი ხასიათი. შეადარეთ პროპაგანდის ეს პოსტულატები იმ ბრალდებებს, რომლებითაც ხრუშჩოვი გამოვიდა ყრილობაზე. რა, უბრალო დამთხვევებია? არაფერს აღარ ვამბობ იმაზე, რომ ყოველივე ამას, 30 წელია, ყოველდღიურად ვისმენთ ტელევიზორიდან და ვკითხულობთ პრესაში.

ვის და რატომ ეზიზღება სტალინი დღეს? გასაგებია, რომ რუსეთის ოლიგარქიულ–ბიუროკრატულ კაპიტალიზმს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, არ ექნება სტალინის მიმართ სიმპათია. მმართველი კლასის ეკონომიკური პოლიტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება სტალინურ ეკონომიკურ პოლიტიკას. შეგახსენებთ, როგორ ამოცანას სახავდა სტალინი ჯერ კიდევ 1926 წელს: ჩვენ უნდა ვაშენოთ ჩვენი მეურნეობა ისე, რომ ქვეყანა არ ვაქციოთ მსოფლიო კაპიტალისტური სისტემის დანამატად. ჩვენი მეურნეობა უნდა ვითარდებოდეს არა როგორც მსოფლიო კაპიტალიზმის დამხმარე საწარმო, არამედ როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური ერთეული, რომელიც ძირითადად დაეყრდნობა შიდა ბაზარს და ინდუსტრიის ბმას ჩვენს გლეხურ მეურნეობებთან”. მან დასახა ეს ამოცანა და გადაჭრა კიდევაც.

აი, ამას არ პატიობს სტალინს მსოფლიო კაპიტალი, რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა, რომელიც თავის მთავარ დამსახურებად სწორედ სრულიად საპირისპიროს მიიჩნევს _ რუსეთის ჩართვას მსოფლიო ეკონომიკურ, ე.ი., კაპიტალისტურ სისტემაში დამხმარე დანამატად. რა თქმა უნდა, სტალინს შეიჯავრებს ყველა, ვისაც კაპიტალიზმი კაცობრიობის განვითარების უალტერნატივო გზად მიაჩნია, ვინც თვლის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიული დანიშნულებაცივილიზებულისამყაროს სანედლეულო დანამატად ყოფნაა. სტალინი ეჯავრებათ იმათ შთამომავალთაც, რომელთაც ანალოგიური მიდგომები ჰქონდათ ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ, ვისაც რუსეთი მხოლოდფიჩხის კონადუნდოდა მსოფლიო რევოლუციის კოცონისთვის, ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ქვეყანაში სოციალიზმის მშენებლობას და ამისთვის საკადრისი სასჯელი მიიღო.

 სიკვდილივით ეჯავრებათ სტალინი იმიტომ, რომ მან კატასტროფული მარცხი აგემა დასავლეთს და მათზე ორიენტირებულ შიდა კოსმოპოლიტურ ელიტას. მხოლოდ დოლარისგან თავის დაღწევა და ოქროს მანეთის შემოღება რად ღირს, ვინ გაპატიებს ამას? იგი ეჯავრებათ საკადრო პოლიტიკის გამო, როცა პროფესიონალი რევოლუციონერების ნაცვლად, _ რომელთაგან მრავალს რუსეთთან ბევრი არაფერი აკავშირებდა, _ მუშათა და გლეხთა წიაღიდან გამოსულთა დაწინაურება დაიწყო; ეჯავრებათ იმიტომ, რომ მან აღადგინა, შეკრა, განავითარა და კაცობრიობის ბედის განმსაზღვრელ მძლავრ გეოპოლიტიკურ ფაქტორად აქცია საბჭოთა ცივილიზაციური სივრცე. კიდევ ბევრი რამის გამო ეჯავრებათ: რომ ჩვენი ისტორიის რეაბილიტაცია მოახდინა და სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში შეიტანა დიდ ისტორიულ მოღვაწეთა სახელები; ძირშივე სპობდა ნაციონალიზმის ყოველგვარ გამოვლინებას; დააბრუნა ოჯახის კულტი, რომელიც თითქმის დაიკარგა 20-იან წლებში; აღადგინა საპატრიარქო და დაუბრუნა მას ეკლესია-მონასტრები, სემინარიები და სასულიერო აკადემიები (თუმცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სულმდაბალი იერარქი მას ურჩხულად, სულიერ სიმახინჯედ მოიხსენიებს და ჰიტლერთან აიგივებს). ყოველივე ამას, რაც სტალინმა გააკეთა, ტროცკიმ რევოლუციის ღალატი უწოდა, წიგნიც გამოსცა _ “გაცემული რევოლუცია”; თურმე მას და მის დამქაშებს რევოლუცია ამისთვის არ მოუწყვიათ, ამიტომ სტალინი დამნაშავე ყოფილა.

დამნაშავეა სტალინი მათი დღევანდელი მიმდევრებისთვისაც _ ნახეთ, ახლა რამდენი არიან მთავრობაში, მედიაში, ინტელიგენციაში და წარმოიდგინეთ, რამდენი იქნებოდნენ მისი პოლიტიკის მოძულენი 30-იან წლებში, კარს მომდგარი ომის წინ.

ეჯავრებათ სტალინი, მისი ხსოვნა იმიტომაც, რომ, აგერ უკვე 30 წელია, პოსტსაბჭოთა სივრცის მიმდინარე დეზინტეგრაციის, სოციალურ-ეკონომიკური და მორალური დეგრადაციის ფონზე მისი ფიგურა ჩვენი საერთო სამშობლოს ყოფილი დიდების, დიდ სამამულო ომში ჩვენი საერთო დიადი გამარჯვების განსახიერებად რჩება და პოსტსაბჭოთა ხალხების რეინტეგრაციის მძლავრ ფაქტორს წარმოადგენს.

თვით ლიბერალური, პროსახელისუფლებო სოციოლოგიური სამსახურების კვლევებიც კი აჩვენებს, რომ რუსეთის მოსახლეობის 70% ან დადებითად, ან პატივისცემით, ან კიდევ აღტაცებით ეკიდება სტალინს, 15-20%– არ გააჩნია ჩამოყალიბებული დამოკიდებულება და მხოლოდ 10-15% ეკიდება მას ნეგატიურად. ასეთი 10% ყოველთვის იყო, არის და იქნება რუსეთში. ეს ის 10%-ია, რომელიც მზად იყო, ქვეყანა ჩაებარებინა ფაშისტებისთვის, 90-იანებში რუსეთს დასავლეთის უღელში აბამდა, ახლაც მზად არის, უცხოელ ბატონს ეყმოს, ოღონდ კი მან საკუთარი ხალხის ძარცვის უფლება შეუნარჩუნოს.

ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი რომ შევისწავლოთ, გარწმუნებთ, იმავე ციფრებს მივიღებთ. ტელეეკრანებზე წესიერი, ობიექტური მკვლევარები რომ დავუშვათ და სტალინურ პერიოდზე სიმართლის თქმის საშუალება მივცეთ, მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მითი რომ გავაფანტვინოთ, მოსახლეობის 90% რეინტეგრაციის სურვილით, სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის, საზოგადოების მოწყობის საბაზისო სოციალისტური იდეების აღდგენის სურვილით განიმსჭვალება. განა ეს პოსტსაბჭოთა მმართველი რეჟიმებისთვის, მსოფლიო კაპიტალისთვის საშინელება არ არის? ამიტომაა, რომ სტალინზე სიმართლის თქმის, მისი ხსოვნისადმი პატივის მიგების მცირეოდენი მცდელობაც კი გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდება. სტალინგრადისთვის მისი გმირული სახელის დაბრუნება არ შეიძლება _ საზოგადოებაში განხეთქილებას შეიტანსო; სტალინის ძეგლის დადგმა, თუნდაც სადმე მიყრუებულ ადგილას, არ შეიძლება, საზოგადოებაში განხეთქილებას შეიტანსო. სტალინი რომ საომარ მოქმედებებს გლობუსით არ ხელმძღვანელობდა, ამის თქმაც არ შეიძლება, ისევ განხეთქილებაა. განხეთქილება ისაა, როცა ხალხს ერთი აზრი აქვს, თავს კი საპირისპიროს ახვევენ და საზოგადოება ორად იყოფა. ასე მოიქცნენ ხრუშჩოვი და პოლიტბიუროს ის წევრები, რომლებმაც მას წინააღმდეგობა არ გაუწიეს. ამიტომ მათი თავის მართლება, რომ პარტიის გახლეჩის შიშით არ ამხილეს ნიკიტას პროვოკაცია, ტყუილია. სწორედ ხრუშჩოვის ნაბოდვარმა გახლიჩა პარტია. დღეს როგორღა შეიძლება გახლეჩაზე ლაპარაკი, როცა მხოლოდ 10%-ია 70%–ის წინააღმდეგ? ე.ი. ყველა ოფიციალურ დონეზე მხარი დაუჭირო და პროპაგანდა გაუწიო 10%-ის პოზიციას, ნორმალურია, 70%-ის პოზიცია რომ გაიზიარო, ეს გახლეჩაა. გახლეჩა ვისი?

რატომაა, რომ სტალინის სახელი სულ უფრო აქტუალური ხდება? კაპიტალიზმი მსოფლიოში ჩიხშია შესული. რუსეთში პრინციპულად შეუძლებელია განვითარება კაპიტალისტური წყობის პირობებში. მსოფლიო კაპიტალისტურ სისტემაში ჩართვისას რუსეთში თითქმის ყველა საწარმო არარენტაბელურია. საკმარისია, ითქვას, რომ ერთი კვ მეტრი საწარმოო ფართობის გასათბობად რუსეთში 2,5–ჯერ მეტი ენერგიაა საჭირო, ვიდრე ფინეთში, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ზე აღარ ვლაპარაკობ. რუსეთში განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ სტრატეგიის პირობებში, რომელიც სტალინმა გამოაცხადა შორეულ 1926 წელს _ საკუთარ ბაზარზე დაყრდნობით მრეწველობის ბმით სოფლის მეურნეობასთან. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მეურნეობის სოციალისტური წესის პირობებში.

დღეს რუსეთის არსებობას ორი ფაქტორი განაპირობებს: ღმერთისა და ბუნების მიერ ნაბოძები სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტი და სტალინის და ბერიას დანატოვარი ბირთვული იარაღი. მმართველი კლასის წარმომადგენლები ამაყობენ კიდეც იმით, ქვეყანა რომ მსოფლიო ეკონომიკის სანედლეულო დანამატად აქციეს: ჩვენი ნავთობისა და გაზის გარეშე რას იზამენო. ყველა პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის რუსეთში ნავთობის მოპოვება განახევრდება (ძველი საბადოები იფიტება, ახლების ძიება არ მიმდინარეობს), პარალელურად განახევრდება მსოფლიო ფასებიც (მსოფლიო ეკონომიკის შენელების გამო მცირდება მოხმარება, ჩნდება ენერგიის ალტერნატიული წყაროები). ამდენად, ნავთობისგან შემოსავლები 4-ჯერ შემცირდება. ვითომ არსებობს რეზერვები, მაგრამ გაუგებარია, სად ინახება ეს რეზერვები და როცა დაგჭირდება, გამოყენების საშუალებას მოგცემენ თუ არა, ესეც საკითხავია. რომც გამოიყენო, რამდენ ხანს უნდა გეყოს? 2009 წელს, როცა კრიზისის გამო ნავთობზე ფასები დაეცა, ეკონომიკაში, ძირითადად, ფინანსურ სექტორში, 150 მლრდ დოლარი ჩაუშვეს ერთ წელიწადში. კარგი, ჩაუშვებენ 500-600 მილიარდს სამ-ოთხ წელიწადში. მერე რა იქნება? მერე ქვეყანა დაიშლება. ჯერ გამოიყოფიან ასე თუ ისე თვითკმარი რეგიონები, მერე მათ მიჰყვებიან ისინი, ვისაც ტრანსნაციონალური კომპანიები შეიფარებენ. კაპიტალიზმზე გადასვლას სსრკის დაშლა მოჰყვა, ამ გზით შემდგომ სვლას რუსეთის ფედერაციის დაშლა მოჰყვება. ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება და რუსეთისთვის ძველი დიდების დაბრუნება მხოლოდ სტალინურ ეკონომიკურ პოლიტიკას შეუძლია. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, არსებობს გეოპოლიტიკური აქსიომა: თანამედროვე სამყაროში რუსეთმა შეიძლება იარსებოს მხოლოდ როგორც მსოფლიო ზესახელმწიფომ, ან საერთოდ ვერ იარსებებს. მსოფლიო ზესახელმწიფო რომ გახდე, საამისოდ საჭიროა გაერთიანება, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის რეინტეგრაცია. რა პირობებშია შესაძლებელი ეს გაერთიანება? გაერთიანება შესაძლებელია სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში თვითკმარი სახელმწიფოს შექმნისას, სოციალური სამართლიანობის საზოგადოების ჩამოყალიბებისას.

მხოლოდ ასეთ პირობებში იქცევა რუსეთი მიზიდულობის ცენტრად პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. დღეს მთელი მსოფლიო კაპიტალიზმის ალტერნატივის ძიებაშია. კარს მომდგარი მსოფლიო კაპიტალიზმის კრიზისი ამ ძიებას უფრო გააძლიერებს. და, თუ რუსეთი გადადგამს გაბედულ ნაბიჯს და მხსნელ არჩევანს გააკეთებს, ხალხები იმედიან მზერას მას მიაპყრობენ, როგორ იმედიანადაც უყურებდნენ საბჭოთა კავშირს 20-იან, 30-იან, 40-იან წლებში და ინერციით უფრო გვიანაც, თვით 80-იან წლებამდე. კაპიტალისტურ რუსეთთან გაერთიანება მოძმე ბალარუსსაც კი არ უნდა. არ უნდა იმიტომ, რომ იცის, რა ბედიც ელის: მოვლენ რუსი ოლიგარქები, იყიდიან ყველაფერს, რასაც მოგება მოაქვს, გააჩერებენ იმ საწარმოებს, რომლებიც კონკურენციას უწევენ დასავლურ კომპანიებს და ქვეყანა გაუკაცრიელდება ბალტიისპირეთის ქვეყნებივით. რით შეიძლება ამიერკავკასიის ან შუა აზიის ხალხთა, უკრაინელების, ბალტიისპირელების, მოლდოველების სიმპათია დაიმსახურო? ახლანდელი ყოფის რა ალტერნატივა შეიძლება შესთავაზოს მათ დღევანდელმა რუსეთმა? არც არაფერი. მათ ისევ ძარცვავენ ადგილობრივი ოლიგარქები, თავზე აზიან ადგილობრივი ელიტები, რიგითი ადამიანი კი ისეთივე ღატაკი და უუფლებოა.

ამ ხალხებში, განსაკუთრებით უფროს და საშუალო თაობაში რუსეთის მიმართ შემორჩენილი სიმპათიები არის სიმპათიები იმ საბჭოთა რუსეთის მიმართ; ეს არის იმედი იმისა, რომ რუსეთი დაუბრუნდება განვითარების, სიკეთის, სულიერების და სამართლიანობის გზას, იმ გზას, რომელიც განუსაზღვრა რუსეთს და მთელ საბჭოთა კავშირს იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსეთის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე მზადდება საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ძირეული ცვლილებების გრანდიოზული პროგრამა. ღმერთმა ქნას, რუსეთის პრეზიდენტს ეყოს ძალა და სიმტკიცე მისი რეალიზაციისთვის.

დე გოლმა ასეთი სიტყვები თქვა სტალინის სიკვდილზე: “სტალინი მოკვდა. მაგრამ ის არ დარჩენილა წარსულში, მან მომავალში გადაინაცვლა”.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასეა.

ალექსანდრე ჭაჭია,

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here