Home რუბრიკები პოლიტიკა სახელმწიფო გვაქვს თუ ბანანის რესპუბლიკა?!

სახელმწიფო გვაქვს თუ ბანანის რესპუბლიკა?!

444
სახელმწიფო გვაქვს თუ ბანანის რესპუბლიკა?!

ევროპელ ელჩებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი არ შეაქვთ. ფასილიტატორი ელჩები მოლაპარაკებების მაგიდიდან ადგნენ და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს. ამის მიუხედავად, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი გარეთ დარჩა და აქციებისთვის ემზადება, თუმცა ნათლად ჩანს, რომ აქციებს მხარს არც დასავლეთი დაუჭერს და, საზოგადად, ოპოზიციას არც ადამიანური რესურსი აქვს იმისა, რომ ქუჩაში ხალხი მასობრივად გამოიყვანოს. შედეგად, ოპოზიციის პროტესტი და სიჯიუტე განწირული იყო, მაგრამ ხელისუფლებამ მოიფიქრა დაპროცესი გააცოცხლა. ყველაფერი კი ნიკა მელიას უკავშირდება.

მელია, ხელზე სამაჯური როცა გაუკეთეს, დეპუტატი და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი იყო. მერე მან სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და ხალხში ისროლა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან, ჯერ ერთი, სამაჯურის მოხსნა სპეციალური მოწყობილობის გარეშე შეუძლებელია, ის ზიანდება და, შესაბამისად, მელიას რამდენიმე ასეული ლარი უნდა გადაეხადა. პარალელურად, თვითნებურად სამაჯურის მოხსნაც დანაშაულია, მაგრამ მელიას აპატიეს ერთიცა და მეორეც და გირაო შეუფარდეს; ის გირაო, რომელსაც ვარაუდობდნენ, რომ არ გადაიხდიდა, მაგრამ, სანამ მისი გადახდის ვადა მოვიდა, მელია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედაც აირჩიეს და პარლამენტარადაც. შესაბამისად, მივიღეთ ის მოცემულობა, რომ ახლა პროკურატურა მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრს ემუქრება დაჭერით, რაც პროცესს აშკარად პოლიტიკურ ელფერს სძენს. რამდენიც უნდა ამტკიცოს ცალკე პროკურატურამ და ცალკე ხელისუფლებამ, კანონის ფარგლებში ვმოქმედებთო, დასავლეთს ამის დაჯერება გაუჭირდება და მელია პოლიტიკური წამებულის მანტიას მოირგებს. არადა, თავის დროზე, აქციაზე სამაჯურის მოსროლის შემდეგ რომ დაეკავებინათ, ხმას ვერავინ ამოიღებდა, მაგრამ ვერ გარისკეს, მაშინ ქუჩაში რამდენიმე ათასი ადამიანი იდგა და არეულობის შეეშინდათ. უკანონობა შობს ახალ უკანონობას და მელიასაც ფრთები შეესხა. მან ზუსტად იცის, რომ ახლა, სწორედ ახლა უნდა გაწყვიტოს იქ, სადაც ვიწროა და ხელისუფლების, სამწუხაროდ, ვიწრო სწორედ მათ მხარესაა.

პროკურატურამ პარლამენტს მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მეორედ მიმართა. როგორც მმართველი გუნდის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, “ქართული ოცნება” იმუნიტეტის შეჩერებას მხარს დაუჭერს და შემდეგ უკვე პროკურატურამ უნდა იმოქმედოს და მელიას ბორკილები დაადოს, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. როგორც გვეუბნებიან, რეგიონებში უკვე აქტივი შეკრებილია, მელიანაციონლური მოძრაობისოფისში გამაგრდება, მის გარშემო კი _ 2-3 ათასი აქტივისტი, რომელიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საკმარისი იქნება. სამართალდამცავებს სპეცდანიშნულების რაზმის ჩართვაც კი მოუწევს იმისთვის, რომ მელია შენობიდან გამოიყვანოს შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანის დასისხლიანებულ სახეს ოპოზიცია სათავისოდ გამოიყენებს და ამ კადრებს მსოფლიოს ანახვებს.

მხოლოდ ნიკა მელიას მიმართ არ იქცევა ასე ხელისუფლება. არც ისე დიდი ხნის წინათ მიღებული კანონის მიხედვით, კომენდანტის საათის დარღვევა პირველ ჯერზე 2 ათასლარიან ჯარიმას იწვევს, მეორედ კი იგივე ქმედება უკვე 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ბოლო ერთ კვირაში კომენდანტის საათი ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ორჯერ დაარღვია, მაგრამ აზრადაც არავის მოსვლია, მისთვის ბრალი წარედგინათ. კონკრეტულად ჯაფარიძის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს, მაგრამ ანალოგიური ქმედების გამო რიგით მოქალაქეს ხომ დაიჭერდნენ? და ჯაფარიძეს რატომ არ ეხებიან? ჯაფარიძე ოპოზიციაშია და ჩვენ, რიგითი ადამიანები, დაბალი ღობე გვნახეს? რაც მთავარია, ამ ყველაფერს ოპოზიციის ლიდერები არ აკეთებენ მალულად, ისინი კანონს არღვევენ საჯაროდ, კამერების წინ, რათა მთელმა საქართველომ დაინახოს ხელისუფლების უსუსურობა.

ისე, როცა “ოცნება” ქვეყნის სათავეში მოვიდა და მთავარი პირობა, რეჟიმს გავასამართლებო, ვერ შეასრულა, ითქვა, ესენი უნიათოები არიანო. ამას, მხოლოდ “ოცნების” ამომრჩევლები კი არა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც ამბობდნენ, ღიად დასცინოდნენ შემცვლელებს და რეალურადაც გამოჩნდა, რომ უნიათობამ საქმე დღევანდელ ვითარებამდე მიიყვანა. სისხლიანი ცხრა წლის ძახილით ხელისუფლებაში მოსულმა გუნდმა იმდენი მოახერხა, რომ იმ სისხლიანი რეჟიმის შემქმნელებს ფიანდაზი დაუგო კვლავ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და ახლა დიდი შანსია იმისა, რომ ამ დაგებულ ფიანდაზზე ნაციონალებმა ამაყად გაიარონ. აი, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ისინი უნიათოები არ იქნებიან და ცეცხლითა და მახვილით ჩაახშობენ ყველას და ყველაფერს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

“ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში ყოფნის მესამე ვადის ათვლა დაიწყო და წინა ორ ვადას რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ეს პერიოდი მათ ნაციონალებთან ბრძოლასა და ხელისუფლებაში დარჩენას მოანდომეს. სხვა არაფერი ყოფილა, რეალურად არც ერთი დაპირება არ შესრულებულა ასი პროცენტით, მოსახლეობა უფრო გაღარიბდა, ემიგრაციაში წასულთა რაოდენობა უფრო გაიზარდა და მხოლოდ ერთეულთა ქონებას დაეტყო ის, რომ ქვეყანაში 2012 წელს რაღაც შეიცვალა. არადა, ეს რაღაც ხელისუფლება იყო და მაშინ ყველას სჯეროდა, რომ, როგორც იქნა, არჩევანი ცუდსა და უარესს შორის კი არა, კარგსა და ცუდს შორის გააკეთა. ეს მაშინ, თორემ მერე ჩვეულებრივად გაგრძელდა _ ცუდსა და უარესს შორის აკეთებდა ხალხი არჩევანს და ასე იყო ბოლო არჩევნებზეც. თუ “ოცნებაში” ვინმეს ჰგონია, რომ მოსახლეობამ მხარი მათ მომავლის იმედისა და გაკეთებული საქმეების გამო დაუჭირა, ძალიან ცდება. ისინი ხელისუფლებაში მხოლოდ იმიტომ დარჩნენ, რომ “ნაციონალური მორაობა” არ დაბრუნებულიყო და ახლა იგივე ამომრჩეველი ძალიან გაბრაზებულია, როცა ოპოზიციის კანონდარღვევაზე ხელისუფლება თვალს ხუჭავს. ეს სიბრაზე შურისძიების წყურვილში როცა გადავა, მაშინ წავა “ოცნების” საქმე საბოლოოდ უკუღმა. შურისძიებაში კი იმას ვგულისხმობთ, რომ ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნების შემთხვევაში, პირველად სწორედ მათ არ დაადგებათ კარგი დღე, ვინც საქართველოდან ვერ გაასწრებს. ისე, ბევრი გაიქცევა და ევროპაში ფეშენებელურ სახლებშიც იცხოვრებს, იმ სახლებში, ქონებრივ დეკლარაციებში რომ აქვთ დიდი ასოებითა და სასოებით მითითებული და რომელიც ნაძარცვი ფულით არის შეძენილი

ისევ ნიკა მელიას დავუბრუნდეთ. სადმე გინახავთ ან გსმენიათ, რომ ადამიანი ამბობდეს, კანონს ვარღვევ, შეგნებულად მივდივარ დანაშაულზე, მაგრამ ვერ დამიჭერენო? ევროპისკენ რომ ვიმზირებით, რომელიმე ევროპული ქვეყნის ოპოზიციონერს გაუკეთებია ეს? არა, რადგან იქ კანონი უზენაესია და ყველამ იცის, კანონდარღვევაზე თვალს არავინ დახუჭავს. ჩვენთან კი პირიქით _ თუ კანონს არღვევ, ე.ი., მაგარი ტიპი ხარ და მხარდამჭერებიც შენს სახელს სკანდირებენ. ახლაც, აქტივს რომ აგროვებსნაცმოძრაობა”, ხომ იმისთვის აგროვებს, რომ კანონის აღსრულებას ხელი შეუშალონ? და ეს თითოეულმა მათგანმა იცის, მაგრამ დაუსჯელობის სინდრომი აქვს ოპოზიციას ძვალსა და რბილში გამჯდარი და ეს სწორედ ხელისუფლების დამსახურებაა. ისინი მივიდნენ აქამდე, მათ მისცეს უფლება ადამიანებს, ერწმუნათ, რომ ოპოზიციის სახელს უკან ამოფარება მათ ყველაფრის კეთების შესაძლებლობას მისცემდა, თორემ ჩემი მეზობელი ღამის ათის ორ წუთზე რომ შემოვიდა თავისი კორპუსის ეზოში და ორიათასლარიანი ჯარიმა გულის ჯიბეში ჩაუდო პატრულმა, ეგ “გამწვანებულია”. უკეთესს გეტყვით: მეგობარს სიძე მოუკვდა და წასვლა გადაწყვიტა, 144-ზე დარეკა და იქ უარი უთხრეს, საშვს ვერ მოგცემთ, ადრე გასულიყავით და ჩაასწრებდითო. ადრე როგორ უნდა გასულიყო, როგორ უნდა ეფიქრა, რომ 46 წლის კაცს თრომბი მოუღებდა ბოლოს?! თუ მაინცდამაინც 5-ნომრიანი პლაკატი უნდა გაეკრა მანქანაზე და არავინ არაფერს ეტყოდა?

ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იქნება ამ კვირაში. სწორედ ახლა უნდა გაირკვეს, საქართველო სახელმწიფოა თუ ბანანის რესპუბლიკა. ჰო, ის ბანანის რესპუბლიკა, ბოლოს ხშირად რომ ახსენებენ, და რადგანაც ეს მაღალი თანამდებობის პირების ბაგეთაგან ისმის, პასუხს არავინ სთხოვს, თორემ ჩვენ რომ ვთქვათ, ჰომოფობებს დაგვიძახებენ და შეიძლება დაგვაჯარიმონ კიდეც. ჩვენ არ ვითხოვთ კონკრეტული პირების დასჯას, ჩვენ ვითხოვთ, კანონი ყველასთვის კანონი იყოს და მისი შესრულება _ სავალდებულო! სხვაგვარად არაფერი გამოვა და მოსახლეობა ნდობას კი არ დაკარგავს, შურისძიება მოუნდება; შურისძიება მათზე, ვინც აირჩია და უკვე მერამდენედ არ გაამართლა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here