მთავარი პოლიტიკა საღათას ძილის ეროვნული თავისებურებები

საღათას ძილის ეროვნული თავისებურებები

835
გააზიარეთ
ბიძინა ივანიშვილი

არჩევნებამდე სულ რაღაც სამი დღე დარჩა, თუმცა, ძველი ტრადიციის საპირისპიროდ, ნევროტული აღტკინება საზოგადოებაში ნაკლებად შეინიშნება. ელექტორატის დიდი ნაწილი 21 ოქტომბერს უკიდურესად გადაღლილი ადამიანის ფატალიზმით ელოდება, სურს, რომ პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და სახელისუფლო პარტიის რიგით მეხუთე გამარჯვებას თითქმის შეგუებულია. საინტერესოა, რა არის უფრო საშიში: ასეთი განწყობა თუ არარეალისტური ილუზიები?

ხელისუფლების დიდი უპირატესობა აშკარა იყო 2010 წლის არჩევნების წინაც, როდესაც ოპოზიცია გახლეჩილი და დასუსტებული იყო, ხოლო თბილისის მერობის ძირითადმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი შეცდომა დაუშვა (ბლოკში “ალიანსი საქართველოსთვის”, “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად, მაშინ რესპუბლიკელები, “მემარჯვენეები” და “საქართველოს გზა” შედიოდნენ). კიდევ ორი ოპოზიციური კანდიდატი _ ზვიად ძიძიგური (8,31%) და გოგი თოფაძე (5,19%) ცალკე გამოდიოდნენ. ხმების 10,7% ქრისტიან-დემოკრატების მიერ წარდგენილმა გიორგი ჭანტურიამ “წაიღო”. მნიშვნელობა არ აქვს, ჩავთვლით თუ არა ასეთ ვითარებაში ალასანიას 19,05%-ს მაღალ თუ დაბალ მაჩვენებლად – გამარჯვების რეალური შანსი მაშინ პრაქტიკულად არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში არ იგრძნობოდა ისეთი ნიჰილისტური განწყობა, როგორიც დღეს. ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები გამოსავალს ეძებდნენ, სასწაულის იმედი ჰქონდათ. მათი უმრავლესობა საკმაოდ დათრგუნული ჩანდა მას შემდეგ, რაც ალასანიამ გიგი უგულავას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რადგან სააკაშვილის რეჟიმმა არჩევნები საზოგადოებაზე აშკარა ზეწოლის პირობებში ჩაატარა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არჩევნების შემდეგ ბრძოლის სხვა გზებზე, სხვა კანდიდატებზე ფიქრი დაიწყო. მაშინ ოპოზიციურ საზოგადოებაში გავრცელებული იყო უცნაური, მნიშვნელოვანწილად ირაციონალური ოპტიმიზმი, რომელიც დღეს თითქმის არ იგრძნობა.

რეჟიმი საქართველოში სამჯერ შეიცვალა და სამივე შემთხვევაში არსებობდა ფაქტორი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა. გამსახურდიას ძველი ელიტა ოპოზიციაში ლამის სრული შემადგენლობით ჩაუდგა, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველ პრეზიდენტს მოკავშირეები პრაქტიკულად არ ჰყავდა. “ვარდების რევოლუციისპერიოდში უდიდესი მნიშვნელობა საგარეო ფაქტორს მიენიჭა _ სწორედ მისი ზემოქმედების გამო დისკრედიტირებულ ძველ ადმინისტრაციას წინააღმდეგობა პრაქტიკულად არ გაუწევია; მისი წარმომადგენლებირევოლუციონერებსხშირ შემთხვევაში ეხმარებოდნენ. 2012-ში განმსაზღვრელი როლი შეასრულა ივანიშვილის კაპიტალმა და დასავლელი პარტნიორების გაღიზიანებამ, სააკაშვილის სულელური პოლიტიკის გამო. ამ ორი ფაქტორის თანხედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი ფული ბადრი პატარკაციშვილსაც ჰქონდა, მაგრამ 2007-ში რეჟიმის შეცვლას ხელს სააკაშვილის მიმართ დასავლეთის ჯერ კიდევ მტკიცე მხარდაჭერა უშლიდა. ეს არ ნიშნავს, რომ “რეჟიმ ჩეინჯი” 100%-ით გამორიცხული იყო, მაგრამ მისი ალბათობა საკმაოდ მცირე იყო.

დღეს ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ არათუ ორი ფაქტორის თანხვედრაზე, არამედ თუნდაც ერთის არსებობაზეც კი. რეჟიმს არ ჰყავს ივანიშვილის ან პატარკაციშვილის მსგავსი მოწინააღმდეგე, ოლიგარქი იქნება თუ პოლიტიკოსი. მიხეილ სააკაშვილს, მისი კოშმარული წარსულითა და შერყეული ფსიქიკით, ასეთ ფიგურად, მისი მრევლის გარდა, არავინ განიხილავს. პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი პროსტიტუირებული და (ან) მარგინალიზებულია; სააკაშვილისგან განსხვავებით, ივანიშვილი მასზე კონტროლს არ კარგავს. ამომრჩევლები, რომელთაც უკეთეს საქართველოში ცხოვრება სურთ, ფაქტობრივად, მარტონი დარჩნენ და ამ ეტაპზე მძლავრი მოკავშირის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

მაგრამ თქმული არ ნიშნავს, რომ 2003-12 წლების ოპოზიციონერები ძალთა ბალანსს ცივი გონებით აანალიზებდნენ ან საერთოდ ფიქრობდნენ მასზე _ მათ, უბრალოდ, ჰქონდათ ბრძოლის ჟინი და სჯეროდათ, რომ სასწაული ნამდვილად შეიძლება მოხდეს. საინტერესოა, რატომ გაქრა ეს განწყობა?

აქ შეიძლება გაჩნდეს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რეჟიმი აღქიმებოდა, როგორც გიჟი სამართებლით ხელში, რომლის შეჩერება სიკვდილსიცოცხლის საკითხი იყო. საზოგადოების საუკეთესო ნაწილი განიხილავდა ბრძოლას მის წინააღმდეგ, როგორც აუცილებლობას, და ეს შესაბამის განწყობას წარმოშობდა. ადამიანის (და საზოგადოების) ძალები კრიტიკულ ვითარებაში სრულიად მობილიზებულია და მან შეიძლება სასწაულები მოახდინოს _ თუმცა ამის შემდეგ დასვენება სჭირდება და ის, მარტივად რომ ვთქვათ, იძინებს. ასეთ “ძილს” ადგილი ჰქონდა შევარდნაძისეული “სტაბილიზაციის” შემდეგ და “ვარდების რევოლუციის” შემდეგაც, მაგრამ ორივე შემთხვევაში პაუზა 2-3 წელიწადს გაგრძელდა და საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა კვლავ დაინახა უსამართლობა და უკეთესი ცხოვრება მოითხოვა. დღეს კი ის (2012-ში ძალების მაქსიმალური დაძაბვის შემდეგ) ვერა და ვერ იღვიძებს.

საინტერესოა, გახანგრძლივდებოდა თუ არა მსგავსი პაუზა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ თუ სააკაშვილის რეჟიმი ხელოვნურად შეინარჩუნებდა “მოქალაქეთა კავშირს”, როგორც “მთავარ ოპოზიციულ ძალას”, და პარლამენტში დასვამდა ავთანდილ ჯორბენაძეს, ვიტალი ხაზარაძეს, ლევან მამალაძეს და ა.შ. მოკლედ, მოიქცეოდა ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილი “ნაცმოძრაობას” მოექცა. ტექნიკურად ეს სავსებით შესაძლებელი იყო. გამორიცხული არაა, რომ ეს სააკაშვილს “რეფორმატორულ კარტ-ბლანშს” რამდენიმე წლით გაუხანგრძლივებდა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მისი რეჟიმის გამყარებისთვის, თუმცა მან სხვა გზა აირჩია და მალევე ნახევარი საქართველო გადაიმტერა.

როდესაც “მძიმე წარსულის” განსახიერება არათუ არსებობს, არამედ ეკრანებიდან არ ჩამოდის და მისი რევანშის საფრთხე სავსებით აქტუალური ჩანს, ეს ხელს უშლის საზოგადოებას, მოქმედი ხელისუფლება წარსულს მიაბაროს. ბევრ ამომრჩეველს ესმის, რომ ქვეყნის განვითარების კონტექსტშიქართული ოცნება”, არა უბრალოდ წარსული, არამედ ნამდვილი ქვის ხანაა, თავისი არაფორმალური მმართველობით, ამაზრზენი ნეპოტიზმით, სიცრუით, პრემიადანამატებით და .. მაგრამ, “ნაცმოძრაობისარსებობის გამო, მას ისე აქტიურად არ უპირისპირდება, როგორც ამას ვითარების დრამატულობა მოითხოვს. ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად შევა ქართული პოლიტიკის ისტორიაში, როგორცზომბიოპოზიციისგამომგონებელი. პანიკური შიში ამ ზომბის წინაშე ამომრჩეველთა დიდი ნაწილის ქცევაზე განმსაზღვრელ ზემოქმედებას ახდენს.

ფიქრი ალტერნატივაზე დანაშაულებრივ გაუფთხილებლობად ითვლება იმ პირობებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური ზომბი-აპოკალიფისის საფრთხე არსებობს. ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ივანიშვილს “ნაცმოძრაობის” მიწასთან გასწორების, მისი ლიდერების ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლების უფლება დასავლელმა პარტნიორებმა არ მისცეს – ეს ვერსია ხელისუფლებას ხელს აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ის თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არაა. თითქმის არავინ საუბრობს იმაზე, რომ მომხდარი, უპირველესად, ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა.

სავარაუდოდ, სწორედ ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს წინასაარჩევნო პროცესის ერთგვარ “ლეტარგიულობას”; ბოიკოტის მომხრეებიც კი, იმის ნაცვლად, რომ იყვირონ “ყველა ერთი ნაგავია”, თითქოს თვლემენ. განწყობა, რომლის მოკლე შინაარსია “მაინც არაფერი შეიცვლება” საზოგადოებას მძიმე ლოდივით აწევს.

ცხადია, “ქართულმა ოცნება”, იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გააკეთა, იმსახურებს მარცხს არჩევნებში _ ხელისუფლების დაკარგვას თუ არა, “შემოლაწუნებას” მაინც, მაგრამ, რამდენადმე რეალური ალტერნატივის არარსებობის პირობებში, ამ შედეგის მიღწევა თითქმის გამორიცხულია. სწორედ აქ საქმეში ერთვება ტრადიციული ქართული მაქსიმალიზმი – თუ ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, აზრი საერთოდ არაფერს აქვს.

შესაძლოა, საქართველოს სჭირდება ახალი “მცირე საქმეების თეორია”, რომელიც დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ ბრძოლა ლოკალური მასშტაბის შედეგების მიღწევისთვის ისეთივე ღირებულია, როგორც ბრძოლა რეჟიმის შეცვლისთვის. თუ თუნდაც 5 ათასი ადამიანი სერიოზულად “გაჭედავდა” და გაიბრძოლებდა კონსტიტუციის რომელიმე მუხლისთვის, იმავე შემართებით, როგორც ამას სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აკეთებდა, ხელისუფლება, სავარაუდოდ, უკან დაიხევდა. ბრძოლას აზრი იმ შემთხვევაშიც ექნებოდა, თუ სახელმწიფო მოხელეების, მართლაც რომ ღორული, პრემია-დანამატები თუნდაც 10%-ით შემცირდებოდა, მაშინაც კი, თუ თბილისში თუნდაც ერთი მახინჯი, კორუფციასთან აშკარად დაკავშირებული კორპუსის მშენებლობა შეჩერდებოდა და ა.შ.

ზემოთ ვთქვით, რომ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა გაცილებით რეალური მას შემდეგ გახდა, რაც ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ხოლო დასავლეთის პოლიტიკამ კორექტირება განიცადა, მაგრამ ვერც ივანიშვილი, ვერც ვაშინგტონი თუ ბრიუსელი ცალ-ცალკე ვერაფერს გახდებოდნენ (მეორე შემთხვევაში კი არაფერს მოიმოქმედებდნენ), რომ არა უბრალო ადამიანების ხანგრძლივი, მომქანცველი და ძალზე სახიფათო ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, ცუდი პოლიტიკური ლიდერების ხელმძღვანელობით, ცალკეულ ეპიზოდებში კი _ მათ გარეშე. ის, რაც მაშინ გაკეთდა, ხშირ შემთხვევაში, ცარიელი ენთუზიამით, რეჟიმის გააფთრებული წინააღმდეგობის პირობებში ნამდვილი გმირობა იყო. ხელისუფლების გარანტირებული შეცვლისთვის პირველ და მთავარ წინაპირობას ქმნის საზოგადოების რიგითი წევრების პრინციპული პოზიცია და არა ახალი პოლიტიკური მესიის გამოჩენა, რომლის მოლოდინი არსებითად სიზარმაცისა და გაუბედაობის გამართლებას წარმოადგენს.

დიმიტრი მონიავა

2 COMMENTS

  1. მაგან თავისი საქმე გააკეთა ,,დიდი დორბლიანი გიჟი,,შეცვალა…….დროც მოვიდა და ….წავა….{მაგრამ ვინც მოვა …ისიც ამერიკის ელჩთან იქნება შეთანხმებული??????}

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here