Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო _ ღირსებისა და პატრიოტული სულისკვეთებისგან დაცლილი საზოგადოების საქიშპეთი

საქართველო _ ღირსებისა და პატრიოტული სულისკვეთებისგან დაცლილი საზოგადოების საქიშპეთი

3268
საქართველო _ ღირსებისა და პატრიოტული სულისკვეთებისგან დაცლილი საზოგადოების საქიშპეთი

ახალგაზრდობაში ზოგადი ფილოსოფიის კურსის ათვისებას მნიშვნელოვან დროს ვუთმობდი. ჩემგან ფილოსოფოსი არ გამოვიდა, მაგრამ ამ საგნისადმი სიყვარულმა გარკვეული თვალთახედვა ჩამომიყალიბა სამყაროს შესახებ. სამოცდათხუთმეტი წლის გავხდი ახლახან. განვლილი ცხოვრების ლაბირინთებს რომ ვაკვირდები, ხშირად უკმარისობის განცდა მეუფლება და ძალიან ვნანობ, ღვთით ბოძებული სიცოცხლე ოპტიმალურად რომ ვერ გამოვიყენე. ბავშვობაში ოცნებების მორევში ყელამდე ვიყავი ჩაფლული და მეგონა, რომ ბედნიერება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შემიფარებდა ლაჟვარდოვანი ფრთის ქვეშ.

მახსოვს, მოსწავლეობის პერიოდში ჩვენს სკოლას დიდი პოეტი გიორგი ლეონიძე ეწვია. სოფლის თავკაცებმა მოსაფერებელი საღამო გაუმართეს მგოსანს მარანში სუფრასთან, ღია ცის ქვეშ. რამდენიმე სადღეგრძელოს აწკრიალების შემდეგ პოეტს მოსწავლეებმა ლექსის წაკითხვა ვთხოვეთ. მანაც არ დააყოვნა, წამოიმართა, ხავერდოვანი ბოხი ხმით, განუმეორებელი მგზნებარებით წარმოთქვა საკუთარი ლექსი “ვუმღერ სამშობლოს”:

“სამშობლო ჩემი გულის ფეთქვაა,

სამშობლო _ ჩემი ლექსის სახელი”.

ოქროს ზარივით აგუგუნდა ნორჩ, გაუწვრთნელ გონებაში ეს ორი სტრიქონი. გოგლასეული შეგონება დღემდე ჩემში ჭიაკოკონასავით გიზგიზებს და გულისძგერას ისე ამშვენებს, როგორც გაზაფხულის დაცვარულ ცას მრავალფეროვანი ცისარტყელა. რამდენ გენიოსს, პატრიოტს, უბრალო თუ ბრალიან ადამიანს უფიქრია მამულზე და განა მარტო უფიქრია, სიცოცხლეც შეუწირავს მისთვის. ხუმრობა ხომ არ არის, საუკუნოობით მგლებივით აღრენილი ამდენი მტრის გარემოცვაში დაიცვა ქვეყანა და აუარება დაღვრილი სისხლის, ოფლის ფასად თავისი ბრწყინვალებით, ზნე-ჩვეულებებითა და თვითმყოფადობით შემოუნახო შთამომავლობას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დროის ღვთაებას სამი ათეული წელიწადი შემოადნა ხელზე. საკითხავია, რა ნაბიჯები გადავდგით ქართველებმა ჩვენი უძველესი ქვეყნის დასაცავად და ასაღორძინებლად; რა მოგვცა თავისუფლების გარკვეული დოზით მონიჭებამ და დიდების კიბის რომელ საფეხურზე ვიმყოფებით ამჟამად. ამ სამი ათეული წლის განმავლობაში ჩემს მეხსიერებაში ერთი მომენტიც არ ტივტივებს ისეთი, დიდებული წინაპრების სულებს რომ გაახარებდა სულიერების სასუფეველში. ოცდაათი წლის განმავლობაში შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ. ქვეყანა დღემდე ვერ დაგვიცავს უზარმაზარი იმპერიის ნგრევით გამოწვეული მტვერ-ღორღისგან. იმ რესპუბლიკებს შორის, რომლებიც ამაოების წნეხში მოჰყვნენ, ყველაზე მეტად ჩვენ დავზარალდით და უღიმღამოდ ვაგრძელებთ ჩანჩალს ჯერ კიდევ შეუცნობელი, ურიცხვი ფათერაკებით შენიღბული მომავლისკენ. ქვეყნის ასაღორძინებლად ოცდაათი წელიწადი ცოტაა, _ იტყვის მავანი, მაგრამ ნათლად ჩანს ამდენი ტყუილით, სიბრიყვით, ფარისევლობით, უზნეობითა და თავკერძობით, ძირითადად, ჩვენვე რომ მივიყვანეთ ქვეყანა აქამდე. გაქსუებული მედროვეების გაუთავებელმა კინკლაობამ და ქიშპობამ ოცდაათი წელიწადი უხამსობის ქარს გაატანა. ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის საჭესთან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები რომ ყოფილიყვნენ, განვითარების სულ სხვა საფეხურზე ვიქნებოდით. პენსიონერებსა და ხანდაზმულებს, ღირსეული, ტკბილი სიბერე თუ არა, ნორმალური ყოფა მაინც ექნებოდათ, მოსახლეობის მესამედი უცხოეთში არ გადაიხვეწებოდა და ახალი თაობაც საკუთარ მიწაწყალზე ზრუნვით დაკავდებოდა. ოცდაათი წლის განმავლობაში ბოროტი ერთეულების მიერ გაიყიდა ყველაფერი, რაც არ იყო გასაყიდი. მთლიანად ჩამოიშალა კომუნისტების მიერ ასე თუ ისე შეკოწიწებული ეკონომიკა. თითქმის ამოიძირკვა სამეცნიერო დაწესებულებები, რომელთა შენობები ჩალის ფასად გაყიდეს ვითომ ბიზნესმენებზე. ველურმა კაპიტალიზმმა დედა უტირა ისედაც ღდინგაცლილ საქართველოს. ფილოსოფიაში არსებობს ერთი ბევრისმომცველი ტერმინიმემკვიდრეობითობა”. საბჭოთა სისტემის ნგრევის ცუნამიში მოჰყვა ბელარუსიც, მაგრამ ქვეყანამ ძველი ცხოვრებიდან სწორი დასკვნები გამოიტანა და სასარგებლო დაწესებულებები შეინარჩუნა შემდგომი მოდერნიზაციისთვის.

საქართველო

რა გზას დავადექით ჩვენ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში? ქვეყნის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ბაზრები, მაღაზიები თუ მარკეტები გადავჭედეთ დაბალხარისხიანი საქონლით _ დაწყებული ტექნიკით დამთავრებული საკვებით და დავასამარეთ სამამულო ნაწარმის წარმოება. მილიარდობით თანხით, რომელიც ეროვნული ეკონომიკის აღორძინებას უნდა მოხმარებოდა, სხვა ქვეყნები გავამდიდრეთ და ამჟამად ტურიზმის ამარა გვინდა, სამშობლო სიღარიბის ჭაობიდან ვიხსნათ. ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვა უთუოდ ხელსაყრელია, მაგრამ მხოლოდ ამით შორს ვერ წავალთ. ძალადობაზე დამყარებულმა უსისტემო ძვრებმა ძირფესვიანად მოსპო წარსულის მარწუხებით გულშეხუთული ეკონომიკა. გაურკვევლობის ტალღებში მარცხით გაჟღენთილი ნაფოტივით ატივტივ-ატორტმანდა მამული. საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნის უმთავრეს დარგად იქცეს. ამ სფეროს აღორძინებისთვის თავიდანვე რომ მიგვექცია სათანადო ყურადღება, ახლა განვითარების სულ სხვა ეტაპზე ვიქნებოდით და ხალხი, რომელიც ახალი ცხოვრებიდან შვებას ელოდა, ასე ფრთებმოკვეთილი, უზნეობის ზღვარზე მიჭირხნილი და წელმოკუნტული არ იქნებოდა. დამოუკიდებელ, სამართლებრივ სახელმწიფოზე ფიქრი ოცნებაა, როცა დიდი თუ პატარა ქალაქების ნაგვის ურნებში ასობით ადამიანია თავჩაყოფილი. “თუ ჩვენთან შრომის სუფევა დამყარდება, კრიზისი აუცილებლად უკან დაიხევს”, _ ამბობდა ილია. ეს აზრი საუკუნეების გამოცდილებით დადასტურებული აქსიომაა. პროდუქციის სიუხვეა ის უმთავრესი ატრიბუტი, რომელზეც პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული სახელმწიფოს ადგილი მსოფლიოს ცივილიზაციაში. როგორ მოვექეცით ქვეყნის მთავარ ფასეულობას _ მიწას? ავდექით და უცხოელებზე დავიწყეთ მისი გაყიდვა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ვერ ვისწავლეთ სავარგული ფართობების გამოყენება მიზნობრივად. მომრავლდა გადამწვარი და ეროზიისგან დაზიანებული ნაკვეთები და .. სოფლის მეურნეობის აღორძინება წარმოუდგენელია მექანიზაციის გარეშე. იმისათვის, რომ სასოფლოსამეურნეო იარაღების ნაწილი საქართველოს თვითონვე ეწარმოებინა, 1949 წელს სტალინის მითითებით თბილისში პირველი სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო შეიქმნა. ამ მხრივ დღეს საქართველოში ყველაფერი ჩამკვდარია.

დაინგრა საბჭოთა კავშირი. თითქოს საშუალება მოგვეცა, თვითონვე მიგვეხედა მამულისთვის. ჩვენ ქვეყნის მართვის სისტემა ისეთი დავტოვეთ, როგორიც ადრე იყო. მერე გამსახურდიას ერთი წელიც არ ვაცადეთ პრეზიდენტობა და ძალის გამოყენებით უარვყავით მოსახლეობის ამომრჩევლების ოთხმოცდაათი პროცენტით მხარდაჭერილი პატრიოტი მოღვაწე. ეს უტიფარი, ამაზრზენი, საბედისწერო ქცევა ახლაც აქეზებს შინაურ ურაპატრიოტებს, ყველა ხერხი გამოიყენონ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. იმხანად მოსახლეობა გონზე რომ მოსულიყო და ხელისუფლებაზე ძალადობის ფაქტი დაუყონებლივ დაეგმო, შეცდომების ჯაჭვი ასე არ გაგრძელდებოდა. კიტოვანის, იოსელიანის, სიგუას, შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ერთ დროს ლომის თვალებით მომზირალი ქვეყანა, დაუნდობელ მტერთა გარემოცვაში გახვეული, უძველეს მხარეში დაფეთებულ-დაჭრილი არწივივითაა კუთხეში მიყუჟული. დაუსჯელობის სინდრომმა ფურჩქვნა განაგრძო და დღემდე უწყობს ხელს თავისუფლების მინდორზე ამბროზიის მომრავლებას. ახლა დღესავით ნათელია, რომ ოცდაათი წელიწადი ქართველებმა ვერ გამოვიყენეთ ყაირათიანად. ამდენ ჭიდილ-ქიშპობაში დაუძლურდა ხელ-ფეხგაშეშებული, დამბლადაცემული საქართველო, რომელიც, პატრიოტულ-ეროვნული ენერგიისგან უკიდურესად დაცლილი, კუს ნაბიჯებით მიეხეტება ყოფიერების შარაზე, სადაც ჭასავით ღრმა სატყუარაბალახგადაფარებული ორმოებია ამოთხრილი, ხოლო მათ ქვემოთ ჯოჯოხეთური ქვესკნელია. ოცდაათმა წელიწადმა ადამიანებში დანერგა ნიჰილიზმი, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საზღვარგარეთ გადახვეწა და გადამთიელებს გზა გაუხსნა ამ ღვთაებრივი ედემის დასაპატრონებლად.

აფსუს, ივანე ჯავახიშვილო, როგორ ოცნებობდი ოცმილიონიან საქართველოზე ძველ საზღვრებში… როგორ აკლია თქვენისთანა თავგამოდებული მამულიშვილები საქართველოს. რა ვქნა, დღევანდელ ქართველებს (რომელთა შორის ძალიან ბევრია უჟმური ხასიათის ადამიანი) ქვეყნის სადავეები რომ უკავიათ, სხვისი საღი აზრი საერთოდ არ აინტერესებთ და მხოლოდ თქვენთან ჩურჩულით თუ მომეშვება დარდი გულს. მე და ჩემნაირ ადამიანებს ამ ურაპატრიოტებმა ცხოვრების მესამედი წაგვართვეს თავისი ავყიობით, ტაკიმასხარაობით, ავადმყოფური ძიძგილაობითა და მრავალთა უიღბლობაწვალება მრუდე ნაბიჯებით გაწაფულ ფეხებზე დაიკიდეს.

საქართველო

ოცდაათი წლის განმავლოაბში ერთი სახალხოსახელმწიფოებრივი და ისტორიული მნიშვნელობის საკითხი არ გადაწყვეტილა, რომელიც ქვეყნის განვითარების ბორბალს წაღმა შემოატრიალებდა. საზღვრების უკონტროლობა კვლავ დიდ დაღს ასვამს ქვეყანას; თითქმის ხელიდანაა გაშვებული აფხაზეთსამაჩაბლოს დაბრუნების ძაფი, რომელიც აგერაგერ გაწყდება, სასწაული თუ არ მოხდა; შეუმუშავებელია ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მეცნიერულად განჭვრეტილი გეგმა; უკიდურესად არასაიმედოა დემოგრაფიული პერსპექტივა; ქართველი ხალხის კვნესავაების ფონზე, გალაკტიონის არ იყოს, “სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული”, ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც ქვეყნიდან წარბშეუხრელად გარბიან საზღვარგარეთ; დღემდე მიამიტურად ვიჯერებთ უცხოეთიდან წამოსულ ფუტურო დაპირებებს; აგვისტოს ომმა კინაღამ თბილისიც დაგვაკარგვინა; ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა რუსეთთან ურთიერთობის გასარკვევად და მოსაგვარებლად; “რუსეთი ოკუპანტია”- ძახილით გულს ვიოხებთ და აღარ გვახსოვს რუსთაველის შეგონება: “გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი”.

ოცდაათი წელიწადია, კონსტიტუციას ჭრიან და კერავენ სახელმწიფო მოხელეები; მილიონობით ლარი იხარჯება ხელისუფლების შენახვაზე; არავინ იცის, მსოფლიოს დაწესებულებებიდან გრანტებად თუ სესხებად გამოყოფილი მილიარდობით დოლარი თუ ევრო რას და ვის ჯიბეს მოხმარდა; ყოველივე ამას და ბევრ სხვა რამეს უდრტვინველად ითმენს გაბითურებული ხალხი, რომელსაც ეკუთვნის ეს ქვეყანა. სწორი დასკვნების გამოსატანად და მომავლისკენ იმედიანი ნაბიჯების გადასადგმელად ბოლო სამ ათწლეულში დაშვებულ შეცდომებს არავინ იკვლევს და არ აანალიზებს ძირფესვიანად.

მალე კარს მოგვადგება არჩევნები. თუ რაღაც მზაკვრობა არ მოხდა, ბუნებრივი ბარიერით პროპორციული არჩევნები პარტიებს საშუალებას მისცემს, თავიანთი წარმომადგენლებით შეავსონ პარლამენტი, სადაც 101-ზე მეტი დეპუტატი არ არის საჭირო. წელიწადში ერთ სასარგებლო წინადადებას რომ ვერ დადებს კანონიერების პინაზე, ისეთ დეპუტატს რა უნდა პარლამენტში? არ გრცხვენიათ, ამხელა ხელფასს რომ იღებთ, ათასგვარი პრივილეგიით რომ სარგებლობთ და თავი ისე მოგაქვთ, თითქოს ააყვავეთ ქვეყანასანიმუშომსახურებით? ვერ ხედავთ, დოლარისგან გაუპატიურებული 200-ლარიანი პენსიით რა სიდუხჭირეში ცხოვრობს 600 000-ზე მეტი პენსიონერი? ვერ ხედავთ, როგორ უჭირთ ცხოვრება უშემოსავლო და მიზერულ ხელფასიან ოჯახებს? ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი: მოდი დავაწესოთ ასეთი კანონზომიერება: პენსიასა და საარსებო მინიმუმზე მივაბათ თქვენი ხელფასი. ადამიანები ხომ ხართ, იკმარეთ პენსიაზე, ვთქვათ, ათჯერ მეტი გასამრჯელო არსებობისთვის. განა ეს უფრო სამართლიანი და დემოკრატიული არ იქნება? გინდათ, მოგემატოთ ხელფასი? მაშინ იმუშავეთ საზრიანად, მიიღეთ ნაღდი, ჭეშმარიტად მოქმედი და ეფექტური კანონები, რომლებიც ააღორძინებს ქვეყნის ეკონომიკას და პროპორციულად (ეს სიტყვა ძალიან ბევრს მოგწონთ) მოგემატებათ ხელფასი დადგენილი კოეფიციენტის შესაბამისად.

ჯერჯერობით არავინ იცის, რას მოუტანს საქართველოს 2020 წლის არჩევნები. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პარტიების თავმჯდომარეების პატიოსნებაზე. ხომ შეიძლება მათ თავისი პროპორციულ-პარტიული სია ნეპოტიზმით, ძმაბიჭობით, დაქალობით, ანგარებით შეადგინონ? დიახ, ეს შესაძლებელია, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი სიის ავკარგიანობის შემმოწმებელი დღეს არავინაა. აქედანვე მეპარება ეჭვი 2020 წელს არჩეული ჭრელი პარლამენტის ეფექტიან მუშაობაში. მით უმეტეს მაშინ, თუ პარლამენტში პარტიიდან პარტიაში კერგურუსავით მხტუნავი და ჭრიჭინობელა ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც დეპუტატობისგან მინიჭებულ სიამტკბილობას, წლებია, ვერ თმობენ და საკუთარ თავს (გარემოცვას) უფრო ემსახურებიან, ვიდრე ხალხს. ნეტავ თუ მოვესწრები იმ დროს, როცა ამ ქვეყანაში პარლამენტარობა დასაფასებელ, ღირსეულ, საპატიო, საპასუხისმგებლო საქმედ ჩაითვლება და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ერთი უცხო ადამიანის შემთხვევეით ან გამიზნულად გამოჩენას ქვეყანა არ გადაჰყვება? როგორც ბევრი ფიქრობს, არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი, უმჯობესია, კომპიუტერიზაციის მეთოდით წარიმართოს, ამის გაკეთება რობოტების ეპოქაში რთული არ უნდა იყოს.

არ მინდა, გვერდი ავუარო “რუსთავი 2”-ის გახმაურებულ საქმეს. ნებისმიერი ტელეარხი და მასში მომუშავე ჟურნალისტი მაშინაა დასაფასებელი, როცა იგი ღირსეულად და მიუკერძოებლად ემსახურება ჭეშმარიტებას. “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ახალ დირექტორთან შეხვედრისას თქვა: ჩვენ წლების განმავლობაში ვებრძვით ივანიშვილის ხელისუფლებას და, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელმძღვანელად, ეს ბრძოლა ძველებურად გაგრძელდებაო. ნამდვილი ჟურნალისტი თუ ხარ, ემსახურე სამართლიანობას, დასაგმობი დაგმე, კარგი საქმე შეაქე, რაღაც მრწამსის ამოჩემების გარეშე და არავინ დაგწამებს მიკერძოებას. არც ისე შორეულ წარსულში კომუნისტებსაც ჰქონდათ კარგი გადაცემები და მათ ხალხი უსმენდა. დღევანდელ ტელეარხებში ისეთ შოუებს მართავენ, გამართლებას ვერ მოუძებნი. ხანდახან ეჭვი მეპარება, ნუთუ ესენი არიან ილიას, ვაჟას, აკაკის, ექვთიმეს და სხვათა შთამომავალნი? ერთ ცნობილ “ტელევარსკვლავს” მეორე “ტელევარსკვლავი” ერთ-ერთ შოუში ეკითხება: ყმაწვილქალობაში ყველაზე უჩვეულო ადგილას სექსი სად გქონდაო? _ ჩემს პარტნიორს მსუბუქი ავტომანქანა ჰყავდა, რომელსაც ზემოდან დიდი საბარგული ამშვენებდა. ტყის სიმყუდროვეში შევედით და ამ საბარგულზე მოვესიყვარულეთ ერთმანეთსო, _ იყო პასუხი. სხვადასხვა შოუში სექსზე ისე საუბრობენ, თითქოს ქვეყანაში მეტი საქმე არ აქვთ ადამიანებს. ესაა სიტყვის თავისუფლება? შეიკრიბებიან სტუდიაში რაიმე თემის გასაშლელად, განსასჯელად და ბოლოს სმა-ჭამა-ღრეობით ამთავრებენ გადაცემას. კარგი, რა! გეყოთ ამდენი ფარისევლობა. თუ მართლამაგრებიდა პატრიოტები ხართ, გააკეთეთ გადაცემები ღირსებაზე, სამშობლოს ერთგულებაზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, დემოგრაფიულ საკითხებზე, ღირსეულ, მისაბაძ ადამიანებზე; იმედისმომცემ ახალგაზრდებზე; საქართველოს საკეთილდღეოდ მოღვაწე ემიგრანტებზე; საქართველოზე შეყვარებულ უცხოელებზექვეყანაში საჭირბოროტო თემებს რა გამოლევს, მაგრამ ასეთ გადაცემებს ნება, ხალასი გული, დიდი ენერგია და ნიჭი სჭირდება.

ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდი მეცნიერების სამსახურს შევალიე. ვარ რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი. მიზნად დავისახე საქრთველოზე გამოიცეს წიგნი, სახელწოდებით “საქართველო _ ისტორიულ ქარტეხილებს გადარჩენილი უძველესი ქვეყანა”. მასში გამახვილებული იქნება ყურადღება რელიგიაზე; ქართული ენის ისტორიაზე; უნიკალურ, რჩეულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე; ქართულ მითოსზე, ლეგენდებზე; ქვეყნის ძირითად მუზეუმებზე; გვირგვინოსან მეფეებზე; ქართული მხატვრულსიტყვიერების ბუმბერაზ წარმომადგენლებზე; საქართველოს საოცრებებზე; ყველა დროის სხვადასხვა პროფესიის გამოჩენილ ადამიანებზე; საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე; სტუმართმოყვარეობაზე; კულინარიის საგანძურზე; საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტებზე და ა.შ. ამდენი ინფორმაციის შემცველი ტექსტი ტევად-ლაკონური ენით განთავსდება A4 ფორმატის, სავარაუდოდ, 370-გვერდიან წიგნში. ასეთი ნაშრომი ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ გამოცემულა და მას ანალოგი არ გააჩნია. ეს იქნება პირველი მცდელობა, როცა ტურისტებს, ქვეყნის საპატიო სტუმრებს, საქართველოში მოღვაწე უცხოელებს, მოსახლეობის ყველა ფენას საშუალება მიეცემა, ერთი წიგნის მეშვეობით გაეცნონ ჩვენს ქვეყანას, რომელიც უნიკალურ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავია და მნახველებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას სამუდამოდ ტოვებს. წიგნის გამოცემაში სხვადასხვა პროფესიის ცნობილი მოღვაწეები მონაწილეობენ. დიდ წამოწყებას დიდი მხარდაჭერა სჭირდება. ამ მიზნით არაერთ სახლმწიფო თუ კერძო ორგანიზაციას, სათვისტომოს, საელჩოს, წარმატებულ ბანკს მივმართე, მაგრამ არც ერთმა ჯერჯერობით თანადგომის შესახებ თხოვნა გულთან არ მიიტანა და ამ საშვილიშვილო საქმის განსახორციელებლად ერთი ლარიც არ გაიმეტა, მაშინ, როცა მათი ბიზნესი და საქმიანობა სწორედ იმ ქვეყანაში წარმოიშვა, განვითარდა და წარმატებული გახდა, რომელსაც ეს წიგნი ეძღვნება. დასანანია, რომ ამ იდეის განუხორციელებლობის შემთხვევაში შთამომავლობა გარკვეულწილად დაკარგავს შანსს, უკეთ შეიცნოს და დააფასოს დედასამშობლო.

ისევ ქვეყნის მართვის პრობლემებსა და ეკონომიკის აღორძინების საკითხებს დავუბრუნდები. დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის კანონი გვასწავლის, რომ ხელისუფლება არ არსებობს ოპოზიციის გარეშე. როცა მოპირდაპირე მხარეები კამათის კულტურას ფლობენ, ყველა საკითხზე ოპტიმუმის არეგავლილი გადაწყვეტილება, უმეტესწილად, მიზანს აღწევს. მწვერვალამდე ჯვრის ატანაა ძნელი, თორემ გაუწონასწორებელი სხეულის თვითნებურად დაღმასვლა არავითარ ძალისხმევას არ საჭიროებს. ქვეყნისთვის ამ საბედისწერო ეპოქაში მომაკვდინებელია ურთიერთძიძგილაობა-ქიშპობა. მოჩვენებით კოაბიტაციას ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სიკეთე. შევდუღაბდეთ, როგორც უნიკალურ ერს შეეფერება; მოვუსმინოთ გენის ყივილს; ვიზრუნოთ უცხოეთიდან ჩვენებურების დაბრუნებაზე; გავასახლკარიანოთ აუთვისებელი სავარგულფართობები; ხელი შევუწყოთ მოსახლეობის რაოდენობრივ მატებას და ჩვენისთანა ბედნიერი ერი დედამიწის ზურგზე მართლა არ იქნება. ახლა მაინც დავუდგეთ მხარში ერთმანეთს ქართული სისხლის გადასარჩენად, თორემ მრისხანებით თვალებდაბერილმა ძალებმა ზომიერების საზღვარს თუ გადააბიჯეს, მსხვერპლმოყვარულნი ჭიაყელასავით გადაგვყლაპავენ და მოუსავლეთის ხახაში ჩავარდნილებს თვით ღვთისმშობელი მარიამიც ვერ გვიშველის.

სამწუხაროდ, დღეს საქართველო ღირსებისა და პატრიოტული სულისკვეთებისგან დაცლილი საზოგადოების საქიშპეთია. მინდა ვცდებოდე და ეს წარმოდგენა აზვირთებული ზღვის ტალღების ქაფივით გაქრეს სამუდამოდ აზროვნებიდან.

ელგუჯა კეკელიძე,

მეცნიერი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here