Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო ტყუილების კორიანტელში

საქართველო ტყუილების კორიანტელში

ისევ იმავე წრეზე მივყავართ, რომელზეც, აგერ უკვე სამი ათეული წელიწადია, დავდივართ, და ბოლოს “მაპ-ზე უკეთესი” შეგვრჩება ხელში

305

5 დეკემბერს CNN-მა, ამერიკის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 175 ათასი ჯარისკაცი განალაგა. ისე, თურმე მხოლოდ ჩვენი ჭირი არ ყოფილა, საიდუმლო ინფორმაციას ტელევიზიით რომ ვიგებთ ხოლმე და ბარაქალა ამერიკის სამხედრო დაზვერვას, ტელევიზია რომ უშუქებს საიდუმლო მოვლენებს. ამ განცხადებამდე კი იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, განცხადება: “აშშის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევია. მოვუწოდებთ უკრაინას, თავშეკავება გამოიჩინოს, რადგან რუსეთის მიზანია, საბაბად მოიყვანოს პროვოკაცია, რომელსაც, უკვე დიდი ხანია, გეგმავს”. ამ განცხადებით ბლინკენმა ხელები დაიბანა. თუ შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყება, ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკრაინას შეუთვლის: ხომ გაფრთხილებდით, პროვოკაციას არ აჰყვეთო; აქეთ კი რუსეთს დაანამუსებს: ხომ ვამბობდი, ომს დაიწყებო. კინაღამ დამავიწყდა: ბლინკენი აუცილებლად გამოთქვამს შეშფოთებას (აღშფოთება ევროპელი დიპლომატების კუთვნილებაა, შეშფოთება _ ამერიკელების. ასე აქვთ დანაწილებული).

კიდევ უფრო ადრე იყო განცხადებები, რომ ნატოს მომავალ მინისტერიალზე ამერიკა და ევროპა მხარს დაუჭერენ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პროცესს. ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, მორიგი დაბოლებისპროცესი აქტიურად დაიწყო, სურთ, იმავე წრეზე წაგვიყვანონ, რომელზეც, აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია, დავდივართ, და ბოლოს, სავარაუდოდ, “მაპ-ზე უკეთესს” მოგვცემენ. თანაც, ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, საქართველოს ჯარისკაცები არც ამერიკას სჭირდება და აღარც ევროპას, ახლა საქართველოს მხარდაჭერა მხოლოდ რუსეთისთვის ნერვების მოსაშლელად აძლევთ ხელს. აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ უკრაინასა და საქართველოში, შესაძლოა, სამხედრო ბაზები განლაგდეს (რეალურია თუ არა, სხვა საკითხია) და სწორედ ამ საუბრებს უმკაცრესი გაფრთხილებით გასცა პასუხი რუსეთის პრეზიდენტმა.

ამერიკასა და მის მოკავშირეებთან დიალოგისას დაჟინებით მოვითხოვთ კონკრეტული შეთანხმებების შემუშავებას, რომლებიც გამორიცხავს ნატოს ნებისმიერ შემდგომ წინსვლას აღმოსავლეთისკენ და უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს, ჩვენთვის საფრთხის შემცველი იარაღის განთავსებას. ვთავაზობთ საგნობრივი მოლაპარაკებების დაწყებას ამ საკითხზე. განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს: ჩვენ გვჭირდება უშუალოდ სამართლებრივი, იურიდიული გარანტიები, რადგან დასავლელმა კოლეგებმა არ შეასრულეს ნაკისრი სიტყვიერი ვალდებულებები, არად ჩააგდეს რუსეთის შეშფოთება და კვლავაც განაგრძობენ ამას. ჩვენ განსაკუთრებულ პირობებს არ ვითხოვთ. გვესმის, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს როგორც რუსეთის, ისე ყველა ჩრდილოატლანტიკური სახელმწიფოს ინტერესებს. წყნარი, სტაბილური ვითარება ყველასთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ასეთი ვითარება სჭირდება ყველას, გამონაკლისის გარეშე”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ლოგიკურია, მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფო საკუთარ თავზე რომ ზრუნავს და არ ეთანხმება მის საზღვართან სამხედრო ბაზებისა და საჰაერო რაკეტების განლაგების პერსპექტივას. რაღა თქმა უნდა, რუსეთის განცხადება მაშინვე აიტაცეს დასავლელმა ლიდერებმა და აგრესიაში დაადანაშაულეს. ვაღიაროთ ისიც, რომ ვლადიმერ ზელენსკის არ აქვს არანაირი პოლიტიკური გამოცდილება, ის ჩვეულებრივი მასხარა იყო და ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვდა. შედეგად, ზელენსკი იძულებულია, დაუჯეროს მრჩევლებს, რომლებიც თავს დასავლეთმა მოახვია და ამის მაგალითად მიხეილ სააკაშვილიც კმარა, კაცი, რომელიც დღეს ქართულ ციხეში ზის, სამი თვის წინათ უკრაინაში პოლიტიკურ ამინდს ქმნიდა და კანონებს უწერდა. სწორედ სააკაშვილი შეახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ზელენსკის.

იმედი მაქვს, რომ კიევის ამჟამინდელი რეჟიმიც კი არ გაუყვება მიხეილ სააკაშვილის გზას 2008 წლის აგვისტოს მაგალითზე. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ბატონი სააკაშვილი მყისვე აჟიტირდა და დაიწყო აგრესიული სამხედრო ქმედებები, საკუთარი მოქალაქეებისა და რუსი სამშვიდობოების დაბომბვა. უკრაინის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მეტი წინდახედულობა გამოიჩინა და ცუდ მაგალითს არ მიჰყვა”, _ განაცხადა ლავროვმა.

უკრაინაზე ლაპარაკისას ლავროვის მიერ საქართველოს ხსენება, წესითა და რიგით, ჩვენი ხელისუფლებისთვის სერიოზული მინიშნება უნდა იყოს, მაგრამ მთავრობის წევრები ისე არიან აღტყინებული ნატოს სამიტზე მიწვევით, რომ საეჭვოა, რაიმე გონივრული თქვან და მოიმოქმედონ. უფრო იმას ველოდებით, რომ მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააკრიტიკებენ რუსეთს და, რაც მთავარია, სალანძღავ სიტყვებს არ დაიშურებენ. და ეს ყველაფერი იმის ფონზე, როცა უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტი, შესაძლოა, ნებისმიერ წამს დაიწყოს და როგორი იქნება ევროპის უდიდესი ქვეყნისა და მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს დაპირისპირება, თავად განსაჯეთ. მით უმეტეს, როცა საუბარია 175 ათასი ჯარისკაცის მობილიზებაზე და ეს მხოლოდ დასაწყისია.

მაშინ, როცა მსოფლიო ვერაგ ვირუსს ებრძვის, ასეთი მასშტაბის კონფლიქტი არა მხოლოდ ორ ქვეყანას, არამედ სრულიად მსოფლიოს უქმნის საფრთხეს. ისიც ხომ ყველასთვის ცხადია, ვის მხარეს დადგებიან ამერიკა და ევროპა და საიდან მიიღებს შეიარაღებას უკრაინის ჯარი. ამ დროს ყველაზე მეტად რიგითი ადამიანები ზარალდებიან და, სამწუხაროდ, ეს უკვალოდ არც საქართველოსთვის ჩაივლის. რომ არაფერი ვთქვათ შავ ზღვაზე, სადაც გადაადგილება უსაფრთხო აღარ იქნება. უკრაინიდან და რუსეთიდან საქართველოში უამრავი რამ შემოდის და გარდა იმისა, რომ ტვირთების გადაზიდვა შეფერხდება, საქართველოს აუცილებლად მოუწევს პოზიციის გამოხატვა და ვფიქრობთ, ეს პოზიცია არ იქნება ნეიტრალური. განცხადებებში განსაკუთრებული მოზომილობა გვმართებს, მაგრამ ამის შესაძლებლობას დასავლელი პარტნიორები, უბრალოდ, არ მოგვცემენ. არ მოგვცემენ, რადგან ეს არის კარგად მომზადებული და ორგანიზებული იერიში რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მარტივად არ ჩაივლის.

რუსეთის ეკონომიკა ბოლო პერიოდში ისეთი ტემპით ვითარდება, თუ ძალით არ შეაფერხეს, დასავლეთი ვერც ერთი მიმართულებით კონკურენციას ვერ გაუწევს. ეს ყველაზე კარგად ევროპამ და ამერიკამ იციან და ახლა ბრძოლა არა უკრაინის გადასარჩენად, არამედ მსოფლიოში პირველობისთვის იწყება. ამ ბრძოლაში კი, გვინდა თუ არა, ჩართულები ვიქნებით, ოღონდ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, დავიცავთ თუ არა ნეიტრალიტეტს. ანუ, ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა და, სამწუხაროდ, ამას დამოუკიდებლად ვერ გავაკეთებთ, ამის ნებას დასავლეთი არ მოგვცემს.

ყველაფერთან ერთად, ვლადიმერ ჟირინოვსკი ბირთვული ომის საფრთხეზეც ალაპარაკდა და მართალია, ამ პოლიტიკოსს ხშირად არასერიოზულად აღიქვამენ, პროგნოზებში ის თითქმის არასდროს ცდება. ბირთვულ ომზე მინიშნება, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან კონკრეტული მუქარის შემცველი მესიჯი იყოს დასავლეთისადმი, რადგან რეალურად უკრაინაში იმაზე გაცილებით მშვიდი ვითარებაა, ვიდრე ამას დასავლეთი ხატავს. თუ გახსოვთ, აგვისტოს ომის წინაც ვითარება სწორედ დასავლეთმა დაძაბა, როცა ე.წ. სამშვიდობო მისიების წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში გზავნიდნენ ცნობას, რომ რუსული ჯარის ნაწილების მობილიზება შეინიშნებოდა და ყოველდღიურად იბომბებოდა ქართული სოფლები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, გაირკვა, რომ რუსული ჯარი ცხინვალში არ ყოფილა და მხოლოდ ომის დაწყების შემდეგ შევიდა. ამიტომაც ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამერიკის სამხედრო დაზვერვიდან ინფორმაციამ შეგნებულად გაჟონა და CNN-მაც ასევე შეგნებულად დაასახელა 175-ათასიანი არმიის მობილიზაცია უკრაინის საზღვართან. ვერ გეტყვით, როგორ გაგრძელდება რუსეთსა და უკრაინას შორის შექმნილი დაძაბულობა, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი ცხელი წერტილის საჭიროება შეიქნა. ავღანეთსა და ერაყში კონფლიქტების დასრულების გამო, იმ პირობებში, როცა მძლავრი საომარი მოქმედებები აღარც სირიაში მიდის, ახალი შეიარაღებული დაპირისპირება (თანაც, როგორი მასშტაბის ქვეყნების) იარაღის გაყიდვის კარგი საფუძველია. ამასთანავე, .. სამშვიდობო ჯარები უქმად არიან, მათი შენახვა კი სახელმწიფოებს ძვირი უჯდებათ, ამიტომ გაუშვებენ შემდეგ საზღვრის საკონტროლოდ და მათ რჩენას უკრაინას დაავალებენ. ეს არის ერთ-ერთი ვერსია, რატომ შეიძლება აძლევდეს ხელს ომი დასავლეთს, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც რუსეთის დასუსტებაა. რუსეთს თავისუფლად განვითარების შესაძლებლობა რომ მიეცეს, ისეთი ტემპი აქვს აღებული, მალე მისი გათვალისწინების ვალდებულება ყველა სახელმწიფოს ყველა სფეროში ექნება _ ეს იქნება იძულებითი ნაბიჯი, რადგან უზარმაზარ სახელმწიფოს კონკურენციას ფიზიკურად ვერ გაუწევენ.

ჩვენ კი აუცილებლად უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, რომელიც კიდევ ერთ კონფლიქტში ჩაბმას ფიზიკურად ვერ გადაიტანს. რისი რესურსიც დღეს გაგვაჩნია, არის სატელევიზიო ანძის უკრაინის დროშის ფერებში განათება. სხვა რესურსი, უბრალოდ, არ გვაქვს და, თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ ამერიკისგან ნაყიდიჯაველინებითრამეს შევძლებთ, ძალიან შემცდარა. “ჯაველინებისგაყიდვის შემდეგ აღიარა ამერიკამ, რომ ამ იარაღის დრო წავიდა და ახლა ომი სხვა ტექნოლოგიებით იქნება, რისი ნათელი მაგალთიც არც თუ დიდი ხნის წინათ ყარაბაღის კონფლიქტში ვნახეთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here