მთავარი პოლიტიკა საქართველო რეგიონის მთავარი მოთამაშეების სამიზნეში

საქართველო რეგიონის მთავარი მოთამაშეების სამიზნეში

1819
გააზიარეთ
ვახტანგ მაისაია

სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების განადგურების შემდეგ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიაში ჩავიდა, რუს სამხედროებს გამარჯვება მიულოცა, რუსეთის შეიარაღებული ძალების სირიიდან გაყვანის ბრძანება გასცა და დაიმუქრა, თუ ტერორისტები სადმე წამოყოფენ თავს, ისეთ პასუხს გავცემთ, როგორიც ჯერ არ უნახავთო. რუსეთის ფედერაცია სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში 2015 წლის 30 სექტემბერს ჩაერთო, 2017 წლის 11 დეკემბერს კი ტერორისტულმა ორგანიზაციაისლამურმა სახელმწიფომ”, რომელიც სირიის ტერიტორიის 70%- აკონტროლებდა, რუს სამხედროებთან ბრძოლაში ფიასკო განიცადა..

გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: ყველა ტერორისტულ, ისლამისტურ ფორმირებას წლების განმვალობაში ამერიკის სპეცსამსახურები ზრდიდნენ, ქმნიდნენ, აიარაღებდნენ და წარმართავდნენ. მას შემდეგ, რაც ისინი ნაწილობრივ აღარ დაემორჩილნენ, ნაწილობრივ კი იმავე სირიაში ფიასკო განიცადეს, ისინი რაღაცაში უნდა გამოეყენებიათ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათ ტერორისტები ყველაზე მეტად რუსეთის გარემოცვაში და თვით რუსეთში სჭირდებოდათ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მისაყენებლად. აშშ მათ რუსეთისთვის ძალზე მტკივნეულ რეგიონებში გაგზავნის, როგორებიც მის საზღვრებზე შუა აზია და კავკასიაა. ვფიქრობ, ტერორისტების შეიარაღებული ჯგუფების გამოჩენა აფხაზეთში, აჭარაში, საქართველოს სამხრეთ რაიონებში, სადაც მათთვის რაიმე საყრდენი არსებობს, სავსებით შესაძლებელია”.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ახალი წესრიგი ყალიბდება, რომელიც, შესაძლოა, საქართველოსთვის ძალიან სახიფათო გამოდგეს.

რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა საერთო ენა გამონახეს; მეტიც, ამ სახელმწიფოებს შორის იკვეთება ერთგვარი ალიანსი, რომელიც უსათუოდ გამოიწვევს პოლიტიკური დღის წესრიგის ახალი ფორმატის შექმნას რეგიონში. ამ ალიანსის მთავარი მიზანი არის მონოპოლარული მსოფლიო წესრიგის, უფრო ზუსტად, უწესრიგობისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიის ეპოქის დასრულება. როგორც ცნობილია, სომხეთს რეგიონის ამ სამი ძირითადი მოთამაშიდან ორთან _ რუსეთთან და ირანთან _ კარგი ურთიერთობები აქვს. თურქებისა და აზერბაიჯანელების ურთიერთობაზე სათქმელიც აღარაფერია. მოკლედ, რეგიონში საქართველო რჩება მითური ევროატლანტიკური ორიენტაციის ერთადერთ სუბიექტად, რომელიც სინამდვილეში არის მხოლოდ ინსტრუმენტი და პლაცდარმი ვაშინგტონის ხელში. თურქეთში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე კი ცხადია, რომ არც მოსკოვს, არც თეირანსა და არც ანკარას ხელს არ აძლევს ასეთი პლაცდარმის არსებობა კავკასიაში, რაც, შესაძლოა, მძიმე შედეგებით დასრულდეს, თუ ხელისუფლებამ გონივრული ნაბიჯები არ გადადგა. ამ საკითხზე რამდენიმე ცნობილ ექსპერტს ვთხოვეთ კომენტარი.

ტერორისტების გამოჩენის საშიშროება დიდია აფხაზეთშიც, აჭარაშიც და სამხრეთ საქართველოშიც

ვახტანგ მაისაია, ექსპერტი სამხედრო საკითხებში:

_ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის საჯარისო ნაწილების ჩარევის შემდეგ ტერორისტებმა ფიასკო განიცადეს. პოლიტოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ შესაძლოა, ტერორისტებმა იმ ტერიტორიებისკენ გადაინაცვლონ, რომლებიდანაც რუსეთისთვის დარტყმის მიყენებას შეძლებენ. არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ეს ტერიტორია საქართველო იყოს, კერძოდ, აჭარა, აფხაზეთი და საქართველოს სამხრეთ რაიონები?

_ დიდი ხნის წინათ ვსაუბრობდი ტერორიზმის საფრთხეზე. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდები და პროგნოზები გამართლდა

ჯიჰადისტები ცდილობენ, კავკასიაში ააღორძინონ “კავკასიის ემირატის” სტრუქტურა, ადგილობრივმა ჯამაათის ამირებმა უნდა აირჩიონ მთავარი ამირა. ეს პროცესი თითქმის დასრულებულია. სირიაში განცდილი კრახისა და დანაკარგის შემდეგ ცდილობენ ახალი ბირთვების შექმნას ავღანეთში, პაკისტანში, იემენსა და ლიბიაში, თუმცა მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაშიც შეიქმნას აქტიური ჯგუფები. მათ აქვთ ქსელი სახელწოდებით “ვილაიეთ კავკასი”. ტერორისტები ასე ჯგუფ-ჯგუფად აპირებენ გააქტიურებას რუსეთში, მათთვის ხელსაყრელია ვოლგისპირეთსა და ციმბირში არსებული მუსლიმანური გაერთიანებები. შესაბამისად, ტერორისტების გამოჩენის საშიშროება დიდია აფხაზეთშიც, აჭარაშიც და სამხრეთ საქართველოშიც. ტერორისტები შეეცდებიან, შექმნან თავიანთი დაჯგუფებები. მოსალოდნელია კავკასიური ვილაიეთის შექმნაც.

ჩვენი სახელმწიფო ტერორიზმს მარტო ვერ გაუმკლავდება, ალბათ, ერთიანი მოდელი უნდა შემუშავდეს, სახელმწიფოები უნდა გაერთიანდნენ. რამდენიმე კვირის წინათ ფაქტის წინაშე დავდექით და ვნახეთ, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები 22 საათის განმავლობაში სამ ადამიანს დასდევდნენ.

_ მსოფლიო ახალი წესრიგის წინაშე დადგა _ რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა აშშის ჰეგემონიის დასასრულებლად საერთო ენა, ასე თუ ისე, გამონახეს; მათ საერთო ინტერესებიც გაუჩნდათ, რუსეთსომხეთისა და აზერბაიჯანთურქეთის ურთიერთობებსაც თუ გავითვალისწინებთ, საქართველო რჩება ვაშინგტონის ერთადერთ პლაცდარმად რეგიონში, რომელიც აშშის მოწინააღმდეგეებს, ფაქტობრივად, სამიზნეში ეყოლებათ ამოღებული. რას მოგვიტანს ეს ვითარება?

_ ამერიკის პოზიციები სუსტდება, იქ არეულობაა. აშკარაა, რომ კავკასიის მიმართულებით ამერიკა ვეღარ “ქაჩავს”. რუსეთის, თურქეთისა და ირანის გაერთიანება ვითარდება და რეგიონზეც მისი გავლენა იზრდება. თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი მზად არის რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობისთვის. საქართველო ამ ვითარებაში გაურკვეველ მდგომარეობაშია, რუსეთთან ლავირების საშუალებაც არ გვაქვს, ეს ცუდია.

საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, პროჩინური ორიენტაცია აირჩია: დასავლეთზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ჩინეთს ანიჭებს უპირატესობას. ამით სურს, ჩინეთის გავლით გავიდეს ევრაზიულ სივრცეზე. ეს ჩემი მოსაზრებაა… თუ დააკვირდებით, ამერიკა უწინდელ ყურადღებას აღარ იჩენს საქართველოს მიმართ. ამერიკელებმა დაამტკიცეს სამხედრო ბიუჯეტი და მასში საქართველო არ არის მოხსენიებული, უკრაინას კი 350 მილიონი დოლარი გამოუყვეს. ამერიკას ძალა აღარ აქვს. მისი ჰეგემონია, დიდი ხანია, დაირღვა, საგარეო დახმარებების გაცემაც აღარ შეუძლიათ.

მამუკა არეშიძე
მამუკა არეშიძე

ჩატაევისა და მისი გუნდის საქართველოში ყოფნის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ზურგის ბაზის მომზადება იმ მოძრაობისთვის, რომლის რეანიმაციაც ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

_ ტერორიზმმა კავკასიისკენ რომ გადმოინაცვლა, აშკარაა და ჩვენ ამას ვხედავთ. ახმედ ჩატაევისა და მისი გუნდის საქართველოში ყოფნის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ზურგის ბაზის მომზადება იმ მოძრაობისთვის, რომლის რეანიმაციაც ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ტერორისტული მოძრაობის მოქმედებები შეჩერებული იყო.

ვფიქრობ, აფხაზეთში გამორიცხულია ტერორისტების მოქმედება, რადგან იქ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ყველა საეჭვო მოძრაობა გაანადგურეს ჯერ კიდევ 2013 წელს. სალაფიტური მოძრაობის წევრები აფხაზეთში აღარ არიან. აჭარაში არიან სალაფიტები და ისინი იბრძოდნენ სირიაში, მაგრამ თურქეთისა და “ისლამური სახელმწიფოს” კულუარული მეგობრობა დასრულდა და თურქეთისთვის ხელისშემშლელია მათი არსებობა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც თვითონ აკონტროლებს, ანუ აჭარაში, ხოლო ქვემო ქართლში სალაფიტების მოძრაობა, რომელიც ნამდვილად არსებობს, აშკარაა.

_ რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა საერთო ენა მეტნაკლებად გამონახეს, მათ საერთო ინტერესებიც გაუჩნდათ, რუსეთსომხეთისა და აზერბაიჯანთურქეთის ურთიერთობებსაც თუ გავითვალისწინებთ, საქართველო რჩება ვაშინგტონის ერთადერთ პლაცდარმად რეგიონში, რომელიც აშშის მოწინააღმდეგეებს, ფაქტობრივად, სამიზნეში ეყოლებათ ამოღებული

_ რუსეთის, ირანისა და თურქეთის კავშირი თემატურია. თურქეთი და მისი ლიდერი რეგიონული წესრიგის შექმნისას არ დაუშვებენ, რომ სხვა იყოს ლიდერი, განსაკუთრებით, ირანი. დღეს ერთმანეთს თბილად ელაპარაკებიან, მაგრამ მათი საუბრები მაინც თემატურია. ირანი თვითონ ცდილობს, ახლო აღმოსავლეთის ლიდერი გახდეს. რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობაც თემატურია, მათ საერთო მტერი ჰყავთ _ ამერიკა. ამ რთულ ვითარებაში საქართველო ვალდებულია, მოქნილი საგარეო პოლიტიკა აწარმოოს, განსაკუთრებით _ რეგიონული პოლიტიკა. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სტრატეგიული გეგმა გაწერილი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ აქვს.

იერუსალიმის საკითხზე საქართველო კარგად მოიქცა, ნეიტრალიტეტი არჩია, მაგრამ ეს ტენდენციად იქცა, ჩვენი ხელისუფლება ყველგან პასიურობას ირჩევს.

ტრისტან წითელაშვილი
ტრისტან წითელაშვილი

საქართველოდან რუსეთისთვის დარტყმა არ არის ძნელი და ამას ბევრი ქვეყანა უწყობს ხელს”        

ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი, თადარიგის პოლკოვნიკი:

_ ერთი თვის წინათ სრულიად საქართველომ იხილა, რა მოხდა ქვეყანაში და როგორ შემოვიდნენ ტერორისტები ფარულად. ახმედ ჩატაევი ქვეყანაში უპრობლემოდ შემოვიდა, რაშიც მას სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ. ტერორიზმთან დაკავშირებული ფარული დაჯგუფებები ჩვენს ქვეყანაში არსებობენ და რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებენ.

ჩვენი ქვეყნიდან რუსეთისთვის დარტყმა არ არის ძნელი და ამას ბევრი ქვეყანა უწყობს ხელს. პანკისის ხეობიდან ყოველთვის გადადიოდნენ რუსეთში და ტერორისტული აქტების მოწყობას ცდილობდნენ. ძალიან ყურადღებით უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება, რადგან ჩვენ არ გაქვს საშუალება, გავუმკლავდეთ ტერორისტებს.

თუ საქართველო ურთიერთობის მოგვარებას არ შეეცდება რუსეთთან, ჩვენი მდგომარეობა გაუარესდება. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა ივაჟკაცოს და გადაწყვეტილება თავად მიიღოს, ამერიკის ელჩის რეკომენდაციებს არ უნდა უსმინოს. თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ ას ოთხმოცი გრადუსით შემობრუნდა… ჩვენ გაჩხერილები ვართ, ჩვენთან დასამარებულია პოლიტიკაც და ეკონომიკაც. თუ გვინდა, ხვალ და ზეგ განვითრების პერსპექტივა გვექნეს, რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოვაგვაროთ და მოვხვდეთ ახალ წესრიგში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, სამწუხაროდ, უმოქმედობის სინდრომით არის შეპყრობილი.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here