მთავარი საზოგადოება “საქართველო და მსოფლიო” 10 წლისაა!

“საქართველო და მსოფლიო” 10 წლისაა!

523
გააზიარეთ
“საქართველო და მსოფლიო” 10 წლისაა!

წერთ სიმართლეს, წერთ იმას, რასაც ვამბობ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წერთ ყველაფერზე

მერაბ ბლადაძე
მერაბ ბლადაძე

მერაბ ბლადაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი:

_ მოთხოვნად იქცა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, სამწუხაროდ, ბევრი გაზეთი ისე ავრცელებს სტატიასა თუ ინტერვიუს, რომ მე, როგორც რესპონდენტი, ხშირად იძულებული ვყოფილვარ, “ახსნა-განმარტება” გამეკეთებინა და საზოგადოება დამერწმუნებინა, რომ, რაც იქ წერია, არ მითქვამს. ეს ძალიან ცუდია…

პატივს ვცემ თქვენს გაზეთს იმიტომ, რომ სიმართლეს წერთ და არ “მეშინია” ინტერვიუს მიცემა “საქართველო და მსოფლიოსთვის”. წერთ სიმართლეს, წერთ იმას, რასაც ვამბობ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წერთ ყველაფერზე… გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას!

ზურაბ კვარაცხელია
ზურაბ კვარაცხელია

საქართველო და მსოფლიომართალი გაზეთია

ზურაბ კვარაცხელია, მოძრაობასამეგრელოსერთერთი ხელმძღვანელი:

_ უწინარესად, დიდი მადლობა რედაქციას, რომ მეძლევა შესაძლებლობა, გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება გაზეთის მიმართ. მინდა გითხრათ, რომ წლებია “საქართველო და მსოფლიოს” მუდმივი მკითხველი ვარ და ყოველ ოთხშაბათს მოუთმენლად ველოდები მის ახალ ნომერს. გაზეთს უკვე 10 წელი შეუსრულდა. 10 წელია, საქართველოში “საქართველო და მსოფლიოს” სახით არსებობს გაზეთი, რომელიც უდავოდ არის ფლაგმანი ქართულ ბეჭვდით მედიასივრცეში. თუ რატომ მიმაჩნია “საქართველო და მსოფლიო” ქართული მედიასივრცის ფლაგმან გაზეთად, შევეცდები, ლაკონურად ავხსნა: ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და ტრადიციულ-ქრისტიანულ ფასეულობებზე ორიენტირებულია, ინფორმაციულ-ანალიტიკურია, თემატურად მრავალფეროვანია, გაზეთის ფურცლებზე გაშუქებული თემატიკა უაღრესად აქტუალურია… ბოლოს და ბოლოს, მაღალპროფესიონალურია.

მართალი გაზეთია “საქართველო და მსოფლიო” და სწორედ ამაშია ამ გაზეთის უმთავრესი ხიბლიც და ღირსებაც. სამწუხაროდ, ქართულ მედიასივრცეში დეფიციტია სიმართლის და, ამ სავალალო მოცემულობაში მით უფრო მნიშვნელოვანია და დასაფასებელიც, რომ არსებობს გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ _ საზოგადოებრიობის ინფორმირებას ერთი და ორი გაზეთი რომ ვერ გასწვდება, აქსიომაა, მაგრამ ქვეყანაში, ასე თუ ისე, ამჟამად არსებობს საზოგადოების მეტ-ნაკლებად მაინც სწორად ორიენტირებული და არადეზორიენტირებული ნაწილი. ეს კი, მნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისითაც, რადგან მომავალში ჩვენ გავხდებით მოწმენი იმისა, რომ სამშობლოს გადარჩენისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე ეს იქნება უაღრესად საჭიროც და გამოსადეგიც. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ გათვითცნობიერებული ადამიანები იტყვიან გადამწყვეტ სიტყვას საქართველოს გადარჩენისათვის ბრძოლის საკრალურ საქმეში. აი, ამ კონტექსტშიც უნდა დავინახოთ ჩვენ ქვეყნის მომავლის წინაშე გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” სარედაქციო კოლექტივის ისტორიული მნიშვნელობა. შემხვედრია ბევრი ადამიანი, რომლებსაც უთქვამთ: მადლობა ღმერთს, ეს გაზეთი მაინც რომ არსებობს ერთ-ორ გაზეთთან ერთად, თორემ სრულ წკვარამში ვიქნებოდითო. მსურს, მივულოცო “საქართველო და მსოფლიოს” კოლექტივს ათი წლისთავი და ვუსურვო შემდგომშიც ასეთივე შემართებით ეღვაწოთ მამულის საკეთილდღეოდ!

ვახტანგ გვარამია
ვახტანგ გვარამია

საქართველო და მსოფლიოარის გაზეთი, რომელსაც კითხულობს ყველა, ვისაც სიმართლის გაგება უნდა

ვახტანგ გვარამია, გენერალმაიორი:

_ ათი წელიწადი გაზეთისთვის არ არის დიდი დრო, მაგრამ თქვენ უკვე შეძელით, მიგეღწიათ წარმატებისთვის. “საქართველო და მსოფლიო” არის გაზეთი, რომელსაც კითხულობს ყველა, ვისაც აზროვნება შეუძლია, ყველა, ვისაც სიმართლის გაგება უნდა. წერთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც საღად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილს აინტერესებს, ალტერნატიულ ინფორმაციას სთავაზობთ ქართველს საზოგადოებას. გახსოვთ წარსული, ფიქრობთ მომავალზე და რეალურად აშუქებთ აწმყოს.

ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ოთხშაბათს ელოდებიან, ელოდებიან, რათა “საქართველო და მსოფლიო” შეიძინონ და შეიტყონ სიმართლე, სიმართლე საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ. დიახ, ეს ლიტონი სიტყვები არ არის, თქვენ ახერხებთ ისევე გააშუქოთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, როგორც საქართველოსი.

უაღრესაც გონიერი, საქმეში გათვითცნობიერებული, ნიჭიერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ხართ. საქმე იცით და რესპონდენტებიც შესაბამისად საქმის მცოდნე და საინტერესო გყავთ. არასოდეს წამიკითხავს თქვენს გაზეთში არაპროფესიონალური, საფუძველსმოკლებული ინფორმაცია და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქმის არსში კარგად ერკვევით. ზუსტად სვამთ აქცენტებს, იცით, რა არის კვირის მნიშვნელოვანი მოვლენა, რა აინტერესებს ხალხს _ ეს თითქმის შესისხლხორცებული გაქვთ.

წარმატებებს გისურვებთ. ვიცი, ბევრი დაბრკოლება გაქვთ, მაგრამ უძლებთ, რადგან იცით, რომ მართალ საქმეს აკეთებთ და, რაც მთავარია, გწამთ იმის, რასაც აკეთებთ.

გისურვებთ ბევრ ერთგულ მკითხველს, რომლებიც ისედაც არ გაკლიათ.

გულბაათ რცხილაძე
გულბაათ რცხილაძე

კვლავაც პირუთვნელად გაგეშუქებინოთ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები!”

გულბაათ რცხილაძე: “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ კარგად მახსოვს, რომ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” პირველი ნომერი 2009 წელს გამოვიდა, გამიხარდა, რომ ისეთი გაზეთი გამოიცა პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელიც პასკვილებს არ ავრცელებს მეზობელი სახელმწიფოს მიმართ, არამედ ცდილობს, ანალიზი გაუკეთოს მოვლენებს და პრობლემების არსი გამოავლინოს. “საქართველო და მსოფლიომ” იმთავითვე კეთილშობილური მიზანი დასახა _ აღდგეს მეგობრობა და ურთიერთგაგება საქართველოსა და რუსეთს შორის, გააზრებულ იქნას საქართველოს ეროვნული ინტერესები, საქართველოს ფუნქცია და როლი მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. ოდნავ მოგვიანებით შევიტყე, რომ “საქართველო და მსოფლიო” ცნობილი ქართველი პოლიტოლოგის, პატრიოტისა და დიდად პატივცემული პიროვნების _ ალექსანდრე ჭაჭიას თაოსნობით დაარსებულა. ბატონმა ალექსანდრემ იმთავითვე სრულიად ახალი, თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის გატარების საშუალება მისცა შემოქმედებით კოლექტივს, რაც დღემდე გრძელდება. გაზეთის დაარსებიდან მალე გავიცანი ეს კოლექტივი და გამომცემლები. დიდი სიამოვნებით ვიხსენებ იმ დროს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ქვეშ გმინავდა. ეს იმიტომ, რომ იყო ერთი მიზანი, ნდობა ადამიანებს შორის და შესაბამისად, ოპტიმისტური განწყობა. რედაქციაში ჩემს კოლეგებთან ურთიერთობის არც ერთი ეპიზოდი არასდროს დამხვედრია წინ ცუდად. ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს.

გაზეთ “საქართველო და მსოფლიო” წარმოუდგენელი იქნებოდა შესანიშნავი პროფესიონალის, ახალგაზრდა და ენერგიული რედაქტორის _ ირაკლი თოდუას გარეშე. მას ყოველთვის ჰქონდა საკუთარი მოსაზრება, ყოველთვის კრიტიკული თვალით კითხულობდა გამოსაქვეყნებელ მასალებს. უდიდესი დანაკლისია ირაკლის მოულოდნელი გარდაცვალება, გარდა იმისა, რომ უდიდესი ადამიანური ტრაგედიაა. ვფიქრობ, რომ გაზეთის რედაქციის ამჟამინდელი შემადგენლობა კვლავაც გააგრძელებს აწ განსვენებული მთავარი რედაქტორის მიერ დანერგილ საუკეთესო ჟურნალისტურ ტრადიციებს.

ჩემს კოლეგებს ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებებს, კვლავაც პირუთვნელად გაგეშუქებინოთ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები!

მერაბ ზურაბაშვილი
მერაბ ზურაბაშვილი

ვისურვებ, უფრო ღრმად ჩაგეხედოთ ქართველი კაცის ყოფაცხოვრებაში

მერაბ ზურაბაშვილი, გურჯაანის მკვიდრი, გაზეთსაქართველო და მსოფლიოსაქტიური მკითხველი:

_ გილოცავთ გაზეთის დაარსებიდან 10 წლისთავს! თუკი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის ვინმე რამეს აკეთებს ამ ქვეყანაში, ეს თქვენი გაზეთი “საქართველო და მსოფლიოცაა”. მინდა ისიც გითხრათ, რომ მიუხედავად თქვენი დიდი ძალისხმევისა, დაუღალავი შრომისა, ეს საკმარისი არ არის. ვისურვებ, უფრო ღრმად ჩაგეხედოთ ქართველი კაცის ყოფა-ცხოვრებაში, რადგან ქართველი გლეხის შრომამ უნდა შექმნას ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ფეხზე დააყენებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაზე მტკივნეულ საკითხზე აქტიურად წეროს “საქართველო და მსოფლიომ”, გაზეთმა, რომლის გამოსვლასაც ყოველ ოთხშაბათს, ჩვენ, მშრომელი ხალხი, სულმოუთქმელად ველოდებით. ქვეყნის გადარჩენა მშომელ გლეხს შეუძლია და ამიტომ მინდა, ამ საკითხებით უფრო მეტად დაინტერესდეთ; მეტად ჩაერთოთ სოფლის ცხოვრებაში, გახვიდეთ რაიონებში, აღწეროთ სოფლად მცხოვრები ადამიანების ყოფა. სოციალურ თემებზე უფრო მეტი ყურადღების გამახვილება გაცილებით დიდ პოპულარობას მოგიტანთ, ყველას ოჯახში შეაღწევთ, შვებას მოჰგვრით უბრალო ხალხს. ჯერ კიდევ გლეხის შრომაზე დგას საქართველო, ეს თქვენ არ გესწავლებათ და ამიტომაც ვამბობ თქვენთან. მინდა, ისეთ წარმატებას მიაღწიოთ, რომ იყოთ ყველგან და ყველასთან.

ყველა გაზეთი თუ ტელევიზია ვიღაცის ინტერესების გატარებით არის დაკავებული, ისინი მხოლოდ, გარყვნილებზე და წყალწაღებულებზე საუბრობენ, ამიტომ თქვენი იმედი გვაქვს, რომ მშრომელი ხალხის ინტერესებს დაიცავთ, გისურვებთ წარმატებებს გურჯაანში მცხოვრები თქვენი გაზეთის ყველა გულშემატკივრის სახელით.

რამაზ გერლიანი
რამაზ გერლიანი

ძალიან თავისუფლები ხართ, ასე განაგრძეთ!”

რამაზ გერლიანი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი:

_ გილოცავთ 10 წლისთავს! ძალიან მომწონს თქვენი გაზეთი, რადგან უყურადღებოდ დეტალსაც კი არ ტოვებთ. გაქვთ კრიტიკული შენიშვნები, სწორად სვამთ აქცენტებს, შეკითხვებს, რაც თქვენს მაღალპროფესიონალიზმზე მეტყველებს. ძალიან თავისუფლები ხართ, ასე განაგრძეთ!.. არის საკითხები, რომლებზე საუბარსაც ხშირად ბევრი გაზეთი და ტელევიზია თავს არიდებს, მაგრამ თქვენ ინტერესდებით. იყო ბევრი ისეთი საკითხი, რომლებიც სხვას უმნიშვნელოდ მოეჩვენა, მაგრამ თქვენ წარმოაჩინეთ მნიშვნელოვნად და საზოგადოების ყურამდე მიიტანეთ. ამ სიტყვებს ჰაერზე არ ვამბობ, ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. ასე რომ, მთელი გულით მინდა წარმატება გისურვოთ. მკითხველი არ მოგკლებოდეთ, იყავით მართალი, როგორიც დღეს ხართ, დარჩით ობიექტურები. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. კიდევ ბევრი საიუბილეო თარიღი მოელოცოს ქართველ მკითხველს “საქართველო და მსოფლიოსთვის”.

ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელია

მემკვიდრე წარსულისა, სარკე დღევანდელობისა და ორიენტირი მომავლისა _ ესაასაქართველო და მსოფლიო

ვალერი კვარაცხელია, ანალიტიკოსი:

ათი წელი გასულა… ისტორიისთვის წამია, გაელვებაა ათი წელი, ადამიანისთვის სერიოზული მონაკვეთია ცხოვრებისა, გაზეთისთვის კი ეპოქაა მთელი.

ეპოქა, არა მხოლოდ ბრძოლით გამოვლილი, არამედ ბრძოლით შექმნილი და მოპოვებული. ეპოქა _ მის მიერ წაკითხული და მასშივე წასაკითხი _ ესაა “საქართველო და მსოფლიო”.

სახელი კარგად მიგნებული და კარგად მორგებული. საქართველო არამხოლოდ შიგნიდან, საკუთარი ნაჭუჭიდან დანახული, არამედ მსოფლიო კონტექსტში განხილული, გარე სამყაროსთან შესაბამისობაში აღწერილი და გააზრებული _ ესაა “საქართველო და მსოფლიო”.

გაზეთი მამხილებელი, გაზეთი მებრძოლი, გაზეთი მეამბოხე, გაზეთი მედროშე, გაზეთი წინამძღოლი _ ესაა “საქართველო და მსოფლიო”.

შექმნილი მატიანე, გაზეთის ნომრებსა და წიგნებში განივთებული ისტორია ეპოქისა _ ესაა “საქართველო და მსოფლიო”. მემკვიდრე წარსულისა, სარკე დღევანდელობისა და ორიენტირი მომავლისა _ ესაა “საქართველო და მსოფლიო”.

გუნდი ბრძოლაში ნაწრთობი, გამოცდილ-გამობრძმედილი, ზოგი ათი წლით გაზრდილი, ზოგი ათი წლით შებერებული, მაგრამ დაუღლელი, კვლავაც შემართული, კვლავაც ერის სადარაჯოზე მდგარი _ ესაა “საქართველო და მსოფლიო”.

ტკივილიანი ათი წელი, ბრძოლის ველზე დაცემული ახალგაზრდა ლიდერი ირაკლი თოდუა. გული, უსამართლობასთან ბრძოლაში გახეთქილი და გაჩერებული _ ესაა “საქართველო და მსოფლიო”.

ისტორიისთვის წამია, გაელვებაა ათი წელი, ადამიანისთვის სერიოზული მონაკვეთია ცხოვრებისა, გაზეთისთვის ეპოქაა, საუკუნეა მთელი.

მრავალსაუკუნოვანი სიცოცხლე “საქართველო და მსოფლიოს”. წარმატებები თქვენ, ძვირფასო კოლეგებო!

ტარიელ სუხიაშვილი
ტარიელ სუხიაშვილი

თქვენ მოიპოვეთ სიმართლისათვის მებრძოლი, ეროვნული სულისკვეთების მქონე გაზეთის სახელი და ხალხის დამსახურებული სიყვარული და პატივისცემა

ტარიელ სუხიაშვილი, თბილისის მკვიდრი, “გაზეთ საქართველო და მსოფლიოსმკითხველი:

_ გულით გილოცავთ გაზეთის დაარსებიდან 10 წლისთავს. ამ მცირე დროის განმავლობაში თქვენ მოიპოვეთ სიმართლისათვის მებრძოლი, ეროვნული სულისკვეთების მქონე გაზეთის სახელი და ხალხის დამსახურებული სიყვარული და პატივისცემა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ ძნელბედობის გამო გადახვეწილ თანამემამულეთა შორის. ისინი, ალბათ, ვერ მოახერხებენ, მოგილოცონ და ამიტომ მათი სახელითაც გილოცავთ. მათი სახელითაც მინდა თქვენ შემოქმედებით კოლექტივს ვუსურვო ჯანმრთელობა, სულის სიმხნევე და ახალი შემოქმედებითი წარმატებები.

მინდა, როგორი ფლაგმანებიც იყავით ჩვენი ყოფის მანკიერებათა მხილებაში, ასეთივე ფლაგმანები დარჩეთ ამ მანკიერებათა გამომწვევი მიზეზების მხილებაშიც, რაც საზოგადოების კონსოლიდაციისა და წინსვლის აუცილებელი პირობაა. მწამს, ერისა და ქვეყნისთვის ამ უკიდურესად გაუსაძლისი ყოფისა და ძნელბედობის ჟამს კვლავ უკომპრომისოდ დაიცავთ ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს.

გიორგი გოგოლაშვილი
გიორგი გოგოლაშვილი

საქართველო და მსოფლიომართალი გაზეთი იყო ყოველთვის და ასეთია დღესაც

გიორგი გოგოლაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

_ აღარც კი მახსოვს, თქვენს გაზეთთან პირველი შეხვედრა როდის მქონდა… თურმე ათი წელიწადი გასულა… თქვენ ახალდაარსებულები იყავით და ძალიან მომეწონეთ. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იყო ის, რომ ვამბობდი იმას, რასაც ვფიქრობდი, და გაზეთი ბეჭდავდა იმას, რასაც ვამბობდი. სამწუხაროდ, ეს ყველგან და ყოველთვის არ ხდება, ამას თქვენ აკეთებთ. საბედნიეროდ, “საქართველო და მსოფლიო” მართალი გაზეთი იყო ყოველთვის და ასეთია დღესაც. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც მაინტერესებდა: განათლება, მეცნიერება, სკოლა თუ უმაღლესი სასწავლებელი, თქვენც გაინტერესებდათ. თქვენ მეცნიერებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანეთ იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” სკოლაში დაბრუნების საქმეში.

მიხარია, რომ ისეთი პროფესიული ტრიბუნიდან, როგორიც “საქართველო და მსოფლიოა”, ვესაუბრები ჩვენს მკითხველს.

მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, გისურვებთ წარმატებებსა და გამარჯვებებს ამგვარივე შემართებითა და ამგვარივე სიმართლით!

ნიკოლოზ მჟავანაძე
ნიკოლოზ მჟავანაძე

საზოგადოებას ყოველთვის აწვდით მოვლენების სწორ და სიღრმისეულ ანალიზს

ნიკოლოზ მჟავანაძე, “უფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე:

_ დღევანდელ ვითარებაში, როცა საინფორმაციო ველის უდიდესი ნაწილი მონოპოლიზებულია ერთი იდეოლოგიის მიერ და განსხვავებული თვალსაზრისის მქონე სუბიექტები სრულ მედიაბლოკადაში იმყოფებიან, ეს გაზეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, საზოგადოებას ყოველთვის აწვდით მოვლენების სწორ და სიღრმისეულ ანალიზს, ზუსტ ფაქტებსა და შეფასებებს, რაც, რა თქმა უნდა, დასაფასებელია. სწორედ ამიტომ ჰყავს ამ გაზეთს თავისი ერთგული მკითხველი და მჯერა, მომავალში უფრო მეტიც გეყოლებათ. გილოცავთ ათი წლის იუბილეს და წარმატებებს გისურვებთ! ვფიქრობ, მომავალი სწორედ თქვენნაირ სამართლიან და ობიექტურ გაზეთებს აქვთ.

ლევან ჩაჩუა
ლევან ჩაჩუა

ეს არის ერთერთი გამორჩეული გაზეთი

ლევან ჩაჩუა, პარტიაქართული იდეისთავმჯდომარე:

_ გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული გაზეთი იმ ღირსეულ და ობიექტურ მედიასაშუალებებს შორის, რომლებშიც კონსერვატიული მოსაზრებების მქონე ადამიანებს შეუზღუდავად ეძლევათ თავიანთი პოზიციების გამოხატვის საშუალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით “საქართველო და მსოფლიო” ნამდვილად არის მოწინავე გაზეთი დღევანდელ რეალობაში. გილოცავთ იუბილეს და წარმატებებთან ერთად, მინდა, გამძლეობაც გისურვოთ! ღმერთმა კიდევ დიდხანს მოგქცეთ იმ ჭეშმარიტი საქმის კეთების საშუალება, რომელსაც, უკვე 10 წელია, ღირსეულად ემსახურებით.

მამა გიორგი (რაზმაძე)
მამა გიორგი (რაზმაძე)

საინფორმაციო საშუალება, რომელიც ჭეშმარიტებას ემსახურება

მამა გიორგი (რაზმაძე), ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი:

_ გილოცავთ ათი წლის იუბილეს და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ! ათი წელი ღირსეულად აკეთეთ, რაც უნდა გეკეთებინათ, და კვლავაც განაგრძეთ ინფორმირება ქართველი საზოგადოების. ჩემს დამოკიდებულებას რაც შეეხება, თქვენ კარგად იცით, რომ განსაკუთრებულია ჩემთვის ეს გაზეთი. არ არის მარტივი დღევანდელ დროში, სიმართლეს ემსახურო და თქვენ, ფაქტობრივად, ერთადერთი საინფორმაციო საშუალება ხართ, რომელიც ჭეშმარიტებას ემსახურება. ჭეშმარიტების სამსახურში კი ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. უფალი შეგეწიოთ!

აკაკი ასათიანი
აკაკი ასათიანი

ეს გაზეთი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს

აკაკი ასათიანი, “ტრადიციონალისტთა კავშირისთავმჯდომარე:

_ გილოცავთ! ათი წელი საკმაოდ დიდი დროა და ეს პერიოდი ღირსეულად გაიარეთ. რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, ვთვლი, რომ ეს გაზეთი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს იმით, რომ, განსხვავებით ძირითადი მიმდინარეობისგან, სწორი პოზიცია უკავია და ცდილობს, ობიექტურად გააშუქოს ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, იმიტომ, რომ დღევანდელ ვითარებაში ეს მიმართულება ან უკანა პლანზეა გადაწეული, ან, თუ შუქდება, მხოლოდ ერთ კონტექსტში… გისურვებთ, რომ ასეთივე შემართებით გაგეგრძელებინოთ საქმიანობა და ღირსეულად გეკეთებინოთ თქვენი საქმე. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!

ანზორ თოთაძე
ანზორ თოთაძე

გაზეთის პოპულარობა განპირობებულია კოლექტივის პროფესიონალიზმით

ანზორ თოთაძე, დემოგრაფი, პროფესორი:

_ მე, როგორც თქვენი აქტიური მიკითხველი, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ “საქართველო და მსოფლიო” ერთ-ერთი შესანიშნავი გაზეთია. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის და ყველა, ვისაც კი რამე შეხება აქვს ბეჭდურ მედიასთან, ამას აღიარებს. რით არის განპირობებული ამ გაზეთის პოპულარობა და სანდოობა საზოგადოებაში? ამას, უწინარესად, თქვენი კოლექტივის პროფესიონალიზმი, მაღალი დონის სტატიები და ანალიტიკური წერილები. რაც მთავარია, თქვენთან არ ქვეყნდება ჭორებზე აგებული, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი მასალები, რაც, სამწუხაროდ, დღეს ქართულ მედიაში და განსაკუთრებით პრესაში, ხშირია. გაზეთს აქვს აკადემიური სტილი და, განსხვავებით სხვა მედიასაშუალებებისგან, რომლებიც რეიტინგის ასაწევად ყველა ხერხს მიმართავენ, პროვოკაციებზე არ ხართ ორიენტირებული. საერთოდ, ამ გაზეთს სხვებისგან მკვეთრად გამოარჩევს ის, რომ ბულვარული არ არის. რასაც წერთ, ყოველთვის დაზუსტებულია. ვფიქრობ, ამ 10 წლის განმავლობაში იმაზე გაცილებით მეტი შევძელით, ვიდრე შეიძლებოდა, წარმოგედგინათ. ვიცი, იყო წინააღმდეგობები, წნეხი და ზეწოლა, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გაუძელით. ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის გრძნობთ საზოგადოების თანადგომას, და მთავარი _ იმიტომ, რომ სიმართლეს ემსახურებით. გისურვებთ წარმატებებს, სიკეთესა და მხნეობას, კიდევ დიდხანს შეგწევდეთ ძალა სიმართლის მსახურების! ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. გილოცავთ იუბილეს და ვუერთდები თქვენს სიხარულს. ასი წლის იუბილეც გეზეიმოთ!

გურამ ნიკოლაიშვილი
გურამ ნიკოლაიშვილი

გაზეთი, რომელიც მკითხველს კვალიფიციურ ანალიტიკას სთავაზობს

გურამ ნიკოლაიშვილი, გენერალლეიტენანტი:

_ არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ დღეს “საქართველო და მსოფლიო”, ფაქტობრივად, ერთადერთი გაზეთია, რომელიც მკითხველს მაღალი დონის, კვალიფიციურ ანალიტიკას სთავაზობს. მეტიც, ვფიქრობ, ეს დიდწილად ნიშაც კია ამ გაზეთის. ამასთანავე, ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მკითხველისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გაზეთი არის აკადემიური. აქ წაშლილი არ არის ზღვარი კრიტიკასა და შეურაცხყოფას, მხილებასა პიროვნულ დონეზე შეხებას შორის, რაც ზოგიერთ მედიასაშუალებაში არაა დაცული, ამიტომ არის (და არა მხოლოდ ამიტომ) ჩემთვის, ისევე, როგორც უამრავი ადამიანისთვის, ეს გაზეთი გამორჩეული. გილოცავთ იუბილეს და ვისურვებდი, რომ სულ ასეთი შემართებით ყოფილიყავით. გფარავდეთ ღმერთი. გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს!

დიმიტრი ლორთქიფანიძე
დიმიტრი ლორთქიფანიძე

საქართველო და მსოფლიომქართულ ბეჭდურ მედიაში შექმნა მაღალი სტანდარტი

დიმიტრი ლორთქიფანიძე, უფლებადამცველი:

_ არ შემიძლია, მილოცვა არ დავიწყო თქვენი აწ განსვენებული მთავარი რედაქტორისა და არაჩვეულებრივი პიროვნების, ირაკლი თოდუას, გახსენებით, რომელიც დღესაც უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული ამ გაზეთთან. მან, ფაქტობრივად, ეპოქა შექმნა ბეჭდურ მედიაში და, თუ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ “საქართველო და მსოფლიოს” გააჩნია მართლაც დამსახურებული რეიტინგი და სარგებლობს პოპულარობით საზოგადოებაში, ლომის წილი ამ საქმეში მიუძღვის სწორედ ირაკლი თოდუას. აი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გაზეთის შემდგომი პერიოდი უკვე იქნება კიდევ უფრო საპასუხისმგებლო, რადგან ის, რასაც წლების განმავლობაში მიაღწია ამ გამოცემამ, იყო ერთგვარი პიკი. რაც შეეხება ავტორიტეტს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული გაზეთი, რომელსაც, მიუხედავად გამუდმებული პროპაგანდისტული შეტევებისა და გამარგინალების მცდელობისა, ვერავინ უწოდა ტაბლოიდი. ცხადია, ამაში არის თითოეული თქვენგანის წვლილი და, რომ არა ის მაღალი პროფესიონალიზმი, რომლითაც თქვენ გამოირჩევით, აქამდე, ალბათ, ვერც მოხვიდოდით. “საქართველო და მსოფლიომ” ქართულ ბეჭდურ მედიაში შექმნა მაღალი სტანდარტი. ამისთვის დიდი მადლობა თქვენს კოლექტივს. ვისურვებ, რომ სხვებისთვისაც სამაგალითო ყოფილიყოს ეს ყველაფერი. გილოცავთ იუბილეს!

მამა დავითი (ისაკაძე)
მამა დავითი (ისაკაძე)

მედიასაშუალება, რომელშიც ყოველთვის თავისუფლად შეიძლება ადამიანმა გამოთქვას თავისი მოსაზრებები ეკლესიურ, ზნეობრივ და ეროვნულ საკითხებზე

მამა დავითი (ისაკაძე), წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი:

_ ეს საკმაოდ სოლიდური გაზეთია თავისი ანალიტიკური სიღრმეებით, ობიექტურობითა და არატენდენციურობით, როგორიც უნდა იყოს, საერთოდ, მედიასაშუალება. რაც მთავარია, ის არის მედიასაშუალება, რომელშიც ყოველთვის თავისუფლად შეიძლება ადამიანმა გამოთქვას თავისი მოსაზრებები ეკლესიურ, ზნეობრივ და ეროვნულ საკითხებზე. საერთოდ, ჩვენს დროში ამას ნაკლები ყურადღება ექცევა მედიაში და სასიხარულოა, რომ თქვენ ამ მხრივ ხშირად აძლევთ ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს თავიანთი თვალსაზრისის გამოხატვის საშუალებას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ, კიდევ მრავალი წელი გემსახუროთ ღვთისა და ერის სადიდებლად!

თემურ ჩალაბაშვილი
თემურ ჩალაბაშვილი

ეს გაზეთი ღიაა ყველასთვის. განსაკუთრებით ეროვნული სულისკვეთების მქონე ადამიანებისთვის, სასულიერო პირებისა და რიგითი მოქალაქეებისთვისაც

თემურ ჩალაბაშვილი, პოეტი:

_ მე, როგორც თქვენი ერთგული მკითხველი, თამამად ვიტყვი, რომ საუკეთესო და გამორჩეული გაზეთია. გამორჩეული არა მხოლოდ იმით, რომ სიმართლეს ემსახურებით, არამედ იმითაც, რომ ყოველთვის საინტერესოდ აწვდით მკითხველს სიმართლეს. საერთოდ, ერთია, რაღაც მოვლენა ობიექტურად გააშუქო, ამბავი მოყვე და გადმოსცე, მაგრამ, მეორეა, როგორ და რა ფორმით ახერხებ ამ ყველაფერს. თქვენ ამას განსხვავებულად აკეთებთ. ამბავთან ერთად ყოველთვის გაქვთ ხოლმე ანალიზი და შეფასება, მოვლენების ქრონოლოგია და პარალელები, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეს გაზეთი ღიაა ყველასთვის. განსაკუთრებით ეროვნული სულისკვეთების მქონე ადამიანებისთვის, სასულიერო პირებისა და რიგითი მოქალაქეებისთვისაც კი. არ არსებობს, ფაქტობრივად, საკითხი, მოვლენა და ამბავი, რომელსაც თქვენ არ ეხებით და ეხმაურებით… არ შემიძლია, არ გავიხსენო თქვენი აწ განსვენებული რედაქტორი, უნიჭიერესი და უბრწყონვალესი პიროვნება ირაკლი თოდუა. ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

გილოცავთ ჟურნალისტებს, ხელმძღვანელობას, დამფუძნებლებს, სარედაქციო კოლეგიას, წარმატებებს გისურვებთ. ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი!

ძვირფასო ,,საქართველო და მსოფლიო“!

სულითა და გულით გილოცავთ სრულიად ნორჩ ასაკს – დაბადებიდან 10 წლისთავს! მიყვარხართ იმიტომ, რომ მართალი და კომპეტენტური გაზეთი ხართ. სიმართლე კი სინათლეა! თქვენს გამო მოუთმენლად ველი ყოველ ოთხშაბათს. მიყვარხართ იმიტომაც, რომ თქვენ გატეხეთ ,,ყამირი“ ჩემი, როგორც ჟურნალისტი, რესპუბლიკურ გაზეთში ,,გამოჩენისა“, როდესაც 2017 წლის 29 მარტი-4 აპრილის ნომერში ჩემი წერილი გამოაქვეყნეთ. თქვენთვის სრულიად უცნობ ავტორს ორი გაშლილი გვერდი დამითმეთ. ეს ქნა თქვენი სულგანათლებული რედაქტორის ირაკლი თოდუას დიდმა კაცობამ, ობიექტურობამ და სიმართლის მოყვარეობამ, რომლის ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლასაც ყოველთვის ცრემლმორეული ვიხსენებ.

ამ წერილის შემდეგ ჩემი ,,მეურვეობა“ გაზეთმა ,,საქართველოს რესპუბლიკამ“ იკისრა. თავის დროზე ამ გაზეთსაც მივულოცე 100 წლისთავი და ამ მილოცვაში თქვენი დამსახურებაც აღვნიშნე.

თურმე ორჯერ დაგარბიეს უკვე, მაგრამ არ გატყდით. არც უნდა გატყდეთ და მუდამ იომოთ სამშობლოს გადარჩენისათვის! ამასთან დაკავშირებით მახსენდება ხალხური პოეზიის ერთი ბრწყინვალე ნიმუში; ხევსურებს, სოფელ არხოტში, მტერი დაეცათ. ცუდად იყო საქმე, მამაკაცები დანებებას აპირებდნენ. მაშინ ხევსური დედა ციხის ქონგურზე გადმოდგა და სიმონ ჩიქოვანის ქართლის დედასავით შემოსძახა:

,,არ გასტყდეთ, არხოტიონნო,

გატეხით რა იქნებისა;

ვინაც რო მაკვდა, დავმარხოთ,

კიდევაც გაიზრდებისა!“

მამაკაცებს შერცხვათ, მტერს შემოუბრუნდნენ და ,,კუდით ქვა ასროლინეს“!

მწამს, რომ სიმართლისათვის ბრძოლის დროშას არასოდეს დახრით!

უშანგი (უჩა) ჯანგირაშვილი,

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი.

ქ. ბორჯომი.

ბონდო მძინარაშვილი
ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს და მსოფლიო” _ გაზეთი გონიერი მკითხველისთვის

ბონდო მძინარაშვილი, ტელერადიოკომპანიაობიექტივისმთავარი რედაქტორი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი:

გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” 10 წლისაა. ამ ათ წელიწადში ნათლად გამოჩნდა, როგორ აკლდა ქართულ პრესას სერიოზული ჟურნალისტური ანალიზი და პუბლიცისტიკა. სწორედ ეს ნიშა დაიკავა “საქართველო და მსოფლიომ” და იმთავითვე მიიქცია გონიერი მკითხველის ყურადღება. გაზეთი ნომრიდან ნომრამდე იხვეწებოდა და მისი მთავარი რედაქტორის _ ირაკლი თოდუასა და რედაქციის თანამშრომლების თუ ავტორების მაღალი პროფესიონალიზმის დასტურს კვირაში ერთხელ ეცნობოდა აუდიტორია, რომელიც არა მხოლოდ ერთგული მკითხველი, არამედ დიდი გულშემატკივარიც იყო და არის დღესაც.

“საქართველო მსოფლიო” ახლა უკვე უპირობოდ ავტორიტეტული გამოცემაა, მის მიმართ მკითხველთა პატივისცემას კი რედაქციის თანამშრომელთა დიდი შრომა და პასუხისმგებლობა განაპირობებს. დარწმუნებული ვარ, 10 წლის წინათ ერთ პატარა ოფისში დაწყებული დიდი საქმე წარმატებით გაგრძელდება. ამ წარმატების მიმართ პოზიტიურ მოლოდინს განაპირობებს ჩემი ემოციური დამოკიდებულება გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსა” და მისი რედაქციის თანამშრომლების მიმართ. ამ ემოციას ღრმა საფუძველი აქვს, რადგან ათი წლის წინათ სწორედ ამ გაზეთში მომეცა ჩემი პროფესიული შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება, როცა, როგორც იტყვიან, დროებით უმუშევარს, ირაკლი თოდუამ დამირეკა და სამსახური შემომთავაზა. ეს დღე უმნიშვნელოვანესია ჩემს ცხოვრებაში. სწორედ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” გამოცემით დასრულდა ჩემი იძულებითი დასვენება, რომელიც მეც და ჩემსავით ათეულობით ჟურნალისტს მოგვისაჯა ნაცრეჟიმმა.

ახლა, ამ გადასახედიდან, კიდევ უფრო ვაფასებ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციაში გატარებულ თითოეულ წუთს, რადგან ის წლები მხოლოდ პროფესიული თვითგამოხატვისთვის არ დაგვიხარჯავს, გაზეთის გამომცემელთან ერთად სერიოზულ ბრძოლაში ვიყავით ჩაბმული და ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგეთ! თუმცა ომი არ დამთავრებულა, ომი ჩვენი სამშობლოს _ საქართველოს გადასარჩენად!

წარმატებებს გისურვებთ, კოლეგებო!

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. მეც გილოცავთ, ბევრ სიმართლეს ვიგებ თქვენი მეშვეობით. გაძლიერდით და უფალი გფარავდეთ!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here