Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოში გატარებული მიწის რეფორმის შედეგები

საქართველოში გატარებული მიწის რეფორმის შედეგები

172

1996 წლის 22 მარტს მიიღეს საქართველოს კანონისასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”. აღნიშნულის საფუძველზე 1992 წლიდან საქართველოს მოქალაქეთა კომლებისთვის (ოჯახებისთვის) გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე, 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკე, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ნაწილზე კერძო საკუთრება გამოცხადდა საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღების შემდეგ, 1997 წლის 25 ნოემბრიდან. 1998 წლის 28 ოქტომბერს მიიღეს საქართველოს ორი კანონი _ ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრების გამოცხადების შესახებ და “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ”. ეს კანონები ძალაში შევიდა 1998 წლის 12 ნოემბრიდან. პირველი კანონის შესაბამისად, თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები 1998 წლის 12 ნოემბრამდე კანონიერად სარგებლობდნენ მიწის ნაკვეთით, ეს მიწები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად სათანადო საფასურის გადახდის შემდეგ. ეს საფასური შეადგენდა 1999 წლის 1 იანვრამდე ერთი წლის მიწის გადასახადს, ხოლო 1999 წლიდან _ ერთი წლის მიწის გადასახადის ორმაგ რაოდენობას. 2010 წლის 21 ივლისს მიიღეს საქართველოს კანონი “სახელმწიფო ქონების შესახებ”.

1992 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ მიიღო დეკრეტი (#29) “საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობისა და სხვა სასოფლოსამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ”. დადგინდა: სახელმწიფო მეურნეობები, კოლმეურნეობები და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოები ვალდებულნი არიან, 1992 წელს გაატარონ რეორგანიზაცია.

ეს დეკრეტი არ შესრულდა. სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლოსამეურნეო საწარმოების ბაზაზე ნაცვლად გლეხური (ფერმერული) მეურნეობების, კოოპერაციული საზოგადოებების, კოოპერატივების შექმნისა, დაიწყო ქონების დატაცება _ განადგურდა მეცხოველეობის კომპლექსები, მეფრინველეობის თანამედროვე ფაბრიკები, მეღორეობის კომპლექსები, ვეტერინარული მომსახურების სადგურები, ჯიშთა გამოცდისა და სასელექციო სადგურები, მანქანატრაქტორთა პარკის სადგურები, დაიწყო ტრაქტორების ქურდობა და ჯართში ჩაბარებამეტიც, ათი გრამი სპილენძისთვის მწყობრიდან გამოჰყავდათ ძვირად ღირებული მოწყობილობებიქარხნებსა და ფაბრიკებში უნიკალურ დაზგადანადგარებს ჩალის ფასად ყიდდენ თურქეთსა და ირანში. გააუქმეს სოფლის მეურნეობის დარგის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტები და ლაბორატორიები.

ნიშანდობლივია ისიც, რომ განადგურდა მევენახეობამეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან არსებული 400-ზე მეტი უნიკალური ვაზის ჯიშის სანერგე მეურნეობა. კატასტროფულად შემცირდა ნათესი ფართობები, განადგურდა ჩაის ნარგავები, შემცირდა ვენახის, ციტრუსების, ხეხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები; მოიშალა (შეიძლება ითქვას _ განადგურდა) სოფლის მეურნეობის დარგის ინფრასტრუქტურა, თესლბრუნვები, მრავალწლიანი ნარგავების ნერგების წარმოება, ხელოვნური დათესვლის სადგურები, თესლის ხარისხისა და აღმოცენების დადგენის სამსახურები. ამასთან, კატასტროფულად შემცირდა მარცვლის, ხილის, ყურძნის, ჩაის, ხორცის, კვერცხის, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება და დამზადება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, დაიწყო დაშრობილი ფართობების მეორადი დაჭაობება, მოიშალა სარწყავი სისტემები, მიწიდან იღებდნენ სარწყავ მილებს და ჯართში აბარებდნენ _ გორისა და ქარელის რაიონებში მოიშალა ათასობით ჰექტარი დაწვიმებითი სარწყავი სისტემა, მალხაზის წვერზე მოწყობილი სრულიად ახალი, უახლესი ტექნოლოგიით მოწყობილი დაწვიმებითი სარწყავი სისტემა ჯართში ჩაბარდა. ანალოგიური მდგომარეობა იყო სიღნაღის რაიონის წნორის კომპლექსის დაწვიმებით სარწყავ სისტემაზე, ჯართში ჩააბარეს ფრეგატების დაწვიმებითი სარწყავი დანადგარები. ქურდობა იქამდეც კი მივიდა, რომ სოფლებში ელექტროსადენებს იპარავდნენ და ჯართში აბარებდნენ. საქართველოს ტყეებში შეწყდა ტყეთმოწყობის სამუშაოები, მოიშალა მცენარეთა დაცვის სამსახურები, ხეები დაავადდა, აღარ ტარდებოდა სანიტარული და მოვლითი ჭრები, დაიწყო ტყეების უსისტემო ჩეხვაგანადგურება.

1992-1998 წლებში საქართველოში ჩატარებული ნაჩქარევი და გაუაზრებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შედეგად საქართველოს სახნავი მიწები და მრავალწლიანი ნარგავები დაქუცმაცდა და განიავდა. ასეთმა მდგომარეობამ არა მხოლოდ ხელი შეუშალა სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში, არამედ უკან დასწია ის და ღარიბ, არსებობაზე ორიენტირებულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებად აქცია. მიწების ასეთი დანაწევრების შედეგად შეუძლებელია მექანიზაციის, გერბიციდების, სასუქების, შხამ-ქიმიკატებისა და სხვა სამუშაოების ეკონომიკურად, რაციონალურად გამოყენება. ასეთ პირობებში უაღრესად დაბალია შრომის ნაყოფიერება.

2005 წლამდე ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელსაც შემდეგ იხილავდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და დასამტკიცებლად წარუდგენდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტს. მას შემდეგ, რაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე (ჩვენის აზრით), ქართული მიწის ღალატის ფასად 2004 წელს ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მთავრობამ გააუქმა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, მასთან ერთად გაუქმდა მის დაქვემდებარებაში არსებული მიწათმოწყობის სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი და ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორია, გაჩერდა ნიადაგების კვლევისა და სხვა მიმდინარე სამუშაოები.

სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში (ამ დარგის ერთადერთ უმაღლეს სასწავლებელში) შეწყდა მიწათმომწყობთა კადრების გამოშვება. მიწის აღრიცხვა და მიწის ბალანსის შედგენა ქვეყანაში დღემდე არ ხორციელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს ვერავინ გეტყვით, რამდენი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გააჩნია ქვეყანას _ მათ შორის რამდენია კერძო, მუნიციპალური თუ სახელმწიფო საკუთრებაში. რაც მთავარია, არ ვიცით მიწის ფართობები დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით. არ ვიცით, რამდენი ჰექტარი ვენახი, ხილის ბაღები, ჩაი, ციტრუსი და სხვა კულტურები გვაქვს. არ არის დაზუსტებული საზღვრები რუსეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან.

საინტერესოა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2012 წელს როგორ შეიმუშავა “სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმა 2012-2022 ს.ს.”, როდესაც არ იცის, რამდენი სასოფლო-სამეურნეო სავარგული აქვს კულტურებისა და საკუთრების მიხედვით. არ სრულდება საქართველოს კანონები: “ნიადაგების დაცვის შესახებ” და “ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ”.

მართალია, 2019 წლის 25 ივნისს მიღებული იქნა ორი კანონი: “მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ” და “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გაკეთებულა.

დღეს ძნელი წამოსადგენია სხვა რომელიმე ქვეყანა, რომლის მთავრობას მხოლოდ პრივატიზებული (ან საპრივატიზებო) მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები აინტერესებდეს და არ იცოდეს, როგორ იცვლება ქვეყანაში მიწის კატეგორიები _ სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლა, რომელიც აქტუალური შეიქნა სავარგულის თითოეულ სახეზე გადასახადის მნიშვნელოვანი განსხვავების გამო. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რა რაოდენობა წავიდა ქალაქმშენებლობის, გზებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის და ა.შ., რაც მიწის მართვისა და რაციონალური გამოყენების საფუძველთა საფუძველია.

საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა, არსებული მიწის რესურსები და მდიდარი ბუნებრივრესურსული პოტენციალი კარგი მოვლაპატრონობის პირობებში შესაძლებლობას იძლევა, გადაწყდეს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა, ინვესტორების დაინტერესება და საყოფაცხოვრებო პირობების სათანადო დონემდე აყვანა. ამისათვის საჭიროა:

1. აღდგეს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი;

2. ყოველწლიურად გაკეთდეს მიწის ბალანსი;

3. მიღებულ იქნას მიწის კოდექსი;

4. ჩატარდეს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწების კონსოლიდაცია.

ანზორ მესხიშვილი,

ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი, სერტიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების, მიწის საკითხებში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here