მთავარი პოლიტიკა საქართველოში ამომრჩეველს ვინ რას ეკითხება _ მთავარია, ევროპასა და ამერიკაში კონკრეტულ ადამიანებს...

საქართველოში ამომრჩეველს ვინ რას ეკითხება _ მთავარია, ევროპასა და ამერიკაში კონკრეტულ ადამიანებს როგორ გუნებაზე გაეღვიძებათ

409
გააზიარეთ
საქართველოში ამომრჩეველს ვინ რას ეკითხება _ მთავარია, ევროპასა და ამერიკაში კონკრეტულ ადამიანებს როგორ გუნებაზე გაეღვიძებათ

 29 ივნისი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერებაო, _ ბრძანეს კანონმდებლებმა და საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენითდააჩაქუჩეს”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალ პარლამენტს 120/30-ზე სისტემით ავირჩევთ, ანუ 120 დეპუტატი პროპორციული სიით გავა, 30 _ მაჟორიტარულით. მართალია, არავინ გვიხსნის, 73 ოლქი 30-მდე როგორ დაიყვანეს და როგორ უნდა მიხედოს ერთმა მაჟორიტარმა, სულ ცოტა, 150 ათას ამომრჩეველს, მაგრამ ეს ხომ ამომრჩევლებისთვის არ კეთდება და არც არავინ ავალდებულებს დეპუტატებს, ხალხს მიხედონ, მთავარია, პარლამენტში მოხვდე და მერე მომავალ არჩევნებამდე შეგიძლია კვლავ ფეხებზე დაიკიდო ამომრჩეველი, როგორც წინა ოთხი წლის განმავლობაში გეკიდა.

ამ ყველაფერში მთავარია ის, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება ჩვენი სურვილი არ ყოფილა. ეს სურდა ევროპასა და ამერიკას. სწორედ ამერიკელი და ევროპელი ელჩების, დიპლომატებისა თუ კონგრესმენების ზეწოლის შედეგად დაიხია ხელისუფლებამ უკან და ხალხის აზრი არ გაითვალისწინა. თუ გახსოვთ, პირველი მცდელობისას ეს პროექტი ჩავარდა და ჩავარდა მარტივი მიზეზის გამო _ მაჟორიტარებმა თქვეს: ჩვენს ამომრჩეველს შევხვდით, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი არიან და ხომ გსმენიათ, ხმა ერისა, ხმა ღვთისაო. თუმცა, ამერიკაევროპის ჩარევამ კანონმდებლებს ერიც დაავიწყათ და ბერიც. ისინი უბრალოდ დაემორჩილნენსტრატეგიული პარტნიორებისგადაწყვეტილებას და მერე რა, რომ რამდენიმე თვით ადრე ამტკიცებდნენ, ამომრჩეველი წინააღმდეგიაო. საქართველოში ხომ ასეა _ არავინ ეკითხება ამომრჩეველს, მთავარია, ევროპასა და ამერიკაში კონკრეტულ ადამიანებს როგორ გუნებაზე გაეღვიძებათ.

ყველაზე საინტერესო და სასაცილო არის ის, რომ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის და, რაც მთავარია, დასავლელი პარტნიორების აზრით, ამ სისტემით, ძალიან დიდია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ალბათობა. როგორ წარმოგიდგენიათ ქართულ რეალობაში ის, რომ, მაგალითად, პრემიერმინისტრი იყოს გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი _ ელენე ხოშტარია, შინაგან საქმეთა მინისტრი _ ნიკანორ მელია და თავდაცვის მინისტრი შალვა ნათელაშვილი? ჯერ ხელისუფლებაში არ არიან და ოპოზიციამ სკამების გამო ერთმანეთი ლამის ჩაქოლოს (ახალი სერიები წინ გველოდება), სამთავრობო დაჯგუფებებსა და კლანებს შორის ომი კი ცალკე თემაა და ახლა დასავლეთს სურს, ამ ხალხმა ერთად, ერთ მინისტრთა კაბინეტში იმუშაოს. იცით, რატომ არის ეს გამორიცხული? იმიტომ, რომ პროპორციული სისტემით მუშაობა ვერ მოახერხა ისრაელმა, მოლდოვამ, უნგრეთმა, საბერძნეთმა, იტალიამ და კიდევ არაერთმა ქვეყანამ. ამ ქვეყნებში კოალიციური მთავრობა აირია, დაირია და საბოლოოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. ასე განსაჯეთ, ზოგ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მეორედაც დასჭირდათ, იმიტომ, რომ კვლავ კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა და, პირველის მსგავსად, ისევ არ გაამართლა.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ კოალიციური მთავრობა საქართველოშიც არ გაამართლებს. ისიც კარგად ვიცით, რომ ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ხელში გვიჭირავს, რაც ქვეყნის ბიუჯეტს კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი დაუჯდება, მერე ვიღაცას რაღაც არ მოეწონება, შეეცდება, პროტესტი გამოხატოს, შემდეგ პარლამენტის შენობაში შევარდნის ცდუნებაც გაჩნდება და წავალთ იმ მანკიერ წრეზე, რომელზეც, აგერ უკვე 30 წელიწადია, დავდივართ და თავი ვერ დაგვიღწევია. ზაზუნას უდებენ ხოლმე გალიაში რგოლს, რომელზეც დარბის, დარბის, იღლება, იქანცება, ისვენებს და მერე იმავეს ხელახლა აკეთებს. ასე გრძელდება წლობით, სანამ ზაზუნა არ მოკვდება და შემდეგ ახალი ზაზუნით ანაცვლებენ. მედიცინაში ზაზუნებს ცდებისთვის ხშირად იყენებენ და რატომღაც ისეთი განცდა მაქვს, რომ დასავლეთისთვის სწორედ იმ წრეზე თუ წრეში მორბენალი ზაზუნებივით ვართ და ახლა მშვიდად ელოდება, როდის დავიღლებით და როდის გავა იმდენი წელი, ბრძოლისა და სირბილის უნარი რომ აღარ გვექნეს. პრინციპში, უნარი რომ აღარ გვაქვს, უკვე გამოჩნდა _ ამერიკაევროპამ თავისი გაიტანა და თავს მოგვახვია კანონი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში მარტივად ააფეთქებენ, შესაბამისი მექანიზმებით იზამენ იმდენს, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. შემთხვევით ხელისუფლების სათავეში ეროვნული მთავრობა თუ მოვა, შეცვალონ; ან მონობის უღლის გადაგდებას თუ დააპირებს რომელიმე ხელისუფლება, ეს არ დაანებონ.

ბოლო ხმაზე რომ გავკივით, _ ეს კანონი ევროპისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯიაო, გეკითხებით, ბატონებო, რომელი ევროპისკენ? იმ ევროპისკენ, პანდემიის დაწყებისთანავე ყველა ქვეყანა საკუთარ ნაჭუჭში რომ ჩაიკეტა და, საქართველო კი არა, ესპანეთი და იტალია სასიკვდილოდ რომ გაწირა? იმ ევროპისკენ, მოგვიანებით რომ აღიარეს: უი, გადარჩით, ჩვენო ესპანელო და იტალიელო მეგობრებო? ბოდიშს გიხდით, სათანადო ყურადღება რომ ვერ მოგაქციეთ, შეცდომა მოგვივიდაო და სად იყო ამ მომენტში სტარატეგიული პარტნიორობა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოლიდარობა და დახმარების ხელი? _ არსად. და იცით, რატომ? ყველა ელოდა, ისე დასუსტებულიყო ეს ორი ქვეყანა, შემდეგ რომ ვალი მიეცათ და მათ გაჭირვებაზე ფული გაეკეთებინათ და კიდევ უფრო დამოკიდებული გაეხადათ. ჰო, პირველობისთვის მიდის ბრძოლა და დანარჩენი ყველაფერი ლამაზი სიტყვებია. ყველას უნდა ბატონობა და ამიტომ მზად არიან, პარტნიორები იოლად გაწირონ და გაწირონ სასიკვდილოდ. სიკვდილი ცელავდა ათასობით იტალიელსა და ესპანელს ყოველდღიურად და არავის გასჩენია სურვილი, მათთვის რამე მიეწოდებინა, ყოფა შეემსუბუქებინა. და ხომ წარმოგიდგენიათ, ინფიცირების ანალოგიური მასშტაბი საქართველოში რომ ყოფილიყო, რა მოხდებოდა? _ მავთულხლართს შემოავლებდა ევროპა ჩვენს ქვეყანას და მშვიდად დაელოდებოდა ტერიტორიის მოსუფთავებას.

ახლა კიდევ ვზეიმობთ. ვზეიმობთ ახალ ჩანაწერს კონსტიტუციაში და მერე რა, თუ ეს ჩანაწერი ყოველთვის შეგვახსენებს იმას, რომ ვიღაც (ჰო, ვიღაც) კელი დეგნანმა ქართული პოლიტიკური სპექტრი თითზე დაიხვია, “სპინერივით” ატრიალა და კონსტიტუცია _ ქვეყნის უზენაესი კანონი, საკუთარ თარგზე მოაჭრევინა. ამით ოფიციალურად გავიფორმეთ დასავლეთის მონობა და ვერ გეტყვით, რამდენი წელი გავა კიდევ, სანამ ლაქას ჩამოვირეცხთ. სწორედ ლაქას, რადგან მთელი პოლიტიკური სპექტრი, თავმოყვარე ხალხი (მათ რომ ჰკითხოთ, ასეა), ორი თვის განმავლობაში ამტკიცებდა: კონსტიტუციას ვერ დავარღვევთ, ამ მოწვევის პარლამენტი საარჩევნო ცვლილებებს აღარ განიხილავსო, მაგრამ განიხილა კი არა, ერთის ნაცვლად სულ ორ-ორი ხელი აუწიეს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთმა სწორედ ხელისუფლება აიძულა, არაოფიციალურად ეღიარებინა, რომ ქვეყანაში არის დიქტატურა, რადგან როცა ციხიდან უშვებ ორ ადამიანს, რომელზეც ბოლო ხმაზე გაჰყვირი, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიანო, პოლიტიკის სუნი უდის და თანაც როგორი _ პოლიტპატიმრების. სახელმწიფო წყობას კი იქ, სადაც პოლიტპატიმრები არიან, დიქტატურა ჰქვია. თუმცა, მმართველმა გუნდმა ესეც გადაყლაპა და მიიღო კანონი, რომელსაც, კიდევ ვიმეორებ, არაერთხელ მოჰყვება არეულობა და გაუგებრობა, არაერთხელ შემოვირტყამთ თავში ხელს, მაგრამ ისიც ვიცით, როგორ “გააპრავებენ” ამ ამბავს პოლიტიკოსები, _ სტრატეგიულმა პარტნიორებმა და მეგობრებმა გვირჩიეს, უარი როგორ გვეთქვაო?! მეგობრობა, წესით, ისეთი უნდა, გერმანიას, საფრანგეთს, ესპანეთსა და იტალიას რომ აქვთ ერთმანეთში, ანუ ისინი ყველგან ერთად არიან, დიდ რვიანში, ევროკავშირში თუ სხვა კავშირსა და ალიანსში, მაგრამ, როგორც კი საქმეს დასჭირდა, როგორც კი ფეხი დაუცდათ იტალიასა და ესპანეთს, დანარჩენები წიხლით შესდგნენ, გაჭირვებაში მყოფ ქვეყნებს ზურგი შეაქციეს და ბოდიშით შემოიფარგლნენ, დაახლოებით ისე, ჩვენ აღშფოთება-შეშფოთებას რომ გვაკმარებენ ხოლმე.

ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ შემოდგომაზე ავირჩევთ 30 მაჟორიტარს 3-მილიონიან ამომრჩეველში და დასრულდება ამით ამომრჩევლისა და რჩეულის ურთიერთობა. ფიზიკურად ვერ მოახერხებს ვერავინ კარდაკარ სიარულს და მთავარი ის კი არ იქნება, ვინ რამდენი ხმა დააგროვა კონკრეტულ დღეს, არამედ ის, ვინ რამდენს დააგროვებს მომდევნო ოთხ წელიწადში. მოსახლეობა კი (უმუშევრობის სტატისტიკა გაორმაგდა) კვლავ ხელგაწვდილი იქნება და იმ ძვალს დაელოდება, 4 წლის განმავლობაში რომ ხრავენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი და საარჩევნოდ მოისვრიან ხოლმე. მანამდე კი კელი დეგნანი როგორ განწყობაზე გაიღვიძებს, იმაზე ვართ დამოკიდებული და ისე არ მოხდეს, უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებას რურუას თავისუფლებაც მოაყოლონ _ აქაოდა, ეგეც შეთანხმებაში გვეწერაო. როცა ქართული პოლიტიკური სპექტრი და დასავლელი ელჩები დოკუმენტს ადგენენ და გიორგი რურუას პოლიტპატიმრობაზე სერიოზულად საუბრობენ, მაშინ გვაქვს “დემოკრატიის ზეიმი”.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here