Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს პროკურატურამ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის დაკავების მოთხოვნით მიმართა

საქართველოს პროკურატურამ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის დაკავების მოთხოვნით მიმართა

1315
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 1 სექტემბერს კიდევ ერთხელ მიმართა უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შუამდგომლობით.

მაშინ, როდესაც ძებნილი პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე გამოძიების სტადიაზეა, უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, ექსტრადიციის საკითხის განმხილველი ორგანოა უკრაინის გენერალური პროკურატურა, ხოლო, როდესაც ძებნილი პირის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა, ექსტრადიციის საკითხს განიხილავს იუსტიციის სამინისტრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებული ბრალდების ყველა საქმე სასამართლო განხილვის სტადიაზეა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მისი დაკავებისა და ექსტრადიციის შუამდგომლობა გააგზავნა უკრაინის იუსტიციის სამინისტროში. ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში, კერძოდ:

1.სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე);

2.2007 წლის 07 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებითა და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (ე.წ. 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია ,,იმედის” დარბევის საქმე);

3.სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით, რომელმაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე);

4.წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here