მთავარი პოლიტიკა საქართველოს მოსახლეობის მესამედზე მეტი, ანუ 1 360 000 ადამიანი შიმშილობს, პოლიტიკური ელიტის...

საქართველოს მოსახლეობის მესამედზე მეტი, ანუ 1 360 000 ადამიანი შიმშილობს, პოლიტიკური ელიტის მთავარი საზრუნავი კი ისაა, როგორ ასიამოვნოს დასავლეთს

1435
გააზიარეთ
საქართველოს მოსახლეობის მესამედზე მეტი, ანუ 1 360 000 ადამიანი შიმშილობს, პოლიტიკური ელიტის მთავარი საზრუნავი კი ისაა, როგორ ასიამოვნოს დასავლეთს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 19,5 პროცენტი იმყოფებოდა. იმავე სამსახურის ცნობით, სოფლად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი შარშან 23,7 პროცენტი იყო, ქალაქში კი _ 16,4 პროცენტი. ამასთანავე, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 0,6 პროცენტით შემცირდა. 2018 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის 20,1 პროცენტი ცხოვრობდა. შეგახსენებთ: აბსოლუტური სიღარიბე გულისხმობს ისეთ დმგომარეობას, როცა ადამიანს არ მიუწვდება ხელი საჭირო და აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. ყველაზე მთავარი და საინტერესო სწორედ ბოლო წინადადებაა. რა გამოდის? დაახლოებით 700 ათას ადამიანსარ მიუწვდება ხელი საჭირო და აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე”. და, რაც მთავარია, ეს ციფრები გვიხარია, რადგან თურმე ეს ყველაფერი 0,6%-ით არის შემცირებული.

ისევ ციფრები მოვიშველიოთ. საქართველოში დაახლოებით 660 ათასი პენსიონერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურად ეს ადამიანები არ ითვლებიან მათ რიგებში, ვისაც “არ მიუწვდება ხელი საჭირო და აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე”. ამ 660 ათასი ადამიანის გარდა, დამატებით კიდევ დაახლოებით 700 ათას პირს, მარტივად რომ ვთქვათ, პურის ფული არ აქვს. ციფრები რომ შევკრიბოთ, გამოვა, რომ საქართველოს მოსახლეობის 1/3-ზე მეტი შიმშილობს. რატომ? იმიტომ, რომ ჰკითხეთ ნებისმიერ პენსიონერს, ჰყოფნის თუ არა პენსია და იკვებება თუ არა სრულფასოვნად; ჰკითხეთ, კომუნალური გადასახადები რამხელა ტვირთად აწევს, როგორ ზოგავს საკვებისთვის ფულს, რათა წამალი იყიდოს და როგორ იზოგავს ნაყიდ წამალს და არ სვამს, სანამ ძალიან, ძალიან არ გაუჭირდება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ძალიან გვიხარია. პრინციპში, ჩვენ კი არ გვიხარია, ხელისუფლებას უხარია, რადგან სიღარიბის დონე თურმე 0,6%-ით შეამცირეს. აღარაფერს ვამბობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გამო უმუშევრები დარჩნენ, პურის ფულის პრობლემა ზუსტად ისე გაუჩნდათ, როგორც სხვებს და ამის სანაცვლოდ ხელისუფლებამ შესთავაზა თვეში 200 ლარის დახმარება, თანაც დაამადლა (ჰო, დაამადლა), თუ სამსახურს 6 თვეს ვერ დაიწყებთ, თვეში 200 ლარს მიიღებთ, ანუ, საერთო ჯამში, 1200 ლარსო. დავთვალოთ _ თუ 4-სულიანი ოჯახის ერთი წევრი მუშაობდა, რომლის შემოსავალი თვეში იყო 1000 ლარი და ახლა დარჩა უმუშევარი, ხელისუფლება ეუბნება: დაახლოებით ის თანხა, რომელიც შენს ოჯახს ერთი თვის განმავლობაში ჰყოფნიდა, ახლა ნახევარ წელს უნდა იმყოფინოო. პირდაპირ ამას ეუბნება, ამას უმტკიცებს დასაინტერესოა, იმ ადამიანებს, ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ეს ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავეს, თუ უფიქრიათ თავიანთი ოჯახების თვეში 200 ლარად გამოკვებაზე?! თუ არ უფიქრიათ, ახლა იფიქრონ, გადაანაწილონ თვეში 200 ლარი და მიხვდებიან, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ერთი კვირის შემდეგ შიმშილობა მოუწევთ. რეალურად, მათ ეს ყველაფერი იციან, მაგრამ არ ადარდებთ, რადგან მათ არც სამსახური დაუკარგავთ, არც შემოსავალი შემცირებიათ და ვინ იცის, ამ ანტიკრიზისული გეგმის მოფიქრებაში დამატებით პრემიაც მიიღეს. ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც თქვა, _ ზაფხულია, მოსახლეობა ბოსტნეულზე იქნება ძირითადად, ბოსტნეული კი იაფი ღირსო. არადა, არაფერი აღარ ღირს იაფი, იმიტომ, რომ პანდემიის გამო ყველას გაუჭირდა და იაფად არავინ არაფერს აღარ იძლევა. ელემენტარულად, ვაშლის ფასი 4 ლარიდან იწყება და როგორ გგონიათ, რამდენი ოჯახი მოახერხებს ვაშლის შეძენას?

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ხელისუფლების (ოპოზიციისაც) მთავარი საზრუნავი ის უნდა იყოს, როგორ გამოიყვანოს ამ კრიზისიდან ქვეყანა, როგორ უშველოს დამშეულ მოსახლეობას. ოპოზიციას კი აქვს გეგმა, რომ თითოეულ ოჯახს 1500 ლარი დაურიგოს, მაგრამ ესეც აბსურდია _ დამრიგებლები რომ ყოფილიყვნენ, თავის დროზე დაარიგებდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და მოსახლეობას არანაკლებ უჭირდა. ჰოდა, ამ პირობებში, პოლიტიკური ელიტის მთავარი საზრუნავი საარჩევნო კოდექსის შეცვლაა. ჰო, მთავარი სასაუბრო თემა სწორედ ეს არის და არა ნაგვის ურნაში გადაყუდებული მოსახლეობა. მიზეზი ბანალურია _ საარჩევნო კოდექსის შეცვლა ხელისუფლებას დასავლეთმა დაავალა. აი, დამშეულ მოსახლეობას მიხედეთ, დააპურეთ და შიმშილით სიკვდილისგან იხსენითო, არავის უთქვამს. შესაბამისად, აუცილებელ დავალებათა სიაში ეს საკითხი შეტანილი არ არის. ამით კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ის, რომ დასავლეთს საერთოდ არ აინტერესებს, რა მდგომარეობაში იქნება საქართველოს მოსახლეობა _ იშიმშილებს თუ არა მოსახლეობის 1/3 ოფიციალურად და როგორ იარსებებს თვეში 56 ევროდ ოთხსულიანი ოჯახი (200-ლარიანი დახმარებით, რაც წეღან მოგახსენეთ, სწორედ ასე გამოდის). მათთვის მთავარია, რომ საქართველოში ევროპა-ამერიკისთვის მისაღები პოლიტიკური ამინდი იდგეს, მთავარია, მათი თითის ერთ დაქნევაზე, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ პირველმეორეზე გაითვალონ და ჩვენთვის მავნებლური მითითებები შეასრულონ.

სამწუხაროდ, უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ შარშან, შარშანწინ და იმის წინაც თითქოს ეკონომიკური ზრდა გვქონდა და თანაც ისეთი, რეგიონში პირველობაზე პრეტენზია გამოვთქვით. პირველობაზე ეკონომიკური ზრდის მიხედვით, თორემ რეალურად, თუნდაც აზერბაიჯანში მცხოვრები საშუალო შეძლების ოჯახი საქართველოში მცხოვრებ საშუალო შეძლების ოჯახს რომ შევადაროთ, შესაძლოა, ცრემლი მოგვადგეს. სამწუხაროდმეთქი, იმიტომ ვამბობთ, რომ უკვე გამოგვიცხადეს, წელს ეკონომიკურ ზრდაზე არც უნდა ვიოცნებოთო. ხომ წარმოგიდგენიათ, ეკონომიკური ზრდის პირობებში რა დღეში ვიყავით და ახლა რა გველოდება. ციფრებით ქვეყანა წინ მიდიოდა, მატულობდა მშპ, მატულობდა საერთაშორისო ინდექსები, მაგრამ ეს არანაირად არ აისახებოდა მოსახლეობაზე. ჰოდა, ახლა, როცა გვეუბნებიან, წინ ვერ მივდივართო, რიგითი ადამიანები, შესაძლოა, კატასტროფის წინაშე აღმოჩდნენ. საუბარი არ არის ფუფუნების საგნებსა და ნორმალურ კვებაზე, საუბარია პურის ფულზე, დიდიდიდი კარტოფილსა და ხახვზე, მხოლოდ პურის ღეჭვით კოლიტი რომ არ დაგვემართოს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ წინ საპარლამენტო არჩევნები გველოდება და მისი ჩატარება სახელმწიფოს ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან რამდენიმე ათეული მილიონი დაუჯდება. ეს ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად პარტიების დანახარჯი რამდენიმე ასეულ მილიონს აუცილებლად გადააჭარბებს. მით უმეტეს ახლა, როცა საქმე ოთხწლიან მმართველობას ეხება და, როცა ორივე მხარემ იცის, რომ ამ ასეულ მილიონობით დანახარჯს, სულ ცოტა ერთიორად ამოიღებს მომდევნო ოთხ წელიწადშიჩვენს ხარჯზე. არც ის დაგვავიწყდეს, რომ წინასაარჩევნოდ მოსახლეობას აუცილებლად გადაუგდებენ გამოხრულ ძვალს, რათა სული მოითქვას, ისევ მოტყუვდეს და შემდეგ მარტივად დაადგან მონობის მორიგი ოთხწლიანი უღელი.

პოლიტიკოსები ხშირად იმეორებენ, რომ ისინი არიან მოსახლეობის მიერ დაქირავებული ადამიანები, რომელთა ვალდებულება მოსახლეობის მსახურებაა. არადა, რეალურად ისინი დასავლეთს ემსახურებიან და არა მოსახლეობას, რომელთა ინტერესიც რატომღაც ყოველთვის ბოლო ადგილზეა. ასე იყო წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში და ასეა ახლაც. რიგითი ადამიანები ძირითადად მუშაობენ იმისთვის, რომ ბანკები არჩინონ და სახელმწიფო მოხელეები შეინახონ. სხვა მისია პრაქტიკულად არ გვაქვს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ქმნის დოვლათს, საკუთარ შვილებს ვერ უქმნის სამომავლოდ მცირედსაც კი, შემდეგ ცხოვრება ცოტათი მაინც რომ გაუადვილდეთ. შვილები ებმებიან ყოველდღიურ რუტინაში, რომელშიც მანამდე მშობლები იყვნენ ჩაბმული. და ასე გრძელდება დაუსრულებლად. სამაგიეროდ, საკმარისია ხელის ერთი აქნევა დასავლეთიდან, რომ კანონები და კონსტიტუცია იცვლება ისე, რომ არავინ არაფერს გვეკითხება. ახლაც, როცა საკონსტიტუციო ცვლილებას აპირებენ, დაგვპირდნენ, რომ ტელევიზიის საშუალებით გააცნობენ მოსახლეობას ამ ყველაფერს და დებატებიც სწორედ მოსახლეობასთან იქნება. ეს ყველაფერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მოხდება, იმ მაუწყებლის, რომელსაც ჩვენი გადასახადებით ვინახავთ და დიდიდიდი ასი კაცი ჩაერთოს ამ .. “განხილვებში (დიდი ალბათობით, შერჩეული ხალხი). ე.ი. ასი კაცის აზრი იქნება გადამწყვეტი და არა 3 მილიონის. რეალურად, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და ახლა, უბრალოდ, გაითამაშებენ, რათა დასავლეთის თვალში დემოკრატობანას ფასადი შეინარჩუნონ, ჩვენს თვალში კი… პრინციპში, არავის არ აინტერესებს, ჩვენ რას ვფიქრობთ და რით ვარსებობთ, მთავარი ძია სემია და აგერ, ამ თვის ბოლოს, კონსტიტუციას თავზე ისე გადაგვახევენ, როგორც აქამდე გადაუხევიათ. ჩვენ კი “პური ჩვენი არსობისა” უნდა ვეძიოთ, შიმშილით სული რომ არ გაგვძვრეს.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. სწორია: „საარჩევნო კოდექსის შეცვლა ხელისუფლებას დასავლეთმა დაავალა“. მაგრამ რას გულისხმობს საარჩევნო კოდექსის შეცვლა და რისთვის სჭირდება ეს დასავლეთს (აშშ-ს)? რას და, შერეული სისტემის პროპორციულით შეცვლას, და იმისთვის, რომ აშშ-ს საქმე ჰქონდეს პარტიულ „პარლამენტთან“ (მის მიერვე შექმნილ პარტიასთან) და არა ხალხის პარლამენტთან, რომელსაც ვერ გააკონტროლებს. უცნაურია: აშშ თვითონ მაჟორიტარული (პიროვნული) სისტემით ირჩევს თავის პარლამენტს (კონგრესსა და წარმომადგენელთა პალატას) და – საქართველოს აიძულებს, რომ მან პროპორციული (პარტიული) სისტემით აირჩიოს პარლამენტი!? პარლამენტი რომ ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოა და არა პარტიების წარმომადგენლობითი ორგანო, და რომ მისი არჩევა მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარული (პიროვნული) სისტემით უნდა ხდებოდეს, ამაზე ხშირად წერდნენ პრესაში ცხონებული ანზორ ბაბუხადია (ღმერთმა გაანათლოს!) და ამ სტრიქონების ავტორიც, მაგრამ არ გაიმართა ამ პრინციპულ საკითხზე დისკუსიები და მსჯელობები.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here