მთავარი პოლიტიკა საქართველოს მოსახლეობა კატასტროფის პირასაა, საშველი კი არ ჩანს

საქართველოს მოსახლეობა კატასტროფის პირასაა, საშველი კი არ ჩანს

975
გააზიარეთ
საქართველოს მოსახლეობა კატასტროფის პირასაა, საშველი კი არ ჩანს

ცქიტიშვილის ინიციატივის კანონად ქცევა პირდაპირ დაარტყამს შობადობას, რადგან ასჯერ გაყოფილი ლუკმის კიდევ დაქუცმაცება ისედაც მშიერ კუჭს ვერ გააძღებს, ამიტომ შვილების ყოლის სურვილიც უფრო შემცირდება

როცა ბორის ბერეზოვსკი რუსეთიდან გაიქცა და თავი ნისლიან ალბიონს შეაფარა, ყველას ეგონა, რომ ცნობილ ოლიგარქს ბრიტანელები რუსეთის ფედერაციაში დააბრუნებდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მას ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭეს. მიზეზი მარტივია _ ბერეზოვსკიმ ქვეყანაში რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა და ეს საკმარისი აღმოჩნდა, გაერთიანებული სამეფოს მფარველობა მიეღო. ამას გარდა, არცთუ იშვიათად, ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობას ანიჭებენ სხვადასხვა სფეროს ცნობილ სპეციალისტებს, გამომგონებლებს, ექსპერტებს ან პირებს პოლიტიკური მოსაზრების გამო. სხვათა შორის, აქამდე ასე იყო _ ამერიკაში დაბადებული ადამიანი ავტომატურად ხდებოდა ამ ქვეყნის მოქალაქე. ამ კანონის შეცვლას დონალდ ტრამპი აპირებს და ამბობს, რომ მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე დაბადება მოქალაქეობის მისაღებად საკმარისი აღარ იქნება.

დონალდ ტრამპმა გაამკაცრა მოქალაქეობს მიღების კანონი ზუსტად ისე, როგორც ევროპის წამყვანი ქვეყნების უმრავლესობამ და ამას სახელმწიფოებრტივი აზროვნებითა და ქვეყნის უსაფრთხოებით ხსნიან.

ახლა საქართველოზე ვთქვათ _ შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების თხოვნით 585-მა უცხოელმა მიმართა, მათგან ირანის მოქალაქეა 249, ინდოეთის _ 60, ეგვიპტის _ 44, რუსეთის _ 39 და თურქეთის _ 33. საქართველოში იანვარ-ივნისის პერიოდში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა ეგვიპტის 10, ავღანეთის 8, რუსეთის 2 და ტაჯიკეთის 1 მოქალაქეს. საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა იემენის 4, სირიის 1, უკრაინის ერთ მოქალაქეს, ასევე დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ორ პირს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყველაზე ხშირად თავშესაფარს ირანის, ინდოეთისა და ეგვიპტის მოქალაქეები ითხოვენ.

დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთი მათგანი არც გამომგონებელია, არც რომელიმე სფეროს ექსპერტი და არც მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს ჩვენს ქვეყანაში. ირანული, ეგვიპტური თუ თურქული ინვესტიცია საქართველოში საშაურმის, მცირე ზომის რესტორნისა და ღამის კლუბის გახსნით შემოიფარგლება, იმ კლუბის, რომელშიც შემდეგ ქართველ კაცებს არ უშვებენ (ქალებისთვის კარი ღიაა) და ეს ადამიანები შემდეგ ქუჩაში სთავაზობენ სექსს ქართველ სრულწლოვან თუ არასრულწლოვან ქალებს. ახლა არ თქვათ, არ გაგვიგია ასეთი რამ ან არ ყოფილა შემთხვევა, ზემოთქმულის ნიადაგზე კონფლიქტი მომხდარიყოსო.

ახლა მეორე სამწუხარო სტატისტიკაზე გადავიდეთ.

2019 წლის იანვარ-ივნისის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ 22 945 ბავშვი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 367-ით ნაკლებია (5,5%-ით) _ შარშან 6 თვეში 24 312 ბავშვი დაიბადა. 2019 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი ბავშვი (7,580) დედაქალაქში დაიბადა, ხოლო ყველაზე ცოტა _ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (122). რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 2019 წლის იანვარ-ივნისში 24 563 ადამიანი გარდაიცვალა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი _ 23 603.

ეს ზუსტად ის პრობლემაა, რომელზეც არაერთხელ ვწერდით, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაუსწრებდა შობადობას (რიგ რეგიონებში კატასტროფულად უსწრებს) და ერის გადაშენების პროცესი დაიწყებოდა _ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, ქართველი ერი ერთერთია იმ ერებს შორის, რომელსაც უახლოეს 50 წელიწადში გადაშენება ემუქრება. ისიც არაერთხელ დაგვიწერია, რომ ხელისუფლება ვალდებულია, ამ მიმართულებით რამე შეცვალოს და მოიფიქროს, მაგრამ ჯერჯერობით არც ნაფიქრი ჩანს და არც შეცვლის პერსპექტივა.

სამაგიეროდ, ხელისუფლება არა მხოლოდ ათასი ჯურის ადამიანებს ურიგებს უშურველად მოქალაქეობას და აძლევს თავშესაფარს, არამედ ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭა დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე ორ პირს.

ხელისუფლება შეუსწავლელად, განუკითხავად ყველას ურიგებს მოქალაქეობას თუ ცხოვრების უფლებას.

წინა ნომერში ვწერდით, საქართველოს 118 სკოლაში პირველი ზარი მხოლოდ იმ მიზეზით არ დაირეკა, რომ ამ სკოლებს პირველკლასელი არ ჰყავდა. რა თქმა უნდა, ესეც შობადობასთან არის დაკავშირებული და 118 სკოლა ხომ 118 სოფელია? ანუ, დაახლოებით ექვსი წლის წინათ იქ არც ერთი ბავშვი არ დაბადებულა და, თუ დაიბადა, ოჯახი აიყარა და გადასახლდა. არაერთი სკოლა, მეორე და მესამე წელია, პირველკლასელს ვერ იღებს და ისეთი სკოლაც ვიცით, სადაც… 6 ბავშვი სწავლობს და, როცა ისინი სწავლას დაასრულებენ, სკოლაც დაიხურება.

ხანდახან გვგონია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვა ეზარებათ და ამ მონაცემებს, უბრალოდ, არ კითხულობენ. სხვაგვარად, როგორ შეიძლება არ გაშფოთებდეს ის, რაც ხდება, და არ ფიქრობდე ქვეყნის გადარჩენაზე?! ჰო, გადარჩენაზე, რადგან პირდაპირ წერია, რომ სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს და ეს მიგვიყვანს გადაშენებამდე. მოსახლეობის რაოდენობას რომ არაფერი დაეტყოს, მოქალაქეობას ვანიჭებთ გაურკვეველი პროფესიის, მენტალიტეტის, რელიგიის მქონე ადამიანებს. ჰო, რელიგიის და არავის შეურაცხვყოფთ, მაგრამ, მაგალითად, იმავე ინდოეთში 250-მდე მიმდინარეობაა და ლამის ყველა სოფელს თავისი კერპი ჰყავს. ძირითადი კონფესიები სავსებით საკმარისია, მაგრამ დღეს საქართველოში, იმ ძირითადების გარდა, 50-მდე გაურკვეველი მიმდინარეობაა, არიან ისეთებიც, რომელთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 100 კაცს არ აჭარბებს და ამას რელიგიას ეძახიან. არ გამორიცხოთ, ქართული მართლმსაჯულების ტოლერანტობის პირობებში, ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ნებისმიერ სახელს დაირქმევს, რელიგიური სტატუსი მისცენ, შენობაც გამოუყონ და მერე, შესაძლოა, სახელმწიფომაც დააფინანსოს.

შარშანდელთან შედარებით შობადობა 5,5%-ით შემცირდა. პერსპექტივას თუ შევხედავთ და რეალობას თვალს გავუსწორებთ, უკეთესის შანსი არც გაისად ჩანს. ანუ, ამ პირობებში, სასწაული უნდა მოხდეს, რომ შობადობა გაიზარდოს, მაგრამ ასეთი სასწაულები არ ხდება. ისევ იქამდე მივდივართ, რომ მატერიალურად შეჭირვებული მოსახლეობა ერთ შვილზე მეტის გაჩენას ვერ რისკავს, რადგან იცის, რომ ორ შვილს ორმაგი სჭირდება და ის ორმაგი, უბრალოდ, არ არის. ამ პროცესების პარალელურად, ზურგში დანის ჩარტყმას ჰგავს პარლამენტარ დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივა, რომელიც ორ ადგილზე მუშაობას კრძალავს. მისი მიზანი გასაგებია, თუ ეს აკრძალვა ამოქმედდება, გამოთავისუფლებულ ადგილებზე სხვები დასაქმდებიან და დასაქმებულთა რაოდენობა ქაღალდზე მოიმატებს, მაგრამ ოფიციალურად,ადამიანების გარკვეულ კატეგორიას შემოსავალი მოაკლდება და ისინი იძლებულნი იქნებიან, ისედაც შემოჭერილი ქამრები წელის გაწყვეტამდე გადაიჭირონ. რატომ ჰგონია ბატონ დიმიტრის, რომ ადამიანებს ორ და სამ სამსახურში მუშაობა სიამოვნებთ? რატომ ფიქრობს, რომ ამას სიხარულით აკეთებენ? და, სავარაუდოდ, ცქიტიშვილს იმის სჯერა, რომ თითო სამსახურში რიგითი მოქალაქეები წლიურად 62 790 ლარს იღებენ, ანუ ზუსტად იმდენს, რამდენიც თვითონ ცქიტიშვილის შემოსავალი იყო შარშან. ბატონი პარლამენტარი ვერ ხვდება, რა საჭიროა ორ სამსახურში მუშაობა, როცა ამხელა შემოსავალი გაქვს და, რაც მთავარია, ის ამას სახელმწიფოს სახელით აკეთებს. უფრო ზუსტად, ცქიტიშვილი ამბობს: სახელმწიფო ვალდებულია, მოქალაქეები დაიცვას ზედმეტი შრომისგანო. იმას კი არ ამბობს, ღირსეული სამსახურები შევთავაზოთ, ორ და სამ სამუშაოზე რომ არ იკლავდნენ თავსო, არა _ რაც აქვთ, ისიც წავართვათ, მერე ადვილად რომ დავიმონოთო. დიახ, სწორედ ეს არის მთავარი მიზანი და კიდევ ის, რომ გამოთავისუფლებულ ადგილებზე, მათხოვრულ ხელფასზე სხვა დასაქმდება და მერე ხმამაღლა იტყვიან: უმუშევრობის რიცხვი რეკორდულად შევამცირეთ, მთელი საქართველო მუშაობს, გუგუნებს ქვეყანაო…

ნამდვილად ვერ გეტყვით, რას აპირებს ხელისუფლება, რადგან შობადობის წასახალისებლად განცხადებები არ კეთდება და გულში რა უდევთ, მხოლოდ თვითონ იციან. ვერც იმას გეტყვით, რომ ეს პრობლემა აღელვებს ხელისუფლებას, მაგრამ ფაქტია: საქართველოს მოსახლეობა კატასტროფისკენ მიდის და ამ გადმოსახედიდან საშველი არ ჩანს. ცქიტიშვილის ინიციატივის კანონად ქცევა პირდაპირ დაარტყამს შობადობას, რადგან ასჯერ გაყოფილი ლუკმის კიდევ დაქუცმაცება ისედაც მშიერ კუჭს ვერ გააძღებს და ამიტომ შვილების ყოლის სურვილიც უფრო შემცირდება. ჩვენი ინტელიგენცია კიდევ ხმამაღლა გაიძახის: თუ რჩენის თავი არ გაქვთ, ბევრ შვილზე ნუ იფიქრებთო… ხელისუფლებას კი არ უკიჟინებს, რამე მოიფიქრეთ, მრავალშვილიანებს დაეხმარეთ, ხალხს ღირსეული სამსახურები მიეცითო. არა! შვილები არ გააჩინოთო, და თან იმას გვაყვედრიან, _ ინტელიგენცია ვართ და თაყვანს რატომ არ გვცემთო…

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ქვეყანას რაც შემოსავალი აქვს ათჯერ მეტს ჩვენი ჩინოვნიკები ხარჯავენ თავიანთი შვილების სწავლა განათლებაზე და მერე სასახლეების აშენებაში რამდენიმე მილიონიც ხომ უნდა დააგროვონ და ას ღატაკდება ჩვენი უბედური საქართველო

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here