მთავარი პოლიტიკა საქართველოსთვის გადმოგდებული გამოხრული ძვალი

საქართველოსთვის გადმოგდებული გამოხრული ძვალი

779
გააზიარეთ
საქართველოსთვის გადმოგდებული გამოხრული ძვალი

რუსეთთან, რომელიც მთავარ მტრად გამოვაცხადეთ, სავაჭრო ბრუნვა მილიარდებს აღწევს, “სტრატეგიულ პარტნიორთანკი 40 მილიონს ვერ სცდება

სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობის ხელის გაწოდება მხოლოდ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასა და ჩამოწერილი იარაღის შესყიდვას არ ნიშნავს. მეგობარმა და პარტნიორმა, წესითა და რიგით, ეკონომიკურად ისეთი ურთიერთობა უნდა ააწყოს, რომ სახელმწიფოს, რომლის ეკონომიკაც მყიფეა და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინტერვენცია ვალუტის კურსზე მოქმედებს, პროდუქტის გაყიდვაში დაეხმაროს, მით უმეტეს, როცა ამბობს, რომ ეს პროდუქტი კარგია…

მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ამერიკაში 40,164 მილიონი დოლარის პროდუქცია გავყიდეთ _ ყველაფერი ცოტ-ცოტა. ექსპორტში 2,335 მილიონით ღვინოები ლიდერობს, მეორე ადგილზე 1,389 მილიონი დოლარით მინერალური წყლებია… სამაგიეროდ, ამერიკიდან შემოტანილი პროდუქტის ოდენობამ 345 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ჩვენ თითქმის ცხრაჯერ მეტი ვიყიდეთ, რაც ამერიკის ეკონომიკას აშკარად წაადგებოდა. ვინმეს თუ ჰგონია, რომ 345 მილიონი შტატებისთვის ცოტა თანხაა, გაამრავლეთ ეს რიცხვი, სულ ცოტა, 30-ზე, რადგან ჩვენი დარი ქვეყანა ამერიკას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბევრი ჰყავს და მიხვდებით, რომ მშვენიერი რაოდენობა გამოდის.

ამის პასუხად დასავლეთის მოამაგე პოლიტიკოსები თუ ექსპერტები ამბობენ, რომ არ გვაქვს იმ ხარისხის პროდუქცია, რომელიც ამერიკულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. იმაზე თუ გიფიქრიათ, ბატონებო, რომ ეს სტანდარტები განვითარებულმა და მძლავრმა ქვეყნებმა სწორედ იმისთვის დააწესეს, საქართველოს მსგავსი სახელმწიფოებისთვის რომ ეთქვათ: გვინდა ეკონომიკური ურთიერთობა, მაგრამ რა ვქნათ, სტანდარტებში ვერ ჯდებითო. სწორედ ამ სტანდარტებით აქვთ მათ ერთმანეთთან ყიდვა-გაყიდვა და დიდ ბიზნესში პატარა ქვეყნებს ცხვირს არ აყოფინებენ.

ჰოდა, იმ ფონზე, როცა ყველაფერი ერთად აღებული, რაც შტატებში გავიტანეთ, 40 მილიონი დოლარია, შარშან რუსეთში გაყიდული მხოლოდ ღვინის ოდენობამ 133 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამას დაუმატეთ მინერალური წყლები, წვენები, ხილი და ვნახავთ, რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს სცდება. არც იქიდან შემოგვაქვს ნაკლები ოდენობის პროდუქტი. ჩრდილოელ მეზობელთან, რომელიც მთავარ მტრად გვყავს გამოცხადებული, სავაჭრო ბრუნვა მილიარდებს აღწევს, “სტრატეგიულ პარტნიორსადამეგობართანკი 40 მილიონს ვერ სცდება.

ციფრები არასდროს ტყუიანო და აგერ, ბატონებო, მხოლოდ ციფრებს მოგახსენებთ და თანაც როგორს _ ოფიციალური სტრუქტურების მიერ აღიარებულსა და დაწერილს. რატომღაც, ისე გამოგვდის, რომ მხოლოდ ფურცელზე ვართ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, ხოლო, როცა საქმე ეკონომიკურ ინტერესებს ეხება, უცხოები ვხდებით. დღემდე არავის აუხსნია, ათეული მილიონი დოლარი რატომ გადავიხადეთჯაველინებშიდა, საერთოდ, რისთვის ვიყიდეთ ეს იარაღი. თანაც, იმის ფონზე, რომ თვითონ ამერიკა, რომელმაც ხელი ჩვენზე დაიცალა, აცხადებს: “ჯაველინებიუკვე გუშინდელი დღეა და შეიარაღება წინ სხვა მიმართულებით მიდისო. გამოდის, “სტრატეგიულმა პარტნიორმა” ბანალურად ხელი მოითბო ჩვენზე. ისე, ჩვენ გარდა, “ჯაველინები” უკრაინას და აფრიკის რამდენიმე ქვეყანასაც აყიდინეს. ეს ყველაფერი დაახლოებით იმას ჰგავს, მაცივარში დიდი ხნის შენახული პროდუქტის გადაყრა რომ გენანება და ძაღლს რომ დაუყრი, გაძღებაო. სწორედ გამოხრულ ძვლებზე ვართ ამდენი წელი და არ გვინდა, მეათედ გამოხრულ ძვალს შევეშვათ, ისევ იმას ვუკირკიტებთ, იქნებ სადმე შერჩენილ ხორცის ნამცეცს გავკრათ კბილი. საყოველთაო პანდემიამ და ქვეყნის ჩაკეტვამ ეკონომიკას ძალიან დაარტყა. მართალია, თავიდან შეფარვით, მაგრამ ახლა უკვე საჯაროდ დაიწყეს საუბარი, რომ პანდემიამ საქართველო რამდენიმე მილიარდით დააზარალა და იმ პირობებში, როცა 2-3 ათეული მილიონი დოლარი ლარის კურსის გაუფასურებას აჩერებს, მილიარდიანი ზარალი რას გვიქადის, ადვილი წარმოსადგენია. არადა, ამ მომენტში, თუ მეგობარი და პარტნიორი გქვია, თუ ზესახელმწიფოს სტატუსზე გაქვს პრეტენზია, კეთილი ინებე და, 100 თუ არა, 50-მილიონდოლარიანი პირდაპირი ინვესტიცია მაინც განახორციელე, ცალკე ეკონომიკამ ცოტა მაინც რომ მოითქვას სული და ცალკე ხალხს დაანახვო, მის გვერდით რომ ხარ, მაგრამ არა, არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ და, რა თქმა უნდა, არც აშშმა, არ მოისურვა ამის გაკეთება. არ გამოჩნდა არავინ, ვინც საქართველოს ხელს შეაშველებდა. ამ მომენტში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხმაში გაჰკივიან: რუსულ კომპანიებს სურთ ინვესტიციების განხორციელება და არ დავუშვებთო. გამოდის, ჩვენთვის ფულს სუნი აქვს, დანარჩენი მსოფლიოსთვის _ არა და ამიტომაცაა, დანარჩენი მსოფლიო ადამიანურად რომ ცხოვრობს, ჩვენ კი _ გამოხრული ძვლის იმედად.

საქართველოში დასავლეთის მომხრეებს ისიც უხაროდათ, რუსეთში კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა რომ იყო. მაშინ იმაზე არავინ ფიქრობდა, რომ რუსეთის ფედერაციაში ლამის მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და, თუ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდებოდა, ეს ქართველებსაც შეეხებოდა. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ რუსეთმა შეძლო პანდემიის მართვა, ვაქცინაც შექმნა და ძალიან მშვიდად გადააგორა ეკონომიკური კრიზისიც. უფრო მეტიც, იქ ახლა იმაზე მშვიდი სიტუაციაა ამ მიმართულებით, ვიდრე ჩვენთან. ჩვენ ის ეტაპი გვაქვს გასავლელი, რომელიც რუსეთმა უკვე გაიარა და კარგი იქნება, თუ გამოცდილებას გავიზიარებთ, მაგრამ არა, მტრისგანგამოცდილების გაზიარებაც არ გვინდა. რუსეთში რომ ვაქცინა შექმნეს (კიდევ ორს ჩაუშვებენ მალე წარმოებაში), ეს ჩვენთან ცალყბად აღნიშნეს და მერე ატყდა ათასი ჯურის ვითომ ექსპერტის გნიასი, მათი ვაქცინა არ ვარგაო. არადა, რამდენიმე ათეული ქვეყანა უკვე რიგში დგას, რომ რუსული ვაქცინა იყიდოს. მერე ჯანმომ დადებითი შეფასება მისცა რუსულ წამალს და ამის შემდეგ ჩვენთან საერთოდ აღარ ახსენებენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა უკვე არსებობს, მაინცდამაინც გამყრელიძის “გილიადის” წამალს ელოდებიან, რომ მასში 100 დოლარი გადაიხადონ. არადა, რუსული ვაქცინა სულ რაღაც 10 დოლარამდე ღირს. პუტინმა ოფიციალურად განაცხადა: ყველას მივაწვდით, ვინც მოითხოვსო. უკრაინელებმაც კი სთხოვეს და მათაც აძლევენ, ჩვენებს კი პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე მხოლოდ ტელევიზორიდან გვმოძღვრავენ.

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის შეიცვლება მიდგომა და პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. დღეს არსებულ ვითარებაზე უკეთესის პერსპექტივას არც მომავალი არჩევნები გვპირდება. არ ჩანს ისეთი ძალა, რომელიც იყვირებს არსებული პრობლემების შესახებ, ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და, რაც მთავარია, რომელსაც გამარჯვების შესაძლებლობას მისცემს დასავლეთი. ჰო, სწორედ დასავლეთი, რადგან დასავლელი ელჩები წერენ იმ პროცენტებს, რომლებსაც არჩევნების შედეგები უნდა დაერქვას და ამბობენ, რომ სხვა შემთხვევაში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარებულად არ ჩაითვლება. .., მოსახლეობა, მთელი ერი, თუ არ დაეთანხმება დასავლელთა მოსაზრებას, გამოდის, არჩევნებს გაყალბებულად გამოგვიცხადებენ. ჩვენ არჩევანის უფლებასაც გვართმევენ, ხოლო, თავისუფლება დიდი ხნის წინათ რომ წაგვართვეს, კარგად მოგეხსენებათ.

წლევანდელი რთველი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. სახელმწიფომ წინასაარჩევნოდ ყურძენზე სუბსიდიაც გაიმეტა, ქარხნებიც აიძულა, რომ ყურძენი იმ ოდენობით მიეღოთ, რამდენსაც ხალხი მიუტანდა. ჰოდა, ქარხნების მეპატრონეები ამბობენ, რუსეთი რომ არა, წლევანდელ მოსავალს ვინ ჩივის, შარშანდელი და შარშანწინდელიც ოხრად დაგვრჩებოდაო. მეღვინეებიც აღიარებენ, რომ მთავარი ბაზარი რუსეთია და ყველაზე მეტად სწორედ ჩრდილოელი მეზობლის იმედი აქვთ, მაგრამ ხმამაღლა ამაზე ვერავინ საუბრობს, იმიტომ, რომ ეს ქვეყნის ღალატში ჩაეთვლება. ქვეყნის ღალატში ჩაეთვლებათ ის, რომ ასობით ადამიანი ჰყავთ დასაქმებული, რომ ბიზნესს აკეთებენ, რომ კარგ პროდუქციას ქმნიან და ეს პროდუქცია რუსეთში გააქვთ. იგივე ხდება მინერალურ წყლებზეც. და რა მოხდება, რუსეთმა “ბორჯომზე” უარი რომ თქვას და კომპანიას რამდენიმემილიონიანი ზარალი მიადგეს?

ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ ეკონომიკური ურთიერთობები მთავარია და ამიტომ ქვეყნებს ამ მიმართულებით ცივილური ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. ეს იმასაც გულისხმობს, რომ უაზროდ არ უნდა აკრიტიკონ ერთმანეთი და მაღალი ტრიბუნიდან არ უნდა იყვირონ ის, რაც კონკრეტული ქვეყნის ლიდერს არ მოეწონება. არაერთხელ ავფეთქდით იმ ნაღმზე, რომელიც დაგვიგეს. ამის მიუხედავად, სწორედ იმ დანაღმულ ველზე განვაგრძობთ სიარულს და გარანტორიც არავინ არის, რომ აღარ ავფეთქდებით. ვეღარ გადაიტანს ამას ქვეყანა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ვირუსის სახით უზარმაზარი საფრთხე გვემუქრება.

არჩევნებამდე 10 დღე დარჩა და არჩევნებს აუცილებლად ჩაატარებენ. შესაბამისად, ამ ათ დღეში, სულ ცოტა, 10 ათასი ინფიცირებული დაგვემატება და ამ დროსოპოზიცია ხალხმრავალ შეხვედრებს არ ერიდება, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი ყველასა და ყველაფერზე მეტია, თუნდაც ადამიანების გვამებზე გადავლით.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here