Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოზე შეტევის მთავარი ფრონტი სამოციქულო ეკლესიაზე გადის

საქართველოზე შეტევის მთავარი ფრონტი სამოციქულო ეკლესიაზე გადის

962
ეკლესია

ჩვენს რეგიონსა და, საზოგადოდ, მსოფლიოში შექმნილ რთულ, შეიძლება ითქვას, დაძაბულ ვითარებაში საქართველოს მიმართ მრავალი პოლიტიკური მოთამაშის ინტერესი პროეცირდება. ბევრ მათგანს ხელს არ აძლევს, პოლიტიკურ მოედანზე არსებობდეს ძლიერი სუბიექტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს გამოხატავს, გადაწყვეტს მის წინაშე მდგარ ისტორიულ ამოცანებს და უპასუხებს მიმდინარე გამოწვევებს.

გამოცდილებით ვიცით, რომ ძნელბედობის ჟამს, როდესაც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები ვერ ახერხებს საქართველოს ინტერესების დაცვას ან, სულ ცოტა, ქართველი ერის პოზიციის გამოხატვას, დედაეკლესია ხდება მთავარი გოდოლი ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, გარდა თავისი სამოციქულო და აღმსარებლობითი დანიშნულებისა, ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, სახელმწიფოს მოქალაქეთა ინტერესების გამომხატველი და დამცველი.

დღესაც, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, “ამორფული და ჩამოუყალიბებელია”, პოლიტიკური ძალები _ სუსტი (უმეტესობა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, სხვის თამაშს თამაშობს), საზოგადოება _ დეზორგანიზებული (სამოქალაქო სექტორის ძირითადი ნაწილი სახელმწიფოებრივად საეჭვო), ერთადერთ ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების განეიტრალება, საქართველოს ეკლესიაა.

დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის არც ერთ ეტაპზე, სამწუხაროდ, არ შედგა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა. ეკლესია მარტო დარჩა ქართული სახელმწიფოსთვის ბრძოლაში, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი და მოულოდნელი სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმისგან ეკლესიის ჩამოცილების მცდელობა. დღეს, როდესაც სხვა ინსტიტუციები ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს, შეტევის მთავარი ობიექტი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაა, რათა მან ვერ იტვირთოს ისტორიული მისიის შესრულება: ერთი მხრივ, ერის სულიერი დაპურება და, მეორე მხრივ, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში მოქალაქეთა თანადგომა.

დედაეკლესიის მცდელობა _ კონკრეტულ ადამიანში სახელმწიფოს მოქალაქისა და მრევლის წევრის ჰარმონიული შერწყმა _ მიუღებელია საქართველოს მტრებისთვის. მათ კარგად იციან, რომ მხოლოდ ასეთ მოქალაქეს ძალუძს, მოძებნოს თავისი ადგილი ცივილიზებულ თანამეგობრობაში, ინტეგრირებულ იქნას საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე სისტემაში და, ამასთანავე, შეინარჩუნოს პიროვნული და ეროვნული თვითმყოფადობა, ქრისტიანულ ღირებულებებსა და ქართული ყოფაცხოვრების ტრადიციულ წესებზე დაფუძნებული სისტემა, შეინარჩუნოს ერთიანი ეროვნული ცნობიერება და ქართული კულტურის ერთიანი სივრცე.

სწორედ ასეთი მოქალაქე ხდება საღმრთო ჭეშმარიტების დამცველი და ქართული სახელმწიფოს მთავარი მშენებელი! ასეთი ადამიანების მასობრივ არსებობას ვერც ერთი რეჟიმი ვერ ეგუება. ჰარმონიადაკარგული ადამიანი კი, რომლისთვისაც მაღალი სამოქალაქო კატეგორიები განყენებული თემაა, მაქსიმალურად სტიმულირდება, სამაგიეროდ, არის სამართავად მეტად კომფორტული და ნაკლებად საშიში ხელისუფლებისთვის.

რეჟიმი აძლევს მას უფლებას, იაროს ეკლესიაში, ილოცოს, მაგრამ, როგორც კი გასცდება ეკლესიის გალავანს და ქრისტიანული მორალის საზოგადოებრივ ცხოვრებაში გატარებას დააპირებს, მმართველ, ოპოზიციურ თუ არასამთავრობო ძალებად გაშლილი მეხუთე კოლონა მისი დაუძინებელი მტერი ხდება.

მრევლს, ანუ მოსახლეობის უმრავლესობას ჩამორთმეული აქვს ლიბერალური დემოკრატიის უმთავრესი მონაპოვარი _ მის მიერ თავისი გარესამყაროსთვის (უწინარესად – თავისი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის) იმ სახის მისაცემად ბრძოლის უფლება, რომელიც საუკეთესოდ მიაჩნია ამ სამყაროში, ამიტომაც გადის საქართველოზე შეტევის მთავარი ფრონტი თავისუფალი, დამოუკიდებელი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტი პიროვნებების აღზრდისა და ჩამოყალიბების კერაზე _ საქართველოს ეკლესიაზე.

ამ ფრონტის “სარდლებმა” იციან, რომ მხოლოდ ეკლესიის მესვეურების დევნა (თუმცა არც უმაგისობაა) სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. ეკლესია, მასზე პირდაპირი შეტევით ნერონმა, დიოკლეტიანემ და ლენინმა ვერ გაანადგურეს. ენვერ ხოჯამ ალბანეთში ცოცხალი სასულიერო პირი არ დატოვა, მაგრამ ეკლესიის მისტიკურ სხეულს ვერაფერი დააკლო.

ამიტომაც ეკლესიის მტრების აქტიურობის უკან აშკარად იკვეთება გეგმა, რომლის მიხედვით ეკლესიამ უარი უნდა თქვას სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების დაცვაში პოზიციის გამოხატვაზე, ანუ მიატოვოს მოქალაქეები! ეკლესიას კი უნდა გაემიჯნოს მისი მრევლი და ეს უკანასკნელი ჩამოშორდეს სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.

გეგმის მიზანია, სასულიერო პირებსა და მრევლს შორის, მთლიანად ეკლესიასა და საზოგადოებას შორის კავშირის გაწყვეტა ან, სულ ცოტა, შესუსტება. ეს ავტომატურად გამოიწვევს სამოქალაქო სივრციდან ეროვნულ და ქრისტიანულ ფასეულობათა გამოდევნას, ე.ი. ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ბალავრის მოშლას. ისწრაფვიან, რომ ქრისტიანობა საქართველოში გახდეს თავისთავში ჩაკეტილი, განყენებული მოძღვრება.

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ეკლესიის შიგნით დაძაბულობის შექმნა და მისი გადაქცევა შიდა პრობლემებში ჩაძირულ მართულ დაწესებულებად. მიმდინარეობს კონკრეტული იერარქებისა და მოძღვრების კომპრომეტაცია, სასულიერო პირებისა და მრევლის ჩართვა საჯარო დაპირისპირებაში, მაღალი ემოციური ფონის შექმნა მეტი ინტრიგისა და დამაჯერებლობისთვის. ამის მიღწევა ხდება, ერთი მხრივ, ეკლესიის შიგნით არსებული განსხვავებული მოსაზრებების დაპირისპირებამდე გამწვავების ინსპირაციის და, მეორე მხრივ, ერთი ცენტრიდან მართულ ფსევდოლიბერალებსა და ე.წ. ორთოდოქს რადიკალებს შორის რელიგიური რყევების წახალისების გზით. მსგავსი “თვალსასეირო და გულგასახეთქი” პროცესები მედიით გაშუქდება, როგორც თითქოს საპატრიარქო ტახტისა და საეკლესიო გავლენებისთვის ბრძოლა. ეს კი მოსახლეობის თვალში ეკლესიის დისკრედიტაციასა და მისგან ხალხის ჩამოშორებას გამოიწვევს.

შედეგად ეკლესიამ უნდა დაკარგოს პარტნიორი და, თავის მხრივ, მოქალაქემ უნდა დაკარგოს თავისი ცნობიერების ერთ-ერთ მკვიდრი საფუძველი, ზნეობრივი მარეგულირებელი, ძლიერების წყარო და სულიერი ორიენტირი. ეკლესია უნდა დარჩეს სამოქალაქო სივრცეში ორგანიზებული პარტნიორის გარეშე, სადაც დომინანტი იქნებიან ანტიეკლესიური ძალები, რომლებიცწარმატებითშეძლებენ, დაბლოკონ ეკლესიის ინდივიდუალური პარტნიორობის გამოვლენის ნებისმიერი მცდელობა.

სწორედ ამ დიდი კამპანიის ერთ-ერთ ეპიზოდად იქნა გამოყენებული დასრულებული სისხლის სამართლის საქმე და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. შიდაეკლესიური აქტორებით, მაგრამ აშკარად გარედან წაქეზებით მიმდინარე ამ “დაპირისპირებას” მკაფიოდ გამოკვეთილი ანტიეკლესიური ფორმა აქვს და ნათელს ჰფენს ინსპირატორთა განზრახვას, ხელი შეუშალონ საქართველოს ეკლესიის მუშაობას.

აშკარაა საყოველთაო ეგზალტაციისა და ისტერიკის დაგეგმილ სპექტაკლში ეკლესიის ჩათრევის მცდელობა. ინსტრუმენტად კი კვლავ ბუნებისგან ამ “საქმისთვის” მოწოდებული სახეები მოგვევლინენ, რომელთა ლოზუნგია _ “დავანგრიოთ რისი დანგრევაც სააკაშვილმა ვერ შეძლო!”, გამოვიყენოთ ყოველი შემთხვევა ამ მიზნის მისაღწევად; საქმეში ჩავრთოთ ხელთ არსებული ყველა რესურსი, ყველა, ვისი პირადი ინტერესიც შეიძლება მოვლენების ესკალაციისთვის გამოდგეს; გავსვაროთ ყველა, როგორც პიროვნება, ისე, ინსტიტუცია.

ეკლესია თავისთავად ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც შეიძლება გარკვეული პრობლემა რეალურად ჰქონდეს _ შეიძლება, ზოგიერთი სასულიერო პირი თუ მრევლის წევრი ვერ აკმაყოფილებდეს ჩვენს წარმოდგენაში არსებულ სტანდარტებს, მაგრამ ამის განზოგადება და არაეკლესიური ან ნაკლებად ეკლესიური ადამიანების მხრიდან ეკლესიური საკითხების საჯარო განხილვის მცდელობა დაუშვებელია. მით უმეტეს, რომ გარედან ჩარევა ხდება მიზანმიმართულად, ერთიანი ქართული მართლმადიდებლური სივრცის რღვევის მიზნით.

ყველა ჯანსაღი ორგანიზმი და, მათ შორის, საქართველოს ეკლესია თვითონვე მოაგვარებს მის შიგნით არსებულ პრობლემებს გარედან ჩარევის შემცირების პარალელურად (ხაზს ვუსვამთ _ გარედან ჩარევის შემცირების პარალელურად).

ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს (ან უნდა ვაიძულოთ, გააცნობიეროს), რომ ეკლესია დამოუკიდებელი და განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინსტიტუტია და სახელმწიფოს მშენებლობა და მოსახლეობის ფართო ფენების ინტერესების დაკმაყოფილება მხოლოდ მასთან პარტნიორობითაა შესაძლებელი. ამასთანავე, საზოგადოებას სჭირდება თანადგომა ათეულობით წლების განმავლობაში მებრძოლი ათეიზმისა და ბოლშევიზმის მიერ დატოვებული მეტასტაზებისგან გასათავისუფლებლად და რელიგიური და სამოქალაქო განათლების ასამაღლებლად.

გაცნობიერება იმისა, რაც ხდება, უნდა დაგვეხმაროს გამოფხიზლებასა და სწორი ორიენტირების არჩევაში. შექმნილ ურთულეს ვითარებაში განსაკუთრებული დაფიქრება და ძალისხმევა გვმართებს, როგორც მორწმუნე საზოგადოებას, ისე სასულიერო პირებს. აღარ გვაქვს დრო და ფუფუნება, თვითდინებაზე მივუშვათ პროცესები. ინიციატივა ხელიდან გაშვებულია და საჭიროა მისი დაბრუნება. საპატრიარქოს, ეპარქიების, სამრევლოების, მთლიანად მრევლისა და ეკლესიისადმი კეთილგანწყობილი საზოგადოების კონსოლიდაცია საერთო ინტერესების მქონე, სამოქალაქო სივრცეში აქტიურ, ერთიან და მთლიან ცოცხალ ორგანიზმად სახელმწიფო და საეკლესიო ცხოვრების გაჯანსაღების ერთადერთი საშუალებაა.

ის გარემოება, რომ საქართველოს ეკლესიას დღეს თავისი სულიერებითა და ღვაწლით საქართველოში ყველაზე გამორჩეული პიროვნება ხელმძღვანელობს, არ უნდა იყოს უმოქმედობისა და თვითდამშვიდების საბაბი. უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ორმოცი წელია, ეწევა ეკლესიისა და ერის სულიერი ლიდერის ჭაპანს. სწორედ მისი ლოცვით, სიბრძნითა და მადლით ვუმკვლავდებოდით ამ პერიოდში ჩვენს თავს მოწეულ ჭირსა და ვარამს. ჩვენი ქმედებებით ბევრჯერ გული ვატკინეთ, ვერ შევაჩერეთ უღირსი ადამიანების მიერ მისი მიმართულებით ნასროლი მრავალი ქვა. ადამიანური მორალი გვავალდებულებს, ამოვუდგეთ მას მხარში, რათა იქნებ ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ მძიმე ტვირთი.

მკაფიოდ უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ მრევლისა და სასულიერო პირების სამოქალაქო აქტიურობა, წარმართული სამოქალაქო სივრცისთვის დამახასიათებელი ფორმებით, ორგანიზებულობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების კულტურის მაღალი სტანდარტებით, აუცილებელი პირობაა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი პირველი რიგის ამოცანის მოსაგვარებლად.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სიმართლისთვის ბრძოლის მოტივი და უფლება ყველას გვაქვს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ეს უფლება შეიძლება გამოვიყენოთ სიბრძნის, მორალის ან ეკლესიისა და სახელმწიფოს ბედზე პასუხისმგებლობის გარეშე, ანუ განუკითხავად. ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა ღმერთისა და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში არ უნდა გადაიზარდოს!

სასულიერო პირებისა და მრევლის იმ ნაწილმა, რომელიც სიღრმისეულად აცნობიერებს მდგომარეობას, გულწრფელად განიცდის შექმნილ საგანგაშო ვითარებას, თავი არ უნდა ჩავათრევინოთ ამ ბინძურ ქმედებებში, მოვთოკოთ ემოციები, საკითხები განვიხილოთ მხოლოდ შესაბამისი ფორმატითა და ამოცანების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. თანმიმდევრულად და ეფექტიანად უნდა იქნას გამოყენებული თეორიითა და პრაქტიკით დასაბუთებული ჩვენი ძლიერი პოზიციები. ყველას უნდა გავუფანტოთ ილუზია, რომ თითქოს მას ძალუძს, ისე მოექცეს საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს, როგორც სურს, და ამისთვის არავინ მოსთხოვს პასუხს. უნდა გავუფანტოთ ის ილუზიაც, რომ შესაძლებელია, რაიმე მოღალატური თუ დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს.

მამუკა გიორგაძე,  სახალხო პარტიის თავმჯდომარე;

პაატა კოღუაშვილი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here