Home რუბრიკები სპორტი საუკეთესო ნოკაუტები კრივის ისტორიაში

საუკეთესო ნოკაუტები კრივის ისტორიაში

230

ნოკაუტი (ინგ.— knockaut) არის ჩხუბის, ბრძოლის შესაძლო შედეგი, როცა ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იღებს ისეთ დარტყმას, რომ 1-დან 10-მდე დათვლის შემდეგაც აღარ შეუძლია ბრძოლის გაგრძელება. ნოკაუტში ჩავარდნილი ადამიანისთვის დამახასიათებელია თავბრუსხვევა, ორიენტაციის, ზოგჯერ გონების ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. ნოკაუტი შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ თავში, არამედ ფეხსა და მზის წნულში დარტყმამაც. გთავაზობთ კრივის ისტორიაში საუკეთესო ნოკაუტებს.

1. ყველაზე სწრაფი

ზოლანი ტეტე (სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა) _ სიბონისო გონიუ (სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა).

თარიღი: 2017 წლის 18 ნოემბერი.

შედეგი: ტეტეს გამარჯვება ნოკაუტით მე-11 წამზე.

სამხრეთ აფრიკელმა ზოლანი ტეტემ უნიკალურ შედეგს მიაღწია, თანაც არა რაღაც რიგით შეჯიბრებაში, არამედ მსოფლიო (WBO-ს ვერსიით, უმსუბუქეს წონაში) ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში. ტეტე შეხვდა თანამემამულე სიბონისო გონიუს და პირველივე დარტყმით გათიშა. დარტყმა მე-5 წამზე მოხდა, მაგრამ რეფერიმ, როცა უმოძრაოდ დაგდებული, თვალებდახუჭული გონიუ დაინახა, რამდენიმე წამში ხელი აიქნია ნოკაუტის ნიშნად. სიბონისოს 6 წუთი დასჭირდა ფეხზე დასადგომად.

2. ყველაზე სახალისო

კოსტია ცზიუ (ავსტრალია) _ ზაბ ჯუდა (აშშ)

თარიღი: 2001 წლის 3 ნოემბერი

შედეგი: ცზიუს გამარჯვება ნოკაუტით მეორე რაუნდში

ეს ცზიუს ყველაზე კაშკაშა გამარჯვება კარიერაში. იმ მომენტში ზაბ ჯუდა ყველაზე სახიფათო მეტოქედ ითვლებოდა ცზიუსთვის. ამერიკელი რუსული წარმოშობის მეტოქეზე ახალგაზრდაც იყო და სწრაფიც.

ჯუდამ დამაჯერებლად მოიგო პირველი რაუნდი. მეორე რაუნდიც მისი უპირატესობით მიმდინარეობდა და დასრულებამდე 5 წამი რჩებოდა. ამ მომენტში ჯუდამ გაუშვა ცზიუს დარტყმა კროსი (შემხვედრი ჯვარედინი დარტყმა), შედეგად ამერიკელი კომიკური ჟესტებით ძირს დაეცა, შემდეგ წამოდგა და ბარბაცით აქეთ-იქით აწყდებოდა. რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა.

3. ყველაზე სენსაციური

ჯეიმს დაგლასი (აშშ) _ მაიკ ტაისონი (აშშ)

თარიღი: 1990 წლის 11 თებერვალი

შედეგი: დაგლასის გამარჯვება ნოკაუტით მეათე რაუნდში

უცნაურია მაიკ ტაისონის მოხსენიება ნოკაუტირებულის რანგში. ყველა მიიჩნევდა, რომ ტაისონი კრივის სიმბოლოა და საუკეთესო ნოკაუტებს მხოლოდ ის ასრულებს, მაგრამ “რეინის მაიკის” ვადაზე ადრე დამარცხება დიდ სენსაციად იქცა სპორტის ამ სახეობის ისტორიაში.

ჯეიმს დაგლასი მატჩისთვის შესანიშნავად მოემზადა _ არც მანამდე და არც შემდეგ მას ასეთი დონის კრივი არ უჩვენებია. ტაისონს კი, პრაქტიკულად, არ უვარჯიშია. ის დარწმუნებული იყო თავის გამარჯვებაში და ელოდებოდა ევანდერ ჰოლიფილდთან შეხვედრას, რომელთანაც მატჩის გამართვის შესახებ კონტრაქტისთვის ხელი მოწერილი ჰქონდა. დაგლასი 7 რაუნდის განმავლობაში სცემდა ტაისონს, რომელმაც მხოლოდ მე-8 რაუნდში “გაიღვიძა” და მეტოქე ნოკდაუნში ჩააგდო, მაგრამ ამან დაგლასი უფრო გააბრაზა და მეათე რაუნდში ჩემპიონი მაიკი რინგზე დააგდო.

4. ყველაზე ლამაზი

სერხიო მარტინესი (არგენტინა) _ პოლ უილიამსი (აშშ)

თარიღი: 2010 წლის 20 ნოემბერი

შედეგი: მარტინესის გამარჯვება ნოკაუტით მეორე რაუნდში

ეს იყო სერხიო მარტინესისა და პოლ უილიამსის მეორე შეხვედრა. 2009 წელს მსაჯებმა გამარჯვება ამერიკელ მოკრივეს აჩუქეს.

პოლი, საერთოდ, მსაჯების საყვარელი მოკრივე იყო. მარტინესს ეს საკუთარ თავზე ჰქონდა განცდილი და არ სურდა ისტორიის გამეორება. მეორე რაუნდში არგენტინელმა მეტოქეს კროსი დაარტყა და რინგზე უგონოდ დასცა.

5. ყველაზე საკამათო

ანდრე უორდი (აშშ) _ სერგეი კოვალევი (რუსეთი)

თარიღი: 2016 წლის 17 ივნისი

შედეგი: უორდის გამარჯვება ნოკაუტით მერვე რაუნდში

ეს ორთაბრძოლა ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში გაიმართა. სერგეი კოვალევის მეორე შეხვედრა ანდრე უორდთან მსაჯების უცნაური გადაწყვეტილებებით აღინიშნა. ამ მსაჯებს შორის იყო სონი უიკსი _ ერთ-ერთი ავტორიტეტული რეფერი.

კოვალევმა ორთაბრძოლის დასაწყისშივე დაიჩივლა რეფერისთან, რომ უორდმა ქამრის ქვემოთ რამდენჯერმე დაარტყა. კოვალევი თავს შესანიშნავად იცავდა და არც ერთი დარტყმა არ გაუშვია, სანამ უორდმა სამჯერ არ დაარტყა ქამრის ქვემოთ. კოვალევი მოიხარა ტკივილისგან, მსაჯმა კი ორთაბრძოლა გააჩერა და თანამემამულის გამარჯვება გამოაცხადა.

6. ყველაზე უნამუსო

ფლოიდ მეივეზერი (აშშ) _ ვიქტორ ორტასი (აშშ)

თარიღი: 2011 წლის 17 სექტემბერი

შედეგი: მეივეზერის გამარჯვება ნოკაუტით მეოთხე რაუნდში.

ფლოიდ მეივეზერმა იბრძოლა ეპოქის ყველა ძლიერ მოკრივესთან, ოღონდ მისთვის ხელსაყრელ დროს, ადგილას და დივიზიონში. მეივეზერმა ოსკარ დელა ჰოიასთან, მენი პაკიაოსა და ხოსე ლუის კასტილიოსთან მსაჯების მიერ გამოტანილი საკამათო გადაწყვეტილებების შედეგად გაიმარჯვა.

მეივეზერი არასოდეს ყოფილა ძლიერი დარტყმის მქონე მოკრივე, მაგრამ ამ მხრივ გამორჩეულია ორთაბრძოლა ვიქტორ ორტისთან, რომელიც ბინძური ილეთების გამოყენებას არ ერიდებოდა. ერთ-ერთი შეტევისას ის ოდნავ შეხტა და თავი ქვემოდან ზემოთ აარტყა მეივეზერს. ამის გამო მსაჯმა ქულა ჩამოაჭრა და ორთაბრძოლა გააგრძელებინა. ორტასმა მეივეზერისთვის ბოდიშის მოხდის ნიშნად ხელები წინ გაიშვირა, ფლოიდმა კი მოულოდნელად ორჯერ დაარტყა ყბაში. როგორც ჩანს, ბოდიში არ მიიღო.

7. სასიკვდილო

რეი მანჩინი (აშშ) _ დუკ კუ კიმი (სამხრეთი კორეა)

თარიღი: 1982 წლის 17 ნოემბერი

შედეგი: მანჩინის გამარჯვება ნოკაუტით მე-14 რაუნდში

რეი მანჩინისა და დუკ კუ კიმის ორთაბრძოლის ვიდეოს მსოფლიომ უყურა. ამ ორთაბრძოლის შემდეგ კრივი შეიცვალა. მსოფლიოს მოკრივეთა საბჭოს (ჭBჩ-ს) გადაწყვეტილებით, 15-რაუნდიანი ორთაბრძოლის ნაცვლად 12-რაუნდიანი ორთაბრძოლები ტარდება.

რა მოხდა? მანჩინისა და კიმის ქანცგამცლელი ორთაბრძოლა მე-14 რაუნდამდე გაგრძელდა, რომელშიც კორეელმა რამდენიმე დარტყმა ვერ აიცილა და რინგზე დაეცა, მაგრამ შეძლო წამოდგომა. მსაჯმა ზუსტად შეაფასა მოკრივის მდგომარეობა და ორთაბრძოლა შეწყვიტა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ დუკ კუ კიმი მაინც ჩავარდა კომაში და რინგიდან საკაცით გაიყვანეს. იმავე დღეს მას ოპერაცია გაუკეთეს და ჰემატომა მოაცილეს, მაგრამ 4 დღის შემდეგ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here