მთავარი პოლიტიკა სარფიანი უსინდისობა

სარფიანი უსინდისობა

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

461
გააზიარეთ

ოცდამეთექვსმეტე გამოშვება

ჩვენ სუფთა სინდისი გვაქვს, ვინაიდან მას არასოდეს ვიყენებთ!”

ოვიდიუსი

ჩაიარა 14-მა ოქტომბერმა. აგუგუნდა რუსთაველის პროსპექტი და თავისუფლების მოედანი. ათი ათასამდე ადამიანი იყოო, _ ქოცებმა. სულ ცოტა, ასი ათასი ვიყავითო, _ ნაცებმა. ორივე მხარე აშკარად ნაცარს გვაყრის თვალში. თავისუფლების მოედანზე 20 ათას ადამიანზე მეტი არ ეტევაო, _ ამტკიცებენ ქოცები. 2012 წელს, როდესაც ივანიშვილმა დაიწყო აქციები, მაშინ, იმავე მოედანზე, იმავე ქოცების აზრით, 200 ათასი ეტეოდა. თუმცა, იმ დროს ნაცებიც იმას ამტკიცებდნენ, რასაც ახლა ქოცები ამტკიცებენ: მოედანზე 20 ათას ადამიანზე მეტი არ ეტევაო. ერთი სიტყვით, რასაც გუშინ ნაცი გვიმტკიცებდა, იმავეს დღეს ქოცი გვიმტკიცებს; ხოლო რასაც გუშინ ქოცი გვიმტკიცებდა, იმას დღეს ნაცი გვიმტკიცებს. საერთოდ, ძალიან გადადიან და გადმოდიან ერთმანეთში და დღითიდღე ერთმანეთისგან სულ უფრო ძნელად გასარჩევი არიან

რაოდენობასა და ჭეშმარიტებას შორის ასე პირდაპირი კავშირი რომ არ არსებობს, ეს ისტორიის მიერ დადასტურებული ფაქტია. არ ხდება ისე, რომ, რაც უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს ამა თუ იმ იდეას ან პოზიციას, მით ჭეშმარიტია ეს აზრი და პოზიცია. ჩვენ შემთხვევაში რაოდენობა ჭეშმარიტებას კი არა, ძალას, უფრო ზუსტად, ფულს გამოხატავს. რაც მეტი ადამიანი დგას ერთ რომელიმე მხარეს, მით უფრო ძლიერია (ფულიანია) ეს მხარე, ძლიერი და არა _ მართალი, ფულიანი და არა _ მართალი. ფულის ძალა გვიქციეს ჭეშმარიტების, სიკეთის, სიყვარულის, ზნეობის საზომად. ვისაც ასეთი ძალა აღმოაჩნდება, ბრძენიც ისაა, კეთილშობილიც, პატრიოტიც, ქველმოქმედიც და, თუ გნებავთ, წმინდანადაც შერაცხავენ. ძალას (ფულს), ანუ რაოდენობას გამოდევნებულებმა, მთავარი დავკარგეთ _ სინდისი. სინდისი, რომლის გარეშეც ადამიანისგან ცხოველიღა რჩება. ან იმ პარტიას რა სინდისი უნდა მოსთხოვო, რომელიც ფულს არიგებს იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს; ან იმ ხალხს, რომელიც ფულის საზღაურად ქუჩაში გამოდის და, რასაც ჩასძახებენ, იმასვე ამოიძახებს. ამ ვითარების ახსნა იმით, რომ ხალხს უჭირს, ალბათ, შესაძლებელია, მაგრამ ახსნა გამართლებას არ ნიშნავს. ვითარების ამგვარი ახსნა გაჭირვების არსებობაზე მეტყველებს და არა _ სინდისის არსებობაზე. უსინდისო საქციელი უსინდისო საქციელად რჩება, იმის მიუხედავად, ვინ სჩადის მას _ მშიერი თუ მაძღარი. უსინდისობას მოტივი კიდეც რომ მოეძებნოს, ამით მას სახელი ვერ შეეცვლება, რადგან მოტივირებული უსინდისობაც უსინდისობაა.

ეს საზოგადოდ.

კონკრეტულად კი… ეჰ, რამდენი კონკრეტული რამ არის სათქმელი. ადამიანი ქუჩაში როდესაც გამოდის და ყვირილს იწყებს, ის ყვირილი სულის ამოძახილი უნდა იყოს. 14 ოქტომბერს ქუჩაში გამოსული ხალხის მთავარი ლოზუნგი ასეთი იყო: “თავისუფლება მიშას!”. რომელი სულის ამოძახილია ეს ლოზუნგი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ტყუილად ზის? მას დანაშაული არ ჩაუდენია? არასწორად გაასამართლეს? ცილი დასწამეს? საქმე შეუთითხნეს? ბიზნესმენები არ დაუპატიმრებია და მათთვის ფული და ქონება არ წაურთმევია? ტელეკომპანიაიმედიარ დაურბევია? 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციები სისხლში არ უბანავებია? ორი გვამი არ მოუთხოვია? ეს ყველაფერი ხომ ფაქტებით დადასტურებული ნამოქმედარია მისი. მიხეილ სააკაშვილს ერთი (მისთვის) ცუდი თვისება ჰქონდა _ მის მიერ ჩადენილ მრავალ დანაშაულს (ყველაფერს _ არა) იღებდა და ვიდეომასალად ინახავდა, ამიტომ ხალხს ნანახი აქვს ეს ყველაფერი. თუკი ვინმე არის ისეთი, ვისაც ეს მასალები აქამდე არ უნახავს, შევიდეს ინტერნეტში და საკუთარი თვალით იხილავს ყოველივეს. სააკაშვილს მხოლოდ ის ხომ არ ჩაუდენია, რაც ზემოთ იყო ჩამოთვლილი? მის რეჟიმს ადამიანები არ დაუხოცავს? გირგვლიანის მკვლელობა არ მომხდარა? პრეზიდენტ სააკაშვილს გირგვლიანის მკვლელების ცინიზმითა და უსინდისობით გაჯერებული შეწყალება არ განუხორციელებია? ეს ყველაფერი დანაშაული არ არის, თანაც უმძიმესი დანაშაული? რას ეფუძნება (სიმრავლის გარდა) ამ ადამიანების მიერ კანონის უგულებელყოფის მოთხოვნა? სააკაშვილი პრეზიდენტი რომ იყო (ხალხმა, თავის დროზე, ეს მიუტევებელი შეცდომა რომ დაუშვა), ეს ფაქტი მას დანაშაულის ჩადენის უფლებას ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პატიების ინდულგენციას აძლევს? რა მიდგომაა, რა მორალია ეს? საიდან იღებს სათავეს ასეთი საზოგადოებრივი უპასუხისმგებლობა? ეს ის შეკითხვებია, ხალხი, სანამ ქუჩაში გამოვიდოდეს, საკუთარ თავს რომ უნდა უსვამდეს. უპასუხისმგებლო მიდგომები, სამწუხაროდ, ახალი ამბავი არ არის, ძველთაგან მოგვდგამს. გაიხსენეთ .. თვითმფრინავის გამტაცებელთა საქმე გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. რამდენიმე ავაზაკმა უსასტიკესი დანაშაული ჩაიდინა, თვითმფრინავში იარაღის შეტანა მოახერხა, იქ ეკიპაჟის წევრები დახოცა და ასობით მგზავრის სიცოცხლე სასწორზე შეაგდო, რათა რომელიღაც მიმართულებით თავიანთი ბინძური ლტოლვა დაეკმაყოფილებინათ. აი, ეს სისხლიანი ტერორისტები შევიწყალოთო, _ ატყდა მაშინდელი ე.წ. ინტელიგენციის ერთი ნაწილი. მათ არ ჰქონდათ პასუხი შეკითხვაზე, რატომ უნდა შეეწყალებინათ ტერორისტები, რომლებმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე დაუნდობლად გაწირეს საკუთარი, აბსოლუტურად ამორალური ხუშტურების დასაკმაყოფილებლად. რა იურიდიულ ან მორალურ საფუძველს უნდა დაყრდნობოდა იმ ცივსისხლიანი მკვლელებისა და ავაზაკების შეწყალება? ან რა ახსნა აქვს იმ ამბავს, რომ შემზარავი დანაშაულის ჩამდენ ნაძირალებს დღემდე გმირების მანტიაში ხვევენ სარეველასავით მომრავლებული ვაიმწერლები და ვაიჟურნალისტები?! დღეს უკვე ნათელია, ვინ იყვნენ და ვინ არიან ისინი, ვინც ამ ტერორისტული აქტის რომანტიზებას ცდილობდნენ და ცდილობენ. ეს ის ხალხია, რომლისთვისაც დასავლური იდეოლოგიით ნაკვები ტერორისტებიც კი მისაღები და სანუკვარია. ამ ყაიდის ადამიანებს სააკაშვილიც იმიტომ უყვართ, რომ იგი დასავლეთის მიერ მოგზავნილი დაქირავებული მკვლელია. თუ მკითხავთ, ვინ მოკლა სააკაშვილმაო, შეკითხვაზე შეკითხვითვე გიპასუხებთ: ვინ მოკლა ბადრი პატარკაციშვილი, ზურაბ ჟვანია, გურამ შარაძე, გია კრიალაშვილი, სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, მამაშვილი იური და ზურაბ ვაზაგაშვილები, სულხან მოლაშვილი?.. კიდევ რამდენი ადამიანის გახსენება შეიძლება, ვინ მოკლა ისინი? ეს ადამიანები პირადად სააკაშვილს რომ მოეკლა, არა უშავდა, რადგან ერთ მკვლელს (თუნდაც, სერიულს) ქვეყანა აიტანდა. გაცილებით უარესია, როდესაც რეჟიმია მკვლელი. ეს ადამიანები მკვლელმა რეჟიმმა მოკლა, რომელიც სააკაშვილის შექმნილი იყო. ვიღაცეები კი გამომდგარან და გაიძახიან _ თავისუფლება მიშას! ამ სამარცხვინო ეპოპეის მთელი უბედურება ისაა, რომ მათ მიშაც ფეხებზე ჰკიდიათ და მისი თავისუფლებაც. ისინი მიშას ახალი რეჟიმისგან (თუკი ასეთი საშინელება მოხდება) იმ სალაფავს მოელიან, ივანიშვილისგან რომ ვერ მიიღეს ან მიიღეს, მაგრამ ეცოტავათ, ან რაღაც მიზეზით შეუწყვიტეს. ისინი, შესაძლებელია, კარგი მეცნიერები, მხატვრები ან არტისტები არიან, მაგრამ ცუდი ადამიანები და უფრო უარესი მოქალაქეები ყოფილან, ვინაიდან მზად არიან, ახალ პოლიტიკურ მკვლელობებს, პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ახალ ტალღას მოაწერონ ხელი, ოღონდ ვიღაც, როგორც ადრე იტყოდნენ, ოთხში ამოიღონ, სათანადოდ დაუფასებლობის გამო მასზე შური იძიონ, როგორც მოახერხებენ და გამოუვათ, ისე დასაჯონ და დაუმტკიცონ, რომ ამათაც რაღაც შეძლებიათ. ივანიშვილია ის ვიღაც. არ ვაპირებ, ივანიშვილისა და ამ ადამიანების ურთიერთობებში მოსამართლის ფუნქცია ვიტვირთო და მტყუან-მართალი ვარკვიო. ივანიშვილი იქნებ უარეს მოპყრობასაც იმსახურებს, მაგრამ სააკაშვილის პოლიტიკური რეანიმაციის მცდელობით მათ ივანიშვილისთვის კი არა, ქართველი ხალხისთვის გამოაქვთ უმძიმესი განაჩენი, ისინი ამით საქართველოს სჯიან. სააკაშვილი ხომ ის პრეზიდენტია, რომელმაც საქართველოს ციხეები პოლიტიკური პატიმრებით გაავსო. ახლა კი გაჰყვირის, _ პოლიტიკური პატიმარი ვარო. სააკაშვილი ის პრეზიდენტი იყო, რომელმაც პატიმრების წამებისა და გაუპატიურების სისტემა შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საშინელებათა ამსახველი უამრავი დოკუმენტური და ვიდეომასალა არსებობს, გაიძახიან, ეს სიცრუეაო. ასე ყველაფერზე შეიძლება იძახონ, _ სიცრუეაო, ენას ხომ ძვალი არ აქვს, მაგრამ ფაქტები თუკი ღაღადებენ?! უფრო მოღაღადე ფაქტი რა უნდა იყოს, ვიდრე თვითონ სააკაშვილის აღიარებაა?! ინებეთ ამონაწერი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის ოქმიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს (სტილი დაცულია):

მთავარ ციხეში, ანუ ცენტრში ხდებოდა ის, რაც ხდებოდა, გვეგონა, ბევრი რამ შევცვალეთ, მაგრამ ეს აღმოჩნდა მხოლოდ გარეგნული. მთავარი საზიზღრობები თურმე ჯერ კიდევ შიგნით ყოფილა. მათ შორის ის, რომ სრული მანიაკები ასე დაუსჯელად მოქმედებდნენ, ასე დაუსჯელად სცემდნენ, ამცირებდნენ ხალხს და მართლა მანიაკალურობის გარდა, არ მესმის, სხვა რა მოტივაცია შეიძლება იყოს იმ ქმედებებში, რაც არის. და ის, რომ გამოძიება ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კვირაა, რაც დავიწყეთ, ნიშნავს, რომ ბევრი რგოლი ჩავარდა. .. რეალურად მოხდა სისტემური მარცხი”. აღიარება სხვა რა უნდა იყოს, გაუგებარია.

სააკაშვილი საქართველოში ვითომ დანაშაულს ებრძოდა, მაგრამ სინამდვილეში დანაშაულებრივ პოლიტიკას ნერგავდა. იგი დანაშაულს იმით “ებრძოდა”, რომ მის ლეგალიზაციას ახდენდა. სამაგალითოდ უმარტივესი კორუფციული სქემა ავიღოთ. რომელიმე დოკუმენტის მიღების ვადად, ვთქვათ, დაწესებული იყო ორი კვირა. მოქალაქე, რომელსაც ეჩქარებოდა ამ დოკუმენტის მიღება, დაბალი რანგის რომელიღაც მოხელეს ქრთამს აძლევდა და დოკუმენტს ორი კვირის ნაცვლად ორ დღეში იღებდა. ეს იყო კლასიკური კორუფცია. სააკაშვილმა ეს პროცესი შეცვალა და მას კანონიერი სახე მისცა, რომლის შედეგად მოქალაქე ქრთამს უკვე მოხელეს კი არა, პირდაპირ სახელმწიფოს უხდიდა _ ლეგალურად და ოფიციალურად. ამით კორუფციის შინაარსი არ შეცვლილა, ფორმა შეიცვალა, რითაც კორუფციის იურიდიული ასპექტი გაქრა, მაგრამ… თვითონ კორუფცია არსად წასულა. სააკაშვილი დღემდე ტრაბახობს, რომ მან საქართველოში კორუფცია მოსპო. სინამდვილეში მან კორუფციის ყველა ფორმას მაღალ ეშელონებში მოუყარა თავი, რითაც ორი კურდღელი დაიჭირა:

აქცია რუსთავში საპატიმროსთან, რომელშიც სააკაშვილი ზის

1. კორუფციის მასშტაბები არნახულად გაზარდა და იგი ელიტურ მოვლენად აქცია, რის შემდეგაც მასზე ხელი მხოლოდ თვითონ და მის უშუალო გარემოცვას მიუწვდებოდა;

2. ამ მოვლენის ფონზე, თავი იმ უდიდეს რეფორმატორად გამოაცხადა, რომელმაც სასწაული ჩაიდინა და კორუფცია დაამარცხა.

ამერიკული დემოკრატიის ამიერკავკასიაში მოციმციმე ესჩაუქრობელი შუქურაჰუმანიზმის ნაცვლად სისასტიკეს ქადაგებდა და ნერგავდა. “არავითარი პირობითი სასჯელი, ყველანი ციხეში, ყველანი ციხეში!” _ ღრიალებდა იგი პარლამენტის ტრიბუნიდან. სხვათა შორის, იგი მხოლოდ ციხით არ იმუქრებოდა: “ბუნტის ნებისმიერი მცდელობისას გახსნან ცეცხლი და ადგილზე გაანადგურონ, მოკლან ნებისმიერი, ვინც ამას შეეცდება. ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება!” სახელმწიფოს ზოგჯერ მართლაც უწევს იარაღის გამოყენება წესრიგის დასაცავად, ტერორისტული აქტების აღსაკვეთად და ა.შ., მაგრამ აქ ლაპარაკი სხვა რამეზეა. დააკვირდით მის ფრაზეოლოგიას: ადგილზე გაანადგურონ, მოკლან…” ეს არ არის დემოკრატი პრეზიდენტის ლექსიკა, ეს არის შინაგანად სისხლს მოწყურებული მანიაკის წინასწარი სადისტური ტკბობა მომავალი ქმედებით, რომელიც გამჟღავნებულია სიტყვებში: ადგილზე განადგურებადამოკვლა”. “ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება”, _ აცხადებს სააკაშვილი. იგი არ ამბობს, ტყვიები დამნაშავეებისთვის არ გვენანებაო, იგი ამბობს, ტყვიები ამ ხალხისთვის არ გვენანებაო. ეს არაცნობიერის უნებლიე ამოვარდნაა. მისი სიძულვილის ობიექტი გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე საზოგადოების კრიმინალური ნაწილი. მას, არც მეტი, არც ნაკლები, ხალხისთვის არ ენანება ტყვიები. დააკვირდით ამ ბოლო სიტყვას _ ტყვიები. ქართული მეტყველებისთვის დამახასიათებელია ამგვარი სიტყვათწყობა _ მკვლელისთვის ტყვია არ დამენანება! უმწეო ადამიანის მჩაგვრელისთვის ტყვია არ დამენანება! სააკაშვილი კი იმასაც, ვისთვისაც სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს, მრავლობითში (ამ შემთხვევაში, კრებსითში) მოიხსენიებს _ ხალხი, და განადგურების საშუალებასაც ასევე მრავლობითში მოიხენიებს _ ტყვიები. აი, ეს მასშტაბია მთავარი _ ხალხი და ტყვიები. ეს მისი სტიქიაა, მისი გაქანებაა. იგი მისი ნატურით დიდი და გრანდიოზული ომის მწარმოებელი პიროვნებაა და, სანამ ამის საშუალება არ აქვს, ამაზე ოცნებობს, მაგრამ, როგორც კი ამის საშუალება მიეცემა, ნაოცნებარის აღსრულებასაც არ დააყოვნებს. სააკაშვილს ახასიათებს ფსიქიკური ინფანტილიზმი, რომელზეც მისი სექსუალური თავაშვებულებაც მეტყველებს. იგი დღესაც ის უმწიფარი ახალგაზრდაა, რომელიც საკუთარ წარმოსახვაში ხან ალექსანდრე მაკედონელია, ხან _ ნაპოლეონ ბონაპარტე, ხან _ ადოლფ ჰიტლერი, ხან _ დავით აღმაშენებელი და .. რას წარმოადგენენ ეს ისტორიული პიროვნებები მათ მიერ წარმოებული გრანდიოზული ომების გარეშე? თითქმის არაფერს! ამიტომ სააკაშვილის ბიოგრაფიაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო საომარი ბატალიები, რომლებშიც იგი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, მის “უსაზღვრო შესაძლებლობებს” ისეთი სისრულით გამოავლენდა, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კაცობრიობის ისტორიაშიც ოქროს ასოებით ჩაეწერებოდა. ეს მისი ოცნება იყო უკვდავებასა და დიდებაზე. აი, სად იმალება 2008 წლის აგვისტოს ომის ფსიქოლოგიური ფაქტორები და წანამძღვრები. სწორედ ეს ომია მის მიერ ჩადენილი უდიდესი დანაშაული საქართველოს წინაშე, რომლის დამანგრეველი შედეგები, შესაძლებელია, საერთოდ გამოუსწორებელი აღმოჩნდეს. ეს ომი ცხინვალში სააკაშვილის შეჭრით დაიწყო და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, ანუ საქართველოს ტერიტორიული რღვევით დასრულდა. სააკაშვილის ლაქიები დღემდე გაჰყვირიან, ომი სააკაშვილს არ დაუწყიაო. სააკაშვილმა კი ამ საკითხების შემსწავლელ საპარლამენტო სპეციალურ კომისიაზე დაკითხვის პროცესში მისთვის დასმულ შეკითხვას, დაიწყო თუ არა მან ომი, ასე უპასუხა: არც მე, არც მთავრობის სხვა წევრებს არასოდეს საპირისპირო არ გვითქვამს. საკითხს ისე აყენებენ, თითქოს ჩვენ ამას უარვყოფთ. კითხვაზე, განახორციელა თუ არა საქართველომ სამხედრო მოქმედებები ცხინვალისა და სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიების საკონტროლებლად, რომლებსაც მანამდე ვერ ვაკონტროლებდით, მინდა განვაცხადო: დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში საკუთარი სამშობლოსა და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად”. ასეთია სააკაშვილის პირდაპირი აღიარება 2008 წლის ომზე. მოკლედ, სააკაშვილი საკუთარ თავს ხან აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონად, ხან კი საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელ მამად რომ მოიხსენიებს, სინამდვილეში საქართველოს ტერიტორიული ნგრევისთვის და სრული გაჩანაგებისთვის საფუძვლის ჩამყრელი და დასაბამის მიმცემია. სააკაშვილი ის პრეზიდენტია, რომელმაც საქართველო გამოუსწორებლად დააზიანა, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი ამ დანაშაულისთვის არ არის გასამართლებული, ვინაიდანქართულმა ოცნებამვერ გაბედა შესაბამისი მუხლით მისი გასამართლება. ივანიშვილს შეეშინდა, რომ ამას რუსეთის გამართლებად და დასავლეთის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯად ჩაუთვლიდნენ. ეს უკვე ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ახალი დანაშაულია, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულის დაფარვად კვალიფიცირდება.

ახლა ბევრს ლაპარაკობენ მიტევებასა და დიდ შერიგებაზე. ჯერ ცალკეულმა სასულიერო პირებმა დაიწყეს ამ თემაზე საუბარი, შემდეგ კი, როგორც მოსალოდნელი იყო, თემა სააკაშვილმა განაგრძო: ჩვენ თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე”. მოკლედ, ციხიდან გამიშვითო, გვეუბნება სააკაშვილი, მაგრამ ამ სათქმელს შერიგებისა და მიტევების მაღალი იდეალებით ფუთავს, ანუ თვალებში ნაცარს გვაყრის. თუმცა, მეუფე დიმიტრისგან ზუსტი პასუხი მიიღო: შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან. მტანჯველი სინანულს უნდა განიცდიდეს”. სხვათა შორის, მეუფე დიმიტრისგან სასულიერო იერარქებმაც (ნაცმა) საკადრისი პასუხი მიიღეს: პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ: ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ იმ ტანჯვაწამებაგამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირვარამი თუ მოგისმენიათ?”

ნაცი მღვდლების შეგონებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ცოტა ხანში ისე შემოაბრუნებენ საკითხს, რომ ტანჯვაგამოვლილ ადამიანებსაც და სრულიად საქართველოსაც სააკაშვილისთვის პატიების თხოვნა მოგვიწევს. საკითხის მართებული დასმა კი ის იქნება, რომ სააკაშვილმა ჯერ აღიაროს ჩადენილი ცოდვები და დანაშაულები, შემდეგ პატიება ითხოვოს და მხოლოდ ამის მერე გადაწყვეტს ერი და ბერი, რა და როგორ. აი, რა ბრძანა პატრიარქის მოსაყდრე შიომ: “ბოროტება ჩვენ უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც. ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას _ ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია ჩვენ. გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე, ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევაში, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი”.

აკაკი წერეთელი “გამზრდელში” გვეუბნება: არის ზოგი შეცოდება, რომ სათქმელად საძნელოა, არც შენდობა უხერხდება!” არის დანაშაული, რომლის პატიება არ შეიძლება, ვინაიდან ეს ის შემთხვევაა, როდესაც აქტი მიტევებისა მიმტევებელს კი არ აამაღლებს, იმაზე მეტად შეურაცხყოფს, თავდაპირველმა დანაშაულმა რომ შეურაცხყო. ამაზეა საუბარი, მაგრამ სატანის ტელეარხებზე სატანის მოციქულები ხომ იმიტომ არიან ჩაბუდებულნი, რომ ყველაფერი თავდაყირა დააყენონ და ყველაფერი წაბილწონ. მეუფე შიოს გვარამია ეკამათება და მისი სიტყვების გაქარწყლებას იმით ცდილობს, ეს ძველი აღთქმისპირქუში ღმერთის”(!) პოზიციაა, ახალი აღთქმა კი, პირიქით, სასჯელზე კი არა, მიტევებაზე ქადაგებსო. არადა, სულაც არ არის ისე, როგორც გვარამიას ავაზაკურ ცნობიერებას ბიბლია გადაუხარშავს. მაცხოვარი გვეუბნება: “ნუ სჯით თუალღებით, არამედ სამართალი სასჯელით საჯეთ!” (იოანე. 7. 24). სხვაგან ასე გვასწავლის უფალი: “მონამან, რომელმაც იცის ნებაი უფლისა თვისისა და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად. ხოლო რომელმან არ იცის და ქმნას რამე ღირსი ტანჯვისაი, იგუემოს მცირედ, რამეთუ ყოველსა, რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა მიეღოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰხადონ მას!” (ლუკა. 12. 47-48). საიდან მოაქვს გვარამიას, რომ თითქოს ახალ აღთქმაში სასჯელის ცნება არ არსებობს და მხოლოდ მიტევებაზეა საუბარი?! სააკაშვილისა და გვარამიას მსგავსი ავაზაკებისგან მიტევებაზე საუბარი ქრისტიანული დიდსულოვნების გამოხატულება კი არ არის, სატანური ფარისევლობაა, რომელიც ბოროტების შენიღბვისა და სასჯელისგან თავის დაძვრენის უბადრუკი სურვილითაა ნასაზრდოები. პეტრე მოციქული კი გვასწავლის: “იცხოვრეთ, როგორც თავისუფლებმა, ოღონდ თავისუფლებას ბოროტების საფარველად ნუ გამოიყენებთ!”

ბოროტებისა და უსინდისობის საფარველად ახლა საქართველოში ეს ლოზუნგი ფრიალებს: “თავისუფლება მიშას!”. ეს სწორედ ის მოტივირებული უსინდისობაა, რომელიც წარსულ ცოდვათა მიჩქმალვისა და ახალი ცოდვების ჩასადენად ხელისუფლებისკენ აღვირახსნილ ლტოლვაში ვლინდება.

P.S. საქართველოში, სადაც უკიდეგანო სიძულვილი მძვინვარებს, მიტევებისა და შერიგების საკითხი, რა თქმა უნდა, დგას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ზნეობის პრობლემამდე დადის. თომას მანი ბრძანებს: “ზნეობრიობის საზომი სუფთა სინდისის შენარჩუნების საზიზღარი ხელობა კი არ არის, ბრძოლა და ტანჯვა, ვნება და სიკვდილია”. ჩვენმა თაობამსუფთა სინდისისშენარჩუნების მრავალი ხერხი აითვისა, მაგრამ სინდისის კარნახით ცხოვრება გულშიც არ გაუვლია. შედეგებს დღესაც საკმარისად ვიმკით და მომავალში უფრო მეტად მოვიმკით

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ბატონო ვალერი, როგორც ყოველთვის, ყველაფერში მართალი ბრძანდებით და, ცხადია, გეთანხმებით. ერთადერთი, რაშიც ვერ დაგეთანხმებით, ეს თვითმფრინავის
    გამტაცებელთა საქმის გაგებაა. ჯერ ერთი, არასწორია, რომ იმ ახალგაზრდებს, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს, ტერორისტები ვუწოდოთ; და მეორეც, ინტელიგენციის ერთი ნაწილი იმას კი არ მოითხოვდა, რომ მათ ეს დანაშაული ვაპატიოთო, არამედ იმას, რომ არ დაეხვრიტათ და სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. თუ დამეთანხმებით იმაში, რომ გადაადგილების უფლება ადამიანის წმინდათაწმინდა უფლებაა, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ ტერორისტი და ავაზაკი არის სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს ამ უფლებას უზღუდავს. ტერორისტი გეგმავს დანაშაულს, ამ ახალგაზრდებმა კი გაქცევა დაგეგმეს და დანაშაული ჩაედინათ. რაც შეეხება იმას, რომ დასავლეთს აიდეალებდნენ, მაშინ ასე ჩანდა. დღეს უკვე გასაგებია, ის რასაც წარმოადგენს. ამიტომ მათი დღევანდელ მედასავლეთეებთან შედარებაც უადგილოა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here