Home რუბრიკები პოლიტიკა საოცნებო ოდისეა _ ხულოს მეტროდან ხაშურის აეროპორტში

საოცნებო ოდისეა _ ხულოს მეტროდან ხაშურის აეროპორტში

1490
ქართული ოცნება

როდესაც ზიხარ უფულოდ / და არ გაქვს შოვნის შანსები, / არც მეგობრები გაწუხებს / და აღარც ძველი ნაშები”, _ ეს ლანჩხუთის ყოფილი გამგებლის, ზაზა ურუშაძის, ლექსია და მას დღეს ეპიგრაფად გამოვიყენებთ, იმიტომ, რომ ურუშაძე სკანდალში გაეხვია, ხოლო მისი შემოქმედება კარგად ასახავს საშუალო სტატისტიკური სახელმწიფო მოხელის შინაგან სამყაროს (რუსთაველის ან შექსპირის ციტირება ამ შემთხვევაში უადგილოა).

“ჩაშვებას და დაბეზღებას არავინ არ მოგიწონებს, / სხვის კაბინეტს და მაგიდას ნუ აუღებ შენ ზომებს” (ურუშაძის ლექსების კრებულიდან “გურიაში გურულად”), მაგრამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეს მოწოდება, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინა და გამოაქვეყნა დასკვნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ურუშაძემ ლანჩხუთის გამგეობას საკუთარი და მამის კუთვნილი ავტომანქანები მიაქირავა. ამ დოკუმენტში ნათქვამია: “2015-2016 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებს კერძო პირებისგან იჯარით აყვანილ ავტომობილებს. კერძოდ, მუნიციპალიტეტის გამგებელი სარგებლობს 2 ავტომობილით, რაზეც გაფორმებული არის საიჯარო ხელშეკრულებები. აქედან ერთი ავტომობილი გამგებლის (ზაზა ურუშაძის) საკუთრებაა, ხოლო მეორე ხელშეკრულება გაფორმებულია მუნიციპალიტეტსა და ფ/პ ილია ურუშაძეს შორის”.

აქვე შეგვიძლია კიდევ ერთი ციტატა მოვიყვანოთ საქართველოს კანონიდან “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ”, მუხლი 10, პუნქტი “ბ”: “საჯარო მოსამსახურეს, პირადი ინტერესიდან გამომდინარე, ეკრძალება… დადოს ქონებრივი გარიგება იმ საჯარო დაწესებულებასთან, სადაც მუშაობს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა”. წერტილს ამ საქმეში, ალბათ, სასამართლო დასვამს, მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ გამონაკლის შემთხვევაზე საუბარი ზედმეტია. საინტერესოა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ 2016 წელს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას სწორედ ორი ერთეულით გადააჭარბა.

იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მუნიციპალიტეტს მანქანის მოვლა-პატრონობის ხარჯები უნდა დაეფარა. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ურუშაძემ ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარ მანქანას საბურავები შეუცვალა, გამოცვალა ზეთი, ანტიფრიზი და სხვ. ალბათ, დროა, ყოფილი გამგებლის კიდევ ერთი ლექსი გავიხსენოთ: მშიერ კაცზე ვარესი ამ ქვეყნად არაფერია, / საცოდავ ხალხის ყურებით მეც დამეკარგა ფერია”.

აქ ბუნებრივად შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რა გაუჭირდა ისეთი, რომ უაღრესად პრიმიტიულ კომბინაციაში ჩაერთო, რომელიც აუცილებლად გაიშიფრებოდა? 2017 წლის დეკლარაციის თანახმად, ურუშაძეს მხოლოდ “თი-ბი-სი” ბანკის ანგარიშზე 29 ათასი დოლარი ჰქონდა, მაგრამ საბურავები მაინც ბიუჯეტის ხარჯზე გამოცვალა. ამ თემაზე “გურია თუდეისთან” საუბრისას, ურუშაძემ საინტერესო კითხვა დასვა: “ის ჯობდა, გამგებლად როგორც კი დავინიშნე, შავი “ტოიოტას” 90-ათასიანი ჯიპი შემეძინა, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში მოხდა?”

შესაძლოა, ყოფილ გამგებელს არ ეყო გამჭრიახობა და გამოცდილება იმისთვის, რომ თავისი ძველი “ფოლქსვაგენის” რემონტი შეენიღბა, თორემ მისი კოლეგები გაცილებით დახვეწილი სქემების მეშვეობით ბიუჯეტიდან შეუდარებლად დიდი თანხებს ამოქაჩვას ახერხებენ. ურუშაძე კი, სავარაუდოდ, პოეტური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ვერ ჩასწვდა ამ იურიდიულ სირთულეებს, უბრალოდ, ადგა და საკუთარი თავისგან საკუთარი ავტომობილი იქირავა.

საკადრო პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის აქილევსის ქუსლია. რატომ დაამტკიცა გამგებლის პოსტზე იმ კაცის კანდიდატურა, რომელმაც ცხოვრება მუზების გარემოცვაში უნდა გაატაროს? დაახლოებით ასე:

“გვიან ღამით სასტუმროში გავიცანი ორი ქალი _

ერთი შავგვრემანი იყო, მეორე კი _ ძაან შავი.

შავი, მაგრამ მკერდი ვარგი, მაღალი და ფეხიც სარგი.

შავგვრემანიც კარგი იყო _ თვალციმციმა და ტანადი.

შებმა ცოტა გამიჭირა, ბოლოს მოხდა საქმე კარგი,

ჩემს მაგიდას შემოუსხდნენ შავიცა და შავგვრემანიც.

გამისწორდა, რომ შევხედე, როგორ შევძელ ეს ამბავი,

მაგიდასთან სამნი ვზივართ: მე მარტო და ორი ქალი”

(ზ. ურუშაძე “მე მარტო და ორი ქალი”).

ავტორს ასეთი ლექსიც აქვს: “რუსის ქალი, მართლა ქალი, დაგვავიწყდა, სადღა არი”… მისი წაკითხვის შემდეგ ზოგი შეიძლება აცრემლდეს და თქვას: “რა გახდა ეს საბურავები…. შევუნდოთ…” მაგრამ არ გამოვა ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი: კანონი კანონია. არის კიდევ ერთი დამამძიმებელი გარემოებაც. ურუშაძე, თავის დროზე, მწვავედ აკრიტიკებდა ძველ რეჟიმს, 2013-ში უკრაინაში პრესკონფერენციაც კი მოაწყო, ხოლო 2015-ში აპირებდა, საკუთარი ხარჯებით დაებეჭდა და უკრაინაში გაევრცელებინა ბუკლეტი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. ახლა სააკაშვილი იტყვის: ხომ ვამბობდი, საქართველოში კორუფცირებულები, საბურავების ქურდები მებრძვიანო. უბრალოდ, არ შეიძლება მარჯვენა ხელით სამართლიანობის აღდგენის დიად იდეას ეპოტინებოდე, ხოლო მარცხენა ხელით ბიუჯეტის ხარჯზე საბურავებს ცვლიდე.

ლანჩხუთიდან შეგვიძლია ხაშურში ან ხულოში გადავინაცვლოთ. პრინციპში, სულ ერთია, სად, რადგან ორივე რაიონის საკრებულოებმა თავიანთი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არარსებულ მეტროპოლიტენის სადგურებსა და აეროპორტებში დასუფთავების მოსაკრებელი დააწესეს: ხულოში ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში _ 6 ლარის ოდენობით, ხაშურში კი _ სულ რაღაც 4 თეთრის. ორივე რაიონში, სავარაუდოდ, უბრალოდ, დააკოპირეს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პაკეტი და ისე მიიღეს დადგენილებები, რომ კაციშვილს არ წაუკითხავს. ეს ჩვენი ხელისუფლების ზოგადი მდგომარეობის საუკეთესო ინდიკატორია.

_ ძვირფასო, გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა ხულოს მეტროში? და უძილო ღამე ხაშურის აეროპორტში, როდესაც ზაზა ურუშაძის ლექსს გიკითხავდი: “შავი ადესა ღვინოა გურული, არომატული, / მართლა თუ ვინმეს არ მოსწონს, მაშინ თავი აქ დარტყმული”…

მკვლელებისა და სადისტების მმართველობა ერის ღირსებისთვის შეურაცხმყოფელია, თუმცა, ალბათ, არავინ იტყვის, რომ აფერისტებისა და კრეტინების მმართველობა მას ღირსებას მატებს. ალბათ, მოვა დღე, როდესაც ამ დასკვნამდე ამომრჩეველთა კრიტიკულად დიდი რაოდენობა მივა და საკუთარ აზრს, როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე საპროტესტო აქციებზე გამოხატავს. შესაძლოა, ხელისუფლება გრძნობს, რომ მწვავე პროცესები შეიძლება მალე დაიწყოს და ამისთვის წინასწარ ემზადება. ინიცირებულია ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება “გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით”. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამჟამად მოქმედი სანქცია “შეუსაბამოა ნორმის მიზანთან და სამართალდარღვევის შემაკავებელ ფუნქციას ეფექტიანად ვერ ასრულებს”.

ალბათ, ყველას გვახსოვს, როგორ იყენებდა ე.წ. დაუმორჩილებლობას ოპოზიციონერი აქტივისტების დასასჯელად სააკაშვილის რეჟიმი _ რა საზიზღრად იქცეოდნენ მაშინ პოლიციელები და მოსამართლეები, მაგრამ ახალი ხელისუფლების შემთხვევაში მართლა გაუგებარია, ვის შეკავებას ვერ ახერხებს ის და რა საჭიროა ჯარიმის გაზრდა, ამიტომ შეიძლება გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება წინმსწრებ ზომებს იღებს.

კიდევ ერთი სიახლე: საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვაგინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, დაჯარიმდება 500 ლარიდან 1000 ლარამდე ანითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ტოტალური გინება ქუჩაში ამაზრზენია, მაგრამ, ალბათ, ამ საკანონმდებლო ინიციატივასაც ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ. ჯერ ერთი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე არსებობს 166-ე მუხლი (ჯარიმა 100 ლარამდე, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე). როდესაც პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი პარლამენტში იგინებოდა, არავის მოსვლია აზრად მის წინააღმდეგ ეს მუხლი აემოქმედებინა. რეალურად ის მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც შემთხვევა ექსტრაორდინალურია ან პოლიცია ვიღაცას გადაეკიდა. ჩვენ ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ მის გამოყენებას უკმაყოფილოთა წინააღმდეგ. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელსაც იმის ფულიც კი არ აქვს, ანტიფრიზი რომ გამოცვალოს და ზ. ურუშაძის ლექსების კრებული შეიძინოს, სურს, ხელისუფლების პოლიტიკა შეაფასოს. როგორც საველე გამოკვლევა ცხადყოფს, ასეთი მოქალაქეების უმრავლესობა მეორე წინადადებაში ცხრასართულიან გინებაზე გადადის და ამას, ალბათ, ობიექტური მიზეზები აქვს. არის კიდევ ერთი ფაქტორი: ბევრი ახალი, უდავოდ კარგი ნორმა არ მუშაობს და ეს ხელს უწყობს კანონის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას. გამკაცრდა სანქციები ნაგვის დაყრაზე, ხმაურზე, შენობაში მოწევაზე (1 მაისიდან უფრო გამკაცრდება), მაგრამ 99%-ის შემთხვევაში დარღვევები უგულვებელყოფილია. თბილისი კვლავინდებურად არათუ არაევროპულ, არამედ ანტიევროპულ ქალაქად რჩება.

თუ კანონის ამოქმედების თავი არ გაქვს, ის არ უნდა მიიღო. თუ თანაგუნდელების შეკავება არ შეგიძლია, ქვეყნის მართვის პრეტენზია არ უნდა გქონდეს. ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს ხელშეკრულება საკუთარ თავთან ჩუმად არ დაუდია, 99%-იანი ალბათობით, ინფორმაციას ამის შესახებ ზედა ეშელონებშიც ფლობდნენ, მაგრამ ურუშაძის შეჩერება, როგორც ჩანს, აზრადაც არ მოსვლია. კიდევ ერთი ციტატა ზ. ურუშაძის შემოქმედებიდან:

“რესტორანში ქეიფს რა სჯობს,

თუ გვერდით გყავს ორი ქალი.

სახელები არ მიკითხავს

სად წამივლენ, აქ არ არის?

ქეიფს ბოლო აღარ უჩანს,

სმას და ჭამას _ არეალი.

ოჰ, რა კარგად მოვილხინეთ,

ვფიქრობ, რომ ვთქვა ნაფიქრალი

და ნომრისკენ წავიყვანო

შავიცა და შავგრემანიც.

მოვიხედე და რას ვხედავ,

მაგიდასთან არვინ არი.

მიმტანი კი გვერდზე მიდგას

ჩეკით ხელში, ვაი ბრალი”.

ადრე თუ გვიან საზოგადოება გაიღვიძებს და გათავხედებული ჩინოვნიკების თავგადასავალი, სავარაუდოდ, სწორედ ასე, ბალთასარის ნადიმის მსგავსად, მოულოდნელად და სევდიანად დასრულდება.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here