მთავარი საზოგადოება სანამ ცხვირით არ დავეჯახებით პრობლემას, მანამდე არაფერს ვიღონებთ?!

სანამ ცხვირით არ დავეჯახებით პრობლემას, მანამდე არაფერს ვიღონებთ?!

844
გააზიარეთ
სანამ ცხვირით არ დავეჯახებით პრობლემას, მანამდე არაფერს ვიღონებთ?!

დიდი ხანია, საქართველოს ასეთი ზამთარი არ ახსოვს. ბოლოს როდის მოთოვა, სტაჟიანი თბილისელებიც ვერ იხსენებენ. მთის კურორტებზეც, სადაც აპრილის ბოლომდე თოვლი იდო ხოლმე და სეზონიც სწორედ აპრილის ბოლოს სრულდებოდა, სასტუმროების მეპატრონეებმა ფასები კატასტროფულად შეამცირეს. რატომ? იმიტომ, რომ თოვლი აღარ არის და ეგებ სუფთა ჰაერის ხათრით მაინც ამოვიდესო დამსვენებელი, მაგრამ სუფთა ჰაერი თოვლს სდევს თან, თოვლი ასუფთავებს, თოვლი ფილტრავსთოვლს ვინ ჩივის, აღმოსავლეთ საქართველოსა და კახეთში წვიმასაც ნატრობენ.

ერთი შეხედვით, უნალექობამ ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობას პრობლემა არ უნდა შეუქმნას, მაგრამ ეს _ ერთი შეხედვით, რადგან მარცვლეული კულტურები დათესილია და ხორბალი სწორედ თოვლის საფარქვეშ უნდა გაღივებულიყო, სწორედ თოვლის საფარქვეშ უნდა გამოეზამთრა და ნესტით გაჟღენთილ მიწაზე გაზაფხულზე აღმოცენებულიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად _ არც თოვლი, არც წვიმა და დათესილი ხორბლის 80% გახმა და გაოხრდა. მართალია, ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო დუმს, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ფერმერებმა დახმარებისთვის მათაც მიმართეს და მელიორაციის სამსახურსაც, _ ეგებ სარწყავ არხებში წყალი გამოუშვათ და ხორბლის მოსავალი როგორმე გადავარჩინოთო, მაგრამ მელიორაციამ რა ქნას?! ჯერ ერთი, მდინარეებში წყლის დონე დაკლებულია და, ძალიანაც რომ სურდეთ, სარწყავ არხებში ვერ გაუშვებენ, მეორე _ მელიორაციის სამსახური სწორედ მარტში ასუფთავებს სარწყავ არხებს, რათა მთელი ზაფხული შეუფერხებლად იმუშაოს, ახლა კი…

უცხოელმა მეცნიერებმა განგაშის ზარებს შემოჰკრეს და გამოაცხადეს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება არამარტო მოსავალზე, არამედ, საზოგადოდ, გარემოსა და ადამიანებზე. ისინი ვარაუდობენ, რომ თბილი ზამთარი ხელს შეუწყობს ახალი ვირუსების გავრცელებას, მოსალოდნელია ეპიდემიები და ამიტომ ყველა ქვეყანას აფრთხილებენ, პროფილაქტიკური ღონისძიებები გაატარონ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ პროფილაქტიკური ღონისძიებებისთვის გერმანიამ 3 მილიარდი ევრო გამოყო სარეზერვო ფონდიდან; ამერიკის შეერთებულ შტატებში იმაზე მსჯელობენ, 10 მილიარდი იქნება საკმარისი თუ 15; ბრიტანეთში უკვე გადაწყვეტილია, რომ ვირუსების გავრცელების შემთხვევაში ქვეყანაში არ შეუშვან იმ სახელმწიფოების მოქალაქეები, რომლებშიც ეპიდემია გავრცელდება, არამედ იმ ქვეყნის გემებსაც კი აუკრძალონ ბრიტანულ პორტებში შესვლა. და რა ხდება ამ დროს საქართველოში? ის, რაც ხდება, ერთადერთ სიტყვაში ეტევა _ არაფერი!

დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რა ზიანის მოტანა შეუძლია ფაროსანას, თუმცა, როგორც გვეუბნებიან, ახლა ფაროსანაზე მეტი პრობლემებია მოსალოდნელი. არნახულად ცხელი ზაფხულის მოლოდინშია ცივილიზებული თუ ნაკლებად ცივილიზებული სამყარო, ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ. რატომ? რისთვის? შორს არის ზაფხული თუ, სანამ ცხვირით არ დავეჯახებით პრობლემას, მანამდე არაფერს ვიღონებთ?! დღევანდელი მდგომარეობით, შემოტანილი (და არა საკუთარი) ხორბალი საქართველოს ბაზრებზე 70-80 თეთრი ღირს და უკვე ამბობენ, რომ ფასი ერთ ლარს გასცდება. ეს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ხორბლის უმსხვილესი მწარმოებლები _ ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, აშშ, კანადა, საფრანგეთი _ აცხადებენ, რომ ხორბლის ფასი ბირჟებზე არნახულად მოიმატებს და ყველა რეკორდს მოხსნის.

სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლებამ ამას წინათ გამოაცხადა, რომ იმ უცხოელებს, რომლებიც მიწას არ ამუშავებენ, მიწას ჩამოვართმევთ და იჯარით მათ გადავცემთ, ვისაც დამუშავების სურვილი აქვსო. არადა, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში, ანუ იმ რეგიონებში, რომლებშიც წინა ხელისუფლებამ ბურებს ათასობით ჰექტარი გადასცა, აქაოდა, სწორედ ბურები არიან ჩვენი გადამრჩენებიო, იცით, რა მდგომარეობაა? ბურებმა სახელმწიფოსგან იჯარით აღებული მიწა იჯარითვე მისცეს ქართველებს და ახლა არიან მშვიდად თავიანთ ქვეყანაში, ქართველებზე გაქირავებული ქართული მიწით იღებენ შემოსავალს და წელიწადში ერთხელ ჩამოდიან ფულის ასაღებად. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, და შესადარებლად გეტვით: მხოლოდ ქვემო ქართლში ბურების სახელზე 2800 ჰექტარი მიწაა გაცემული, ისინი თითო ჰექტარს ქართველებს წლიურ 700 ლარად აძლევენ, რაც მთლიანობაში ორი მილიონი ლარი გამოდის და ეს მხოლოდ ქვემო ქართლში. ამ ორი მილიონიდან სახელმწიფო 126 ათასს იღებს ოფიციალურად, დანარჩენი კი ბურების მოგებაა. ამას დაუმატეთ კახეთისა და სამეგრელოს რეგიონი, რომლებშიც არანაკლები ფართობები აქვთ და ვნახავთ, რომ ბურებს საქართველოს სამი რეგიონიდან 5 მილიონამდე ლარი მიაქვთ ყოველწლიურად, თანაც არაფერში. შედეგად, მიწა დამუშავებულია, იმიტომ, რომ ადგილობრივები ამუშავებენ, მაგრამ კაბალური პირობებით _ ქვემოიჯარეები არიან, რაც მთავარია, უცხოელების ქვემოიჯარეები.

სამაგიეროდ, ბურებისგან რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში არიან ადგილობრივები. თუ გახსოვთ, იმ წელს, როცა ბურები ჩამოვიდნენ საქართველოში და სიმინდი მოიყვანეს, ხელისუფლებამ ისევ ჩვენ გვაიძულა, ის სიმინდი შეგვესყიდა. აბა, უცხოელის მიერ წარმოებულ პროდუქტს გაუსაღებელს ხომ არ დავტოვებდით?! სამაგიეროდ, ქართველების მიერ წარმოებული პროდუქტი ახლა გაუყიდველი რჩება და… სახელმწიფომ ყველა პროგრამა და სუბსიდია შეაჩერა. ჰო, ისიც ვთქვათ, რომ სოფლის მეურნეობაში ჩასადები მილიარდობით ლარი, რომელიც წინასაარჩევნო დაპირება იყო, ისევ “კასპში, ერთ დიდ კლდეში ძევსა…”

ცალკე თემაა საქართველოს მყინვარები. ქართველი გეოლოგების მიერ მყინვარების შესწავლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და არავინ მალავს, რომ წელიწადში მყინვარის სისქეს 100-150 მეტრი აკლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 10 წელიწადში მხოლოდ წვერზე იქნება ყინული, დაბლობში კი… ეს ავტომატურად გამოიწვევს მდინარეებში წყლის შემცირებას, გაქრება ნაკადულები, წყაროები, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობს. როგორც გეოლოგებმა გვითხრეს, იმიტომ არ საუბრობენ, რომ ხალხი არ დაიზაფროს, თორემ დასკვნები ისეთია, წესითა და რიგით, საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდესო. იმითაც დავინტერესდით, არსებობს თუ არა რაიმე გეგმა, რომელიც ხელისუფლებას აქვს შემუშავებული გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად; ან თუ ფიქრობს ჯანდაცვის სამინისტრო იმაზე, რომ თოვლისა და ყინვის არარსებობის პირობებში, ზაფხული ვირუსებით რომ იქნება დატვირთული და რა პრევენციული ღონისძიებები გატარდება ამ მხრივ?! კომპეტენტურმა პირებმა გვითხრეს, რომ ხელისუფლებას აქვს ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველი წამალი შესყიდული და… და დამთავრდა, მეტი არაფერი. ეს მაშინ, როცა სპეციალისტები საჯაროდ საუბრობენ მოსალოდნელ საფრთხეებზე, კონკრეტულად კი ფუტკრის ტკიპისა და კოლორადოს ხოჭოს გამრავლებაზე. ამ მწერებმა, საქართველოს კი არა, ისეთ ქვეყნებს შეუქმნეს პრობლემა, როგორიცაა ამერიკა, ჰოლანდია და საფრანგეთი. ჰოლანდიაში ფუტკრის ტკიპასთან საბრძოლველად სახელმწიფოს სპეციალური შტაბიც შექმნეს, ხოლო კოლორადოს ხოჭოს გასანადგურებლად ამერიკა წლების განმავლობაში სამხედრო ავიაციას იყენებდა.

სიმართლე გითხრათ, ხანდახან გვგონია, რომ ხელისუფლება აღნიშნულ პრობლემებზე ყურადღებას სპეციალურად არ ამახვილებს, ინახავს პრობლემას, რათა შემდეგ, როცა პოლიტიკური კრიზისის გადასაფარად დასჭირდება, ყურადღება იმაზე გადაიტანოს, აქაოდა, რა დროს პოლიტიკაა, სოფლის მეურნეობა გვეღუპებაო. არადა, ძალიან მარტივად აგიხსნით, რა ხდება დღეს სოფლის მეურნეობაში. მაშინ, როცა საქართველოში სოციალისტური წყობა იყო, კომუნისტები რომ მართავდნენ ქვეყანას, ახლა რომ ვაგინებთ, ჩვენი ქვეყნიდან მეზობელ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი გადიოდა, რადგან ჭარბად ვაწარმოებდით. ახლა კი იძულებულნი ვართ, პროდუქტები უცხოეთიდან შემოვიტანოთ, რადგან საქართველოში საკმარის რაოდენობას ვერ ვაწარმოებთ. მიზეზი მარტივია _ ადგილზე წარმოება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე შემოტანა. რატომ? იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებში სოფლის მეურნეობას დიდი ყურადღება ექცევა, მავნებლებისგან თავის დასაცავად წინასწარ ხდება ნიადაგის დამუშავებაც, შეწამვლაც და ჩვენთან გლეხს ამის საშუალება რომ არ აქვს, იმის იმედად, ეგებ წელს გადავრჩეო, მაინც თესავს. მერე უკვე, როცა მავნებელი შეესევა ნათეს-ნარგავებს, იწყებს შეწამვლას, უჯდება ორმაგი და სამმაგი და უძვირდება პროდუქცია, მერე აღარ უღირს საბითუმო ფასში ჩაბარება და… მეზობელ ქვეყნებს უღირთ… გადასახადების გადახდაც, განბაჟებაც, შემოტანაც…

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ საგარეჯოს რაიონში ქართული ინვესტიცია განხორციელდა, ნუშის ნერგები დაირგო ათასობით ჰექტარზე და… 7 მილიონი ნერგიდან თითო უცხოეთიდან ოთხ ევროდ შემოიტანეს. იცოდით ამის შესახებ? ნეტავ, ხელისუფლებამ თუ იცის?! რომ არ ეხმარება ქართველ ფერმერს, გასაგებია, მაგრამ თუ იცის მაინც?!

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here