მთავარი საზოგადოება “სანამ შველა შეიძლება, ლიბერალების კლანჭებისგან დავიხსნათ სტალინის სტამბა”

“სანამ შველა შეიძლება, ლიბერალების კლანჭებისგან დავიხსნათ სტალინის სტამბა”

471
გააზიარეთ
“სანამ შველა შეიძლება, ლიბერალების კლანჭებისგან დავიხსნათ სტალინის სტამბა”

ავლაბრის სტამბა _ რსდმპ (რუსეთის სოციალდემოკრატიული მუშათა პარტია) კავკასიის კავშირის კომიტეტის ავლაბრის არალეგალური სტამბა _ 1903 წლის დამლევს დაარსდა თბილისში. სტამბის მოწყობა დავალებული ჰქონდა მიხო ბოჭორიძეს. მან შენობის ასაგებად შეარჩია ქალაქის განაპირა უბანი _ ავლაბარი. 1907 წლის 7 ოქტომბერს თბილისის გამგეობამ ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების ყოფილ მუშას _ . როსტომაშვილს, რომელსაც იქ მიწის ნაკვეთი იჯარით ჰქონდა აღებული, სახლის აშენების უფლება მისცა და პროექტიც დაუმტკიცა. ბოჭორიძემ კი, მშენებლობასთან ერთად, შეიმუშავა კონსპირაციის გეგმა: შენობის სარდაფქვეშ, ღრმა მიწისქვეშეთში, განზრახული იყო არალეგალური სტამბის მოწყობა. მშენებლობა რევოლუციონერ მუშებს _ ალექსანდრე, ნუკო და ვანო ჩოდრიშვილებს, მირიმან და თედო მაღრაძეებს მიანდეს. მოკლე ხანში აშენდა ოროთახიანი სახლი.

1904-1905 წლებში, როდესაც სტამბა სრული დატვირთვით მუშაობდა, მისი ადგილსამყოფელი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. 1906 წლის აპრილში სტამბა შემთხვევით იპოვა ჟანდარმერიამ. ჟანდარმთა ოფიცერმა ჭაში სიღრმის შესამოწმებლად ცეცხლმოკიდებული ქაღალდი ჩააგდო, ჭის ბოლოში სტამბისკენ გაჭრილმა გვირაბმა კი ქაღალდი შიგნით შეიტაცა. ოფიცერი მიხვდა, რომ შენობის ქვეშ რაღაც იყო. ჟანდარმერიამ სახლი გადაწვა და ააფეთქა, მეპატრონე დათიკო როსტომაშვილი კი გააციმბირა. ამ უძველეს და უნიკალურ სტამბას არასოდეს აკლდა გულშემატკივარი და პატრონი. იქ არსებულ ნივთებს რუდუნებით უვლიდნენ სხვადასხვა დროს ადამიანები. სტამბა ყველა ქართველისთვის საამაყო იყო, რადგან ის სტალინის სახელთან იყო დაკავშირებული. დღეს ამ სტამბას ე.წ. მეხსიერების მუზეუმად გადაკეთებას უპირებენ.

საქართველო და მსოფლიოსრედაქციას ავლაბრის სტამბის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან ჩიკვილაძე დაუკავშირდა:

_ 2012 4 მაისს, როდესაც სამსახურში მივედი, დავინახე, რომ შენობაში შესასვლელ კარს ვიღაც საკეტს უცვლიდა, იქვე შორიახლოს კი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე იდგა. ბუნებრივია, ვიკითხე, _ რა ხდება-მეთქი. კეკელიძემ მიპასუხა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შენობა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. ვუპასუხე, რომ ეს მუზეუმია, კულტურის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება და მასთან ეკონომიკის სამინისტროს არაფერი ესაქმებოდა. მოვთხოვე, რომ ეჩვენებინა საბუთები, რომელთა საფუძველზეც შენობის საკეტებს ცვლიდა. მითხრა, რომ საბუთები ხელთ არ ჰქონდა და მომავალში აუცილებლად წარმოადგენდა. საკეტები მაინც გამოცვალეს და დარაჯებიც დააყენეს.

მუზეუმის გამგეობამ მაშინვე მიმართა განცხადებით კულტურის იმჟამინდელ მინისტრს _ ნიკა რურუასა და ეკონომიკის იმჟამინდელ მინისტრს _ ვერონიკა ქობალიას. განცხადებაში ვითხოვდით ახსნა-განმარტებას, როგორ მოხვდა ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაში მუზეუმი და რა ხელი ჰქონდა ამ შენობასთან ეკონომიკის სამინისტროს. კულტურის სამინისტროში გვითხრეს, საქმის კურსში არ ვართო. ამ პასუხის შემდეგ, ეჭვი გაგვიჩნდა, რომ მუზეუმს სტატუსი ჰქონდა მოხსნილი და დავიწყეთ არქივებში საბუთების ძებნა. გაირკავა, რომ ყველა საბუთი იყო, გარდა 1989 წლისა, როდესაც სტამბას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. მუზეუმი დაუქვემდებარეს ეკონომიკის სამინისტროს და ვინმე დავით გიორგაძემ, რომელიც ამავე სამინისტროში მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ მუშაობდა, სტალინის არალეგალური სტამბა შენობა-ნაგებობებითა და უშველებელი მიწის ნაკვეთით ეროვნულ ბიბლიოთეკას უცერემონიოდ გადასცა. ამ დავით გიორგაძეს მოვთხოვეთ დოკუმენტაცია, თუ რის საფუძველზე გადასცა ამხელა შენობა კეკელიძეს. სამინისტროდან მოგვივიდა პასუხი, რომ 21 მაისს გიორგი კეკელიძეს ეკონომიკის სამინისტროსთვის მიუწერია წერილი და ითხოვდა, რომ ეს შენობა მისთვის გადაეცათ. ეკონომიკის სამინისტროს 23 მაისს დასტური განუცხადებია. თავში გითხარით, რომ შენობას საკეტები 4 მაისს გამოუცვალეს და ჩვენ მეორე დღიდანვე დავიწყეთ სამართლის ძებნა. აი, ამის შემდეგ ხდება კეკელიძის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ანუ კეკელიძემ უკანონოდ გამოცვალა სტამბის საკეტები და შენობა მიისაკუთრა სწორედ 4 მაისის შემდეგ. როცა ჩვენ კეკელიძეს ოფიციალური დოკუმენტაცია მოვთხოვეთ, მუზეუმი სასწრაფოდ გადასცეს ეროვნულ ბიბლიოთეკას და არსებობს დოკუმენტი, რომელშიც ეს გიორგაძე საჯარო რეესტრს სწერს, რომ შენობა დარეგისტრირდეს ეროვნული ბიბლიოთეკის სახელზე. მხოლოდ ეს საბუთი აქვთ მათ. ისევ განვაგრძეთ ბრძოლა და ყველგან ვაცხადებდით, რომ ერთი პიროვნების მიერ მიწერილი წერილით საჯარო რეესტრს არ ჰქონდა უფლება, სხვისთვის დაერეგისტრირებინა შენობა.

სტამბა

2001 წელს შეიქმნა სტალინის არალეგალური სტამბის გამგეობა პანტელეიმონ გიორგაძის ხელმძღვანელობით, თავისი წესდებითა და ბეჭდით, რომელიც ისანი-სამგორის სასამართლომ დაარეგისტრირა. მოკლედ, შენობა თავისი ტერიტორიით გამგეობას გადმოეცა. ჩვენ პასუხისმგებლობა დავიკისრეთ, რომ შენობას მივხედავდით, ჩავატარებდით შესაბამის სამუშაოებს, რადგან სავალალო მდგომარეობაში იყო. მხედრიონელებით დაწყებული და ნარკომანებით დასრულებული, ყველა ამ შენობას აფარებდა თავს.

“ერთიანი კომუნისტები” პანტელეიმონ გიორგაძის ხელმძღვანელობით ამ შენობაში შევიდნენ და სტამბა მუზეუმად აქციეს. მათ დააბრუნეს უძვირფასესი ექსპონატები, რომლებიც მოსახლეობაში იყო გაფანტული.

პანტელეიმონ გიორგაძის მოადგილე გახლდათ შალვა ჯალაღონია. გიორგაძის გარდაცველების შემდეგ თავმჯდომარე ბატონი შალვა გახდა, დღემდე ის არის ხელმძღვანელი. შალვა ჯალაღონიამ თავისი სახსრებით გაარემონტა შენობა _ სახურავი გამოცვალა, აგრეთვე, გამოცვალა საკანალიზაციო მილები. შენობა წყლით რომ დაიტბორა და საბეჭდი მანქანა ფუჭდებოდა, დედაქალაქის იმჟამინდელ მერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, მივმართეთ თხოვნით, დაგვხმარებოდა. უარი გვითხრა. არც უგულავა დაგვეხმარა და იძულებულნი შევიქენით, თვითონ მიგვეგვარებინა პრობლემები, თუმცა სტამბა მაინც დაიჟანგა.

2003 წლიდან მუზეუმში, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ, ტურისტებმა სტუმრობა დაიწყეს. ეს შენობა საინტერესო შეიქნა ყველასთვის, მათ შორის, ეროვნული ბიბლიოთეკისთვის, რომელსაც რა საერთო აქვს მუზეუმთან, წარმოდგენა არ გვაქვს.

საქმე ის არის, რომ ის გერმანული საბეჭდი მანქანა, რომელიც ამ შენობაში დგას, ეროვნული ბიბლიოთეკის რომელიღაც დეპარტამენტის უფროს ლევან თაქთაქიშვილს მოსწონდა და გვთხოვდა, მიგვეყიდა, მაგრამ უარს ვეუბნებოდით.

მას შემდეგ, რაც ნაციონალები მიხვდნენ, რომ დიდი დღე არ ეწერათ და არჩევნებში დამარცხდებოდნენ, ნიკა რურუამ სტატუსი მოუხსნა მუზეუმს და ვერონიკა ქობალიას უწყებას გადასცა, ქობალიამ კი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაუფორმა დოკუმენტაციის გარეშე. დასაჭერია ყველა, ვინც ერთი ფარატინა ქაღალდით ასეთი ისტორიული შენობა გაასხვისა.

_ ნიკა რურუა გარდაიცვალა, ვის დასჯას ითხოვთ?

_ ჩვენ ახლა ეკონომიკის სამინისტროს ვედავებით, მან უნდა გააუქმოს უკანონო გადაწყვეტილება. სხვას არაფერს ვითხოვთ, უამრავი სპონსორი ჰყავს მუზეუმს, უამრავი სტუმარი, არავისგან არაფერი გვჭირდება, მივხედავთ და იმ სახეს შევუნარჩუნებთ, რომელიც აქვს, მომავალ თაობებს ისტორიას შევუნახავთ და სახელმწიფო ბიუჯეტშიც თანხას შევიტანთ.

_ რა არის მიზეზი, რომ დღეს, როდესაც ხელისუფლებაში აღარ არიან ნაცები, მუზეუმს სტატუსს არ უბრუნებენ?

_ აქ თავის დროზე სასტუმროს აშენება სურდათ. მოგეხსენებათ, საუკეთესო ადგილზე მდებარეობს მუზეუმი და საკმაოდ დიდი ტერიტორიაც აქვს. ამას ყური რომ მოვკარით, მაშინვე მოვითხოვეთ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღედგინათ სტამბისთვის. ვერაფერს გავხდით სასამართლოთი, პროკურატურით, ამიტომ სხვა გზების ძებნა დავიწყეთ. ეს ყველაფერი ხდება 2014 წელს. ამ ხნის განმავლობაში კეკელიძე თანამშრომლობასა და გრანტებში ჩართვას გვთავაზობდა. ამაზე თანახმა არავინ არ იყო, გრანტის გამო სამშობლოს ისტორიას ხომ არ დავამახინჯებთ?!

_ რატომ გგონიათ, რომ ისტორიას დაამახინჯებენ?

_ როგორც კი სტამბა გადაეცა ეროვნულ ბიბლიოთეკას, მეორე დღესვე გავიდა ტელევიზიაში სიუჟეტი ასეთი ტექსტით: “აი, ეს არის ჭა, რომელშიც დღეში ასჯერ ჩადიოდა მსოფლიოში ნომერ პირველი პირსისხლიანი დიქტატორი”.

კეკელიძეს პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უჭერდა მხარს. ის გამუდმებით ახსენებდა მის სახელს. როდესაც ეროვნული ბიბლიოთეკის მესვეურებმა სტალინის არალეგალური სტამბა თავისად დაიგულეს, მაშინვე ლგბტ თემის დროშა ჩამოკიდეს შესასვლელში. როცა ეს დავინახე, კინაღამ ჭკუიდან გადავედი, დავხიე და გადავყარე.

ასე რომ, სანამ შველა შეიძლება, უნდა გადავარჩინოთ ლიბერალების კლანჭებისგან სტალინის სტამბა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, თბილისის მერმა კახა კალაძემ ეს სტამბა ძველი თბილისის განვითარების ფონდში შეიტანა, მაგრამ რეაბილიტაციას მაინც ეროვნული ბიბლიოთეკა აკეთებს.

_ რას ნიშნავს შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანა, რა პრივილეგიები ექნება?

_ როდესაც შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არ შეიძლება მისი სახის შეცვლა, სახელის გადარქმევა და სტატუსის შეცვლა. ის უნდა დარჩეს თავდაპირველი სახით.

ერთერთმა გამოცემამ კეკელიძეს ჰკითხა, თუ რით აპირებთ ამ შენობის შენახვას. მან კი უპასუხა: რეიგანის ფონდი გვაფინანსებსო. სტალინის რევოლუციურ მუზეუმს რეიგანის ფონდი აფინანსებს და იქმეხსიერების მუზეუმისგახსნას აპირებენ. ვიცი, რაც აქვთ ჩაფიქრებული, 1801 წლიდან ისტორიას სულ გააყალბებენ, რაც დაუშვებელია. სანამ პირში სული მიდგას, ამას არ დავთმობ. სტალინის მუზეუმი, რომლის სანახავადაც მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩამოდის ხალხი, რათა ეთაყვანოს, მათი საჯიჯგნი არ გახდება.

დარაჯი, რომელიც ჩვენ ქურდობისთვის გავათავისუფლეთ სამსახურიდან, ახლა მათთან მუშაობს, ტურისტებსაც იღებენ, შემოსულ თანხებსაც იჯიბავენ და ამას აკეთებენ ერთი ფარატინა ქაღალდის საფუძველზე, რომელიც საჯარო რეესტრმა უკანონოდ გასცა. კალაძეს მივმართეთ და იმედი მაქვს, ამ დავას ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს.

სანამ საქმე სასამართლოშია, წინააღმდეგნი ვართ, რომ მუზეუმს რემონტი ჩაუტარდეს და დაირღვეს ძველი სახე, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შემთხვევაში დაუშვებელია. არადა, უკვე გავეშებულები გვესხმიან თავს, განსაკუთრებით 20-21 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, უნდათ, სასწრაფოდ გააკეთონ “მეხსიერების მუზეუმი”.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here