Home რუბრიკები პოლიტიკა სამშობლოდან გასაქცევად რომ გაუხადეთ ხალხს საქმე, ეს გამოსავალია?

სამშობლოდან გასაქცევად რომ გაუხადეთ ხალხს საქმე, ეს გამოსავალია?

1016
ხელისუფლება და ხალხი

პანდემიისა და კიდევ ბევრი რამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა არათუ რეგიონში, მსოფლიოში მოწინავეთა შორისაა იმ თვალსაზრისით, რომ კრიზისს იოლად გადაიტანს და უმუშევრობის დონეც არ გაიზრდება. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლების ნათქვამი უმუშევრობაზე რეალობასთან ახლოსაა: წარმოუდგენელია, უმუშევრობის დონე ამაზე მეტად გაიზარდოს, რადგან, ასე რომ მოხდეს, ხელისუფლებაში მყოფთა ნათესავებიც უნდა დარჩნენ უმუშევარნი, ამას კი ისინი არ დაუშვებენ. რაც შეეხება საქართველოში საამურ ცხოვრებას

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ზედიზედ მესამე წელია, თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობით საქართველო კვლავ წამყვან პოზიციაზეა აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის. ევროკომისიამ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის უვიზო რეჟიმის ვალდებულებების შესრულებაზე მესამე ანგარიში გამოაქვეყნა და ეს ყველაფერი სწორედ იქ წერია. ხომ ამბობს ხოლმე ხელისუფლება, ციფრები არ ტყუიანო (განსაკუთრებით მაშინ, როცა ეკონომიკის მატებაზეა ლაპარაკი). ჰოდა, აგერ, ბატონო, ციფრები: 2020 წლის პირველ კვარტალში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოდან 3795 განაცხადი აღირიცხა, რაც 42 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთანავე, ევროკომისია აღნიშნავს, რომ 2018-დან 2019 წლამდე, შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებმა 17 პროცენტით მოიმატა (3805-დან 4435-მდე). ასევე, 26 პროცენტით მოიმატა შენგენის ზონაში უკანონოდ დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების რაოდენობამ (9400-დან 11845-მდე). ანგარიშში ევროკომისია შეშფოთებას გამოხატავს საქართველოდან თავშესაფრის მოპოვებაზე უსაფუძვლო განაცხადების რაოდენობის გამო და მიუთითებს, რომ თავშესაფრის მოპოვების მოთხოვნა ხშირად ევროკავშირში სამედიცინო დახმარების მიღების მიზნითაა განპირობებული. ევროკომისია ანგარიშში ეყრდნობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინფორმაციას და წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს სამედიცინო დახმარების მისაღებად ითხოვენ.

რა გამოდის? გარდა იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს თურმე უსაფუძვლოდ ითხოვენ, ამის ერთ-ერთი მიზეზი სამედიცინო დახმარების სურვილია.. ეს მაშინ, როცა საყოველთაო დაზღვევას ხელისუფლება ერთ-ერთ (თუ ყველაზე არა) წარმატებულ პროექტად მიიჩნევს, თუმცა… არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს საყოველთაო დაზღვევის პირობებშიც კი თანხის ის 30%-იც არ აქვთ, რომელიც თვითონ უნდა დაფარონ. არ აქვთ და მორჩა. შედეგად, საავადმყოფოები უარს აცხადებენ მომსახურების გაწევაზე და ამიტომ სიცოცხლის გადასარჩენად, სამკურნალოდ ევროპაში არალეგალებად გარბიან და იმედი აქვთ, რომ იქ ქუჩაში არ დატოვებენ.

სიცოცხლის გადასარჩენად მიდიან სხვა შემთხვევაშიც. აქაური უმუშევრობის, უფულობისა და სიღატაკის ფონზე იქ სამუშაოს მოძებნა ადვილია (არ ვსაუბრობთ იმაზე, როგორია ეს სამუშაო _ მაღალხელფასიანი და ღირსეული თუ დაბალხელფასიანი და მძიმე). ჰოდა, მუშაობენ იქ ლტოლვილებად დარჩენილი ქართველები, ზოგი ლეგალურად, ზოგიც _ არალეგალურად და, საკუთარი თავის გარდა, აქ ოჯახებსაც არჩენენ. საინტერესო კიდევ, იცით, რა არის? ევროპასა და ამერიკას რომ ვეტოლებით, მათ ნაკვალევს რომ დავსდევთ სანთლით ხელში, ერთხელ მაინც უფიქრია ვინმეს, ევროპელებსა და ამერიკელებს ხელფასებითა და პენსიებით დავეტოლოთ? აღარაფერს ვამბობთ სამართლიან სასამართლოზე, რომელიც, აგერ უკვე მერამდენე წელია, გადაუჭრელ პრობლემად იქცა და ეს პრობლემა, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალშიც არ გადაიჭრება. სწორედ უსამართლო სასამართლო იყო მოსახლეობის ამბოხების ერთ-ერთი მიზეზი, იმ აჯანყებისა, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებით დასრულდა და სწორედ უსამართლობის განცდა იქნება ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისიც. ბატონებო (და ყოველო მეოთხე ქალბატონო ხელისუფლებაში), არ შეიძლება, 70 წელს გადაცილებულ ადამიანს უთხრა: ხმა არ ამოიღო, პენსია 250 ლარამდე გაგიზარდეო. დაახლოებით 81 დოლარია ეგ თქვენი 250 ლარი, ანუ იმაზე ნაკლები, რამდენიც არის საშუალო ხელფასი ევროპასა და ამერიკაში… დღიურად. ჰო, დღეში იმაზე მეტს იღებენ დასავლეთში, ვიდრე აქ პენსიონერს პენსია აქვს თვეში. და ეს არ უნდა დაამადლოთ ადამიანებს, არ უნდა უთხრათ: ხომ ხედავთ, დაპირება შეგისრულეთო. ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ 70 წელს გადაცილებულ ადამიანს წამალიც მეტი სჭირდება და სხვა რამეც.

ეს ციფრები უფრო მეტ მნიშვნელობას არჩევნების წინ იძენს ხოლმე. 11 ათასზე მეტი მოქალაქე რომ ერთ წელიწადში გაგექცევა ქვეყნიდან და უცხოეთში არალეგალად დარჩენას გადაწყვეტს, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ 11 ათასი ოჯახი იქამდე მივიდა, რომ კანონი დაარღვიოს, გაიქცეს ევროპაში და გაურკვეველ მომავალს შეეჭიდოს. ამ ადამიანებმა აქ ყველანაირი რესურსი, ყველანაირი შესაძლებლობა და იმედი ამოწურეს და სამშობლოდან გაქცევა დარჩათ გამოსავალი. თუ, რა თქმა უნდა, ამას გამოსავალი ჰქვია. მერე იქიდან ზოგი ციხეში ხვდება, ზოგს უკან აბრუნებენ და ევროპაში ჩასვლას სამი წლით უკრძალავენ. ეს უკვე გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. აქედან გაქცეულ კაცს ორ თვეში უკან რომ დააბრუნებ და ეტყვი, _ სამი წელი რაც გინდა, ის აკეთე, ევროპაში ფეხს ვეღარ დაადგამო, ან მოიპარავს, ან მოკლავს ვინმეს, ან კიდევ თავს მოიკლავს.

საგულდაგულოდ მალავენ ჩვენი ძალოვანები იმას, რომ ბოლო პერიოდში წვრილმანმა დანაშაულმა პიკს მიაღწია. მალავენ, რომ განსაკუთრებით დედაქალაქის გარეუბნებში საბურავების მოპარვა ადამიანების ყოველდღიურ საქმიანობად იქცა და დღეში რამდენიმე ათეული შემთხვევაა. 10 და 20 ლარად აბარებენ მოპარულ საბურავებს. ამას მილიონების საშოვნად კი არ სჩადიან, არამედ საღამოს ოჯახში საკვები რომ მიიტანონ და შვილებმა არ უთხრან, მშიაო, მაგრამ თქვენ ამას ვერ გაიგებთ და ვერ გაიგებთ იმიტომ, რომ თქვენი შვილი არასოდეს ამბობს, მშიაო. პირიქით, ჭამს თუ არ ჭამს, მაინც ატენით პირში იმას, რაც, თქვენი აზრით, სასარგებლო და კარგია.

სრული სერიოზულობით გეუბნებით: წარმოდგენა არ გვაქვს, რა შეიძლება მოიფიქრონ ცალკე ხელისუფლებამ და ცალკე ოპოზიციამ ხალხის გულის მოსაგებად (დაპირებებს ვგულისხმობ). ამოიწურა დაპირებების მარაგი და ყველამ ერთად ვნახეთ, რომ არც წინამ, არც იმის წინამ და არც მოქმედმა ხელისუფლებებმა არაფერი არ შეასრულეს. არადა, თითოეულს 8 წელი ჰქონდა ამისთვის და არ არის ეს ცოტა დრო. რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება ახალი, რაღაც გრანდიოზული დაპირება და აქ როგორ არ გავიხსენოთ იოზეფ გებელსის ფრაზა: “რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო ადვილად დაიჯერებენ მას”. ეჭვი გვაქვს, სწორედ ნაცისტების პროპაგანდის მინისტრის იდეებით გაჯერებულ ტყუილებს მოიფიქრებენ და არავინ თქვას ახლა, გებელსს რატომ ადარებთო. იმიტომ, ბატონებო, რომ ქვეყანა ნელ-ნელა საკონცენტრაციო ბანაკს დაემსგავსა, იმ ბანაკს, რომლიდანაც ყველას გაქცევა სურს და რომელშიც ხალხი ზუსტად ისე შიმშილობს, როგორც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში. აგერ, წინასაარჩევნოდ, ერთნაირ ფორმასაც ჩაგვაცმევთ და ეგ არის, განსხვავება საერთოდ აღარ იქნება. ჰო, სხვადასხვა პარტია სხვადასხვა ფორმას მოგვარგებს, ისე, როგორც ოსვენციმსა და ბუხენვალდში განსხვავდებოდა ფორმები. 70 წელს გადაცილებულების 250-ლარიანი პენსია კი არა, ბატონებო, საქმე მიეცით ხალხს, საქმე, რომ საკუთარი შრომით ოჯახები შეინახონ, თორემ მანქანის საბურავების მერე სხვა რამეზეც გაიწევენ, მოსაპარავი კი რიგით ადამიანებს არაფერი აქვთ. ამაზე იფიქრეთ.

წერილს დავასრულებ პასაჟით ნოდარ დუმბაძის “თეთრი ბაირაღებიდან”, ლიმონა საკანში შოშიას მორალს რომ უკთხავს. ეგებ, მაღალჩინოსნების კაბინეტებთან სახელისა და გვარის ნაცვლად სწორედ ეს სიტყვები გავაკრათ: ან ნათესავი არ გყავდა გაჭირვებული, ან მათხოვარი არ შეგხვედრია ქუჩაში?! ქაშუეთში შესულიყავი, ერთი სანთელი დაგენთო იმის სამადლოდ, რომ დადიხარ და ფეხქვეშ მიწა არ გენგრევა. ფულს მიწაში როგორ მარხავთ, თქვენი პარაზიტი დედა ვატირე. მერე მოდიხარ და მე მედრები. შენ რა იცი თავისუფლების ფასი? შენ გარეთ რა გინდა, აქ უნდა მოკვდე ფანჯარასთან, მესერში გაკვეხებული ღორივითარა, მაინც ვისთვის და რისთვის გინდათ ამდენი ფული, შპალერად ხომ არ ხმარობთ, თქვე ჩათლახებო თქვენა? შვილებს დიდ ქართველებად ზრდით, არა? ინტილიგენტებად ?! აი იმ დებილს მუსიკას ასწავლის, ინგლისურს, ცეკვას, ერთი აგარაკი მთაში, ერთი _ ბარში, ერთი _ ზღვაზე. მანქანა, დიპლომი, სამსახური, თბილისში სახლი, თვითონ არაფერი გააკეთოს. ხელის გასანძრევს არ უტოვებ, ვის რაში სჭირდება ეგეთი იმპოტენტი შვილი?! ეგეთი იმპოტენტი შენ გყავდეს და შენ მოიხმარე!”

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here