მთავარი საზოგადოება “სამეგრელო სტიქიური უბედურების ზონად უნდა გამოცხადდეს”

“სამეგრელო სტიქიური უბედურების ზონად უნდა გამოცხადდეს”

2195
გააზიარეთ
ფაროსანა

სამეგრელო ამ ზამთარში შიმშილს თუ გადაურჩა, ეს უფლის წყალობა იქნება და არა მთავრობის დამსახურება

სამეგრელოდან რამდენიმე დღის წინათ დავბრუნდი და, სიმართლე გითხართ, ფიქრი იმაზე, რა უნდა ქნას მეგრელმა და არა მხოლოდ მეგრელმა (გურულმა, იმერელმა) გლეხმა, არ მასვენებს. ზუგდიდის რაიონში ვერაფერზე ისაუბრებ, აზიური ფაროსანას გარდა, რომელმაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ყველანაირი მოსავლის 70% დააზიანა. აზიური ფაროსანას შესახებვიკიპედიაშიწერია: “აზიური ფაროსანა, იგივე აზიური ბაღლინჯო, წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მცენარეებით. საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთაღმოსავლეთი აზიაა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, განსაკუთრებით _ ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს”.

ზუგდიდის რაიონმა ზარალი უკვე იწვნია. მოსახლეობის დიდ ნაწილს ზამთარში, შესაძლოა, შიმშილობის საფრთხე დაემუქროს.

შეკითხვაზე _ რას აპირებთ? _ მეგრელი გლეხის პასუხი ასეთია: დავიღუპეთ, შემოსავალი აღარ გვაქვს, წლიდან წლამდე მხოლოდ თხილის იმედად ვართ, ყველა ვალი თხილის იმედით გვქონდა აღებული. ბავშვების სწავლის ფული, ზამთრის მარაგი _ ყველაფერი თხილის მოსავალზე იყო დამოკიდებული. აღარ ვიცით, რა ვქნათ, მთავრობის იმედი არ გვაქვს, არავის აინტერესებს ჩვენი გაჭირვება. შარშანდელიდან მოყოლებული გავიძახოდით, რომ შესაწამლია ნარგავები, მაგრამ დააგვიანეს და დავიღუპეთ კიდეც”, _ გვითხრა კახათელმა გლეხმა არჩილ ნარმანიამ.

მოსახლეობის დიდი ნაწილი აქტიურად გამოდის ქუჩაში, მათ ანაკლიის გზაც გადაკეტეს და ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნეს მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას, მაგრამ ხელისუფალთაგან მათ არავინ გამოხმაურებია. გლეხებმა გუბერნატორთან შეხვედრაც სცადეს, მაგრამ ამაოდ… მოკლედ, მეგრელი გლეხი ბედის ანაბარად არის მიტოვებული…

მიწათმოქმედების ქვეყანაში მიწათმოქმედების ინსტიტუტს რომ გააუქმებენ, მცენარეთა დაცვის ინსტიტუტს რომ აღგვიან პირისაგან მიწისა, რა უნდა ილაპარაკო?! კიდევ კარგად ვართ გადარჩენილი”, _ გვითხრა აგრარული სექტორის სპეციალისტმა, რომელმაც აღნიშნულ პრობლემაზე საუბრისა და საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

რამდენიმე თვის წინათ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა თხილის ექსპორტს და განაცხადა, რომ ქართულ თხილში დიდი რაოდენობით ტოქსინია და ამიტომ დაავადებული თხილი საზღვარგარეთ ვერ გააქვთ. ანალოგიური რამ ითქვა ქართულ სანელებლებზეც, რომლებიც ამერიკელებმა დაიწუნეს. “მრავალი წელია, ვამოწმებთ ქართული სანელებლების ნიმუშებს (ბოლოს ეს მოხდა 2017 წელს) და ზოგიერთ მათგანში გამუდმებით ვპოულობთ ტყვიას”, _ ეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა კაროლინა როდრიგესმა განაცხადა. მისივე თქმით, დეპარტამენტი ვალდებულია, ეს ინფორმაცია პოტენციურ მომხმარებლებში რუტინულად გაავრცელოს. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ნელ-ნელა, მშვიდად და “რუტინულად” შთაგვაგონეს, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი უვარგისია და ამბიცია იმისა, რომ ევროპის ბაზარზე გავიდეთ, არ უნდა გვქონდეს…

აზიური ფაროსანასგან გამოწვეულ ზარალზე გლეხების პრობლემებით დაინტერესებულ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრეთ.

ზურაბ კვარაცხელია
ზურაბ კვარაცხელია

ფაროსანა დივერსიის შედეგი მგონია, როგორც ბევრი სხვა რამ ამ ქვეყანაში

ზურაბ კვარაცხელია, სახალხო მოძრაობასამეგრელოსწევრი:

_ ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას სრული ბედნიერებისთვის ე.წ. ფაროსანაღა გვაკლდა და მანაც არ დააყოვნა…

ბოლო პერიოდში მეგრელმა გლეხმა პრიორიტეტად აქცია თხილის განაშენიანება. მისთვის თხილი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ფაროსანამ კი სამეგრელოს მოსახლეობა ხახამშრალი დატოვა: მოსავალი განადგურდა, მეგრელი გლეხი შიმშილის ზღვარზეა…

_ რას ჰპირდება ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლება ხალხს?

_ მთავრობამ არაფერი იღონა მოსავლის გადასარჩენად. რაღაც იფაფხურეს ხალხის თვალის ასახვევად. ამით უნდოდათ ეთქვათ, ხალხზე ვზრუნავთო… ფაროსანამ გაანადგურა სიმინდის კულტურაც, მაგრამ ზუგდიდში ერთ კაცსაც ვერ ნახავთ, რომელიც გეტყვით, რომ მთავრობა ზარალის ანაზღაურებაზე ზრუნავს _ ადგილობრივი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი ხალხთან არ მისულა.

_ კახეთში, როდესაც სეტყვა აზარალებს გლეხებს, სახელმწიფო ზარალის ანაზღაურებაზე მუშაობს. თქვენთან იგივე არ ხდება? არც მაჟორიტარი, არც გუბერნატორი ხალხს არ ხვდება?

_ არა, არავინ გამოჩენილა. როგორც ვიცი, ხალხი მიდის გუბერნატორთან, ის კი იმალება. სამეგრელო ამ ზამთარსა და შიმშილს თუ გადაურჩა, ეს უფლის წყალობა იქნება და არა მთავრობის დამსახურება.

_ ფიქრობთ, რომ სამეგრელო ისევე მიატოვაქართულმა ოცნებამ”, როგორც თავის დროზე, ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო, შევარდნაძემ?

_ არ მინდა ვიფიქრო, რომ, როგორც შევარდნაძემ იძია შური სამეგრელოს მოსახლეობაზე, ისევე იქცევა ეს მთავრობაც, რადგან საქართველოს სხვა კუთხეების მოსახლეობასაც არ ულხინს. შეთქმულების თეორიის მომხრე არ ვარ, მაგრამ, მომკალით და, ეს ფაროსანა დივერსიის შედეგი მგონია, როგორც სხვა ბევრი რამ ამ ქვეყანაში. აშკარად მიმდინარეობს ქართველის სულიერი და ფიზიკური გენოციდი. შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის, ახლა კი ივანიშვილის მთავრობები მხოლოდ გადამთიელთა ინტერესებს ემსახურებოდნენ და ემსახურებიან, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ ერის გადასარჩენად. უცხოელები გამუდმებით გვიწუნებენ ყველაფერს, რაც ჩვენთვის წმიდათაწმიდაა და ხელისუფლებებიც მათ ეთანხმებიან. აი, ასეთი რაღაცები მაფიქრებინებს რომ, რაც ქვეყანაში ცუდი ხდება, დივერსიაა. ფაქტია: “ქართულმა ოცნებამ” ხალხს იმედი გაუცრუა, თუმცა დიდი იმედი, ვფიქრობ, არც არავის ჰქონია… მეეჭვება, რომ მოახლოებულ არჩევნებზე მოსახლეობამ მათ მხარი დაუჭიროს და მერე, თავის თავში კი არ დაიწყებენ მიზეზის ძებნას, ისევ ხალხს დააბრალებენ. მერწმუნეთ, სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდში, მოსახლეობა არჩევნებზე საერთოდ არ წავა.

სოფიო ხორგუანი
სოფიო ხორგუანი

მეგრელი გლეხები სტიქიას შიშველი ხელებით ებრძვიან

სოფიო ხორგუანი, ადამიანის უფლებების დამცველი:

_ როდესაც ვამბობ, რომ სამეგრელო სტიქიური უბედურების ზონად უნდა გამოცხადდეს, ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას გამოვხატავ. სამეგრელოში უმძიმესი ვითარებაა. მხოლოდ თხილის მოსავალზე არ არის ლაპარაკი, განადგურებულია ხილი და ბოსტნეული, მოსახლეობა, ფაქტობრივად, ულუკმაპუროდ დარჩა. არადა, მათი ერთადერთი შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტებია. ვფიქრობ, წელს გლეხებს ძალიან გაუჭირდებათ.

აზიური ფაროსანას გარდა, როგორც ვიცი, სხვა მავნებელიც არის გავრცელებული, რაც კიდევ მეტ პრობლემას ქმნის. არ ვიცი, დაგვიანდა შეწამვლა თუ რა მოხდა, მაგრამ, მოსავალი რომ განადგურებულია, ფაქტია.

აუცილებელია, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასონ ვითარება და გამოაქვეყნონ დასკვნა. მხოლოდ ობიექტური ექსპერტიზის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მთავრობამ და შესაბამისი დახმარება გაუწიოს გლეხებს. ძალიან დიდი და მძიმე სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, მაგრამ ხელისუფლებას იმიტომ ვინახავთ, რომ საჭირო მომენტში ჩვენ გვერდით იყოს. ყველას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელსაც ვქირაობთ. სიტყვა უსაფრთხოება შემთხვევით არ მიხსენებია… დიახ, მეგრელი გლეხისთვის სწორედ ეს არის უსაფრთხოება, მათ ომი არ აქვთ, მაგრამ სტიქიას ებრძვიან, თანაც, შიშველი ხელებით. გლეხებს პრობლემა აქვთ და ხელისუფლებისთვის სჯობს, დროულად გაუსწოროს პრობლემას თვალი და დაიწყოს ღონისძიებების გატარება.

_ სპეციალისტები ზარალს ითვლიან და ამბობენ, რომ უკვე მოსავლის 70%-ია განადგურებული. რა უნდა ქნას ხელისუფლებამ?

_ სამეგრელო სტიქიური უბედურების ზონად უნდა გამოცხადდეს. არ ვიცი მსგავსი რამ ყოფილა თუ არა, ვგულისხმობ, მწერებისგან მოსავლის განადგურებას, მაგრამ ყოფილა წყალდიდობა, ზვავი, დიდთოვლობა… ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულებულია, დაეხმაროს მოსახლეობას და შეძლებისდაგვარად აუნაზღაუროს ზარალი. შესაძლოა, ვერ დათვალონ, ვინ რამდენად გაყიდდა თხილს, მაგრამ დაახლოებითი ზარალი დასათვლელი და ასანაზღაურებელია.

სტიქიური უბედურებაა, როდესაც პრობლემა ყველგან და ყველა ოჯახშია, სამეგრელოში სწორედ ეს მოხდა. სრულიად სამეგრელო, და არა მხოლოდ სამეგრელო, დარჩა შემოსავლის გარეშე, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა, ზარალის ანაზღაურება და მწერებთან ბრძოლაც. გლეხი დამოუკიდებლად ამ პრობლემას ვერ აღმოფხვრის. საამისოდ არსებობს თანხები ბიუჯეტში, არსებობს ფონდები უბრალოდ, მობილიზებაა საჭირო და საქმისადმი გულისყურით მიდგომა. ვიცი, რომ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ფონდი პრემიერსაც აქვს და პრეზიდენტსაც.

თანხების მობილიზება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა უსწრაფესად მოხდეს ვითარების შესწავლა და შესაბამისი სტატუსის მინიჭება რეგიონისთვის, ანუ სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადება. ზამთრის დადგომამდე ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ გლეხებისთვის შემოსავლის ერთდერთი წყარო იყო ბოსტნეული და ხილი, არ ვგულისხმობ, რომ ვიღაც თხილს გაყიდდა და ამით ფულს იშოვიდა, არა, გლეხი ულუკმაპუროდ დარჩა, მათი ნაშრომი და ნაწვალები მათგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა.

არავინ უნდა გაბედოს ამ თემით სპეკულაცია და, ეს რომ არ მოხდეს, სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა აანაზღაუროს ზარალი, თუნდაც მინიმალური.

_ დამნაშავის გამოაშკარავებაც აუცილებელია, რადგან გლეხები ამბობენ, რომ შეწამვლა არ მოხდა დროულად

_ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ყველაფერს გაარკვევს, დამნაშავესაც იპოვის და დანაშაულის სათავესაც, თუმცა ახლა ამას გლეხებისთვის აზრი არ აქვს, მათ თავს სტიქიური უბედურება დაატყდათ. შედეგი შემზარავია, ამბობენ, მხოლოდ შეწამვლაც არ შველისო. ამდენი “ამბობენ” რომ არ ვთქვათ, საჭიროა ექსპერტების მუშაობა და სახელმწიფოს სწრაფი რეაგირება, მარტო გლეხი პრობლემას ვერ მოაგვარებს. მათ დახმარება სჭირდებათ.

ცნობისთვის: ამჟამად სამეგრელოში თხილის ფასი ხარისხის მიხედვით იცვლება. შედარებით ნორმალური თხილი 3,5 ლარად იყიდება. დაუზიანებელ თხილს ფერმერები 4 ლარად და 20 თეთრად აბარებენ, ძირითადი ნაწილი, ანუ დაზიანებული თხილი ერთ ლარად ან ნაკლებად იყიდება.

თხილი ქვეყნის მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელია. 2016 წელს თხილის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 8.5% შეადგინა, 2015 წელს _ 8 % იყო, 2014 წელს თხილის წილი მთლიან ექსპორტში 6.4%-, 2013 წელს კი 5.7%- შეადგენდა.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here