Home რუბრიკები პოლიტიკა სამარცხვინო და უტიფარი ცრუ

სამარცხვინო და უტიფარი ცრუ

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი

4656
სააკაშვილი-პოროშენკო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რას აღარ კადრულობს, ოღონდ პოლიტიკური ოკეანის ზედაპირზე იტივტივოს და თავის პატრონებს დაანახვოს, რომ კვლავ აქტიურია, ხალხს კი _ ქართველებსაც და უკრაინელებსაც _ თვალში ნაცარს აყრის, რომ მათზეა დამაშვრალი.

სააკაშვილი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სასაცილო სიტუაციაში მალტაზე 29-30 მარტს გამართულ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე. ოდესის ექსგუბერნატორის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ ღონისძიების ამსახველ ფოტოებზე ჩანს, რომ მან სხვისი ადგილი დაიკავა დარბაზში: მაგიდაზე, რომელსაც სააკაშვილი უზის, დევს აბრა _ ჰოლანდიის პარტია “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის _ სიბრანდ ვან ჰერსმა ბუმის გვარით. როგორც ჩანს, სააკაშვილს სურდა, ახლოს ყოფილიყო უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან, რომელიც ნიდერლანდების წარმომადგენლის წინ დასვეს და ამიტომაც აიტუზა უკრაინის პრეზიდენტის ზურგს უკან (გახსოვთ, ალბათ, როგორ იყო ატუზული თეთრი სახლის შესასვლელში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე). ამას გარდა, როგორც უკრაინული გამოცემა “ობოზრევატელი” იუწყება, სააკაშვილმა ღონისძიებაზე რეგისტრაცია გაიარა, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგატმა, სოციალურ ქსელში კი დაწერა:

ოფიციალურმა ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეობა ჩამომართვა და კანონით არ მაქვს უფლება, რომ ვიყო პარტიის ლიდერი, მაგრამ ევროპის სახალხო პარტიამ ანგარიში არ გაუწია ივანიშვილიმარგველაშვილის გადაწყვეტილებას და თავის კონგრესზე მალტაში სიტყვა მომცა, როგორცერთიანი ნაციონალური მოძრაობისლიდერს

ანტიოლიგარქიული გამოსვლა მალტაზე გამართულ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე ათობით სახელმწიფო მეთაურისა და ათასობით დელეგატის წინაშე: “ჩვენი ხალხები არასოდეს შეურიგდებიან ჩვენი ქვეყნების დაპყრობას ოლიგარქებისა და დემოკრატიის მტრების მიერ”.

მე, აგრეთვე, შევხვდი ევროკომისარს გაფართოების საკითხებზე, იოჰანეს ჰანს, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უკრაინის უვიზო სტატუსი”.

ექსგუბერნატორის საქციელმა აღაშფოთა უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეგ ლიაშკო, რომელმაც სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეს კომენტარი დაურთო: ევროპის სახალხო პარტიის მალტაზე გამართულ კონგრესზე სააკაშვილმა რეგისტრაცია გაიარა, როგორც დელეგატმა საქართველოდან. , როგორი მატყუარაა! ქართელებისგან გარბის, როგორც კურდღელი, ციხეში რომ არ ჩასვან მკვლელობებისა და კორუფციის გამო, უკრაინელებს კი ატყუებს, რომ უკრაინა უყვარს”.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც არაერთი ტყუილი უთქვამს, უკრაინაში მაღალ სახელისუფლო პოსტზე “მოღვაწეობის” თითქმის 2 წლის (2015 წლის მაისი_2016 წლის ნოემბერი) განმავლობაში არაერთხელ ყოფილა კონფუზში (სასაცილო, უხერხულ მდგომარეობაში). აი რამდენიმე შემთხვევა:

სამხედრო საიდუმლოების გაცემა

2016 წლის იანვარში, დონბასში სამხედრო ოპერაციების ზონის მონახულების შემდეგ, სააკაშვილმა ვიდეოზე აღბეჭდა და შემდეგ გამოაქვეყნა უკრაინელი სამხედროების საიდუმლო ბლოკპოსტები, თვით მეომრები, ოპერატიული რუკა. უკრაინულმა მედიამ სააკაშვილის ეს საქციელი “სამხედრო საიდუმლოების გაცემად შეაფასა”.

სააკაშვილი საბარგულში

ავტომობილის საბარგულში

2015 წლის აგვისტოში სააკაშვილი მონაწილეობდა მომავალი პოლიციელების წვრთნაში. ის, როგორც ჩანს, საკუთარი პერსონის წარმოჩენის მიზნით, საპატრულო ავტომობილის საბარგულში შეძვრა. ეს ისე მოუქნელად და სასაცილოდ ჩანდა, რომ უკრაინულმა პრესამ უყურადღებოდ არ დატოვა: სააკაშვილმა უკრაინელ პოლიციელებთან ერთად წაივარჯიშა. ეს იმ შემთხვევაში, თუ მის დასაპატიმრებლად საქართველოდან ჩამოვლენ “.

სააკაშვილი

შარვალი უკუღმა

უკრაინელი პოლიციელების წვრთნაში მონაწილეობიდან რამდენიმე დღის შემდეგ სააკაშვილი კვლავ აღმოჩნდა დაცინვის ობიექტი. ოდესის ოლქის საზეიმო ღონისძიებაზე ის საშინლად შემოსილი გამოცხადდა _ ტანზე ცუდად მომდგარი და დაჭმუჭნილი კოსტიუმით. ფოტოზე ჩანს, როგორ ცდილობს სიცილისგან თავის შეკავებას ოდესის მერი. ოდესის გუბერნატორის ყოფილმა მრჩეველ ზოია კაზანჟის აზრით, “სააკაშვილმა შარვალი, უბრალოდ, უკუღმა ჩაიცვა”.

შარვალი წინდაში

2016 წლის 20 მარტს ქალაქ დნეპროპეტროვსკში გამართული ანტიკორუფციული ფორუმის ტრიბუნაზე გამოსულმა სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოება ჩაცმის სტილით განაცვიფრა, როცა მათ წინაშე წინდაში ჩატანებული შარვლის ტოტით წარდგა.

რაც შეეხება სააკაშვილის ტყუილებს, ამ ცრუპენტელამ, ჰალსტუხის მღეჭველმა და თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე მიწაზე მფორთხავმა დასავლეთის მარიონეტმა, რომელიც 2008 წელს საქართველოს მოსახლეობას უტიფრად ატყუებდა, რუსეთს ომი მოვუგეთო და თბილისში, რუსთაველზე, ტაშფანდური გამართა, შემდეგ კი უსირცხვილოდ ყვებოდა, როგორ დაემალა რუსულ თვითმფრინავებსღრუბელღრუბელ”, რამდენიმე დღის წინათ კიდევ ერთხელ უტიფრად იცრუა, როდესაც განაცხადა, რომეზიზღება ტყუილი (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #10, 2017 წლის 15-21 მარტი).

ევროპის სახალხო პარტიის მალტაზე გამართულ კონგრესზე მიხეილ სააკაშვილის მიწვევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ე.წ. დემოკრატიულ დასავლეთს, სააკაშვილის მამა-მარჩენლებს, ფეხებზე ჰკიდიათ საქართველო და მისი სუვერენიტეტი _ საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილად გამოცხადებული სააკაშვილის არათუ დაკავებასა და ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემაზე ფიქრობს ვინმე, არამედ ქართველი ხალხის სისხლში ხელგასვრილ ჯალათს სიამოვნებით იწვევენ საერთაშორისო შეხვედრებზე სიტყვით გამოსასვლელად.

თუმცა რა უნდა ქნან, სააკაშვილი ხომ მათი “ძაღლიშვილია”?!

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here