მთავარი საზოგადოება სამართალი საქართველოში _ გაცრუებული იმედები

სამართალი საქართველოში _ გაცრუებული იმედები

1966
გააზიარეთ
სამართალი

აღმასრულებელი და საკანონმდებლო სახელისუფლო შტოები პრაქტიკულად ვერ უზრუნველყოფენ მოქალაქეების სამართლებრივ დაცვას

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისის იმედი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს სამართლიან და ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოში ღირსეულ ცხოვრებას მოუტანდა, არ გამართლდა. საოცნებო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგაც კი სახელმწიფოს სამართლებივი მდგომარეობა, სამწუხაროდ, კვლავ ჭაობშია, ხოლო ეკონომიკისა და, შესაბამისად, მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის მაჩვენებლები ახლოსაც ვერ მიდის საბჭოური პერიოდის 1989 წლის დონესთან.

მიზეზები მეტწილად სუბიექტურია, პოლიტიკოსთა მნიშვნელოვანი შემადგენლობა, რომლებიც არჩევნების გზით დასავლური დემოკრატიისა და სამართლიანობის დაცვის ლოზუნგებით ხელისუფლების მაღალი პოსტებისკენ მიისწრაფვიან, სინამდვილეში, უფრო “სულთნობასა” და ფუფუნებით ცხოვრებაზე მეოცნებენი არიან, ვიდრე დემოკრატიულ-სამართლებრივი და ეკონომიკური მმართველობითი ინსტიტუციების მწყობრად ჩამოყალიბებული პროგრამების შემმუშავებლები და მათი ცხოვრებაში რეალურად გამტარებლები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეკონომიკის და, მით უმეტეს, საბაზრო ეკონომიკის, განვითარება შეუძლებელია არასამართლებრივ გარემოში, რომლის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, სამართლიანი საკანონმდებლო ბაზის არსებობასთან ერთად, სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ კანონიერების უკომპრომისო დაცვაა, ვინაიდან მათი მხრიდან ყოველი არასამართლებრივი და ანგარებიანი ქმედება და გადაწყვეტილება ძირს უთხრის საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებას.

გახმაურებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმეებისგან განსხვავებით, თავისი მნიშვნელობით შედარებით უბრალო, ყოფითი ხასიათის სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეები, რომლებიც ჯანსაღ სამართლებრივ სივრცეში, ალბათ, 6 თვეში მაინც გადაწყდებოდა, დანაშაულებრივად წლობით გრძელდება. აი ეს არის ინდიკატორი იმის დასადგენად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან მეხუთე წელს რას წარმოადგენს რეალურად ჩვენი ქვეყანა სამართლებრივ ჭრილში.

ზემოთქმულის დასადასტურებლად გაგაცნობთ იმ კონკრეტულ ფაქტს, რომელსაც უტყუარობის თვალსაზრისით მიკროსკოპული სიზუსტით ვიცნობ, ვინაიდან მე მეხება და რომლის გამოც მე, სრულიად უდანაშაულო ადამიანი, 1993 წლიდან დღემდე ვარ სამართალდამცავი სტრუქტურების დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებების მსხვერპლი, რამაც გამოუსწორებელი დაღი დაასვა ჩემს პიროვნულ ღირსებასა და დარჩენილ ცხოვრებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე 1997 წელს გამოვაქვეყნე ღია წერილი მინდია უგრეხელიძის, ჯამლეტ ბაბილაშვილის, გიორგი ბარამიძისა და მიხეილ სააკაშვილის სახელზე, სათაურით “მახინჯი პრაქტიკის კლასიკური მეთოდი”, 23 წლის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებში სამართლის მიღწევის სრული იმედგაცრუების გამო გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ გავასაჯაროო ეს უსამართლობა.

სისხლის სამართლის სამ საქმეზე (ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატურა _ სისხლის სამართლის საქმე #0393128, ძველი თბილისის რ-ის პროკურატურა _ სსს #0695176 და ქ. თბილისის პროკურატურა _ სსს #1097873), 23 წელია, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საქმის წარმოება (თუ შეიძლება ამას წარმოება ვუწოდოთ), მაგრამ სამართალდამცავი სამსახურების მხრიდან საქმის გაყალბებით, უსასრულოდ გაჭიანურებითა და მიჩქმალვით სამართლიანი შედეგი არ ჩანს.

კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იმ იმედით, რომ ამჯერად ნამდვილად მივაღწევდი სამართლიან შედეგს, სამივე საქმეზე 2013 წლის 15 მაისს #01/61979 განცხადებით, რომელსაც ახლდა დოკუმენტური მასალების 224-ფურცლიანი დანართი, მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. მან კი 2013 წლის 8 ივნისით დათარიღებული #58772 წერილით მიმართა საქართველოს იმჟამინდელ მთავარ პროკურორს _ არჩილ კბილაშვილს, რათა აუცილებლად და დროულად მომხდარიყო შესაბამისი რეაგირება, რაც, ალბათ, ნიშნავდა იმას, რომ ობიექტურად გადამოწმებულიყო #01/61979 განცხადების დასკვნითი მოთხოვნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, “საქსტატის” ცნობებისა და შესაბამისი კომპენსაციების მოთხოვნის თანახმად, ჩემი კანონიერად კუთვნილი თანხის _ 178 165 ლარის (იმ დროის სავალუტო კურსის გათვალისწინებით 107 000 აშშ დოლარის) _ სახელმწიფო სახსრებიდან სასამართლო წესით გადახდის თაობაზე ქცეულიყო რეალობად.

2014 წლის 13 მარტს (#01/13-23811) და იმავე წლის 22 მაისს (#01/13-47921) განცხადებებით მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს _ გიორგი ბადაშვილს, ხოლო 2015 წლის 25 თებერვალს #4413 განცხადებით მივმართე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას.

2015 წლის 14 სექტემბერს #01/13-86374 განცხადებით კვლავ მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს _ გიორგი ბადაშვილს, ასლები კი გავუგზავნე საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს (#01/15429) და პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებს _ ეკა ბესელიასა (#18656) და ვახტანგ ხმალაძეს (#18657).

ვინაიდან აღნიშნული წერილების პასუხად ქალაქ თბილისის, ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურებიდან მივიღე ისეთივე ტრაფარეტული და ცინიკური პასუხები, როგორიც მანამდე, იძულებული შევიქენი, 2015 წლის 15 დეკემბრის #74748 განცხადებით მიმემართა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის. შედეგად მივიღე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის _ სოფიო სიჭინავას 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული წერილი (#75643), რომ აღნიშნული განცხადება განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, მაგრამ არც ამ განცხადებას მოჰყოლია ქმედითი ღონისძიება სამართლის აღდგენის კუთხით, რაც უდავოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ქვეყანაში სამართალწარმოების მხრივ ვითარება ნამდვილად საგანგაშო და კატასტროფულია.

მე კი, სრულიად უდანაშაულო ადამიანი, იძულებული შევიქენი, გამეყიდა ავტომობილი და საოჯახო ნივთები; 80 კვ ფართობის ბინა (. უზნაძის . #2, . 42) და 21 წლის განმავლობაში მეცხოვრა ქირით, ამეღო სესხი კაბალურ პროცენტებში, რამაც, საერთო ჯამში, 70 000 დოლარს გადააჭარბა; იძულებული შევიქენი, იპოთეკური სესხით, 7000 აშშ დოლარად, დამეტვირთა უკვე მესამედ გადაგირავებული მამისეული სახლი გურჯაანში (. აღმაშენებლის ჩიხი, #4), რომელიც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით გადაუხდელობის გამო გადაიფორმა იპოთეკარმა და, თუ უახლოეს ხანში არ გადავუხდი მას ძირითად თანხას და საპროცენტო განაკვეთს, გამიყიდის ბინას და დავრჩები აბსოლუტურად მიუსაფარი.

როგორც ჩემთვის, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეებში დაზარალებული მხარისთვის, ასევე, თვით ამ სამართალწარმოების მონაწილე ყველა იურიდიული განათლების მქონე მოხელისთვის, სრულიად ნათელია ჩემი მოთხოვნების კანონიერება. მიუხედავად ამისა, რაც უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, ისინი ყველაფერს აკეთებენ და გააკეთებენ, რომ სიმართლე არასდროს გამჟღავნდეს და არ განხორციელდეს სამართალი. საქმე ის არის, რომ ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, ჩემი კანონიერი მოთხოვნების ობიექტურად გადაწყვეტისა და ზარალის რეალურად დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამართალდამცავი სტრუქტურების მრავალ თანამშრომელს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით სხვა პირის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის გამო, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მატერიალური კუთხით მოუწევთ სახელმწიფოსთან ერთად პასუხისგება. აქედან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე მათგანს საკუთარი თავის ან თავისი ახლობლებისა და კოლეგების დასჯის სურვილი გაუჩნდეს, როდესაც გაცილებით მარტივი და ნაკლებად საფრთხის შემცველია ჩემისთანა რიგითი მოქალაქის კანონიერი მოთხოვნების მიჩქმალვა-მიჩუმათება და საქმის უსასრულოდ გაჭიანურება. ცხადია, ასეთ სამართლებრივ ვითარებაში, საერთო ინტერესები ყალიბდება სამართალდამცავი სტრუქტურების დამნაშავე ელემენტებსა და კანონდამრღვევებს შორის, ბუნებრივია, მათ აერთიანებს საერთო ანგარებითი დანაშაულის განცდა.

ის, რომ ჩემს განცხადებებზე ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სწორ სამართლებრივ სარეზოლუციო მოთხოვნებს შედეგად მოსდევს რიგითი თანამშრომლების აშკარად ცინიკური და არაადეკვატური პასუხები, მიუთითებს იმაზე, რომ ვერც აღმასრულებელი და ვერც საკანონმდებლო სახელისუფლო შტოები პრაქტიკულად ვერ უზრუნველყოფენ მოქალაქეების სამართლებრივ დაცვას, ანუ საქმე გვაქვს სამართლებრივი კუთხით სისტემის ქმედუუნარო ფუნქციობასთან, რაც გამოიხატება იმით, რომ ასეთ რეზოლუციებს უწყების ზედა რგოლებიდან ხშირად არ მოსდევს შესაბამისი ინსპექტირება და ვიღებთ “ხელის დაბანის” მანკიერ ბიუროკრატიულ, სწორ სამართლებრივ შედეგზე არაორიენტირებულ პრაქტიკას. ესე იგი, სისტემა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით კონტრპროდუქტიულია და ვერ ქმნის იმ სამართლებრივ გარემოს, რომელშიც შესაძლებელია ქვეყნის წინსვლა.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ, დამოუკიდებლობის მოპოვების ამ ისტორიული მიღწევის მიუხედავად, მეოთხედი საუკუნეა, ვერც ერთმა ხელისუფალმა და ხელისუფლებამ ვერ შეძლეს, უფრო სწორად კი, არ გამოავლინეს პოლიტიკური ნება, ჩვენი ცხოვრებიდან ამოეძირკვათ ეს მანკიერი მეტასტაზი და დაემკვიდრებინათ სამართალი.

განცდა, რომ ქვეყნის ხელისუფლების ამ უმძლავრესი სახელწიფო მანქანის _ სასამართლოს, პროკურატურისა და პოლიციის სტრუქტურები, სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანს გვერდით არ გიდგებიან, თაღლითების მიერ ხელყოფილი შენი ქონება სულაც არ მიაჩნიათ კონსტიტუციით დაცულ, ხელშეუვალ კერძო საკუთრებად და პირიქით, ზოგიერთი გარიგებულიც კი არის კანონდამრღვევებთან, ნებისმიერი მოქალაქისთვის დამთრგუნველია. ასეთ ვითარებაში სამართლის მისაღწევად სამართლებრივი გზით ბრძოლა კარგავს ყოველგვარ აზრს დალომის ხახიდან ფულის ამოღებისმცდელობას უფრო წააგავს.

მოვუწოდებ ყველა დაზარალებულს: ვიმოქმედოთ კანონით დაშვებული ნებისმიერი საშუალებით ჩვენი მოქალაქეობრივი უფლებების დასაცავად, რათა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც თავი კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა მდგომად მიაჩნიათ, დავანახვოთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრიობა, ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში გამოჩენილი სულგრძელობის მიუხედავად, ვეღარ მოითმენს უკანონობასა და განუკითხაობას.

ანზორ დავითაშვილი,

არქიტექტორი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here