მთავარი პოლიტიკა საკონსტიტუციო რეფორმა თუ დიდი თაღლითობა?

საკონსტიტუციო რეფორმა თუ დიდი თაღლითობა?

886
გააზიარეთ
პარლამენტი

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი საბოლოოდ დაემსგავსა აბსურდის თეატრს, თანაც ისეთს, ეჟენ იონესკოს რომ არ დაესიზმრებოდა. სხვათა შორის, იონესკოს არ მოსწონდა ტერმინიაბსურდის თეატრიდა მის ნაცვლადდაცინვის თეატრსხმარობდა. საინტერესოა: რა არის უფრო მეტი ჩვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებში _ აბსურდი თუ დაცინვა?

თეატრს უკავშირდება კიდევ ერთი მეტაფორა, რომელიც შექმნილ მდგომარეობას კარგად მიესადაგება. ცნობილ ფრაზას იმის თაობაზე, რომ ისტორია მეორდება, ხშირად ჰეგელს მიაწერენ, თუმცა სინამდვილეში ის მარქსს ეკუთვნის: “ჰეგელი სადღაც აღნიშნავს, რომ ყველა დიდი, მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული მოვლენა და პიროვნება, ასე ვთქვათ, ორჯერ გვევლინება. მას დაავიწყდა, დაემატებინა: პირველად ტრაგედიის, მეორედ კი ფარსის სახით”, _ წერდა მარქსი ცნობილ ნაშრომში “18 ბრიუმერი ლუი ბონაპარტისა”. კარლ მარქსის ციტირება დღეს მიღებული მაინცდამაინც არ არის, მაგრამ ფრაზა საკმაოდ “გემრიელია” და, ალბათ, სწორედ ამიტომ ჰეგელს ან სხვა ცნობილ მოღვაწეებს მიაწერენ.

ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია დავფიქრდეთ იმაზე, რას წარმოადგენდა და როგორ აღიქმებოდა ქართველი საზოგადოების მიერ სააკაშვილის დროინდელი და დღევანდელი ცვლილებები. ადრე ნამდვილად იყო ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობის შეგრძნება; სწორედ იმ პერიოდში ფართოდ დამკვიდრდა ტერმინი “კონსტიტუციის გაუპატიურება”, პოლიტიკურად აქტიური საზოგადოება სრულიად სერიოზული იყო და მომხდარს განიხილავდა, როგორც ნამდვილ ტრაგედიას. დღეს კი, უხეში ძალადობის ნაცვლად, ჩვენ აშკარა თაღლითობას ვხედავთ, რომელშიც სამარცხვინო და სასაცილო ერთმანეთს ერწყმის. ეს ხელს უშლის საზოგადოებას, ემოციების მობილიზება მოახდინოს და ცალსახა პროტესტი გამოთქვას. ის თანახმაა, იბრძოლოს ურჩხულთან, მაგრამ ვირთხების წინააღმდეგ მახვილის აღმართვა უადგილოდ და სასაცილოდ ეჩვენება. შესაძლოა, ივანიშვილის ჰიბრიდული რეჟიმის დროებითი წარმატების საიდუმლო სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მან მოახერხა საზოგადოების ჩათრევა ფარსის სივრცეში, სადაც მან განვითარებული მოვლენების სერიოზულობის გააზრების უნარი დაკარგა. ის ხშირად ვერ გრძნობს, რომ ყოველივე, რაც მის გარშემო ხდება, ძალზე საშიშია, ისე, როგორც ამას სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გრძნობდა.

მხოლოდ საარჩევნო სისტემას თუ შევეხებით, ვნახავთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ბოლო მომენტში შემოთავაზებული რეფორმის იმგვარი კორექტირება დაიწყო, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება უზრუნველეყო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სრულიად მოულოდნელად განაცხადეს, რომ გადასვლა პროპორციულ სისტემაზე მხოლოდ 2024 წლის არჩევნებზე მოხდება. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ეს გადაწყვეტილება შიდაპარტიული უთანხმოებისა და მაჟორიტარების პროტესტის გამო მიიღეს. შესაბამისად, 2020-ში ისევ შერეული სისტემა გვექნება და მაჟორიტარებს ზუსტად ისე ავირჩევთ, როგორც შარშან, და, ალბათ, შედეგიც ანალოგიური გვექნება _ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ოპოზიციის კოლაფსის პირობებში. ამ იდეის გაჟღერებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მინიმალური პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება ქუჩაში გამოსულიყო და აშკარა თაღლითობის გამო პროტესტი გამოეთქვა, მაგრამ ეს არ მოხდა.

მმართველი პარტია, აგრეთვე, გვთავაზობს, 2020 წლის არჩევნებში ბარიერი ერთჯერადად 3 პროცენტამდე დავწიოთ. იგულისხმება, რომ 2024-ში ის ისევ ხუთპროცენტიან ნიშნულს დაუბრუნდება. ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება საარჩევნო ბლოკების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა (რომელიც თავისთავად ძალზე საეჭვო და არსებითად ანტიდემოკრატიულია), ბევრმა კომენტატორმა ჩათვალა, რომ ეს, ხუთპროცენტიანი ბარიერის შენარჩუნების პირობებში, ხელს შეუწყობს პარტიების შერწყმა-გამსხვილების პროცესის დაწყებას, მაგრამ ახლა ეს არ მოხდება. მრავალი “მცირე პარტია” (რაც უფრო სუსტი იქნებიან ისინი, მით უფრო დამოკიდებული აღმოჩნდებიან ხელისუფლებაზე) ოპოზიციური ელექტორატის ხმების გახლეჩას მოახდენს და პრაქტიკულად გამორიცხავს მათი კონსოლიდაციისა და მძლავრი ოპოზიციური კოალიციის გაჩენის შესაძლებლობას.

ვენეციის კომისიის მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან რბილ ფორმულირებებს შეიცავს, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ ის მთლიანობაში აღიქვა, როგორც წახალისება. ნათქვამია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითია, მაგრამ ეს წინგადადგმული, პოზიტიური ნაბიჯი შეზღუდულია სამი მექანიზმითსაპარლამენტო არჩევნებში ხუთპროცენტიანი ბარიერის შენარჩუნებით, გაუნაწილებელი მანდატების მმართველ პარტიაზე გადაცემითა და ბლოკების გაუქმებით. იქვე აღნიშნული იყო, რომ თავისთავად ხუთპროცენტიანი ბარიერი ევროპული ნორმების შესაბამისია, მაგრამ ეს სამი მექანიზმი ერთად ზღუდავს პლურალიზმს და უფრო მეტად სცილდება საარჩევნო თანასწორობის პრინციპებს, ვიდრე ეს სტაბილურობის შენარჩენების აუცილებლობიდან გამომდინარეობს.

ამასთანავე, ვენეციის კომისიამ ურჩია ხელისუფლებას, შემდეგი ვარიანტები განეხილა: ა) გაუნაწილებელი მანდატების ყველა ბარიერგადალახული პარტიისთვის თანაბრად გადანაწილება; ბ) გამარჯვებული პარტიისთვის გადასაცემი გაუნაწილებელი მანდატებისთვის ზედა ზღვრის დაწესება; გ) ბარიერის დაწევა ორ ან სამ პროცენტამდე.

ხელისუფლებას არ ეყო პოლიტიკური სითამამე იმისთვის, რომ საერთოდ უარი ეთქვა “ბონუსზე”, ამიტომ მან, მეორე რეკომენდაციის შესაბამისად, საკუთარ თავს ზედა ზღვარი დაუწესა, თუმცა გაუნაწილებელი მანდატების “ლომის წილი” მაინც პირველ ადგილზე გასულ პარტიას დარჩება, რომელიც მომავალ არჩევნებში, სავარაუდოდ, ისევ “ქართული ოცნება” იქნება _ ოპოზიციის დასუსტებიდან და ბლოკების აკრძალვიდან გამომდინარე. ამ “დათმობის” შემდეგ კრიტიკა ამ მიმართულებით შესუსტდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვისი ხმების მისაკუთრება არსებითად უსამართლოა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიუანსია _ საზოგადოება, როგორც ჩანს, თანდათან ეჩვევა “ნაკლებ ბოროტებასთან” შეგუებას, იმის ნაცვლად, რომ ნებისმიერი სახისა და ზომის ბოროტება უარყოს.

ბარიერის ერთჯერად დაწევას კიდევ რამდენიმე საინტერესო ქვეტექსტი აქვს. საკონსტიტუციო რეფორმის დასკვნით ეტაპზე, პროექტის კურატორ ირაკლი კობახიძის პოლიტიკური უნიჭობის გამო, “ქართული ოცნება” სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. არც ერთ რამდენადმე სერიოზულ პოლიტიკურ გაერთიანებას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ ცალკე აღებულ ექსპერტს შემოთავაზებულ ცვლილებებზე არათუ პასუხისმგებლობის აღება, არამედ მათთან ნებისმიერი სახის შეხება არ სურს. ივანიშვილის ხელისუფლება წინამორბედზე უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან სააკაშვილს თავის დროზე უფრო მომზადებული სატელიტები ჰყავდა, რომლებიც დებატებისა და კონსენსუსის ილუზიას მაინც ქმნიდნენ. დღეს კი მმართველი ძალის მარტოობა ლამის აბსოლუტურია. ზოგს ეს შეიძლება პარადოქსულად მოეჩვენოს, რადგან “ქართული ოცნების” ფარგლებს გარეთ საკმარისზე მეტია ჯგუფი თუ აქტივისტი, რომელიც გარკვეული პირობების სანაცვლოდ, მხარს ხელისფულების ინიციატივებს დაუჭერს ან “კონსტრუქციულ ოპონირებას” გაუწევს, თუმცა კონსტიტუციის რედაქტირების პროცესში ხელისუფლებამ მათი მობილიზება და როლების განაწილება ვერ მოახერხა. შედეგი სახეზეა _ ის იზოლირებულია, როგორც მომაკვდავი დიქტატორული რეჟიმი ან როგორც პაულუსის არმია სტალინგრადში.

ბარიერის ერთჯერადი დაწევა სამ პროცენტამდე “მცირე პარტიებისთვის” გაწვდილი ხელია და მათმა ენთუზიაზმმა მართლაც შეიძლება შექმნას კონსენსუსის ილუზია თუნდაც ამ მიმართულებით და ნაწილობრივ მაინც გადაფაროს მაჟორიტარებთან დაკავშირებული თაღლითობა, მაგრამ აქ გაცილებით მნიშვნელოვანია არა პროპაგანდისტული ეფექტი, არამედ გრძელვადიანი პოლიტიკური შედეგი. ერთჯერადი დაწევა”, ისევე, როგორც ნებისმიერი გამონაკლისი, პოლიტიკურ გარემოს არასტაბილურს ხდის და ხელს არადემოკრატიული ფსიქოლოგიის გავრცელებას უწყობს _ თუ გამონაკლისი შესაძლებელია დღეს, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ 2024 წელს წესები ისევ არ შეიცვლება? იქ, სადაც არ არსებობს მყარი წესები და კანონები, დემოკრატიასა და სამართლიანობაზე ოცნება ზედმეტია. კიდევ ერთ “ერთჯერად ცვლილებას” მმართველი პარტია პრეზიდენტთან დაკავშირებით განიხილავს, კერძოდ კი იმას, ახალი წესით 2023 თუ 2024 წელს რომ აირჩიოს? მიუხედავად იმისა, რომ ამას, პრეზიდენტის როლის დაკნინების გამო, ნაკლები პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ასეთი მიდგომა მთლიანობაში დესტრუქციულად უნდა ჩაითვალოს.

ახლა “ქართული ოცნება” ცდილობს, გააკეთოს ერთადერთი რამ, რაც მეტ-ნაკლებად კარგად გამოსდის _ ყოველივე წარმოაჩინოს, როგორც დაპირისპირება ნაციონალებთან (მიშისტურ და “ევროქართულ” ვარიანტში მნიშვნელობა არ აქვს) და ამით გაამართლოს საეჭვო საკონსტიტუციო ნორმების “გათრევა”. ნაციონალებს ეს ხელს აძლევთ, რადგან ამ დროს ხელისუფლების მთავარ ოპონენტად, იმ იდეების გამხმოვანებლებად წარმოჩინდებიან, რომლებიც აქტუალურია ბევრი სხვა, მათ შორის რადიკალურად “ანტიმიშისტური”, ჯგუფისთვის. ეს სპექტაკლი ცუდსა და უარესს შორის არჩევანზე “ქართულმა ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” უკვე არაერთგზის დადგეს.

სინამდვილეში, ივანიშვილის ხელისუფლება ამ ეპიზოდში ისევე ცუდად იქცევა, როგორც მისი წინამორბედი _ “კონსტიტუციის გაუპატიურების” პერიოდში, არანაირი არსებითი განსხვავება მათ პოლიტიკას შორის არ არსებობს. სიცრუეს, ხელების გადაგრეხასა და კანონის მორგებას საკუთარ ინტერესებზე ნამდვილად არ შეიძლება ეწოდოს “ნაკლები” ან “მცირე” ბოროტება, ის ძალიან დიდია და მისი დამარცხება საკმაოდ რთული იქნება.

დიმიტრი მონიავა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here