მთავარი საზოგადოება “საით მივდივართ და რა გვინდა?! ვის ვეტმასნებით და რატომ?!”

“საით მივდივართ და რა გვინდა?! ვის ვეტმასნებით და რატომ?!”

574
გააზიარეთ
“საით მივდივართ და რა გვინდა?! ვის ვეტმასნებით და რატომ?!”

თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასო

ხალხური

ეს წერილი პირველად დაიწერა 2015 წლის 9 აპრილს და განაპირობა ბატონ გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულმა დროულმა და საქმიანმა განცხადებამ .. ნატოს შესახებ. წერილში მან სამართლიანად აღნიშნა ყველა ჭეშმარიტი ქართველის (დიდი უმრავლესობის) და არა მხოლოდ ქართველის ხვაშიადი. მინდა ვკითხო (მერამდენედ!) ამ უგზოუკვლოდგანათლებულებს”: იციან თუ არა, როდის და რატომ შეიქმნა ნატო?

ნატო შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს აშშ-ისა და კაპიტალისტური სამყაროს სხვა წარმომადგენლების _ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და სხვების მეცადინეობით (70 წლის იუბილე ხომ არ გადაგვეხადა, მათ მიერ მსოფლიოსთვის გაწეული “ღვაწლისთვის”?). მისი შექმნის მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა სოციალისტური ბანაკისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ. სოციალისტური ბანაკი აღარ არსებობს. დარჩა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც ხმალამოღებული ებრძოდა და ებრძვის მასონური კაპიტალიზმი აშშ-ის თამადობით”. სადაც შევიდა აშშ, .., ნატო, ყველგან შეიტანა ნგრევა და უბედურება. დიდმა გალაკტიონმა თითქოს მათზე დაწერა: “…უხვად მოიტანა სისხლი და ცრემლები…” იქნებ გაიხსენონ სხვისი ფეხის ხმას აყოლილმა სუბიექტებმა, რა გააკეთა თქვენმა ნაქებმა სამხედრო ბლოკმა 1999 წლის აღდგომა დღეს ბელგრადში? იქნებ ჩაიხედონ შესაბამის ლიტერატურაში, სადაც შავით თეთრზე წერია, როგორ მიიღო 1990 წლის 28 ოქტომბერს კანონიერად არჩეულმა უზენაესმა საბჭომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით დადგენილება, რომ საქართველო არ შევა არც ერთ სამხედრო ბლოკში. შედეგად რა მივიღეთ? კანონიერი ხელისუფლება დაამხეს ანტიქართველებისა და მათი დამქაშების _ შევარდნაძისა და მისი ბანდის ხელით, რომელმაც უგულებელყო ყველა კანონიერი დადგენილება და დაიწყო საზღვარგარეთელი პატრონების დაკრულზე ცეკვა. ამ ანტიქართველებსა და ანტიმართლმადიდებლებს ჩაენაცვლა უფრო უარესი. “ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო” და აკი აჯობა კიდეც _ ქვეყნის სათავეში მოვიდნენ უწიგნური სუბიექტები. მათ წინ მიუძღოდათ პროფესორ(?) გიული ალასანიას მცირედ განათლებული პირმშო, რომელსაც თურმე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე ჰქონია დამთავრებული. არადა, ამ ტიპმა საერთოდ არ იცის საქართველოს ისტორია და ქართული ლიტერატურა, სამაგიეროდ კარგად ერკვევა უცხოელი პატრონების ჟესტიკულაციაში. ერთ დროს უაღრესად განათლებული საქართველო დაიყვანეს მსოფლიოში ყველაზე დაქცეული ქვეყნის დონეზე. გაანადგურეს განათლება, ჯანდაცვის სისტემა, ორ შაურად გაყიდეს ხალხის კუთვნილი ქონება, ხალხი დახოცეს თუ ქუჩებში (აკადემიკოსი გურამ შარაძე), თუ ციხეებში. თავიანთი პარპაშის პერიოდში გაყიდულ საყდრისს ახლა გამოუჩნდნენ ეს ნაცისტები გულდათუთულ დამცველებად… ეს ყოველივე იმის ბრალია, რომ პასუხი არ მოვთხოვეთ ჩადენილის გამო.

2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის თანადგომითა და მხარდაჭერით, “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოიპოვა შესანიშნავი გამარჯვება, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ მოვუარეთ. საქმე ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ნაცები (ძველები და ახლები) ისევ ყელყელაობენ, ისევ არ მიაჩნიათ ცა ქუდად და დედამიწა _ ქალამნად!

მინდა, ვუთხრა ბატონ ბიძინას: საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, მადლი რომ ქენით, ბარემ მარილიც მოგეყარათ და ხალხისადმი მიცემული პირობების ნაწილი მაინც შეგესრულებინათ, გაგეთავისუფლებინათ ქვეყანა ამ მეტასტაზებისგან.

მოგიწოდებთ და მოვითხოვ (ალბათ, მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სახელით), ჩატარდეს საერთო-სახალხო რეფერენდუმი და დაისვას კითხვები _ ხართ თუ არა თანახმა, საქართველო შევიდეს:

1.ნატოში

2.ევროკავშირში

3.ევრაზიულ კავშირში

სასწრაფოდ დაიწყეთ ურთიერთობის მოგვარება რუსეთთან. ამ სახელმწიფოსთან ჩვენი ურთიერთობის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რუსეთთან დაშორებამ გამოიწვია ის, რომ ანაკლიაში უკვე იწყება ნატოს სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა, რომლის კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. თუ ჩემი არ გჯერათ, ჩაატარეთ რეფერენდუმი და დარწმუნდებით. მე, როგორც ერთ-ერთი თქვენი ამომრჩეველი (ალბათ, ბევრი გაიზიარებს ჩემს აზრს), მოგიწოდებთ, სასწრაფოდ აღადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რადგან მასთან მეგობრულ და მით უმეტეს მეზობლურ ურთიერთობას ბევრი ჩვენზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო ესწრაფვის. არაფერში გვარგია “ნაცისტების ფეხის ხმას აყოლა. კარგად დავინახეთ მათი “ნაღვაწი”. დრო აღარ ითმენს. ახლოვდება ავადსახსენებელი “ყარსის ხელშეკრულების” ვადის ამოწურვის თარიღი.

მეზობლებთან ურთიერთობის აღდგენაზე მოგახსენებდით. ჩვენ, ქართველებს, მეზობლებთან ურთიერთობა არ გვესწავლება, ვინაიდან კავკასიაში ქართველები ყოველთვის ვიყავით სასურველი და ჭკუის საკითხავი მეზობლები.

დროა, საქართველო გათავისუფლდეს სხვა ქვეყნების დიქტატისგან. აი მერე ნამდვილად გექნებათ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთების საშუალება. დროა, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს. ამის შემდეგ წელგამართულმა ყველას _ შინაურსაც და გარეულსაც, ქართველ ხალხთან ერთად გაეცით საკადრისი პასუხი, დამსახურების მიხედვით. მოსაფერებელს მოეფერეთ, დასატუქსი დატუქსეთ, მოსაკვეთი მოჰკვეთეთ, დასაჭერი დაიჭირეთ!

წინ, მხოლოდ ილიას, ზვიადისა და მერაბის გზით, სხვაგვარად საქართველოს გადარჩენა არ უწერია!

გვფარავდეს მამაზეციერი და დედა ღვთისმშობელი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

კეთილი სურვილებით, ორი დაღუპული მებრძოლის მამა,

ანზორ დანელია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. არასწორია, თითქოს ნატოს „შექმნის მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა სოციალისტური ბანაკისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ“. სინამდვილეში, ნატოს შექმნის მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა სოციალისტური ბანაკისა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა კი იყო ნატოს მიერ შექმნილი იარაღი სოციალისტური ბანაკისა და საბჭოთა კავშირის დასაშლელად. ამდენად, ზვიადის ილიას გვერდით მოხსენიება მკრეხელობაა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here