Home ახალი ამბები საქართველო საიდან შეიძლება, დეპუტატს მილიონები ჰქონდეს, როცა პრემიებს არ იღებს, ხელფასი კი 6...

საიდან შეიძლება, დეპუტატს მილიონები ჰქონდეს, როცა პრემიებს არ იღებს, ხელფასი კი 6 ათას ლარს არ აღემატება?!

1070
გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ დეპუტატები 2012 წლის შემდეგ პრემიებს აღარ იღებენ. ვოლსკის თქმით, მისი ხელფასი ორ ნაწილად იყოფა და ჯამაგირის დიდი ნაწილი საშემოსავლო გადასახადებში მიდის: „დეპუტატი არ იღებს პრემიას. რაც შეეხება ხელფასს და დანამატს, ეს ყოველთვის არსებობდა, მას ადრე პრემიაც ემატებოდა. 2012 წლიდან დეპუტატებს პრემია არ აუღიათ.

ყოველთვიურად მაქვს ხელფასი, რომელიც ორ ნაწილად იყოფა: საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ბიუჯეტში ვიხდი, როგორც საშემოსავლოს და თვეში დაახლოებით 4 300 ლარი რჩება. ამას აკლდება ქუთაისში ბინის ქირის თანხა. ვფიქრობ, რომ ჩვენს პირობებში ეს ნორმალურია. საიდან კეთდება ეს გათვლები და რატომ არის ჩემი ხელფასი და დანამატი უფრო მეტი, ვიდრე სხვა დეპუტატის, ალბათ ეს თანამდებობრივ სარგოს ეხება, რადგან თანამდებობრივი სარგო უფრო მეტი მაქვს ვიდრე ჩვეულებრივ დეპუტატს. ოთხხუთ თვეზე რომ გადაითვლი ამ ყველაფერს, ციფრი გაცილებით მეტი ჩანს, ვიდრე ერთ თვეზე. ასე, რომ ხელფასი არის ხელფასი და მე არ ვარ გამორჩეული სხვებისგან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ორგანიზაციებმა „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ და მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორი“ გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის თანახმადაც თბილისის საკრებულოს 13 მილიონერი დეპუტატი ჰყავს. კვლევის თანახმად, მილიონერი დეპუტატების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: თამარ ტალიაშვილი („ქართული ოცნება“) 3 383 989 ლარი, ჯაბა (ილია) ჯიშკარიანი („ქართული ოცნება“) 3 349 705 ლარი, ვლადიმერ ძნელაძე („ქართული ოცნება“) 2 935 134 ლარი, ზაზა ვეკუა (ფრაქცია „დედაქალაქი“)2 510 281 ლარი, ავთანდილ დავითაძე („ქართული ოცნება“) 2 311 337 ლარი.

კულუარული ინფორმაციით, მილიონერი დეპუტატების სიმცირეს არც საკანონმდებლო ორგანო უჩივის. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საეჭვოდ გამდიდრებული სუბიექტები საპარლამენტო უმრავლესობაშიც უხვად არიან. (თუმცა მათი ქონებრივი დეკლარაციები გაცილებით უფრო მოკრძალებული და მწირია). ამ ყველაფრის ფონზე კი ზემოაღნიშნული მილიონების წარმომავლობა შეკითხვებს ლოგიკურად აჩენს. საინტერესოა, საიდან შეიძლება ჰქონდეს დეპუტატს რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ქონება, როცა მისი შემოსავალი 6 ათას ლარს არ აღემატება?! როცა პრემიებს არ იღებს და შემოსავლის დიდ ნაწილს გადასახადებს ახმარს?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here