მთავარი პოლიტიკა “სავარაუდოდ, ეს იყო ძალიან მკაცრი საუბარი თურქეთის პრემიერის მხრიდან და, თუ ასე...

“სავარაუდოდ, ეს იყო ძალიან მკაცრი საუბარი თურქეთის პრემიერის მხრიდან და, თუ ასე გაგრძელდა, ასეთი თითის ქნევები მომავალშიც იქნება”

1582
გააზიარეთ
ჰამლეტ ჭიპაშვილი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპის ბალმასკარადი დასრულდა, _ იუწყება გამოცემა hurriyet-ი. ერდოღანის თქმით, რაც ევროპაში ბოლო პერიოდში ხდება, აჩვენებს, რომ თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც მიზნად ისახავს თურქეთის პროვოცირებას, რათა ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს და ოფიციალურმა ანკარამ საპასუხო ნაბიჯები გადადგას. “მივმართავ მათ, ვინც ხავერდოვან ხელთათმანში რკინის ხელს იყენებს: თურქეთთან არ გაგივათ ეს. თურქეთი, რომელიც თავს იხრიდა თქვენი მუქარებისა და ტირანიის წინაშე, წარსულს ჩაბარდა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დააზიანოს ჩვენი მოქალაქეები; ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება ამის გაკეთებას, შედეგებს თავის თავზე იგრძნობს”, _ დასძინა ერდოღანმა. როგორ აისახება საქართველოზე თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დაძაბვა, კონკრეტულად რა ცვლილებებია რეგიონში მოსალოდნელი, რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ _ ამ საკითხებზე კომენტარისთვისსაქართველო და მსოფლიოექსპერტებს დაუკავშირდა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ თურქეთს დასავლეთის მიმართ ნამდვილად აქვს წყენის საფუძველი. ეს ქვეყანა, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ცდილობს ევროკავშირში შესვლას და ყველა მისი ნაბიჯი ამ მიმართულებით უშედეგოა. ამას, ადრე თუ გვიან, ბუნებრივია, დაძაბულობა მოჰყვებოდა, მაგრამ ახლა მთავარია, სადამდე მივა ეს დაძაბულობა. აშკარაა, რომ ეს არ არის მხოლოდ ლიდერებს შორის დაძაბულობა, ეს სახელმწიფოთა შორის საკმაოდ მწვავე კონფრონტაციაა და, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს პროცესები, კაცმა არ იცის.

რაც შეეხება საქართველოს, ოფიციალური ანკარა უკვე პირდაპირ იმუქრება ნატოდან გასვლით და მასთან ურთიერთობის გაწყვეტით, საქართველო კი თავგასაპნული უძვრება ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას. მეტიც, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამას წინათ განაცხადა, მზად ვართ, ფოთის პორტი ნატოს დავუთმოთო. ახლა წარმოიდგინეთ, რა ურთიერთობა გვექნება ამ ყველაფრის ფონზე სახელმწიფოსთან, რომელიც დღითიდღე სულ უფრო ცუდი თვალით უყურებს ნატოს და საბოლოოდ ამ ორგანიზაციიდან გასვლაზეც შეიძლება ფიქრობდეს. ცხადია, ამას გარკვეული დაძაბულობა მოჰყვება და, თუ ერდოღანი დაინახავს, რომ საქართველო ისევ თავგასაპნული მიილტვის ალიანსისკენ, შესაბამის განცხადებებს გააკეთებს. მეტიც, ძალიან მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს და ამას ჩვენთვის კარგი შედეგი ნამდვილად არ მოჰყვება. ასე რომ, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელი და ასაწონ-დასაწონია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ პიროვნება, რომელიც ამ ყველაფერს გააანალიზებს და სათანადო დასკვნებს გამოიტანს, დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში არ ჩანს. ხელისუფლების სათავეში სხედან სრული უვიცები, რომლებსაც გეოპოლიტიკისა არაფერი ესმით და ისე იღებენ გადაწყვეტილებებს, რა პროცესები წავა შემდგომ და რას მივიღებთ საბოლოოდ, საერთოდ, არ ფიქრობენ…

პეტრე მამრაძე, ყოფილი პარლამენტარი:

_ დღეს ევროგაერთიანების ქვეყნებში არის სერიოზული დემოგრაფიული კრიზისი. მათ, ფაქტობრივად, ახალგაზრდები არ ჰყავთ. თურქეთში კი სხვა ვითარებაა. ამას წინათ ერდოღანმა პირდაპირ მიმართა მოსახლეობას, _ თითოეულმა ოჯახმა ხუთ-ხუთი შვილი გააჩინეთო, ანუ ამ მხრივ იქ პრობლემა არ არსებობს. ასე რომ, შესაძლოა, ამასაც გულისხმობდა ერდოღანი, როცა განაცხადა, ევროპის ბალ-მასკარადი დასრულდაო. ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ვთქვათ, მაგრამ არ არის გამორიცხული, უფრო სერიოზული სახეც მიიღოს მომავალში ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოსა და ოფიციალურ ანკარას შორის არსებულმა დაძაბულობამ. ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, უახლოეს ხანებში ეს ყველაფერი ჩვენს რეგიონში რამეს ფუნდამენტურად შეცვლის, მსგავსი მოლოდინი არ მაქვს. ისე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენი ხელისუფლების პოზიციაზე, თუ იქნება ადეკვატური პოლიტიკა, ცხადია, პრობლემები და თავსატკივარი ნაკლები გვექნება…

ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი:

_ საქართველოში არავინ საუბრობს იმაზე, რას შეცვლის თურქეთსა და ნატოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებული დაძაბულობა საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობაში. ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. უწინარესად კი, უნდა ითქვას, რომ ოფიციალური ანკარისთვის ევროკავშირის კარი საბოლოოდ დაიხურა და ევროგაერთიანებაში მისი შესვლის პერსპექტივა პრაქტიკულად ნულია. ასევე სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი, ამ დროს მიდის ინტენსიური მოლაპარაკებები კრემლთან და მეტიც, უკვე საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე ანკარასა და მოსკოვს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ფუნდამენტურად იცვლება პოლიტიკური ვითარება და ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, საქართველოსაც შეეხება.

აქვე მინდა შევეხო თურქეთის პრემიერმინისტრის _ ბინალი ილდიმირისა და საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრას ბათუმში, ძალიან უცნაური იყო ის, რომ არც პრესრელიზი ყოფილა, არც ოფიციალური განცხადებები და შეფასებები, ასეთი დონის შეხვედრები ასე არ ხდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შეხვედრამდე მოხდა ბათუმში მცხოვრები თურქი მოქალაქეების შეკრება, რომლებმაც თავიანთ პრემიერს ერთობლივი პეტიცია გადასცეს. არავინ იცის, რა ეწერა იმ პეტიციაში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: შეხვედრის შემდეგ მხარეებს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ, არანაირი შეფასებები და თუნდაც მინიშნებები იმის თაობაზე, რაზე ისაუბრეს. სავარაუდოდ, ეს იყო ძალიან მკაცრი საუბარი თურქეთის პრემიერის მხრიდან და, თუ ასე გაგრძელდა, ასეთი თითის ქნევები მომავალშიც იქნება. როგორც ჩანს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გარდაქმნების ფონზე გარკვეული დაძაბულობა გარდაუვალია. თუმცა აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი და ადეკვატური თუ იქნება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ამ პროცესების მიმართ…

ვალერი კვარაცხელია, პარტიანეიტრალური საქართველოსლიდერი, ანალიტიკოსი:

_ დღეს მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ასპარეზზე სამი ძირითადი ტენდენციაა გამოკვეთილი: პირველი _ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების გლობალისტური პოლიტიკის კრახი, რომელიც გამოიხატა საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის დამარცხებითა და სათავეში რესპუბლიკელი ტრამპის მოსვლით; მეორე ტენდენცია _ ეს არის ევროკავშირის რღვევა. საზოგადოდ, ევროკავშირი ამერიკის პროექტია და იმთავითვე ცხადი იყო, რა ბედი ელოდა ამ გაერთიანებას. დღეს უკვე აშკარაა, რომ ეს პროექტი ჩავარდა, რაც შეეხება მესამე ტენდენციას, ეს არის ნატო. აშკარაა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაჩნდა ბზარი და ამის ნათელი მაგალითია თურქეთი. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს ჩვენს რეგიონში და საქართველოზეც მნიშვნელოვნად აისახება. თუმცა ყველაზე მეტად მაინც მეშინია იმის, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად მოუმზადებელია ამ პროცესებისთვის. მეტიც, საქართველოს ხელისუფლება საერთოდ ვერ აცნობიერებს, რა ხდება ჩვენ გარშემო და რა პოლიტიკის გატარებაა საჭირო. აი, ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე, თორემ თურქეთიც, რუსეთიც და სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც ყოველთვის იმოქმედებენ თავიანთი ინტერესებით. ჩვენი პრობლემა და უბედურება არის ის, რომ არ გვყავს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველი პოლიტელიტა. ჩვენი ხელისუფლება მოწყვეტილია რეალობას, ვერ აცნობიერებს, რა გარდაქმნები მიმდინარეობს მსოფლიოში…

მოამზადა ჯაბა ჟვანიამ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here