Home სხვადასხვა დაიჯესტი საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ჩვენი ყოველდღიური ყოფა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ჩვენი ყოველდღიური ყოფა

2253
საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ჩვენი ყოველდღიური ყოფა

არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა განაცხადა, რომ უარს ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მისი ქვეყნისთვის სესხად გათვალისწინებული 11 მილიარდი აშშ დოლარის აღებაზე, რადგანლოთობას ღვინით არ არჩენენ”. ნოემბრის დასაწყისში ფონდის მხარდაჭერაზე უარი თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა დოდონმა; ბელარუსის პრეზიდენტის მითითებით ბელარუსის მთავრობამ ფონდის მხარდაჭერა დაიყვანა მხოლოდ ტექნიკურ კონსულტაციებამდე. უკრაინის ფინანსთა მინისტრმაც კი განაცხადა, რომ ამ საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურასთან თანამშრომლობას 2023 წლისთვის შეწყვეტს.

ორჯერ _ ერთსა და იმავე ფიწალზე

არგენტინის პრეზიდენტ ფერნანდესს გადასაჭრელი აქვს პრაქტიკულად გადაუწყვეტელი ამოცანა _ გამოასწოროს ის, რაც აურია მისმა წინამორბედმა მაურისიო მაკრიმ, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი (300 მილიარდი დოლარი) დაუგროვა თავის ქვეყანას, თანაც იმ დროს, როცა არგენტინის მშპ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 518 მილიარდ დოლარს უდრის.

მდგომარეობიდან გამოსასვლელ პირველ ნაბიჯად, კაბალური ვალის მოსაცილებლად და ეროვნული ეკონომიკის გადასარჩენად ფერნანდესი საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების აღებაზე უარის თქმას აპირებს. “მე უნდა გადავწყვიტო უზარმაზარი ვალის პრობლემა, ნუთუ უნდა ვითხოვო დამატებით 11-მილიარდიანი ვალი? მე არ მინდა ხელის გაშვერა ვალის ასაღებად.

მე მსურს, მომცენ საშუალება, გადავიხადო ვალი”, _ განაცხადა მან რადიოსადგურ Con Von-ის ეთერში.

არგენტინის ფინანსური პრობლემები მკვეთრად გამწვავდა 2015 წელს, როცა პრეზიდენტი მაკრი ხელისუფლების სათავეში მოვიდა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევას “ნეოლიბერალური რეფორმების” საშუალებით შეეცადა: თავისუფალი ბაზრის შექმნით, საწარმოების პრივატიზებითა და სახელმწიფოს როლის შემცირებით ეკონომიკაში, მაგრამ დამოუკიდებლად ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს 57 მილიარდი დოლარი ესესხა.

იგი ვერ შეაჩერა იმ ისტორიულმა ფაქტმაც კი, რომ გასული საუკუნის ბოლოს არგენტინამ იზარალა საერთაშორისო სავალოტო ფონდის მიზეზით. 1990-იან წლებში ეკონომიკის მინისტრმა დომინგო კავალიომ აამოქმედა ლიბერალური რეფორმების პროგრამა, რომლის განხორციელებისას უცხოელი ინვესტორები გადასახადებისგან გაათავისუფლა.

არგენტინისკენ დაიძრნენ უცხოელი ბიზნესმენები, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გასცა კრედიტები ძველი ვალების დასაფარავად, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეზობელმა ბრაზილიამ თავისი ვალუტის დევალვაცია მოახდინა, ინვესტორებმა იქ გადასვლა ამჯობინეს და არგენტინა ხელცარიელი დატოვეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდში განაცხადეს, რომ დეფოლტისგან ქვეყანას ვეღარ იხსნიან და უარი თქვეს მორიგი ტრანშის გამოყოფაზე.

ფონდი კრედიტებს გასცემს მხოლოდ მოვალის ეკონომიკის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებიც ზუსტად უნდა შესრულდეს. სწორედ ეს გახდა მაკრის მთავარი ეკონომიკური შეცდომა.

ნაცვლად იმისა, რომ დახმარებოდა ეროვნულ ბიზნესს და შეექმნა ახალი სამუშაო ადგილები (როგორც სამხრეთ კორეაში), არგენტინის მთავრობამ ცენტრალური ბანკის განაკვეთი 60 პროცენტამდე გაზარდა, რითაც მეწარმეებს დაფინანსების წყარო გადაუკეტა. ამასთანავე, ფონდის რჩევით, შეიკვეცა სოციალური ხარჯები, რის გამოც 15-ჯერ გაძვირდა კომუნალური ხარჯები. ყველაფერი სოციალური კატასტროფით დასრულდა. მკვეთრად გაუარესდა დემოგრაფიული სიტუაცია: შობადობა შემცირდა, მიგრაციამ ზვავისებურად იმატა. მეტიც, მედიცინის ბიუჯეტური მხარდაჭერის შემცირებამ ქვეყანაში გამოიწვია წითელას აფეთქება, რომლის მსგავსი გასულ საუკუნეში არ ახსოვთ.

“წითელას დაავადების გავრცელება ნიშნავს, რომ მთავრობა მორალურად დაეცა და მოსახლეობის ვაქცინაციაზე უარი განაცხადა. ეს ყველაფერი საერთაშორისო სავალუტო ფონდის გეგმის ნებისმიერ ფასად შესრულების შედეგია. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია”, _ დაწერა თავის “ტვიტერში” პრეზიდენტმა ფერნანდესმა.

სტანდარტული სცენარი

ეკონომისტები ამაოდ არ ადარებენ მაურისიო მაკრის პეტრე პოროშენკოს. უკრაინის ექსპრეზიდენტმაც იმავე გზით იარა. ცეცხლზე ნავთი დაასხა კიევის ზოგიერთმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ეკონომიკურმა გადაწყვეტილებამ: უკრაინამ რუსული ბუნებრივი აირის პირდაპირ შესყიდვაზე უარი თქვა და იმავე საწვავს, რამდენჯერმე გაძვირებულს, ევროპელი ტრეიდერებისგან ყიდულობდა. ამასთან, მთავრობა იძულებული იყო, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით გაეძვირებინა ბუნებრივი აირის ფასი მოსახლეობისთვის.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიუთითა: ბუნებრივი აირის ფასი მოსახლეობისთვის საბაზრო უნდა იყოს. მაშინ უზრუნველყავით ხელფასები, საცხოვრებელი მინიმუმი, სამუშაო ადგილები ისე, რომ ეს ყველაფერი უპასუხებდეს საბაზრო მოთხოვნილებებს. ან ყური უნდა ვუგდოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ან უნდა ვიფიქროთ ჩვენს ხალხზე და მათი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. ხელისუფლება კი ჯერჯერობით ფიქრობს და ასრულებს იმას, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკარნახებს”, _ აღშფოთებულია უკრაინის სახალხო დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი.

ამგვარი ღონისძიებების ეფექტი ასე დამანგრეველი არ იქნებოდა, პოროშენკოს იმთავითვე რომ ეზრუნა მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებასა და მოსახლეობის შემოსავლის გაზრდაზეც, მაგრამ მან მხოლოდ გააძვირა საფასური კომუნალურ მომსახურებაზე, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაეცა, ქვეყანა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა.

კიევში ესმით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა სავალალო იქნება, მაგრამ გაყრას ვერ ახერხებენ. ნოემბრის ბოლოს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ოქსანა მარკაროვამ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ფონდთან თანამშრომლობას 2023 წელს შეწყვეტს, რათა “აღარ ველოდოთ, როდის მივიღებთ ახალ ტრანშს და საკუთარ თავს ჩვენვე უზრუნველყოფთ”.

კიევი საამისოდ გეგმავს, წლის ბოლომდე მოელაპარაკოს ფონდს დაკრედიტების ახალ სამწლიან პროგრამაზე. კრედიტორის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა კი მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის გაუქმებაა, უწინარესად, _ უცხოელი ინვესტორებისთვის.

თავის დროზე არგენტინამაც განახორციელა ანალოგიური “მიწის რეფორმა”. შედეგად უცხოელებმა შეისყიდეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 75 პროცენტი და თითქმის ყველა ადგილობრივი გლეხი უმიწოდ დარჩა.

კიევში ეჭვი არ ეპარებათ, რომ 2019-2020 წლებში ვალს ვერ გადაიხდიან, თუ ბიუჯეტიდან ამოვარდება რუსული გაზის ტრანზიტის შემოსავალი. ამიტომაა, რომ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი ალექსეი ორჟელი დეკემბრის დასაწყისში მოითხოვდა “ნავტოგაზის” ხელმძღვანელობის შეცვლას.

უწინარეს ყოვლისა, ეს შეეხება გაზის მონოპოლისტის ხელმძღვანელ ანდრეი კობოლევს, რომელმაც ჩაშალა სამმხრივი მოლაპარაკება ტრანზიტის საკითხზე.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან: საერთაშორისო სავალუტო ფონდი იოლად ვერ შეელევა “ნავტოგაზის” ხელმძღვანელის მოხსნას, რადგან ეს არ ჯდება ფონდის გეგმაში, რომლის მიზანია, საბოლოოდ გააღატაკოს ქვეყანა და ნაწილ-ნაწილ იაფად მიჰყიდოს დასავლელ ინვესტორებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here