Home რუბრიკები პოლიტიკა სად და რატომ შეიძლება, ერთ წელიწადში გახდე მილიონერი

სად და რატომ შეიძლება, ერთ წელიწადში გახდე მილიონერი

3522
გიგი უგულავა

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: საქართველოში მინისტრისა თუ პარლამენტარის თანამდებობები ავტომატურად არის გაიგივებული მილიონების შოვნასთან. წესითა და რიგით, ასე არ უნდა იყოს, ჩვენთან არსებული მაღალი ხელფასების პირობებშიც კი, მინისტრმა მილიონიანი ქონება მაშინ უნდა დააგროვოს, თუ თანამდებობაზე 20 წლის განმავლობაში იქნება და თანაც აღებულ ხელფასს არ დახარჯავს. არადა, რამდენჯერ მოგვისმენია, მოსულა პირი თანამდებობაზე, უმუშავია ნახევარი წელი, შემდეგ წასულა და უთქვამს, _ ბიზნესში ვბრუნდებიო. მანამდე ბიზნესი არ ჰქონია და მერე გამოვლენია ბიზნესმენის ნიჭი მასაც, მისი ოჯახის წევრებსაც, ნათესავებსაც და ასე გამხდარა ერთ წელიწადში მილიონერი

ჰო, მხოლოდ საქართველოში შეიძლება, ადამიანები ერთ წელიწადში გახდნენ მილიონერები და ამას თანამდებობაზე ყოფნისას ასწრებენ. აგერ, გასულ კვირას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე 200 ათასი ლარი ქრთამის აღების გამო დააკავეს და, თანამდებობის მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ადვილი მისახვედრია, რა ღირს საქმის კეთება გუბერნატორთან, დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მინისტრთან… ახლა არ დაიწყოთ, არ კეთდებაო. თუ არ კეთდება, როგორ ხდებიან მინისტრები მილიონერები, როგორ?!

ალექსანდრე ჭიკაიძე
ალექსანდრე ჭიკაიძე

გასულ კვირას ხმაური ატყდა ალექსანდრე ჭიკაიძეზეც. ეს კაცი თანამდებობაზე ძალიან ცოტა ხანს იყო, საბანკო ანგარიშზე დანაზოგი არ ერიცხებოდა, მაგრამ უცებ რამდენიმემილიონიანი ქონება “გააიმასქნა” და არავინ ეკითხება, საიდან. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება ჭიკაიძის ამბავს არ მოიკითხავს, არც საქმეს აღძრავს, უბრალოდ, ერთ ყურში შეუშვებს და მეორეში გაატარებს. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ ჭიკაიძეს თუ დასჯის, უნდა დასაჯოს სხვაც და ეს ისეთი გრძელი ჯაჭვი იქნება, მისი ბოლო დამსჯელებამდეც მივა და საკუთარ თავს კი არავინ გაიმეტებს. ჭიკაიძეს თავი დავანებოთ და გიორგი ქობულია ავიღოთ, კაცი, რომელსაც საკუთარი ბიზნესი და მილიონები მართლა ჰქონდა, შემდეგ ეს ყველაფერი დატოვა და საქართველოში ეკონომიკის მინისტრად წამოვიდა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ შანსი გაუჩნდა, უფრო მეტი ეშოვა, მაგრამ აქაურობას ვერ მოერგო, რაღაცები არ გაითვალისწინა და, როგორც არსაიდან მოიყვანეს, ისე არსაით გაუშვეს _ არავინ იცის, სად არის ახლა ყოფილი მინისტრი, რას აკეთებს. სამაგიეროდ, ის ვიცით, რომ იმ მილიონებს, რომლებიც ჰქონდა, არავინ წაართმევდა და, აქ რომ მილიონების შოვნა არ დასცალდა, სხვა საკითხია.

ამის პარალელურად, რამდენი ხანია, გვესმის, რომ ტენდერებს იგებენ მინისტრების ნათესავები _ სიმამრი, ცოლისძმა, ცოლისდა… ხელისუფალნი კი თავს იმართლებენ: ეს ტენდერები ელექტრონულია, ჩაწყობა გამორიცხულია, მიიღეთ მონაწილეობა და თქვენც მოიგეთო. რეალურად კი, იცით, როგორ ხდება? ტენდერში გამარჯვებული, საბოლოო ჯამში, მესამე – მეოთხე ადგილზე გასული კომპანიები ხდებიან… ვინც მართლა გაიმარჯვა, იმას იბარებენ, უხსნიან, რომ უარი უნდა თქვას, შემდეგ მეორეს ათქმევინებენ უარს, მესამეს და ასე, სანამ იმ კომპანიამდე არ მივლენ, რომლის უკანაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი დგანან. ახლა არ თქვათ, ეს სქემა არ ვიცითო, გადახედეთ ტენდერებს და ნახავთ, რომ, სულ ცოტა, 80%-ში გამარჯვებული პირველ ადგილზე გასული კი არა, მეორემესამე ადგილზე გასული კომპანია ხდება. ხომ საინტერესოა? ადამიანს ტენდერში გამარჯვება სურს, მონაწილეობს და შემდეგ მოგებულ ტენდერზე საკუთარი ნებით ამბობს უარს. ამას გამოძიებაც არ უნდა, მაგრამ შიშით ხმას ვერავინ იღებს. ცალკე თემაა, რამდენიმემილიონიანი ტენდერების მფლობელები შემდეგ მმართველ გუნდს ფულს რომ სწირავენ და ნებაყოფლობით ეხმარებიან.

დავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი

ისე ნუ იფიქრებთ, თითქოს მხოლოდ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ვწერთ ამ ყველაფერს. წინა ხელისუფლების პირობებში უფრო დიდი განუკითხაობა იყო. ხელისუფლებაში ცალცალი კალოშით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მოსული დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, გივი თარგამაძე და სხვები ოფიციალური მილიონერები გახდნენ. კეზერაშვილი საფრანგეთში ცხოვრობს, იქ საკუთარი ვილა, პირადი დაცვა და ბიზნესი აქვს. მისი ქონება ას მილიონს აჭარბებს და, თუ ვინმე იტყვის, რომ მან ასი მილიონი ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდში პატიოსანი შრომით იშოვა, გავატარებთ. ამ ხელისუფლების უნიათობა კი ის არის, რომ კეზერაშვილის დადასტურებულ მილიონებს ვერაფერი მოუხერხა, მას ბრალი ვერ წაუყენა და… ჩნდება ეჭვი, რომ ბრალი არ წაუყენეს, რადგან კეზერაშვილის გაჭრილ “კანალზე” ახლა სხვა ზის და სხვის ჯიბეში მიედინება მილიონები, მერე სხვა მოვა და ასე დაუსრულებლად. 2003 წლიდან დღემდე რომ ვიანგარიშოთ, რამდენმა ადამიანმა იშოვა მილიონი ასე გაურკვეველ ვითარებაში, საქართველოს ბიუჯეტის ორმაგ ოდენობას მივიღებთ და, ეს ფული ქვეყანას რომ მოხმარებოდა, არც საგარეო ვალი გვექნებოდა და ეკონომიკაც არ იქნებოდა წელში გაწყვეტილი. მაგრამ არა, ბიუჯეტის ფული ხომ ცალკე მიდის მაღალჩინოსნების ჯიბეში და ის გრანტები, რომელსაც უცხოელები გვირიცხავენ, ცალკე მიედინება მათ ანგარიშებზე. აგვისტოს ომი ხელისუფლებას სწორედ იმიტომ აძლევდა ხელს, რომ ამ ომის შემდეგ სამი მილიარდი დოლარი, უბრალოდ, გაქრა, ის თანხა, რომელიც, წესით, საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. და ვინ აგო პასუხი? _ არავინ და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არც არავინ აგებს. იმიტომ კი არა, რომ დამნაშავეები არ იციან, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავსა და ტყავს უფრთხილდებიან და მომავალ ხელისუფალთ პირდაპირ მიანიშნებენ: ჩვენ ჩუმად ვართ და თქვენც ჩუმად იყავითო.

ჰო, ხელისუფალნი წურბელებივით აზიან ქვეყნის ბიუჯეტს, ხალხის ფულს კი არ იპარავენ, თქვლეფენ დიდი კოვზით და დარწმუნებულნი არიან, პასუხს არავინ მოსთხოვს. ქრთამის აღების გამო დააკავეს ზუგდიდის მერი, ციხეც მიუსაჯეს, მაგრამ მერე რა? ეს ციხეში გაშვებული კაცი ერთი თვის წინათ რესტორანში გამოგვეჭიმა, _ კარგი ქცევისთვის უქმეებზე შინ ვუშვებთო. როგორ დავიჯერო, რომ მხოლოდ ზუგდიდის ყოფილი მერი იქცევა კარგად და სხვა პატიმრებს არ ეკუთვნით შინ გაშვება?! მაგრამ არა, მან იმაზე მეტი იცის, ვიდრე სასამართლოზე თქვა და ამიტომ, პირი რომ არ დააღოს, რესტორნის საკვებით უვსებენ. სერიოზული ეჭვი გვაქვს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირველ პირებსაც ასე მოექცევიან და რეალურ სასჯელს არავინ მიიღებს. შორს წასვლა რად გვინდა, აგერ, გიგი უგულავას 48 მილიონის მოპარვას ედავებიან და პირველ ჯერზე სამი წელი მოახდევინეს, მეორე ჯერზეც იმდენივე დაუმატეს და… კი გამოუვა წელიწადი რვა მილიონი. ეს _ რაც იპოვეს და, რაც ვერ იპოვეს, კიდევ ცალკეა…

ერთი არანაკლებ საინტერესო ჩანაწერი ჩნდება ხოლმე პარლამენტარებისა თუ მინისტრების დეკლარაციებში: საკმარისია, ისინი თანამდებობებზე დაინიშნონ და სხვა ადამიანებს მაშინვე უჩნდებათ სურვილი, რამე აჩუქონ. ეს რამე კი ხშირად არის მიწის ნაკვეთი, ფერწერული ტილო ან საცხოვრებელი სახლი _ სანამ თანამდებობაზე არ დაინიშნებიან, არავინ არაფერს ჩუქნის, შემდეგ კი რიგი დგება მჩუქებელთა. ვინმე კითხულობს, ამ ადამიანებს რის სანაცვლოდ ჩუქნიან აურაცხელ ქონებას?

ხომ არ არის ეს საჩუქარი არაპირდაპირი ქრთამი, მფარველობის სანაცვლოდ მიღებული?

ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ დანარჩენი მოსახლეობა, უბრალოდ, შიმშილის ზღვარზეა. წინა ხელისუფლებამ დაიწყო და ამჟამინდელმა წარმატებით გააგრძელა ის, რომ საქართველოში საშუალო ფენა პრაქტიკულად აღარ არსებობს; არიან ან ძალიან მდიდრები, ან ღარიბღატაკები. საშუალო ფენა კი, რომელზეც დგას ნებისმიერი სახელმწიფო, ნელნელა ქრება. ეს იმის ბრალია, რომ საშუალო ფენა ვეღარ ახერხებს თითოოროლა თეთრის გადადებას, რათა სამომავლოდ რაიმე შექმნას ან თუნდაც ოჯახთან ერთად სადმე დაისვენოს და ეს დანაზოგი დახარჯოს. ფული მთლიანად ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად მიდის და საკმარისია, ამ ყოველდღიური რეჟიმიდან ერთხელ მაინც ამოვარდე, მაშინვე ღატაკთა ფენას უერთდები, რადგან საბჭოთა კავშირის პერიოდში დაგროვებული დოვლათი მოსახლეობამ 90-იანი წლების გაჭირვებისას გაყიდა. შედეგად, გასაყიდიც არაფერი დარჩა და, ვისაც რამე დარჩა, ბანკებმა შეუჭამა.

ჰოდა, სანამ საქართველოში კანონი ერთი არ იქნება ჩინიანისთვის თუ უჩინოსთვის, მანამდე ასე ვიქნებით _ ერთეულები მილიონებს რამდენიმე თვეში იშოვიან და, დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილნი, თამამადაც დახარჯავენ. საქართველოში ამ მიმართულებით მხოლოდ ერთი კანონი მოქმედებს _ ის, რომ კანონი არ არსებობს.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ვინაა ჩვენი პატრონი, პარლამენტარები არჩევნების წინ გვიხსენებენ, მერე ჩვენთან შესახვედრად ვერ იცლიან—სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი-

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here