Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი _ დასავლეთის პროვოკაციის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ

სააკაშვილი _ დასავლეთის პროვოკაციის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ

502

რა გასაკვირია, რომ მორიგი არჩევნების მოახლოებასთან ერთად კვლავ გააქტიურდა მიხეილ სააკაშვილი და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. ერთი შეხედვით, ეს მორიგი ტყუილია და თითქმის აღარავინჭამს”, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. დაგვეთანხმებით, რომ სააკაშვილის ბოლო განცხადება წინა განცხადებებისგან განსხვავებულია. ის უფრო თავდაჯერებულია და, რაც მთავარია, მისი თანაგუნდელები, რომლებიც წინა განცხადებებისას დუმილს ამჯობინებდნენ, ახლა ჯიუტად იმეორებენ, რომ სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა. მმართველი გუნდის ლიდერები აღნიშნულ განცხადებებს თითქოს იუმორით ეკიდებიან, მაგრამ მათ ყველაზე კარგად იციან, რომ საქართველოში მიშას ჩამოსვლის შემთხვევაში სერიოზული ხმაური არ აგვცდება.

საქმე ის არის, რომ დასავლეთი სააკაშვილს არც პატიმრად აღიარებს და არც დამნაშავედ. მას ფართოდ უღებენ კარს ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, მასთან სტუმრად დადიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები და ამიტომ მის დაპატიმრებას აუცილებლად გააპროტესტებენ ევროპარლამენტარები და ამერიკელი სენატორები თუ კონგრესმენები. არადა, ქართულ სასამართლოს სააკაშვილისთვის რამდენიმე საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი და პატიმრობაც მისჯილი, მაგრამ, დასავლეთი ქართულ სამართალსა და კანონებს რომ არ აღიარებს, ბოლოს ნიკა მელიას მაგალითზე გამოჩნდა.

სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება გამორიცხულია რუსეთის მხრიდან, ანუ ის შეიძლება ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შემოვიდეს ჩვენთან, ოღონდ არა რუსეთიდან, რადგან რუსეთში ჩასვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ და საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცემენ. რა გამოდის? მტრად გამოცხადებული ქვეყანა კანონიერი განაჩენით ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ითვალისწინებს, სხვა ქვეყნები კი, საეჭვოა, ასე მოიქცნენ. არადა, რუსეთი თურმე მტერია, სხვა მეზობლები კი _ სტრატეგიული პარტნიორები. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინათ საქართველოში ვიზიტად მყოფი ნიკოლ ფაშინიანისგანაც ვერ მიიღეს გარანტიები, რომ, თუ სააკაშვილი სომხეთში ჩაფრინდება და იქიდან შეეცდება შემოსვლას, სომეხი სამართალდამცველები დააპატიმრებენ და ჩვენს ქვეყანას გადმოსცემენ. პარალელურად, საქართველოში დაფუძნდა მოძრაობა, რომელმაც სააკაშვილი მართლმსაჯულებისკლანჭებისგანუნდა იხსნას და ძალოვნებს უფლება არ მისცეს, სისხლის სამართლის დამნაშავე დააპატიმრონ.

ის, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ახლა ყველაზე მეტად დასავლეთს აძლევს ხელს, ცხადია. ექსპრეზიდენტს საქართველოში, დიდი ალბათობით, ევროპარლამენტარები ჩამოჰყვებიან _ ანდრიუს კუბილიუსი და ვიოლა ფონ კრამონი. ისინი იქნებიან ერთგვარი ფარი, რათა სამართალდამცველებმა სააკაშვილის დაკავება ვერ მოახერხონ. მერე რა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს კონტიტუციასაც ეწინააღმდეგება და ქართული მართლმსაჯულების ფეხქვეშ გათელვას ნიშნავს. ისინი არასდროს ცნობდნენ აქაურ კანონებს და მოქმედებდნენ ისე, როგორც თვითონ მიაჩნდათ სწორად. ეს არის შედეგი იმისა, რომ კონსტიტუცია თუ არაერთი კანონი სწორედ იმ თარგზე მოვჭერით, რომელიც დასავლეთმა მოგვაჩეჩა, და ამის მწარე შედეგებს ვიმკით. ახლა პარლამენტარები ცდილობენ, ადრე მიღებული კანონები გადააკეთონ, ქართულ რეალობას მოარგონ, გააკეთილშობილონ და დასავლური კრიტიკაც არ აყოვნებს. ამ ყველაფერს გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა ხელისუფლება და დასავლური მარწუხებიდან გათავისუფლებას ცდილობს.

შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლამ და არაოფიციალურად დადასტურებულმა პირობამ, 43%-იან ბარიერს თუ ვერ გადავლახავთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დავნიშნავთო, დასავლეთი ვერ დაამშვიდა. დასავლეთს ხელისუფლების დასჯა სურს და საამისოდ სააკაშვილის ჩამოსვლა ყველაზე კარგი ვარიანტია. ეს არის პროვოკაცია, რომელსაც აუცილებლად ექნება ისეთი შედეგი, როგორიც დასავლეთს სურს _ ვითარების არევა, აქციები და, თუ შემთხვევით ვინმე გაისვრის, ხომ საერთოდ იდეალური იქნება. ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები მიხვდნენ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ოპოზიციას ხალხი არ აჰყვა, აღარავის არ უნდა მათი უკან დაბრუნება, ამიტომ უნდა მოხდეს რაღაც ისეთი, რაც სიტუაციას ხალხის გარეშე შეცვლის და ეს რაღაც სწორედ კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი პროვოკაციაა.

არის კი შესაძლებელი, რომ სომხეთის, აზერბაიჯანის ან თურქეთის ხელისუფლებამ მათ ქვეყანაში ჩასული სააკაშვილი დააპატიმროს და საქართველოს გადმოსცეს? ამ გადმოსახედიდან, ეს გამორიცხულია, მით უმეტეს, თუ მიშას გვერდით ევროპარლამენტარები ეყოლება. საზღვართან მისი მოახლოება კი ავტომატურად გამოიწვევს ხალხის არცთუ მცირე მასის დაძვრას სწორედ იქითკენ, სადაც სააკაშვილი იქნება. ოპოზიცია უამრავ ფულს დახარჯავს ხალხის მობილიზებისთვის და შექმნის ფონს, რომ მიშას დაბრუნება მთელ ერს სურს. ოპოზიციური ტელევიზიები ამ ყველაფერს ისე შეფუთავენ, წუნს ვერავინ დაუდებს და ნეიტრალური დიპლომატებიც კი (თუ ასეთები არსებობენ) სააკაშვილის მხარეს გადავლენ.

და რას აკეთებს ხელისუფლება? ისეთს არაფერს, რამაც შეიძლება ეს სკანდალი თავიდან აგვაცილოს. ხელისუფლება იმის იმედად არის, რომ სააკაშვილი “კურდღელია” და ვერ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ, თუ მას “საერთაშორისო პარტნიორები” დაარწმუნებენ, რომ ხელშეუხებელი იქნება და არ დააკავებენ, ჩამოვა და იმავეს გააკეთებს, რაც თავის დროზე უკრაინაში ქნა. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი საკუთარი ნებითაც გავა მიშას მხარდასაჭერად, დანარჩენებს ფულით გარეკავენ (ზოგადად, ვინც ფულით გამოჰყავთ გარეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების თუ ოპოზიციის მხარდასაჭერად, სწორედ ეს სიტყვა უხდება _ გარეკავენ) და შეიქმნება ისეთი ფონი, რომ მიშა ტანჯული და დევნილი პოლიტიკოსია. აკი თქვა კიდეც: მე რეგიონული ლიდერი ვარ, ცოტა უფრო მასშტაბურად შემომხედეთო. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ, თითქოს კეთილმეზობლური ურთიერთობების მიუხედავად, თითქოს სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ რუსეთის გარდა, რომელიმე მეზობელი სახელმწიფო ქართულ სასამართლოს პატივს სცემს და მისჯილ სააკაშვილს თავის ტერიტორიაზე არ შეუშვებს. თურქეთში სააკაშვილი ნამყოფიც არის და არ დაუკავებიათ, ანუ თურქეთი გამოირიცხა. დარჩა სომხეთი და აზერბაიჯანი. ორივე შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უფრო ხელს შეუწყობენ მიშას გადაადგილებას, ვიდრე შეუშლიან, რადგან დასუსტებული მეზობელი მათ სიძლიერეს ნიშნავს და, თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ სუსტი საქართველოს ნახვა რეგიონში არავის სურს, ძალიან ცდება.

ხელისუფლების ერთ-ერთ საინტერესო ნაბიჯად მეგის ქარდავას საქმის გაცოცხლება შეგვიძლია მივიჩნიოთ. უკრაინაში დაკავებული ქარდავა მშვიდად იყო, მაგრამ მოულოდნელად საქართველომ მისი ექსტრადიცია მოითხოვა და ეს პირდაპირი მინიშნება იყო იმაზე, რომ თავზე ხელის გადასმას არც სააკაშვილი უნდა ელოდოს. მოხდა ერთი საინტერესო რამ _ კიევში გარდაცვლილი იპოვეს მოსამართლე, რომელმაც ქარდავას ექსტრადიციის საქმე განიხილა და საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა. უკრაინული მედიის ცნობით, მოსამართლე ვიტალი პისანეცის ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს, სადაც ის გარდაცვალების დღეს სტუმრობდა. ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. უკრაინული პრესა არ გამორიცხავს, რომ ფაქტი მოსამართლის საქმიანობას უკავშირდებოდეს. არ ვართ შეთქმულების თეორიის მომხრე, მაგრამ მოსამართლის გარდაცვალება საეჭვოდ ემთხვევარაღაცებს”.

ნაციონალების ნამდვილი სახე ბევრს დაავიწყდა. ეგ კი არა და, აგერ, ინგა გრიგოლიამ ურცხვად (არანაირი კოლეგიალობა ასეთ დროს) განაცხადა, რომ 5 ივლისს მომხდარს ვერც კი შეადარებს სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს განხორციელებულ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას. ინგა გრიგოლიას აზრით, 5 ივლისს უფრო დიდი უბედურება მოხდა და მერე რა, რომ ამ დღეს არც სადარბაზოებში დასდევდნენ ადამიანებს, არც უმოწყალოდ ჩეხავდნენ, არც მაღაზიებში და აფთიაქებში უვარდებოდნენ, არც ზონდერები ყოფილან საქმეშისააკაშვილის განცხადებით გათამამებულმა არაერთმა ნაციონალმა უკვე დაიწყო ბოღმის ნთხევა და მუქარა. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ანგარიშსწორებაზე გადავლენ და ციხეში ამოალპობენ ყველა მოწინააღმდეგეს. სააკაშვილის დროინდელი ციხე რაც იყო, კარგად გემახსოვრებათ და უკეთესი არც შემდგომში იქნება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გამორიცხავენ წამების კადრების მოპოვებას და სისტემას მთლიანად დახურავენ. სახალხო დამცველი კი…. ადრეც ნაციონალების მომხრე იყო და ახლაც ასეა.

ვერ გეტყვით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და გაბედავს თუ არა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ ევროპარლამენტარები კი არა, სააკაშვილს ერთ მხარეს ბაიდენი რომ დაუდგეს, მეორე მხარეს _ შარლ მიშელი, ხელისუფლებამ კანონი უნდა აღასრულოს. სხვა შემთხვევაში არც სახელმწიფო გვექნება, არც ქვეყანა და მხოლოდ ფორმალურად ვიარსებებთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here