Home ახალი ამბები საქართველო “რუსული საფრთხეების ისტერიის თავსმოხვევა დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში შედის”

“რუსული საფრთხეების ისტერიის თავსმოხვევა დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში შედის”

1220
უფლებადამცველი: დიმიტრი ლორთქიფანიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დღესდღეობით რუსული პროპაგანდა არა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოში ცდილობს ადგილის დამკვიდრებას, თუმცა საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდება აღნიშნულ გამოწვევებს.


„მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში მას სერიოზული გავლენა აქვს, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდება ამ გამოწვევებს რუსული, ანტიდასავლური პროპაგანდის, რაც მკაფიოდ აისახა აპრილის გამოკვლევებში, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 90% უჭერს მხარს, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას 83%”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, ქართველი საზოგადოებაც ასევე მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც პროპაგანდის თუ დეზინფორმაციის სახით არსებობს.
კონკრეტულად რას გულისხმობდა საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ პროპაგანდაში, სად ან რაში ჩანს იგი საქართველოში და რა საფრთხეებს უქმნის აღნიშნული პროპაგანდა სახელმწიფოს, „საქართველო და მსოფლიო” კომენტარისთვის უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ვფიქრობ, რუსული საფრთხეების ისტერიის თავსმოხვევა დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში შედის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში, სადაც არსებობს გარკვეული მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდ და გავლენიან ყოფილ სუბიექტთან, რუსეთთან, კეთილმეზობლური ურთიერთობებია საჭირო.

რა თქმა უნდა დასავლეთისთვის ეს სერიოზული საფრთხეა და დღეს როგორც ამერიკა, ისე ევროპა, ყველანაირად ცდილობს ამ პროცესების ხელშეშლას. ზოგადად მთავარი დასავლური სლოგანი არის ასეთი: აღმოსავლეთი დასავლეთისთვის და რუსეთის ფედერაცია მათთვის განიხილება, როგორც ულევი ბუნებრივი რესურსების მარაგი. ანუ, რეალურად რომ ვთქვათ, დღის წესრგშია ნეოტროცკიზმი და რა პროგრამაც მუშავდებოდა თავის დროზე ტროცკის მეთაურობით საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მოგეხსენებათ, ამ პროგრამის თანახმად, ფაქტობრივად თეთრი მონობის არეალი უნდა გამხდარიყო რუსეთის ფედერაცია, დღესაც ზუსტად ანალოგიური გათვლები კეთდება. მთლიანობაში დასავლური ანტირუსული პროპაგანდა და ნატოს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის გარშემო რკალის შევიწროება და ყოფილი საბჭოთა რესპუბლკების ტერიტორიის საომარ პოლიგონად გადაქცევის მცდელობა. ასე რომ, დღეს საქართველო რეალურად არის ისეთი ტიპის საფრთხის წინაშე, როდესაც რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესთა ღია კონფლიქტი შეიძლება სწორედ აქ მოხდეს. სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ ისლამური სახელმწიფო მოიწევს კავკასიის რეგიონისკენ. ცხადია, ეს არ არის ჩვეულებრივი რაღაც შიდა პოიტიკური მოხმარებისთვის გაკეთებული განცხადება და ამას სერიოზული დაფიქრება სჭირდება, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება, ნაცვლად ვითარების განმუხტვის მცდელობისა, დასავლეთის საამებლად აგრძელებს საკმაოდ მკაფიო და გამომწვევ პროვოკაციულ რიტორიკას კრემლის მისამართით…
– დავუბრუნდეთ მიხეილ ჯანელიძის განცხადებას რუსული პროპაგანდის არსებობასთან დაკავშირებით საქართველოში. თქვენი აზრით, მსგავსი განცხადებები გარე ძალებისგანაა თავსმოხვეული?
– აბსოლუტურად ეს გარედანაა თავსმოხვეული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსგავსი განცხადებები პროვოკაციულია თავისი შინაარსით, ვინაიდან რუსეთს გააჩნია კავკასიაში საკუთარი ინტერესები და ის არ მოერიდება ამ რეგიონში თუნდაც სამოარი მოქმედებების განხორციელებას, თუ რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლება არ უნდა გახდეს ბრმა იარაღი გარკვეული გარე ძალების ხელში; და როდესაც მეზობელი სახელმწიფოს პირველი პირი ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ-ზეგ აქ შეიძლება, ტერორისტული აქტების სერია ვიხილოთ.
– როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეს საფრთხეები მაქსიმალურად ავიცილოთ?
– ვფიქრობ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად უუნაროა არსებული გამოწვევების წინაშე და დღეს ჩვენ რეალურად კრიზისიდან შევდივართ უფრო ღრმა კრიზისში. ეს ამ ხელმძღვანელობის პირობებში შეუქცევადი პროცესია და სანამ ესენი იქნებიან, რამე ფუნდამენტურ ცვლილებას არ უნდა ველოდეთ. თუმცა მე მესმის, რომ ბატონი ივანიშვილი, თავისი 7 მილიარდით, მძევალია დასავლური ძალების, მაგრამ ამ 7 მილიარდს ხომ არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა?! ჩემი აზრით, რაც მალე დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გავთავისუფლდებით არსებული მახინჯი პოლიტიკური სისტემისგან, მით უფრო სწრაფად ასრულდება რეალური ქართული ოცნება, რომ დავადგეთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის გზას და ქვეყანა განვითარდეს, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და სხვა თვალსაზრისით…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here