Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთმა სათქმელი თქვა, ახლა კი მოქმედებას იწყებს…

რუსეთმა სათქმელი თქვა, ახლა კი მოქმედებას იწყებს…

განგრენა აშშ-ის სხეულზე ვინ გაბედავს საქართველოს სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერას?!

1197

ომს გამარჯვებით ვერ მოიგებ!”

ჰემინგუეი

გადაიარეს შობისა და ახალი წლის დღეებმა. დაცხრა სადღესასწაულო აღტყინება და ეიფორია, თბილისს ჩამოხსნეს ბრჭყვიალა ნათურების საბურველი, დაშალეს ნაძვის ხეები და კვლავ მრუმე ნაცრისფერში ჩაიძირა ყოველი. _ ქართული ეკონომიკა ორნიშნა რიცხვით იზრდება, _ ამტკიცებს ხელისუფლება. – საქართველოში მხოლოდ ვალები და ფასები იზრდება, – პასუხობს ხალხი. უკვე დიდი ხანია, მათ აღარ ესმით ერთმანეთის. მსოფლიოშიც ანალოგიური პროცესი მიდის _ ერთმანეთის აღარავის ესმის.

გონიერება უგუნურებამ ჩაანაცვლა, სიმართლე – სიცრუემ, სიყვარული – სიძულვილმა, დიპლომატია – მუხანათობამ და ძალმომრეობამ. მძვინვარებს პანდემია. მეცნიერები ვირუსის სახეცვლილი შტამებისთვის სახელების შერჩევას ვერ აუდიან – ალფა,… დელტა,… ომიკრონი.… პანდემიასთან ერთად მძვინვარებს უგუნურება.

– არ აიცრა!

– არ აიცრა!

გველებივით სისინებენ ვირუსივით მომრავლებული უტვინო და უსინდისო არსებები, ე.წ. ანტივაქსერები და, ნებსით თუ უნებლიეთ, მსოფლიოს იმ ყველაზე ბნელი და ბოროტი ძალების ნება-სურვილის მორჩილ შემსრულებლებად გვევლინებიან, რომლებიც მეცნიერთა შრომის შედეგად მოპოვებული თავდაცვის საშუალებათა გაუფასურებითა და, რაც შეიძლება, მეტი მსხვერპლის მიღებით არიან დაინტერესებულნი.

არ ისვენებს აშშის სახელით ცნობილი ჯოჯოხეთის იმპერიაც, რომელიც კაცობრიობას გლობალური ომის საფრთხის წინაშე აყენებს. მცირერიცხოვან ქართველ ხალხს მომეტებული გონიერება და სიფხიზლე მართებს, რათა ამ პლანეტარულ ორომტრიალში ალღომ არ უმტყუნოს და გადარჩენის გზაზე დადგომა არ გაუჭირდეს.

2021 წელს გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” ორმოცდახუთი სტატია გამოვაქვეყნე რუბრიკით “მე სიტყვასა ერთსა გკადრებ”, რომელშიც ქართველი ხალხის მიმართ მკვახე გამონათქვამებსაც არ მოვრიდებივარ. წერილების ციკლს, რომელთა შემოთავაზებას 2022 წელს ვაპირებ, ქართველი ხალხის მიმართ თხოვნისა და მუდარის ის სულისკვეთება გაამთლიანებს, რომ ათასი ჯურის მედროვეთა და პოლიტიკურ ავანტიურისტთა მიერ მოწონებული გზა ისტორიულ გზად არ ჩათვალოს და მათ მიერ ხელში შემოჩეჩებული საწამლავი წამლად არ მიიღოს. ამ ბრძოლასა და საკუთარი ხალხის წინაშე აღვლენილ ვედრებაში თანამოაზრეები და მხარდამჭერები, რა თქმა უნდა, მყავს, მაგრამ მუდამჟამ რუსეთის ისტორიულად გადამრჩენელ მისიაზე მოლაპარაკე კაცი რუსოფობიით გაჟღენთილ ამ უგუნურ ეპოქაში თავს მაინც მარტო ვგრძნობ, იმდენად მარტო, რომ 2022 წელს დასაწერ წერილთა ციკლს გავაერთიანებ რუბრიკით, რომელიც ვაჟა-ფშაველას დიდებული პერსონაჟის (ჯოყოლას) პირიდან ასე ისმის: მარტოკამ უნდა ვიომო. იმედი მაქვს, ბოლომდე მარტო დარჩენის შემთხვევაშიც ჯოყოლას ბედის გაზიარება არ მომიწევს, ვინაიდან ქართველი ხალხი ჩასწვდება იმ სულისკვეთებას, რომელსაც ბოლო ოცდაათი წელიწადი შევალიე. ღმერთი ფარავდეს ბრძენ და გონიერ ქართველობას ამ ახალ 2022 წელს, რომელიც, იმედი მაქვს, დიდი ისტორიული და ეპოქალური წყალგამყოფი იქნება. თუ არადა, თავს ყველასგან მიტოვებული და მიუსაფარი გენიოსის სიტყვებით დავიმშვიდებ: “ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის……”

აშშ-ის წინაშე, რომელიც, ოცდაათი წელია, ნატოს სამხედრო ბაზებითა და ინფრასტრუქტურით გამალებით მიიწევს რუსეთის საზღვრებისკენ, მოსკოვმა ჯიქურ დააყენა საკითხი აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტის შესახებ. რუსეთის მიერ აშშ-ისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტში ჩაწერილია:

 * ნატო იღებს ვალდებულებას ალიანსის შემდგომი გაფართოების გამორიცხვაზე და უარს ამბობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრად მიღებაზე;

* ნატოს წევრი სახელმწიფოები უარს აცხადებენ ნებისმიერ საომარ მოქმედებაზე, როგორც უკრაინის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ტერიტორიებზე;

* ქვეყნები, რომლებიც ალიანსის წევრები იყვნენ 1997 წლის 27 მაისამდე, არ განათავსებენ ევროპის სხვა სახელმწიფოებში უფრო მეტ შეიარაღებასა და სამხედრო ძალებს, ვიდრე 1997 წლის 27 მაისის მონაცემებით იყო განთავსებული.

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, არც საბჭოთა კავშირსა და არც რუსეთს საკითხი ამერიკელთა წინაშე ასე მწვავედ არ დაუსვამთ. ასე რომ, რუსეთმა ამ ახალი შეთავაზებით დასავლეთთან ურთიერთობაში რევულუციური გარდატეხა შეიტანა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულების ეს პროექტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის განსახილველად გაგზავნის პარალელურად, 2021 წლის 17 დეკემბერს გამოაქვეყნა კიდეც, რათა მსოფლიოს სცოდნოდა, რა შეთავაზებასა და დოკუმენტზეა საუბარი. მას შემდეგ მთელი მსოფლიო ელოდა, რა გაგრძელება მოჰყვებოდა ყოველივე ამას. გაგრძელება ისეთი უცნაური აღმოჩნდა, რომ ყველა დაიბნა. 2022 წლის 10 იანვარს რუსეთსა და ნატოს შორის მოლაპარაკება დაინიშნა, მაგრამ იქამდე სრულიად მოულოდნელი კარტი გათამაშდა. 2 იანვარს (ახალი წლის დღესასწაულზე) ყაზახეთში თხევადი აირი თითქმის ორჯერ გაძვირდა, რომელსაც ხალხის მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა. თხევადი აირის კომპანიის ხელმძღვანელმა უკან არ დაიხია და განაცხადა, რომ ფასის მატება გამოწვეულია ობიექტური მიზეზებით, თანაც (მისივე სიტყვებია) “ბაზრის კანონები არავის გაუუქმებია”. ამას საპროტესტო ტალღის გაძლიერება მოჰყვა. მაშინ კი იკადრა ხელისუფლებამ და საწვავზე ახალი ტარიფი გააუქმა. აქ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: პროტესტმა კლების ნაცვლად იმატა. პრეზიდენტი ტოკაევი სხვა დათმობებზე წავიდა და მთავრობაც დაითხოვა, მაგრამ ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდა.

საპროტესტო ტალღა თითქმის მთელ ყაზახეთს მოედო, თანაც განსაკუთრებულად აგრესიული ხასიათი მიიღო, რაც იმაში დაეჭვების საფუძველს იძლეოდა, რომ ამ მოვლენას რაღაც სხვა სარჩული ჰქონდა. ორგანიზებულობით, დაფინანსებით, შეიარაღებითა და აგრესიულობით იგი ამერიკის სპეცსამსახურების მიერ მრავალგან და მრავალჯერ ნაცად .. ფერად რევოლუციას ჰგავდა. მალე საეჭვოც აღარაფერი დარჩა. სოციალური პროტესტი შირმა აღმოჩნდა, რომლის უკან ამერიკელთა ინტერესი იმალებოდა. პრეზიდენტმა ტოკაევმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენა ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, ხოლო უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ქარიმ მასიმოვი, რომელიც მთავრობასთან ერთად უკვე გადაყენებული იყო თანამდებობიდან, დააპატიმრა (ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში, სადაც ყაზახეთის მოვლენებზე ვსაუბრობდი, ეჭვი გამოვთქვი, რომ თხევად აირზე ფასის მომატება შესაძლებელია შემადგენელი ნაწილი იყო ამერიკული “ფერადი რევოლუციისა”, ანუ სახელმწიფო გადატრიალებისა, რომელიც ყაზახეთში იგეგმებოდა. ახლა კი, ამ სტატიაზე მუშაობის პროცესში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპატიმრებულნი არიან ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და კიდევ რამდენიმე პირი, რომლებსაც ბრალი საწვავის დაუსაბუთებლად გაძვირების გამო წაუყენეს. ამ ფაქტების გამომზეურების შემდეგ ძნელი არ არის დასკვნის გაკეთება, რომ პრეზიდენტ ტოკაევს ექსპრეზიდენტი ნაზარბაევი, რომელიც პოსტიდან გადადგომის შემდეგ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ინარჩუნებდა, მთლად უსაფუძვლოდ არ გაუთავისუფლებია. თუმცა, სჯობს, მოვლენებს არ გავუსწროთ და თანმიმდევრულად მივყვეთ). ყაზახეთის მთელ რიგ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვითარება, რა თქმა უნდა, უკიდურესად დაიძაბა. მეამბოხეთა საშინელი აგრესიულობა, რომელიც ადამიანებისთვის თავის მოკვეთაში, ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ და დაუნდობელ ნგრევაში, ბანკების, მუზეუმების, მაღაზიების მასობრივ, აღვირახსნილ ძარცვაში გამოიხატებოდა, არამხოლოდ სტაბილურობას, არამედ სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასაც აშკარა საფრთხეს უქმნიდა. ნათელია, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებული და მათთვის სრულიად არახელსაყრელი ხელშეკრულების პროექტის პასუხად ამერიკელებმა ყაზახეთში ეს სიბინძურე წამოიწყეს, რათა რუსეთზე შეტევა არამხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიმართულებიდან, არამედ ცენტრალური აზიის, კერძოდ, ყაზახეთის მიმართულებიდანაც განეხორციელებინათ. ყაზახეთთან რუსეთს თითქმის რვა ათას კილომეტრიანი საზღვარი აქვს. წარმოიდგინეთ, ყაზახეთის ხელში ჩაგდების შემდეგ ამ მასშტაბის სასაზღვრო სივრციდან ამერიკელები რუსეთის წინააღმდეგ რა მოცულობის დივერსიული საქმიანობის გაჩაღების საშუალებას იგდებდნენ ხელთ. ყაზახეთის დაუფლების შემდეგ, პრაქტიკულად, მთელ ცენტრალურ აზიას ააფეთქებდნენ და რუსეთის ალყაში მოქცევის მათთვის ასე სანეტარო მდგომარეობას ძალიან მიუახლოვდებოდნენ. ვერაფერს იტყვი, მართლაც კარგად მოფიქრებული ვერაგული გეგმა იყო, მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. არ წავიდა პროცესები ისე, როგორც ამერიკელებმა დაგეგმეს. ჯერ ერთი, პრეზიდენტი ტოკაევი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. მან სახელმწიფოს მტრებს (ე.წ. რევოლუციონერებს) არ გადააბარა ძალაუფლება ისე მარტივად (დაგეგმილად), როგორც ეს საქართველოში შევარდნაძემ (2003 წ.), უკრაინაში კი იანუკოვიჩმა (2014 წ.) ჩაიდინეს. ტოკაევმა ნაბიჯითაც არ დაიხია უკან. გარდა ამისა, მან თხოვნით მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), რომლის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, რომ დაეცვა ყაზახეთის უსაფრთხოება. აი, აქ მოხდა ის კოშმარი, რომლის წარმოდგენაც ამერიკელთა შესაძლებლობებს დიდად აღემატებოდა. ОДКБ- სპეციალური დანაყოფები მეორე დღესვე შევიდნენ ყაზახეთის ტერიტორიაზე და ყველა სტრატეგიულ ობიექტზე კონტროლი დაამყარეს. ორი დღის შემდეგ ყაზახეთში ვითარებას ხელისუფლება აკონტროლებდა. ამერიკულიფერადი რევოლუცია”, ანუ ბინძური სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ბელარუსის (2020 .) შემდეგ ყაზახეთშიც სამარცხვინოდ ჩაფლავდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბელარუსისა და ყაზახეთის მოვლენების შემდეგ აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებში ახალი ერა დაიწყო, სადაც რუსეთი თავჩაღუნული კი არ დგას კუთხეში, როგორც გორბაჩოველცინის პერიოდში იდგა, პირიქით, ინიციატივას თვითონ იღებს და ყველა გამოწვევას ღირსეულად და დამაჯერებლად პასუხობს. ყაზახეთში ყველაფერი ელვის სისწრაფით განხორციელდა. ერთი კვირაც კი არ დასჭირდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სპეციალური ნაწილების ყაზახეთის ტერიტორიაზე შეყვანას, ოპერაციის ჩატარებას და უკან გამოყვანას. მოხდა წარმოუდგენელი ორგანიზებულობისა და ოპერატიულობის დემონსტრირება, რომლის მსგავსზეც სტალინისა და ბერიას მიერ დაგეგმილი სამხედროსპეციალური ოპერაციების შემდეგ არავის სმენია. ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც ევროპაში განლაგებული ჯარების სარდალი იყო, ჯერ კიდევ 2016 წელს სინანულით აღნიშნავდა: “რუსეთს შეუძლია მისი ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის ძალიან დიდი რაოდენობის ძალიან დიდ მანძილზე ძალიან სწრაფად გადასროლა, რის საშუალებასაც ნატო მოკლებულია”. მას შემდეგ ექვსი წელიწადი გავიდა, რუსეთს ახლა გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე მაშინ ჰქონდა, როდესაც ამერიკელი გენერალი ამ სიტყვებს წარმოსთქვამდა.

აი, ამ ფონზე წარიმართა მოლაპარაკებები ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში, სადაც ამერიკელებმა თავიანთი უკვე წაშლილი სახის შენარჩუნება მხოლოდ იმით სცადეს, რომ ვითომ უკან აღარ დაიხიეს და რუსეთის ყველა შეთავაზებაზე სასტიკი უარი განაცხადეს, ანუ, როგორც ჩვენთან ასეთ შემთხვევებში ამბობენ, ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. ამერიკელთა ჯიუტობა რუსეთს ახლა, ალბათ, მხოლოდ ღიმილს მოჰგვრის, რადგან, თუ შეიძლება ასე ითქვას, მსოფლიოს წინაშე ОДКБ-ს პრეზენტაცია უკვე განხორციელებული ფაქტია. ამერიკელებს კი ОДКБ-ს წინაშე სრული უმწეობა და უსუსურობა გამოვლენილი აქვთ. ყაზახეთში “ფერადი რევოლუცია” იმიტომ ჩაუფლავდათ, რომ ამერიკელებმა სწორედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წინაშე გამოაცხადეს კაპიტულაცია. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. არ ვიცი, სამომავლოდ რა აქვთ დაგეგმილი რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ ამერიკელები ამ გეგმაზე გაუთავებლად გაჰყვირიან. ეს იმ ფართოდ გავრცელებულ ამბავს ჰგავს, რომლის მიხედვითაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ამერიკელი გენერალი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი) ჯეიმს ფორესტოლი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა, წარამარა იმეორებდა: “რუსები მოდიან, ყველგან რუსი ჯარისკაცები არიან!” რუსი ჯარისკაცების მოლანდებით გაწამებული ამერიკელი გენერალი ფსიქიატრიული დაწესებულების ფანჯრიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს 1949 წლის 22 მაისს მოხდა. მას შემდეგ სამოცდაცამეტი წელიწადი გავიდა, მაგრამ რუსი ჯარისკაცის წინაშე ცახცახი დასავლეთის ათასი ჯურის ფაშისტ-იმპერიალისტ დამპყრობლებს არ განელებიათ. ამერიკაში ბაიდენ-ბლინკენისა და უკრაინაში ზელენსკის სახელისუფლო ბანდა ისევეა შეპყრობილი პუტინის ჯარისკაცების შიშით, რომ გენერალი ფორესტოლივით მსოფლიოს გასაგონად აბოდებთ, _ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს! თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენიფერ ფსაკიმ განაცხადა: “რუსეთი ამზადებს საფუძვლებს, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე მონაკვეთში უკრაინაში შეჭრის საბაბი გამონახოს”. ნამდვილად არ ვიცი, რას გეგმავს პუტინი, მაგრამ არ გამიკვირდება, თუკი იგი უკრაინის პრობლემას ყოველგვარი შეჭრის გარეშეც მოაგვარებს. ამ საქმეს მაინცდამაინც სამხედრო ჩარევა თუ დასჭირდება, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელები (ევროპაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია) თითის გატოკებასაც ვერ გაბედავენ, ისევე, როგორც ბელარუსსა და ყაზახეთში ვერ გაბედეს. დღეს, მართალია, ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიტყუონ, მაგრამ, ეს თუ მოხდება, მათი პასუხი მხოლოდ ის იქნება, რომ ყვირილს მორთავენ: “რუსეთი ოკუპანტია! რუსეთი ოკუპანტია!” საბედნიეროდ, ამერიკელებს დღეს ამის მეტი ძალა არ შესწევთ. პუტინმა ამერიკელები ზურგზე წამოიკიდა და ახლა, ქართული ჭიდაობის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, უნდა, მოგვერდით დააგდებს ბეჭებზე _ უნდა, კისრულით დააძნეყვებს ძირს. ვიღაცას შეიძლება გაეღიმოს ამ ნათქვამზე, მაგრამ სად ჰიპერბგერითი რაკეტებით აღჭურვილი რუსეთი და სად კრიზისებით დამძიმებული და ქვესკნელისკენ მიმავალი აშშ, სად პუტინის ხელმძღვანელობით ორგანიზებული რუსეთი და სად ბაიდენის ხელმძღვანელობით ბრინჯივით დაბნეული აშშ?! მიუხედავად ამ განცხადებისა, სულაც არ ვამცირებ გლობალური ომის საფრთხეს, ვინაიდან არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-ში ერთადერთ იმედად სწორედ ომი ესახებათ, რომელიც, მათი აზრით:

* ჩამოწერს კოლოსალურ ვალებს, რომელშიც იხრჩობა ეს სახელმწიფო;

* ჩამოწერს თაღლითური სქემებით (ე.წ. პირამიდებით) ოპერირების შედეგად წარმოქმნილ ეკონომიკურ და საფინანსო ვაკუუმებს;

* ჩამოწერს კრიზისებს _ რასობრივი დაპირისპირებით დაწყებულს და ცხოვრების წესის კოლაფსით დამთავრებულს;

* ჩამოწერს იმ უამრავ დანაშაულს, რომლებიც ამ სახელმწიფოს მისი არსებობის მანძილზე აქვს ჩადენილი სხვა და სხვა სახელმწიფოთა და ხალხთა მიმართ;

* ჩამოწერს ტერორისტებთან და ბანდიტებთან ამერიკული სახელმწიფოს თანამშრომლობის სამარცხვინო ფაქტებს;

* ჩამოწერს თავიდან ბოლომდე სიცრუეზე აგებული მათი იდეოლოგიის სიმახინჯეს;

* ჩამოწერს პოლიტიკურ და საარჩევნო მარაზმს, რომელსაც, უკვე დიდი ხანია, ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვრამდე მიჰყავს.

ვიღაცას იქნებ მართლაც ასე ჰგონია, ვიღაცას იქნებ მართლაც ასე ესახება და ეიმედება, მაგრამ ამ უზარმაზარ სახელმწიფოში, გარდა შიგნიდან გამომპალი სისტემისა და აზროვნების უნარდაკარგული პოლიტიკური ისტებლიშმენტისა, არის ხალხი, რომელიც, დიდი ხანია, “თავისუფლებისა” და “ადამიანის უფლებების დაცვის”, ანუ ფსევდოდემოკრატიის ძილ-ბურანიდან გამოდის;

არის ახალგაზრდობა, რომელმაც სოციალისტური იდეალების სურნელი შეიყნოსა და შეისრუტა;

არიან მეცნიერებისა და ხელოვნების წარმომადგენლები, რომლებიც ჯერ კიდევ სასწაულებს ახდენენ და შედევრებს ქმნიან;

არის მშრომელი მასა, რომელიც საყოველთაო დოვლათს ქმნის, მაგრამ უსამართლო სისტემა მათ ამ დოვლათიდან იმ წილს არ აძლევს, რომელიც ცხოვრების ღირსეულ პირობებს შეუქმნიდა.

ჩვენი ახალგაზრდები ამერიკულ მასკულტურასთან ერთად ჰოლივუდის კინოშედევრებსაც ეცნობიან, რომლებშიც ამერიკული ცხოვრების წესის კრიტიკა უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი, ამიტომ საქართველოშიც არის საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი, რომელმაც იცის და ხვდება, რომ ეს ის ამერიკა აღარ არის, რომელმაც, სულიერებასა და ზნეობასთან მუდამ მწყრალად ყოფნის მიუხედავად, თავბრუდამხვევი გარეგნული ეფექტების, ცათამბჯენების, ფუფუნებისა და ტექნიკის ის აპოთეოზი შექმნა, რომლითაც ოდესღაც მსოფლიო გააოგნა.

ამერიკული დაღმართი დაწყებულია. მას ახლა ისტორიის ჟანგი მოჰკიდებია, უკვე ხრწნაშეპარულ მის სხეულს შიგნიდან მატლი გასჩენია და მისი მბრწყინავი სამოსელი ეპოქის ჩრჩილს ისე დაუზიანებია, რომ გადასაგდები გამხდარა. ეს ამერიკა, რომლის სხეულს ისევე დასწყებია განგრენა, როგორც ჰემინგუეის “კილიმანჯაროს თოვლიანი მთის” ერთ-ერთ პერსონაჟს (ჰარი) დაეწყო მარჯვენა ფეხზე, მხოლოდ იმიტომ, რომ გაკაწრულ თითზე იოდის წასმა დაეზარა, ახლა მსოფლიო ომის გაჩაღებით ცდილობს განგრენის მორჩენას, თუმცა მშვენივრად იცის, რომ სენი, რომელიც შეჰყრია, უკურნებელია. ამერიკას ახლა მხოლოდ იმის დარდი აქვს, თუ როგორ დააწყებინოს უკრაინაში ომი რუსეთს ისე, რომ ამ ქვეყნის აგრესია მსოფლიოს თვალში ეჭვს არ იწვევდეს, აშშ კი მშვიდობის მტრედივით გამოიყურებოდეს, რომელიც მუდმივად ომის წინააღმდეგ გამოდის და ყოველთვის ჩაგრულს ეხმარება. ამიტომაც გაჰკივიან, რომ რუსეთის არმია დღეს თუ ხვალ უკრაინაში შეიჭრება.

 ქალბატონმა ვიქტორია ნულანდმა “დაამშვიდა” მსოფლიო: “რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, ჩვენ პასუხის თვრამეტი ვარიანტი გვაქვს დამუშავებული”, _ განაცხადა მან. სინამდვილეში რუსეთმა ინიციატივა იმიტომ კი არ აიღო ხელში, რომ სადმე შეიჭრას, მას გაცილებით მეტზე აქვს პრეტენზია, ვიდრე სადმე შეჭრაა. ამერიკელებმა დაანგრიეს მსოფლიო წესრიგი, რომელიც 1945 წელს ომის დამთავრებისა და ნიურნბერგის პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა. გარდაუვალია და სასიცოცხლოდ აუცილებელია მსოფლიო წესრიგის ახალი, თანამედროვე გარანტიების შექმნა. ამას ერთი ცალკე აღებული სახელმწიფო ვერც შეძლებს და არც იქნება გამართლებული, რომ ასე მოხდეს, მაგრამ რომელიმე სახელმწიფოს მაინც მოუწევს საკუთარ თავზე განსაკუთრებული მისიის აღება, ვინაიდან სხვაგვარად არ ხდება. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო წესრიგის გარანტიების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი სიტყვა საბჭოთა კავშირმა თქვა. სხვაგვარად რომ მომხდარიყო, ანუ გადამწყვეტი სიტყვა აშშ ან კოლექტიურ დასავლეთს რომ ეთქვა, მსოფლიო წესრიგის ის მოდელი, რომელიც მაშინ ჩამოყალიბდა, დასავლეთზე იქნებოდა მორგებული და მისი ჰეგემონიის გავრცელების, ანუ უსამართლობის დამკვიდრების საფუძვლად იქცეოდა. საბჭოთა კავშირი კი, თუნდაც თავისი არსებობით, სიტუაციას აბალანსებდა და აშშ-ს ერთპოლარული მსოფლიოს ჩამოყალიბებისა და მსოფლიოზე გაბატონების საშუალებას არ აძლევდა. ახლაც ანალოგიური ვითარებაა. მსოფლიო წესრიგის აქამდე არსებული მოდელი რაკი თვითონ დაანგრიეს, ახლის შექმნის პროცესში ინიციატივის აღებასაც ამერიკელები ცდილობენ, მაგრამ ამ დროს, როგორც ქართულ ზღაპრებშია, სად იყო და სად არა, პოლიტიკურ სცენაზე რუსეთი მთელი მისი სიგრძესიგანითა და სიძლიერით წამოიმართა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი მაგიდას მუშტი ისეთი ძალით დაჰკრა, რომ მსოფლიო შეზანზარდა: «Вы должны дать нам гарантии. Вы! И немедленно! Сейчас!» შემდეგ გაირკვა, რომ პრეზიდენტ პუტინს მაგიდისთვის მუშტი საერთოდ არ დაურტყამს, მაგრამ ნათქვამის შინაარსი იყო ისეთი, თითქოს ბომბი გასკდაო.…

2022 წლის 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა მოკლე წინადადება წარმოთქვა, რომელიც დასავლეთში ძალიან დიდხანს არ დაავიწყდებათ, ვინაიდან ეს იყო ბეჭდის დასმა იმისთვის, რომ რუსეთმა სათქმელი უკვე თქვა, ახლა კი მოქმედებას იწყებს: “Запрягали долго – пора ехать!”

ვალერი კვარაცხელია

P. S. საქართველოს .. პოლიტიკური ელიტა (დასავლეთისმეხუთე კოლონა”) გახარებულია იმით, რომ, როგორც მათ ეჩვენებათ, აშშ რუსეთის წინაშე პოზიციებს არ თმობს. აქედან გამომდინარე, კეთდება დასკვნა, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ნატოს წევრად მიიღებენ. ამგვარ მსჯელობას შეცდომასაც ვერ დაარქმევ, ეს უკვე ქართველი ხალხისა და მომავალი თაობების წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია. საქართველო ვერც ნატოში შევა და ვერც აშშის სტრატეგიულ პარტნიორად დარჩება. ამ დამანგრეველი კურსის გაგრძელების მცდელობას მხოლოდ ის შედეგი მოჰყვება, რომ საქართველო საკუთარ თავს უსასტიკეს განაჩენს გამოუტანს _ იგი დაიშლება. რომელი ქართველი გაბედავს საქართველოს სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერას?!

1 COMMENT

  1. ჯერ ერთი ბატონი ვალერი მსოფლიო მიღწევა ვაქცინებზე რომ წერთ მაგ ვაქცინების გაყიდვა ყველაზე მეტად დასავლეთს და ამერიკას უნდა. ვაქცინამ დასავლური გლობალიზაციის პროცესში თავისი არცთუ ისე მსუბუქი ადგილი დაიჭირა დღეის მდგომარეობით. მეორე კი აქტივაქსერული კამპანია თუ საიდანმე მოდის ეს არის რუსეთი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here