მთავარი პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება თითქოს დაფარული ქმედებებით არ გამოვა

რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება თითქოს დაფარული ქმედებებით არ გამოვა

559
გააზიარეთ
რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება თითქოს დაფარული ქმედებებით არ გამოვა

შეძახილმა ხე გაახმოოიმდენი უძახა ოპოზიციამ ხელისუფლებას: უნიათოა, უნიათოო, რომ მართლაც უნიათობაში გადაიზარდა ეს ყველაფერი

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტისა და რუსი ტურისტების საქართველოდან ფეხის ამოკვეთის მიუხედავად, სახმელეთო მიმოსვლა კვლავაც შესაძლებელია, მაგრამ რა ხეირი?! ბოლოს მომხდარზე ვთქვათ: რამდენიმე დღის წინათ საქართველოდან გატანილი 19 ტონა ატამი დაღესტნელმა ექიმებმა შეამოწმეს და უკან გამოაბრუნეს. მიზეზი ძალიან მარტივია _ ერთერთი ყუთიდან, რომელშიც ატამი იყო დაფასოებული, პეპელა ამოფრინდა. დაღესტნელებმაც განაცხადეს: პეპელას ეს ჯიში ადვილად მრავლდება, მოსავალს ანადგურებს და ამიტომ ამ ხილს ვერ შემოვუშვებთ, გარანტია არ გვაქვს, პეპლები სხვა ყუთებშიც არ იქნესო.

როცა 19 ტონა ატამი მიგაქვს ყუთებით, ზოგში პეპელა იქნება, ზოგში _ ჭიანჭველა და ზოგში _ ხოჭო. ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ასეთი პეპლებიანი ყუთები არაერთხელ გადაუტანიათ რუსეთში და ხმა არავის ამოუღია. ახლა კი სხვა რეალობა გვაქვს _ რუსეთში ბავშვმაც კი იცის, რომ ქართველმა ჟურნალისტმა მათ პრეზიდენტს უკანასკნელი სიტყვებით აგინა; ისიც კარგად იციან, რომ დღემდე აქციები მიმდინარეობს რუსთაველზე და, იმის მიუხედავად, რომ მთავარი მოთხოვნა თითქოს გიორგი გახარიას გადადგომაა, აქციებს ფონად რუსოფობია გასდევს. ჰოდა, გასაკვირიც არ უნდა იყოს მათი ასეთი დამოკიდებულება, რადგან დღევანდელ სამყაროში ცალ კარში არავინ გათამაშებს და პასუხს აუცილებლად მოგთხოვენ.

ადვილი მისახვედრია, რომ ის 19 ტონა ატამი რამდენიმე გლეხის იყო, რომლებსაც, სავარაუდოდ, სწორედ ამ ტრანზიტზე ჰქონდათ გათვლა. ისიც მარტივი გასაგებია, რომ უკან დაბრუნებული ატამი გადამწიფებული იქნება და, საექსპორტო კი არა, საარყე ფასადაც ვეღარ გაიყიდება და გადასაყრელი იქნება. რეალურად იზარალა რამდენიმე გლეხმა, მათ ვერ მიიღეს შემოსავალი და, რაც მთავარია, ქვეყანაში არ შემოვიდა რამდენიმე ათასი უცხოური ვალუტა, რომელიც სწორედ ამ ატმის რეალიზაციის შედეგად უნდა მიეღო კონკრეტულ პიროვნებებს და შესაბამისად _ ქვეყანას.

ის, რომ ათიათასობით უცხოური ვალუტა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდანაც ჩანს, რომ ხელისუფლება მზად არის, რუსი ტურისტების შემოსვლის სანაცვლოდ, სუბსიდია გაიღოს და მათი ფასნამატი დააფინანსოს. პრემიერმინისტრის ინიციატივით, 600 ათასი ევრო გამოიყო და იმ რუს ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ერევნის გავლით ჩამოვლენ, ბილეთის სხვაობას (დიდი-დიდი 90 ევროო, _ მოგვახსენა პრემიერმა) სწორედ სახელმწიფო აუნაზღაურებს. ერთი შეხედვით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. 600 ათასი რომ 90-ზე გავყოთ, დაახლოებით 6 650-ს მივიღებთ, ანუ სახელმწიფო მზად არის, დააფინანსოს 6 650 ტურისტის ვიზიტი საქართველოში. შარშანდელი გათვლითა და დათვლით კი ჩვენს ქვეყანას რუსეთიდან ნახევარ მილიონამდე ადამიანი ეწვია. რა გამოდის? ვაფინანსებთ მინიმუმს და თითქმის ნახევარი მილიონი დაუფინანსებელი გვრჩება?! ცოტა არ იყოს, აბსურდის თეატრს ჰგავს ეს ყველაფერი და სახელმწიფოს მხრიდანაც არასერიოზულ ნაბიჯად აღიქმება. ამ ნაბიჯით ხელისუფლება თითქოს შეფარვით ამბობს, რომ რუსი ტურისტების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ, ამასთანავე, ვერაფერს უხერხებს 30-40 კაცს, რომლებიც ყოველ საღამოს რუსთაველზე მიდიან, სადაც პარლამენტის წინ სატელევიზიო პავილიონი აქვთ მოწყობილი. ის, რომ აღნიშნული აქცია სერიოზულად აზარალებს სახელმწიფოს ეკონომიკას, კარგად იციან როგორც იქ შეკრებილებმა, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შეკრებილებს ეს ყველაფერი ხელს აძლევთ; ხელს აძლევთ, ყოველდღიურად სოციალურ ქსელში გამოჩნდეს ერთი ბანერი მაინც, რომელიც სწორედ რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული; ხელს აძლევთ, რომ ეს იმ რუსმა ტურისტებმა ნახონ, რომლებიც ჯერაც ჭოჭმანობენ საქართველოში მოგზაურობაზე, და აქ ჩამოსვლა საბოლოოდ გადაიფიქრონ.

შედეგად, ეროვნული ვალუტა რეკორდს რეკორდზე ხსნის და ეს ყველაფერი იმ დიდი გეგმის ნაწილია, რომელსაც სოციალური აფეთქება ჰქვია. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ხელისუფლება ამას ხვდება, რადგან სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ აღნიშნულ თემაზე ტელევიზიის საშუალებით, მაგრამ არაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ეს უმსგავსობა შეწყდეს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ერიდებათ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, იმის თქმა, რომ რუსეთისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ და კონკრეტული ტელევიზიის კონკრეტული ჟურნალისტების მიერ გამოვლენილმა აღვირახსნილმა უზნეობამ ქვეყანა უმძიმეს დღეში ჩააგდო; ერიდებათ იმის აღიარება, რომ რუსეთთან დამოკიდებულების გამწვავებამ საქართველოს ეკონომიკას დაარტყა; რომ ჩვენთან წამოსასვლელად გამზადებული ტურისტები თურქეთში გაემგზავრნენ და სწორედ ამიტომ თურქეთის მთავრობამ დაგეგმილზე მეტი ეკონომიკური ზრდა დააანონსა; რომ ჩვენთან დასახარჯი ფული იქ იხარჯება, რომრომრომდა რატომ არ სთხოვს ხელისუფლება პასუხს ყველას, ვინც ამაში დამნაშავეა?

ხანდახან კაცი იფიქრებს, ერთი ადამიანი რომ გამოვიდეს ქუჩაში და ნებისმიერი სისულელის შესრულება მოითხოვოს, ტელევიზიები ამ სისულელეს აჰყვებიან, სახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლებაზე ილაპარაკებს და ხელისუფლება ვერაფერს გააწყობს, თუნდაც იმ ერთმა ადამიანმა ჯერ არნახული სიგიჟეები აკეთოს. შეძახილმა ხე გაახმოო დაიმდენი უძახა ოპოზიციამ ხელისუფლებას: უნიათოა, უნიათოო, რომ მართლაც უნიათობაში გადაიზარდა ეს ყველაფერი. რატომ და ვისი ერიდება მმართველ გუნდს, ნამდვილად ვერ გეტყვით.

ცუდი კამუფლაჟით, მაგრამ მაინც, ხელისუფლება ცდილობს, რუსეთს აგრძნობინოს, რომ მასთან საუბარი სურს, მაგრამ საკმარისია, ეს კამუფლაჟი რომელიმე არასამთავრობომ გააპროტესტოს, რომ ხელისუფლების ყველა წევრი მაშინვე ერთ ხმაში გაჰყვირის: რას ამბობთ, რა რუსეთთან მოლაპარაკებები და ურთიერთობების დათბობა, რუსეთი მტერია და არ ვესაუბრებითო! ცოდვა გამხელილი სჯობს და გამახსენდა, 1990-იან წლებში ზვიად ძიძიგურმა სამტრედიის სარკინიგზო მაგისტრალი რომ გადაკეტა და რუსეთი “ბლოკადაში” მოაქცია. იმხანად საქართველომ მილიარდობით მანეთი იზარალა. ძიძიგური ისევ ხელისუფლებაშია და, წესით, ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რას ნიშნავს საქართველოს მიერ რუსეთისთვის პირდაპირი თუ ირიბი ეკონომიკური “სანქციების” დაწესება. ყველაზე კარგად სწორედ მან უნდა იცოდეს, რომ ამით ქვეყანა ზარალდება და 1990-იან წლებში განცდილი ზარალის გამო ათი წელი მუხლზე წამოდგომაც კი ვერ შევძელით.

ახლა პარლამენტი შვებულებაშია, მაგრამ ამის მიუხედავად არაერთი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში მაინც დადის და სწორედ მათი კომენტარებიდან ირკვევა, რომ თურმე არსებული სიტუაცია არასტაბილური გარემოს ბრალია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ არასტაბილური გარემოს შექმნაში კანონმდებლები ოპოზიციას და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებენ, რომელთა თაოსნობითაც რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს. ეს აქცია უკვე მარაზმში გადაიზარდა და არაფერს აღარ ჰგავს. კანონმდებლები იმას კი არ ამბობენ, _ ამ მარაზმს აღვკვეთთო, არამედ თითს იშვერენ, იმათი ბრალია ყველაფერიო. არადა, ბერკეტები სწორედ მათ ხელშია.

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს. ოპოზიციაც და არასამთავრობოებიც პოლიტიკურად ცხელ აგვისტოს აანონსებენ და ეს მაშინ, როცა ტემპერატურის მატების პარალელურად ლარის კურსი სულ უფრო ეცემა. რუსეთთან ურთიერთობის მოუგვარებლობის შემთხვევაში, პრაქტიკულად გამორიცხულია, ჩვენს ეკონომიკას ვინმე და რამე შეეხიდოს; სად არიან ჩვენი ევროპელი და ამერიკელიმეგობრები”? სადაა მათი ქმედითი დახმარება მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება? დიდიდიდი, კრედიტი შემოგვაძლიონ მამასისხლად პროცენტით, მაგრამ ამაზეც აღარ იწუხებენ თავს. დღევანდელ მდგომარეობას ვინ ჩივის, ისინი თავს არც მაშინ იკლავდნენ, როცა ქვეყანაში, ერთი შეხედვით, სტაბილური სიტუაცია იყო და ლარიც ყოველდღიურად არ უფასურდებოდა. ისევ რუსეთის იმედად ვართ, იქნებ გული მოულბეთ და ტურისტებმა ისევ ჩვენკენ იბრუნონ პირი. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება კი შეფარვითა და თითქოს დაფარული ქმედებებით არ გამოვა. ხელისუფლების უმაღლესი პირები უნდა გამოვიდნენ და საჯაროდ განაცხადონ, რომ სწორედ იმის გამო, რაც მოხდა, სწორედ იმის გამო, რომ საქართველოში რუსი ტურისტები აღარ ჩამოდიან, რომ ჩვენს მეზობელთან ფრენების გაუქმებამ ჯერჯერობით ძალიან გვაზარალა, უძიმეს დღეში ვართ და ერი ყოველდღიურად ღატაკდება. ჰო, ერი ღატაკდება, რადგან ეროვნული ვალუტა მყიდველუნარიანობას კარგავს და, როგორც ამბობენ, თუ დოლარის მიმართ ნიშნული 3.0- გადასცდება, ეს კატასტროფა იქნება. რატომ კატასტროფა? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ენერგოექსპორტიორები იძულებულნი იქნებიან, სემეკს ფასების მომატების მოთხოვნით მიმართონ და სემეკიც, თავის მხრივ, უარს ვერ იტყვის. ბუნებრივ აირზე, ელექტროენერგიასა და წყალზე ფასის მომატება კი ბოლო წვეთი იქნება იმ ფიალაში, რომელიც, დიდი ხანია, გაივსო, მაგრამ სოციალურ აფეთქებას სწორედ ასეთი რამ სჭირდება.

ვერ ვიტყვით, ხელისუფლება ამას ვერ ხვდება-მეთქი, მაგრამ მოქმედებას ვერ ვხედავთ. ისე გამოდის, თითქოს მმართველ გუნდს ეს ყველაფერი ხელს აძლევს და საგარეო პოლიტიკაში მოქმედებს პრინციპით: არც მწვადი დაწვას, არც შამფური, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ორივე იწვება და ცეცხლში რიგითი ადამიანები იხრუკებიან.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here