მთავარი საზოგადოება როცა ცარიელ ბიბლიოთეკაში ვირთხა იპოლიტესთან ერთად კითხულობ წიგნებს

როცა ცარიელ ბიბლიოთეკაში ვირთხა იპოლიტესთან ერთად კითხულობ წიგნებს

3720
გააზიარეთ
რეზო გაბრიაძე

ანუ ლენინის სასიკვდილო განაჩენისგან სტალინის მიერ დახსნილი მომავალი ელექტრომონტიორი

P.S. სახელდახელო წერილი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, მაინცდამაინც პოსტ სკრიპტუმით უნდა დავიწყო, მთავარი შთაბეჭდილებით, რომელიც ჩემზე მოახდინა ლევან გაბრიაძის ფილმმაჰარიჰარალე, დედაო”. ეს ორიგინალური კინოსურათი უწინაც რამდენჯერმე ვნახე _ მაშინაც, როცა იგი აშშის კინოაკადემიის პრემიაოსკარზეწარსადგენი ფილმების სიაში ჩაწერეს. ამ მოვლენაზე წერილიც გამოვაქვეყნე. სხვა დროსაც მითქვამს ორიოდე სიტყვა, მაგრამ ამჯერად დიდი ომისდროინდელი პატარა ბიჭების თვალით შევხედე და საბოლოოდ დავრწმუნდი _ შედევრიაამის სათქმელად დავიწყე პოსტ სკრიპტუმით და კიდევ იმიტომ, რომ დღეს ყველა, ვისაც არ ეზარება და საჭიროა თუ არა, თავის საგაზეთო წერილს P.S.-ით ამთავრებს. მე დამეზარა.

რეზო გაბრიაძე

უშესავლოდ და ქვესათაურების გარეშე

2020-ის თებერვლის მეორე დეკადის დასაწყისში ევროპას შხაპუნა წვიმამ და ქარიშხალმა რომ გადაუარა და წალეკა, ხოლო ჩვენი ევროპელი პარტნიორები ვაი-ვაის რომ იძახოდნენ და სახლებიდან გამოსვლის ეშინოდათ, კი ვიცოდი, რა უნდა გაეკეთებინათ სტიქიის თავაშვებულობის ასალაგმავად, მაგრამ არ გამიმხელია, რადგან მაინც ვერ შეძლებდნენ.

რეზო გაბრიაძის ბაბუას, რომელიც იმერეთში გადაუღებელ ნალექებს (წვიმის სახით) შეუწუხებია, ვეღარ მოუთმენია ბუნების ასე გაწელილი თავხედობა, პიზის კოშკივით გადახრილი და ხანძარგადატანილი თავისი ქოხის ქვემოდან გამოუძვრია წლების წინათ უქმად დაგდებული, იაპონიასთან ომის დროს რომელიღაც იქაური ტომის სოფლიდან წამოღებული ნაალაფევი _ თავმომრგვალებული მორის ნაჭერი, მარჯვნიდან და მარცხნიდან ორი მოზრდილი, მრგვალი რიყის ქვა მიუგორებია, აუყუდებია ეს, სახელდახელოდ კონსტრუირებული ფალოსის მაგიური საკულტო ქანდაკება, ღრუბლებისთვის დაუმიზნებია და, რაც იცოდა და არ იცოდა, ყველა გინებაკატიუშასზალპებივით მოქუფრული ცისთვის უსვრია.

სასწაული მომხდარა, ბოშო! მეხთატეხა ჩამქრალა, როგორც ელიავაზე ნაყიდი წუნდებული ნათურა, გარღვეულა ღრუბელი და გამოუჭყეტია რეზოს დახატულ მზეს, რომელიც ჩვენ, ევროპელებს, რუსებსა და ამერიკელებს ერთი გვაქვს, მაგრამ ზეციური კანცელარიის მიერ დაწესებული გრაფიკით აშშ-ში გვიან ჩააღწევს. დამშვიდებულა იქაურობა და მოწმენდილი ციდან გალაკტიონის მარტივი და ალალი სტრიქონები სიმღერად გადმოღვრილა:

წყალტუბოდან ქუთაისში

მიმავალო ქარო,

თუ მაისის ქუთაისმა

გკითხოს, ვინა ხარო,

უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ,

არ კი უთხრა, ვისი,

ამას თვითონ მიგიხვდება

ჩემი ქუთაისი.

მას შემდეგ მზე ბევრჯერ ჩავა და ისევ ამოიწვერება ასე დიდი და ჩახჩახა (გოგლა ლეონიძე), გაივლის წლები და ქუთაისის თეთრ ხიდზე მოფლატუნე ნაბიჯებით შემოდგება მთელი ფილმის განმავლობაში მკვირცხლად მორბენალი, ორიგინალური პროფილის მქონე, პიონერის წითელყელსახვევიანი, გრუზა ხუჭუჭთმიანი ბიჭი, ახლა უკვე მხრებში მოხრილი ხანდაზმული კაცი. შედგება. ჩახედავს მდინარეს, გადააფურთხებს და აღმოაჩენს, რომ ადამიანის თავისუფლების ამრიგად გამოხატვა (რაც მსურს, იმას ვაკეთებ!) აღარ არის იმ სიამოვნების მომგვრელი, როგორიც მის ბიჭობაში იყო.

მიწამდე ვერ ჩააღწევს წამიერი კვალის დასატოვებლად, რიონის ტალღები აიტაცებს ხარის რქაზე დამჯდარი ბუზივით და შეუერთდება H2O-ს მირიად მოლეკულას.

გაქრება, როგორც კერძო სახელი, კერძო ადამიანის.

საერთოდ, ალბათ, ასეა.

მაგრამ ასე არ არის რეზო გაბრიაძის შემთხვევაში, რადგან მისი სახელი იმდენადვე მატერიალისტური ფენომენია, რამდენადაც ჩვენთვის მიუწვდომელი მოვლენა, რომლის არსს იქ თუ განგვიმარტავენ, ვარსკვლავთა ბრწყინვალებაში, იქ, მაღლა, სადაცხანდახან ვიღაცვიღაცებს დაუნახავთ ვარსკვლავებში აჩაჩა ურემი. ურემზე თითებით ნაძერწი მოღუნული სანთელი ანათებდა, უსასრულობაში რაღაცას ეძებდა”… (“შერეკილები”).

რეზო გაბრიაძე

ეს ფილმი, როგორც რეჟისორმა ლევან გაბრიაძემ თქვა, მისი ოჯახის ფესვებზე მოგვითხრობს, მამამისზე _ რეზო გაბრიაძეზე, და ისეთივე ალოგიკურობით, ურთიერთგამომრიცხაობით ერთ არსად არის შეკრული, როგორც მხიარული ქართული ხალხური ლექსი:

ჰარიჰარალე, დედაო,

გადავჯექ

კურდღელზედაო,

გავაჭენგამოვაჭენე,

გავუშვი მინდორზედაო,

რომელიც ქართულ ყირამალად მოვნათლეთ არცთუ დიდი ხნის წინათ.

ბელა ახმადულინამ მწერალ ანდრეი ბიტოვს ადამიანის ზნეობრიობის სამკაული უწოდა: ჩემსავით მასაც სჭირდება კავკასია, კავკასიაში არის რაღაც, რაც ჩვენ გვამშვიდებსო.

ლევან გაბრიაძის ფილმი დაძაბული და მშფოთვარე დღევანდელობის დასამშვიდებელი ელექსირია. იმიტომ კი არა, რომ გაპრიალებულ რეკლამასავით დავარცხნილდალაგებულია, არამედ იმიტომ, რომ ადამიანური ურთიერთობების სითბოთი არის გაკეთილშობილებული და დაწყნარებული, უმწვავესი ისტორიული კატაკლიზმების შედეგად ჩვენს ცხოვრებაში დალექილი ნეგატივიზმის გასანეიტრალებლად (მთხლეს რომ ეძახიან იმერეთში).

ლევან გაბრიაძე
ლევან გაბრიაძე
რეზო გაბრიაძე
რეზო გაბრიაძე

სამყარო, რომელიც ჩვენი ცხოვრებაა, როგორც წესი, ყურადღების მიღმა გვრჩებოდა და მხოლოდ მას შემდეგ შევიგრძენით იგი, როცა რეზო გაბრიაძემ შემოქმედის თვალით დანახული გაგვიცოცხლა, დაგვიწერა და დაგვიხატა, ლევანთან _ თავის ვაჟთან ერთად.

პირველივე კადრებიდან მიენდობით ავტორებს და მიჰყვებით ფილმის სიუჟეტს. მიჰყვებით და სულ მალე იგრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაზე გელაპარაკებიან გაბრიაძეები.

თავიანთი რაკურსით.

გაგახსენდებათ, რომ გასული საუკუნის ორმოციანი წლების დასაწყისში, დიდი სამამულო ომის დროს წითელვარსკვლავიანი თვითმფრინავით თქვენც დასდევდით ფაშისტების “მესერშმიტებს” _ ერთი სამის წინააღმდეგ და სამივეს მიწას დაანარცხებდით თქვენი ტყვიამფრქვევით დაცხრილულ-აალებულებს.

ატყვევებდით ჰიტლერს, მუხლებზე დაცემულს, ხელებაწეულს, შავი სვასტიკიანი სამკლაურით და საწვინტლეზე მიხატულივით მოღრეცილი ულვაშით: “გიტლერ კაპუტ!”

ფიქრების ქარბორბალა აგიტაცებთ და ზემოდან დაგანახებთ დავიწყებულ იმდღევანდელობას, რომელშიც ოთხმოცი წლის წინათ გიცხოვრიათ.

უცხოვრია პატარა ქუთაისელ ბიჭსაც, რეზო გაბრიაძეს, და ესაა მთავარი: უპირველესად, მისია ეს “ჩემი თავგადასავალი”, რომლის თქვენი თავგადასვლისთვის მისასადაგებლად მოგონებებში იწყებთ ქექვას.

ამაოდ, რადგან ვირთხა იპოლიტესთან ერთად არც ერთ ჩვენგანს არ გვიმეცადინია უმკითხველოდ დარჩენილ საქალაქო ბიბლიოთეკაში. ვერც წარმოვიდგენდით, რომ “იპოლიტეს” დასავლეთევროპული ლიტერატურა იტაცებდა კლასიკოსების შედევრების დერმანტინის ყდაში ჩასმული წიგნების მაღალხარისხოვანი გემური თვისებების გამო. ხოლო კერასინკაზე გადაფარჩხული, კაბაწამოხდილი ბიბლიოთეკარების ეროტიკულ “ცოცხალ სურათებს” სამკითხველო დარბაზში დაგვიანებით მისული პატარა ბიჭი ყურადღებას არ აქცევდა.

დაგვიანებული, მაშასადამე, სოციალიზმის მშენებლებს ჩამორჩენილი უნდა დაისაჯოს _ გინდა ცხადში, გინდა სიზმარში!

სწორედ სიზმარში გამოეცხადებიან დამნაშავე რეზო გაბრიაძეს მსოფლიო პროლეტარიატისა და მშრომელთა მასების ბელადები _ ლენინი და სტალინი და იწყებენ კამათს, როგორი სასჯელი დაიმსახურა კალაპოტიდან ამოვარდნილმა ამ ახალგაზრდამ: დაიხვრიტოს დაუყოვნებლივ (ლენინი), თუ კადრებს გაფრთხილება სჭირდება, ციმბირს _ ათვისება, ამიტომ ცოცხალი უნდა დარჩეს და გაციმბირდეს, როგორც ოსტატი ელექტრომონტიორი (სტალინი).

თუ, რა თქმა უნდა, შეისწავლის და აითვისებს ამ ხელობას დანაშაულზე წასწრებული ინდივიდი.

კამათობენ ტირანები, მაგრამ ისე, თითქოს ქართულ კინოხელოვნებაში სახელგანთქმული სახასიათო მსახიობები კვანტალიანი და ჟორჟოლიანი, რომელიღაც თავიანთ მხიარულ ფილმში _ უბოროტოდ, სისხლის წყურვილის გარეშე.

თუმცა სცენარის ავტორი ამ სცენას ცინიზმს არ აკლებს.

არც ერთ მწერალს, არც ერთ რეჟისორს არ შეუქმნია XX საუკუნის ტიტანების მსგავსი სახეები.

ბოროტისა თუ კეთილის, აქ არ განიხილება.

კეთილი გულის გამო, მაღალი ზნეობის კარნახით მტერსაც კი ადამიანურად ეპყრობიან, ცივსისხლიან არიელებს, დამარცხებულებს (ერთ ოფიცერს კონკრეტულად) რეზოს ბებია და ბაბუა, რომელთა შვილიც (რეზოს ბიძია), სამხედრო პილოტი, ომში იყო დაღუპული, და რამდენჯერაც თვითმფრინავი გადაუფრენდა მათ სოფელს, ბებიას იმდენჯერ ცრემლით ევსებოდა თვალები.

ბაბუა, სოფლის ინტელიგენციის ეს წარმომადგენელი, როგორც ჭეშმარიტი ჯენტლმენი, არ იმჩნევდა, რომ საბჭოთა შინაგანი ჯარების ოფიცერმა გერმანელ ტყვეთა ბანაკიდან მის ოჯახს კერძო მეურნეობაში დამხმარე ძალად გერმანელი ოფიცერი მოუვლინა: ფრიცის ეზოში გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ გაეცლებოდა იქაურობას. ბებიას ეცოდებოდა. ხანდაზმულ ქალბატონს, რომელსაც ბებერი და ბრძენი დედამიწის გამომეტყველება აღბეჭდვოდა სახეზე (ანდრეი ბიტოვი).

გერმანელმა ტყვეებმა ისე კეთილმოაწყვეს თავიანთი ბანაკი (ყვავილნარიც გააშენეს), რომ ძნელი იყო იმის გარკვევა, ვინ ცხოვრობდა მავთულხლართებიანი ღობის შიგნით, ვინ _ გარეთ.

გარეთ ბიჭი იზრდება. წვიმის წყლის გუბეში სწავლობს ცურვას, რომელშიც თავკომბალები, წურბელები და ათასგვარი მიკრობები სწავლობდნენ ცხოვრებას.

შემდეგ ბაყაყებად ჩამოყალიბებულ თავკომბალებთან ერთად პაპიროსს გააბოლებს და საქვეყნო ყველაფერსა და არაფერზე გააბამს მათთან საუბარს.

ბაყაყებს საფრანგეთში ჭამენ…

ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რომელიღაც ჩვენებური ბიზნესმენი ბაყაყების ფერმის ამუშავებას აპირებდა დასავლეთ საქართველოში…

“ანტრე, გენაცვალე!”

გუბე დაშრა და ცხელ ამინდში იქ მონებივრე კამეჩმაც თავისი გზა მონახა, თავისი წილი უღელი დაიდგა, რომლის დეფიციტი საქართველოში არასოდეს გვიგრძვნია, განსაკუთრებით, ომისდროინდელი პატარა ბიჭების თაობას.

ამაზეც არის ეს ფილმი და კიდევ მაგალითის მიმცემიცაა ახალუხლებისთვის, რომლებიც ხვალეს ჯერ არ გაუნაწყენებია 2020 საკრალური თარიღით გამორჩეულ XXI საუკუნეში.

გაინტერესებთ, როგორ მიიღო ახალგაზრდობამ ეს კინოშედევრი? რას ფიქრობს? მხოლოდ ერთი მაგალითი, უამრავიდან:

“მე არაფერი ვიცი ომისშემდგომი დროის შესახებ, არ განმიცდია ტკივილი ომის დანაკარგებით გამოწვეული, არ მიცხოვრია საბჭოთა ხელისუფლების პირობებში. ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელოვნების მეშვეობით არ შემიძლია ვიგრძნო ის ყველაფერი, რასაც ადამიანები გრძნობდნენ და განიცდიდნენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ჭეშმარიტად ჩინებულ ნაწარმოებთან გვაქვს საქმე…

ფილმი (მულტფილმი) “ჰარი-ჰარალე, დედაო” პირველი ქმნილებაა, რომლის შესახებაც ვწერ ჩემს პირველ და ძალიან მოკლე გამოხმაურებას…

ჭეშმარიტად სულისშემძვრელი კინოა, რომელიც ცრემლს მოგგვრის, მაგრამ უფრო მეტად ამ ცრემლის დამალვის სურვილს აღგიძრავს: გაიღიმებ, ამოისუნთქავ და განაგრძობ ფილმის ყურებას იმ აღფრთოვანებითა და გულის თრთოლვით, რომელსაც პატარა ბიჭი განიცდის ხიდიდან გადაფურთხებისას და ელოდება იმას, რაც არ შეიძლება მოხდეს.

“ჰარი-ჰარალე, დედაო” სურათია, რომელიც ჩაგითრევს არა ატმოსფეროში, არამედ გრძნობასფეროში პატარა ადამიანისა, რომელიც უბრალოდ ცხოვრობს, მარტივად შესცქერის ცხოვრებას, ისმენს და შეიგრძნობს.

ფილმი სავსეა ზუსტი და დახვეწილი მინიშნებებით: ომის შემდეგ ვირთხა ბიბლიოთეკაში ჰეგელის ყდას ლუკმას ჩამოახევს და გემრიელად მიირთმევს; ლენინის თვალში სტალინი მშვიდობისმოყვარეა, ხოლო “სიკვდილის პირას” ყოფნა, როცა ბავშვს 38 და 5 გრადუსი სიცხე აქვს, საუკეთესო რამაა, რაც ბავშვს შეიძლება დაემართოს…

უამრავი სულის შემძვრელი სურათია, უამრავი საოცარი აზრით. ასეთი კინოს ყურება ძალიან კარგია მაშინ, როცა საქმე ბევრი გაქვს, მაგრამ ძალა აღარ გყოფნის.

მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იცოდე, რაც წარსულში თავს გადაგვხდენია, განსაკუთრებით კი, უახლეს ისტორიაში, რათა გამხნევდე და შეუდგე ნებისმიერი სამომავლო საქმის განხორციელებას და არა მიღებას”.

ამ ჩანაწერის ავტორს ილია ჰქვია.

და რახან სოცქსელებში შევიხედეთ, ორ მაგალითსაც დავუმატებ, მხოლოდ ორს:

“…ეს ფილმი ადამიანების სიყვარულსა და პატივისცემაზეა, იმ ადამიანებს შორისაც კი, რომლებიც დაპირისპირებულები აღმოჩნდნენ ტრაგიკული და სასტიკი ომის დროს. ვიმედოვნებ, რომ ვნახავ უფრო მეტ ასეთ რუსულენოვან ფილმს, რადგან მათ კვალზე ჩვენ, ყველანი, ცოტათი მაინც უკეთესები ვხდებით.

მე პირადად ძალიან მიყვარს ქართული კულტურა და კინო, ამიტომ ეს ფილმი ჩემთვის აბსოლუტურად მაგიური იყო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რეზო და ლეო გაბრიაძეებს, თემურ ბექმამბეთოვს (პროდიუსერს) და ყველას, ვინც ამ უჩვეულოდ მგრძნობიარე ფილმის შექმნაში მონაწილეობდა” (seriza).

“ეს მულტიპლიკაციური ფილმი მდიდარია იმ ქართული საბჭოთა იუმორით, რომელიც რუსეთელებმა საქართველოს დამოუკიდებლობასთან ერთად დავკარგეთ” (aragorn).

დანარჩენზე ზემოთ მოგახსენეთ _ უადგილოდ ატანილ პოსტ სკრიპტუმში.

არმაზ სანებლიძე

და მაინც P.P.S.

კინოკრიტიკოსებმაჰარიჰარალე, დედაოახალ ჟანრს _ დოკუმენტურ ანიმაციას მიაკუთვნეს. იმ ჟანრს, რომელიც პარადოქსულობისა და ოქსიუმორონის (მახვილგონივრული სისულელის) შეუთავსებლის შეთავსებით ხასიათდება, ისტორიული დოკუმენტისა და ფანტაზიის ნაყოფის შერწყმით. ამ გზით წარმოიქმნება ახალი არსობრივი ხარისხი, რომელსაც ფიგურებიც ეთქმის, და ეს ყველაფერი არისტოტელედან, ციცერონიდან, კვინტილიანიდან და .., ანტიკური რიტორიკიდან მოდის.

ეს ფილმი ცალკეული ეპიზოდებით, მომხიბლავი პატარა ნოველების მოზაიკით შეკრულ ერთ დიდ პანოდ წარმოგვიდგება.

კალმის რამდენიმე მოსმით არის გადმოცემული, ასეც შეიძლება ითქვას.

დასასრულ, “წარმოუდგენელია არ მოიხიბლო მთხრობელის საოცრად თბილი ხმით, კეთილი ღიმილით, ნახატი პერსონაჟების არაჩვეულებრივად რბილი და ჭკვიანური იუმორით და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ინტონაციური აქცენტებით, რომლებითაც რეზო თავისი ცხოვრების ისტორიას გადმოგვცემს”, _ ასე თქვეს კინოკრიტიკოსებმა ჯერ კიდევ 2018-ში.

ჩვენ ორი წლით დავაგვიანეთ.

სირცხვილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაგვარჩინა.

..

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here