მთავარი პოლიტიკა როცა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი წყდებოდა, საქართველოდან გაისმა სატელეფონო ზარი _ ჯერ...

როცა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი წყდებოდა, საქართველოდან გაისმა სატელეფონო ზარი _ ჯერ არ დააბრუნოთ!

30435
გააზიარეთ
თემურ შაშიაშვილი

პარტიათეთრებისთავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი ჩვენი მკითხველისა და ფართო საზოგადოებრიობისთვის კარგად არის ცნობილი, როგორც სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პრინციპული და გაბედული პოლიტიკოსი, როგორც ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალული ადამიანი. წლების განმავლობაში ბევრი სიკეთე გაუკეთებია უხმაუროდ და უშურველად.

ესეც საყოველთაოდ ცნობილია. დღეს ვისაუბრებთ ერთ მამულიშვილურ საქმეზე, რომლის მოგვარებაში მან, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუმცა თვითონ ასე არ ფიქრობს და მიაჩნია, რომ მთავარი და გადამწყვეტი პატრიარქის ჩარევა იყო, თვითონ კი გააკეთა მხოლოდ ის, რაც ქართველებისა და ოსების მეგობრობის აღდგენის მსურველ ნებისმიერ ქართველს უნდა გაეკეთებინა.

საქმე ეხება საქართველო-რუსეთის კრიზისული ურთიერთობის გართულების მორიგ ფაქტს, რომლის მიზეზი შეიქნა ჩვენი თანამოქალაქისა და მამულიშვილის არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში დატყვევების, გაუგებარ გარემოებაში გარდაცვალებისა და მისი ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის არნახულად გაჭიანურებულ ანომალიურ შემთხვევას, რომელსაც მსოფლიო რეზონანსი მოჰყვა. ბატონი თემური დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობის ნებისმიერი მცდელობა გარკვეული ძალების შეშფოთებას იწვევს, რადგან მათ, ამ ძალებს, შეიძლება დაეწრიტოს ფულის შოვნის ის წყარო, რომლითაც იკლავენ დაუოკებელ მერკანტილურ სურვილს.

იუდები!

ახლა კი მოვუსმინოთ ბატონ თემურ შაშიაშვილს:

_ “საქართველო და მსოფლიოს” ამ ნომრის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში აღდგომას ვიზეიმებთ, _ დაიწყო ბატონმა თემურმა, _ მინდა, ყველა ქართველს, ყველა ოსს, ყველა აფხაზს, რომლებმაც საქართველოში განვითარებული პროცესების გამო დაკარგეს შვილები, ოჯახის წევრები, მივუსამძიმრო.

მიზეზებს იმ რთული მოვლენებისა, რომლებიც თავს გადაგვხდა, ყოველთვის სხვაგან და სხვებში ვეძებთ. მიზეზთა მიზეზი კი არიანქუჩის პოლიტიკოსებიხელისუფლებაში, ურაპატრიოტები და გლობალისტები. ფაქტმა, რომელზეც ვისაუბრებთ, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ომი არათუ დამთავრდა, არამედ წინაა და, თუ გონიერად არ ვიმოქმედებთ, გველოდება იმაზე უარესი, რისი მომსწრენიც ვართ დღეს.

ქვეყანაში სასიკეთო არაფერი მოხდება, თუ სისტემური ცვლილებები არ განხორციელდება, ანუ თუ ემოციური პოლიტიკიდან აკადემიურ პოლიტიკაზე არ გადავალთ. ამას რომ ვამბობ, ალბათ, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ასეთია ჩემი პოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მაგალითებით არის განმტკიცებული.

მხოლოდ ერთს გავიხსენებ.

1991 წელია. საქართველოში მოსულია ეროვნული ხელისუფლება. ქუთაისში ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე ვარ. შევიტყვე, რომ მილიცია შეიყვანეს ცხინვალში. ქუთაისიდანაც წაიყვანეს დიდი ჯგუფი ისე, რომ ჩემთვის არაფერი უთქვამთ. სასწრაფოდ ჩავედი ცხინვალში, შევხვდი ჩვენებს და ვუთხარი, რომ იარაღის გასროლა ჩვენსა და ოსებს შორის უბედურებისკენ მიმავალი გზაა. მაშინ “მხედრიონი”, გვარდია, სხვა შეიარაღებული ფორმირებები, მათ შორის, პარტიები, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ავის ქმნაში: გაზეთებში იწერებოდა, როგორ დაამარცხეს ქართველებმა ოსები; ოსები წერდნენ, როგორ დაამარცხეს ქართველები. ეს იყო ამაზრზენი! ქუთაისელები გამომყვნენ, მათთან ერთად ოზურგეთელი მილიციელებიც წამოვიდნენ. მაშინ თანამდებობიდან გამათავისუფლეს.

ნამდვილ ოსსა და ნამდვილ ქართველს ერთმანეთთან ურთიერთობა არ უჭირთ, ურთიერთობა უჭირთ სკამზე ორიენტირებულ ქართველსა და ოსს. იციან, რომ ერთმანეთთან ომით ერთმანეთი უნდა შექმნან ხელისუფლებაში _ ომის პარტიებმა ომის პარტიები ყველგან მოიყვანეს ხელისუფლებაში.

ჩვენ, ქართველებმა, ოსებმა და აფხაზებმა “ქუჩის პოლიტიკოსებს” უნდა წავართვათ ჩვენი ძმობა, რომელიც მათ ფეხქვეშ გათელეს, წავართვათ ჩვენი ქვეყანა. რა არ აკადრეს იმხანად ერთმანეთს. ჩვენმა სახელგანთქმულმა ჩემპიონმა რომან რურუამ ერთხელ მითხრა, ციხეში ვნახეო ოსი კაცი, რომელმაც მისი ცოლ-შვილის გამაუპატიურებელ ქართველს ესროლა. ეს კაცი ბატონმა რომანმა გაათავისუფლებინა.

არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, მაგრამ, ამასთანავე, არის პოლიტიკოსების მსხვერპლიც. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა, ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ განაიარაღა ტატუნაშვილმა შვიდი ოსი და დაატყვევა. შეიტყო ეს მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მერაბიშვილმა, სპეციალურად შეხვდა, გმირი უწოდა, ხელიდან საათი მოიხსნა და აჩუქა არჩილს.

ეს დაიწერა, გამოქვეყნდა და ხომ არ იყო ეს პუბლიკაცია წინასწარ გათვლილი პროვოკაცია, რომელსაც ტრაგედია მოჰყვა?!

_ ოსებმა ქართველი მილიციელები დააჩოქეს იმ დროს და ეს ფაქტიც გამოქვეყნდა პრესაში.

_ ეს მაშინ გამოქვეყნდა, მე ახალ პუბლიკაციაზე ვლაპარაკობ. ეჭვი ჩნდება რაღაც, თორემ იმ არეულ დროში ორივე მხარე ცოდავდა… მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ, თუ ვლადიკავკაზში შენარჩუნებულია ქართული სკოლა, რომელშიც 150 ბავშვი სწავლობს, ჩვენი ოსი მეგობრების დამსახურებაა. მათ ეს გააკეთეს საქართველოს პატრიარქისადმი უდიდესი პატივისცემისა და მოწიწების ნიშნად. პატრიარქის ურთიერთობა ვლადიკავკაზთან თავისთავად ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია.

ჩვენ ახლა გვჭირდება დიდი შერიგების იდეოლოგია. ამისთვის კი აუცილებელია სიამაყე, შენდობა და სინანული. სიამაყე ჩვენი ისტორიული ურთიერთობის გამო; შენდობა იმისა, რაც ცუდი გაგვიკეთებია ერთმანეთისთვის; სინანული იმის გამო, რაც მოხდა. ქართველებისა და ოსების ურთიერთობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კავკასიაში მშვიდობას. არადა, სწორედ ეს ორი ერი დაგვაპირისპირეს ერთმანეთს.

1991 წლის შემდეგ ჩვენ, ოსები და აფხაზები ვკარგავთ და ვკარგავთ ერთმანეთს. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ჩვენ ისინი დავკარგეთ მაშინ, როცა შეგვეძლო, არ დაგვეკარგა. ახლა უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი.

_ ეგებ, რუსეთსაქართველოს ურთიერთობასაც შეეხოთ მოკლედ?

_ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა აბსურდის პოლიტიკაა: საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ უნდა ვეფეროთ, მეორე კი ამტკიცებს, რომ უნდა ვლანძღოთ, და ასეც იქცევა.

ერთიც სისულელეა და მეორეც.

რუსეთთან ურთიერთობაში შენ შეიარაღებული უნდა იყო ქართული ინტერესით. არც ერთ ჩვენს ხელისუფლებას არსად გაუმჟღავნებია, კერძოდ რა არის ქართული ინტერესის საგანი. ქართული ინტერესი თავის დროზე ამერიკის ლანძღვასა და რუსეთის ქებაში გამოიხატებოდა და ეს იყო შეცდომა. თუ ქართული ინტერესი დღეს ის არის, რომ ვლანძღოთ რუსეთი და ვაქოთ ამერიკა, ეს სისულელეა. მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც არ მოსწონთ რუსეთი, მაგრამ არ მესმის იმ ადამიანებისა, რომლებიც ფეხქვეშ ეგებიან ამერიკას.

არ შეიძლება, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყოს ერთვექტორიანი _ ან მხოლოდ რუსეთზე, ან მხოლოდ ამერიკაზე ორიენტირებული. ცალმხრივობაზე აგებული პოლიტიკის შედეგი იყო ის პროფაშისტური გამოხდომები, რომლებიც სოციალურ ქსელებში დაიწერა კემეროვოს ტრაგედიაზე და რომლებსაც სწორი შეფასება მისცა თქვენმა გაზეთმა.

ცალმხრივობა გამოიხატა კარიკატურულ გადაწყვეტილებაშიც, რომლის თანახმად, ერთი “რუსი დიპლომატი” გააძევეს საქართველოდან: აძევებ “დიპლომატს” იმ ქვეყნისას, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა, წლებია, გაწყვეტილი გაქვს.

საქართველოს საგარეო პოლიტიკა დაბალანსებული, მრავალვექტორიანი უნდა იყოს.

ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პრობლემის წარმოქმნამდე აშშის ავტორიტეტი საკმაოდ დაკნინებული იყო, რუსეთისამ კი წინა პლანზე წამოიწია, მაგრამ შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიღაცას ხელს აძლევდა სიტუაციის ასეთი შემობრუნება. ის, რაც მოხდა, ეტყობა, კარგად გათვლილი გეგმის, დიდი თამაშის ნაწილია და ჩვენ ამ თამაშში თოჯინების როლი გვაკისრია. ტატუნაშვილის ტრაგედია ამ პროვოკაციის ბიძგის მიმცემია, დასაწყისია უარესის.

_ და სწორედ ამ ვითარების განსამუხტავად, უარესის თავიდან ასაცილებლად ჩახვედით პეტერბურგში თქვენს ოს მეგობართან, მსოფლიოში ცნობილ დირიჟორ ვალერი გერგიევთან, რომლის მაღალი ავტორიტეტი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში უდავოა.

_ დიახ, ჩავედი. ისიც მყისიერად დაუკავშირდა ოსებს ცხინვალში და განუცხადა: მიხედეთ, რა ხდება! ეს ხომ კავკასიაა _ როგორ შეიძლება, ადამიანი ამდენ ხანს დაუსაფლავებელი დარჩეს?! რას შვებით, რას აკეთებთ, ამაზე დიდ შეურაცხყოფას ოსებს ვერავინ მიაყენებსო.

_ ვის ელაპარაკებოდა?

_ არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ ელაპარაკებოდა მათ, ვისაც შეეძლო ამ საკითხის გადაწყვეტა. ვალერი გერგიევმა უფრო მეტიც გააკეთა _ გაფრინდა მოსკოვში, შეხვდა ხელმძღვანელობას, უთხრა ის და ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნია, და გააკეთა ის, რაც აუცილებლად, თანაც, ოპერატიულად იყო გადასაწყვეტი.

მანამდე კი პეტერბურგში მოეწყო შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან, ხელოვნების, სპორტის სამყაროს წარმომადგენლებთან. იმ ორმოცკაციან აუდიტორიაში, რომელშიც 15-20 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ, გერგიევმა ერთი საათის განმავლობაში ისაუბრა საქართველოზე, კულტურისა და ხელოვნების ქართველ მოღვაწეებზე. მოხარული ვარ იმ დამოკიდებულებით, რომელიც მან გამოხატა საქართველოს პრემიერისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ და თქვა, რომ ჩვენთან ურთიერთობის გაუმჯობესების დიდი იმედი აქვს.

ვალერი გერგიევი 1982 წელს, სტუდენტობის პერიოდში, გავიცანი ლექსო თორაძის კონცერტზე. ლექსო დისიდენტი იყო და პირველად მაშინ ჩამოვიდა საჭოთა კავშირში. კონცერტის პირველ ნაწილში სრულდებოდა გია ყანჩელის მეხუთე სიმფონია, რომელსაც დირიჟორობდა ჯანსუღ კახიძე. მეორე ნაწილში ლექსოს უნდა დაეკრა. ეს ამბავი თავისთავად საინტერესოა და მოყოლა სხვა დროისთვის გადავდოთ. იქიდან მოყოლებული გრძელდება ჩვენი მეგობრობა.

ვალერი გერგიევი წლების განმავლობაში ყველა ჩვენი დიდი კომპოზიტორის შემოქმედების პოპულარიზატორია. წარმოიდგინეთ, რომ ერთსა და იმავე პერიოდში პეტერბურგის თეატრალურ სივრცეში მთავარი რეჟისორი იყო თემურ ჩხეიძე, მთავარი მხატვარი _ მურაზ მურვანიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი კი _ ვალერი გერგიევი.

შექმნა ამ კაცმა უდიდესი სახელოვნებო ინდუსტრია. ვიღაც წერს, რომ პაუტინთან ახლოს არისო. მერე რა?! ჩვენ მეგობრებს კი არ უნდა ვკარგავდეთ, უნდა ვიძენდეთ. 36 წლის განმავლობაში მასთან კავშირი არ გამიწყვეტია და ამ ხნის განმავლობაში ქართველებზე მისგან კარგის მეტი არაფერი მსმენია. ერთადერთი გამონაკლისი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიმართაც უმძიმესი დამოკიდებულება ჰქონდა. და არა მისი პრეზიდენტობის გამო, არამედ დავოსში შეხვედრის დროს შექმნილი შთაბეჭდილების გავლენით. გერგიევი, მოგეხსენებათ, დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამიტომ შეხვდნენ ერთმანეთს. უბრალო დამთხვევა იყო. და ამ შეხვედრის შესახებ გერგიევმა მითხრა: ვნახე არანორმალური ადამიანი, რომელმაც სკამის გამო გარიგება შემომთავაზაო. რაღაც-რაღაცებს ეხვეწებოდა. რას, ამის თქმის უფლება არ მაქვს. გერგიევმა მაშინ უპასუხა, მე ასეთ რამეებში არ ვმონაწილეობო.

_ ფრჩხილები გავხსნათ და ვთქვათ, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმის მოსაგვარებლად მიაკითხეთ გერგიევს.

_ თავი ვალდებულად ჩავთვალე, მიმემართა ჩემი ოსი მეგობრებისთვის. შემეხმიანენ ისინიც. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მათგანს. ის კეთილგანწყობა, ყურადღება და მხარდაჭერა, რომელიც მათ გამოიჩინეს, ვერც კი წარმომედგინა.

დავაზუსტებ: გერგიევთან შესახვედრად გერმანიაში ჩავედი. მოგეხსენებათ, მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორია. იქიდან პეტერბურგში ჩავფრინდით. პრობლემის მოსაგვარებლად გერგიევმა მოსკოვში ჩასვლა გადაწყვიტა. დილით გაფრინდა და საღამოს პეტერბურგში უნდა დაბრუნებულიყო, რადგან კონცერტი ჰქონდა ჩასატარებელი, მაგრამ მოსკოვში შეხვედრებმა იმდენი დრო წაიღო, რომ გერგიევის შემოქმედებითი მოღვაწეობის ისტორიაში პირველად ჩავარდა დაგეგმილი კონცერტი. წარმოუდგენელი რამ მოხდა _ ვერ მოასწრო დაბრუნება, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ შეუქმნია.

_ მოსკოვში ვის შეხვდა?

_ ვერ გეტყვით, მაგრამ, ალბათ, იმას, ვისაც, ტელეფონით კი არა, პირადად უნდა დალაპარაკებოდა; ვისაც ხელეწიფებოდა ამ უკიდურესად გამწვავებული საკითხის გადაწყვეტა. მე ვამაყობ გერგიევთან მეგობრობით: როცა გერგიევის მშობლიურ ქალაქ ვლადიკავკაზში ქართულ სკოლას გაუჭირდა, სწორედ იგი ამოუდგა მხარში; ქართველებს უდიდესი ასპარეზი აქვთ ყველგან, სადაც გერგიევი დირიჟორობს. მოწმე ვარ, ტელეფონით რომ ელაპარაკებოდა მოსკოვში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ტატუნაშვილის ტრაგედიაზე, როგორი კატეგორიული იყო გერგიევი. იქითა მხრიდან ჰკითხეს: “ჩვენ შეგვიძლია მოვახსენოთ (ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვის გულისხმობდნენ), რომ ეს არის გერგიევის პოზიცია?” მან უპასუხა: “დიახ, ასეთია ჩემი პოზიცია, კავკასიაში წარმოუდგენელი მკრეხელობაა ცხედრის მიწისთვის მიუბარებლობა. ის, რაც ხდება, არის ოსებისა და ქართველების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია”.

ამასვე ეუბნებოდა თავისიანებს, რაზეც ცხინვალიდან უპასუხეს: ცხედრის გადაცემას 3 აპრილის შემდეგ, ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მერე ვაპირებთო. გერგიევი კატეგორიულად არ დაეთანხმა. 15 თუ 16 მარტს ვთქვი, რომ 20 მარტს 2-დან 5 საათამდე გადმოასვენებდნენ ტატუნაშვილის ცხედარს _ ეს გერგიევისგან ვიცოდი. ასეც მოხდა. ისიც უნდა ითქვას, რომ პრობლემის გადასაწყვეტად მოსკოვში დიდი მუშაობა გასწია ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ, და ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.

_ განმუხტავს ეს დაძაბულობას?

_ სანამ მოსახლეობა მხარს უჭერს ავანტიურისტ პოლიტიკოსებს, ვერ განმუხტავს. ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა. საქართველოს პოლიტიკოსების 99 პროცენტი სხვაზე გამარჯვებით არის დაკომპლექსებული.

ამ პოლიტიკოსების ხელში ქვეყანას მომავალი არ ექნება.

კარგა ხნის წინათ, იტალიაში რომ ვიყავი, ლაციოს პრეზიდენტმა მითხრა: რუსეთთან ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვს საფრანგეთს, გერმანიას, იტალიასა და ესპანეთს. ოთხივეს გვაქვს წაგებული ომი რუსეთთან, თქვენ გვასწავლით, რომ რუსეთთან ომის მოგება შეუძლებელიაო?! რუსეთთან ომი არის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა.

დღეს საქართველოში რუსეთის ლანძღვით ხელისუფლების სათავეში მოდიან ანტიქართული, ვიღაცის მსახური ძალები და არა საქართველოს ინტერესების ერთგული დამცველები. ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ჯერ თავს შევიკავებ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს მხოლოდ ერთს ვიტყვი: როცა წყდებოდა ცხონებული ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის საკითხი, საქართველოდან გაისმა სატელეფონო ზარი _ ჯერ არ დააბრუნოთ!

_ ეს რა თქვით, ბატონო თემურ?!

_ მეც არ მინდოდა, დამეჯერებინა… მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რაც რეალურად ხდება. არ ვარ მთავრობის მიმართ კეთილგანწყობილი, მაგრამ ის, რაც მთავრობისა და, საერთოდ, ხელისუფლების მიმართ ხდება, ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაა. ქვეყნის უბედურების სათავე ქვეყანაშია. ქვეყანას, როგორც ძველი ბერძნები ამბობდნენ, განათლებული ადამიანების მმართველობა გადაარჩენს.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

10 COMMENTS

  1. უვიცების დოღია ბატონო თემურ ქვეყანაში,განათლებული და რაფინირებული პოლიტიკოსი აწყობს ამ მთავრობას?მღვრიე წყალში უკეთ თევზაობენ,ნეტავ თუ არსებობს გამოსავალი ამ მძიმე სიტუაციიდან..

  2. ხომ დაინახეთ რუსები კიარა ჩვენებური მოღალატეები უშლიდნენ ხელს აწ გარდაცვლილი ცხონებული ტატუნაშვილის გადმოსვენებას სატელეფონო ზარებით.

    • ესაა ჩვენი ქვეყანა, ესაა ჩვენი მთავრობა, ამ სტატიით ბევრი რამ გახდა ცნობილი, სანამ ცინდლიანი ბავშვები არ მოცილდებიან ხელისულებას, სანამ ეს გრანტიყლაპიები წურბელასავით, რომ არიან ყველგან შესეულები, სანამ ეს ლიბერალი ‘და არაფრის მაქნისი პრეზიდენტი ეყოლება საქართველოს არაფერი არ
      გვ ეშველება}}}

  3. რა მერაბიშვილიო,მინისტრიო,პატიმარმა საათი როგორ აჩუქა ტრგედიამდე რამოდენიმე დღით ადრე…

  4. სხვა საქციელს არც ველოდი შევარდნაძის ერთერთი.ხელის ბიჭისგან რომწლსაც.არასდროს.არ.გაუპროტესტებია ის “ბეზპრიდელი” რაც..მის დროს ხდებოდა სანამ.თბილად იყო და.გამსახურდიას მკვლელობის იდეური.მომხრე ერთერთი პუტჩისტისგან!!!
    ეს კაცია უკანასკნელი ნაძირალა.
    ახლა უნდა დაიჭიროს ეს კაცი და დააყენო სასამართლოს წინ და.დაასახელოს ვინ დარეკა თბილისიდან არ გადმოსვებებაზე! როგორც ტყუილი დამტკიცდება მაშინვეციხეში უნდა გაუშვან კონფლიქტის გაღვივებისთვის და ცილისწამებისთვის!
    თან ვიღაც გერგიევზე მეგობრობის იწონებს თავს რომელმაც ცხინვალში ქართველების ცხედრებზე კონცერტი ჩაატარა!
    9 გრამიანი ტყვიაა შენსითანა ბიოლოგიური ნაგავის წამალი.

    • რეებს ბოდავ შვილო? ვინ დარეკა და ბოკერიამ დარეკა… გიგა ბოკერიამ… თემური ეროვნული კაცია, მთელი თავის ცხოვრებაა ქვეყნის სამსახურშია. ამ კაცმა ეროვნული საქმე გააკეთა, სირცხვილი ჩამორეცხა მთელ საქართველოს. შენ და შენნაირები ზიხართ კლავიატურასთან ერთ ადგილს იფხანთ და რაღაც მონაჭორს ატრიალებთ და ტლიკინებთ, თფუ შენი და შენნაირების.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here