მთავარი პოლიტიკა როდის ვისწავლით საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვასა და სხვისი მითითებების გარეშე ცხოვრებას?

როდის ვისწავლით საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვასა და სხვისი მითითებების გარეშე ცხოვრებას?

3359
გააზიარეთ

რუსეთის მთავრობაში სერიოზული საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით, ამიერიდან მთავრობას დაამტკიცებს არა პრეზიდენტი, არამედ დუმა და ამ ინიციატივის გახმაურების შემდეგ პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კაბინეტის წევრებთან ერთად თანამდებობა დატოვა. დუმამ კი ახალ პრემიერმინისტრად მიხეილ მიშუსტინი აირჩია. ეს არის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენა ნებისმიერი სახელმწიფოს ცხოვრებაში და, წესით, ჩვენ, ქართველებს, არც პრემიერის შეცვლა უნდა გვიკვირდეს და არც მინისტრების, მაგრამ

როგორც კი ეს მოხდა, გამოდგა ქართული პოლიტიკური სპექტრი და ვლადიმერ პუტინთან ერთად ახალი პრემიერის ლანძღვაც დაიწყო. ჯერ რუსეთშიც კი არ იცოდნენ კარგად მიშუსტინის ბიოგრაფია, ახალ თანამდებობაზე კაცს ერთი განცხადებაც არ ჰქონდა გაკეთებული და ის ჩვენმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს.

“ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება, ეს არის პუტინის მორიგი მარიონეტი, ეს არის დემოკრატობანას თამაში, პუტინი როგორი დიქტატორიც იყო, ისეთივე დარჩა”, _ ეს იყო ძირითადი პათოსი იმ განცხადებებისა, რომლებიც საქართველოში გაკეთდა.

ცოტა უხერხული ხომ არ არის, თუნდაც ხელისუფლებისა და თუნდაც ოპოზიციის მხრიდან იმის აღნიშვნა, რომ პრემიერი თურმე მარიონეტია? გნებავთ, ნაციონალების მმართველობის პერიოდს გადახედეთ და გნებავთ, “ოცნების” მმართველობის, მერე პრემიერები გაიხსენეთ და კიდევ გავიმეორებ კითხვას: უხერხული ხომ არ არის, ბატონებო, რუსეთის ახალი პრემიერის მარიონეტად მოხსენიება? მით უმეტეს, ახალი კაცია, საგარეო კურსზე კი არა, საშინაოზეც არაფერი უთქვამს და უკვე ყველა მისასვლელი გზა მოვჭერით, რადგან წარმოუდგენელია, ასეთი განცხადებების შემდეგ მას საქართველოზე კარგი შთაბეჭდილება შეექმნას და საუბრის სურვილი გაუჩნდეს. ან რაზე უნდა ესაუბროს ადამიანებს, რომლებმაც ახალი თანამდებობა ლანძღვით “მიულოცეს”? თანაც გაითვალისწინეთ, რომ არავის, არც ერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, არაფერი უთქვამთ, მათ, უბრალოდ, ფაქტი აღნიშნეს და ელოდებიან, როდის იტყვის მიშუსტინი რამეს.

რატომღაც გვგონია, რომ ჩვენი პოლიტიკოსების განცხადებები სხვისი ნაკარნახევი იყო. დიმიტრი მედვედევთან საუბარი რომ არ გამოვიდოდა, ისედაც ცხადი იყო, რადგან არც ჩვენ ვაკლებდით კრიტიკულ განცხადებებს და არც ყოფილი პრემიერი იყო მაინცდამაინც კეთილგანწყობილი. ახალი პრემიერის დანიშვნა კი შანსი იყო იმისა, რომ ყინული დაძრულიყო, მაგრამ ეს შანსი ჩანასახშივე მოვაშთეთ და ახლა, თუ რუსეთთან საუბრის სურვილი გაგვიჩნდება და მზადყოფნას გამოვთქვამთ, იძულებული ვიქნებით, მესამე მხარე ჩავრიოთ, მესამე მხარე კი ევროპა ან ამერიკა იქნება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, მათ გარეშე მოლაპარაკებები რომ არ გაიმართოს, რომ ერთ მაგიდასთან მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები არ დასხდნენ. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ სწორედ პირისპირ მოლაპარაკებებისას შეიძლება გაირკვეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და მხარეები ორივე სახელმწიფოსთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმდნენ? ეს ხომ იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ამდენი წლის განმავლობაში სწორედ დასავლეთი გვიშლიდა ხელს ურთიერთობის მოგვარებაში და სწორედ ეს არ აძლევთ ხელს.

ისე, გვეეჭვება, ბევრმა იცოდეს, მაგრამ თვის ბოლოს ამუშავდება მექანიზმი, რომელიც საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის (მათ შორის, საქართველოსთვის) რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის შემთხვევაში არასატარიფო კვოტების დაწესებას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მეგობარ ქვეყნებს ხორბალს იაფად მისცემს, ხოლო მათ, ვისთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს, ძვირად მიჰყიდის. შეიძლება ბევრმა არც ის იცის, რომ საქართველოში შემოსული სასურსათო ხორბლის 90% სწორედ რუსულია, ანუ ერი მთლიანად რუსული პურით იკვებება და გაძვირება ხალხს მძიმე ტვირთად დააწვება.

რა თქმა უნდა, ამ მექანიზმის ამოქმედების შემდეგ აუცილებლად ვიტყვით, რომ რუსეთმა მორიგი პროვოკაცია მოგვიწყო, რომ გვაიძულებს, ვიშიმშლოთ, მაგრამ ეს რეგულაციები არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ არის საბაჟო კავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის. და, დიდი ბოდიში, თუ რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავს და ცდილობს, მტერს მტრულად უპასუხოს, მეგობრებს _ მეგობრულად. მაშინ არავის ამოუღია ხმა, როცა ლამის მთელმა მსოფლიომ რუსეთს სანქციები დაუწესა და საშიმშილოდ გაწირა. ხომ ამბობდნენ, ჩრდილოელი მეზობლის აღსასრული დგებაო და აგერ იმაზე მეტი მიწა დახნეს, ვიდრე მანამდე და რეკორდული, 120 მილიონი ტონა ხორბალიც მოიწიეს. წელს უფრო მეტი დახნეს და ეჭვი გვაქვს, მსოფლიოს ნახევარი სწორედ რუსულ პურს ჩამოეკიდება და გამოეკიდება. ამ პირობებში ჩვენ ხმამაღლა და გამოთქმით ვაკრიტიკებთ ახალ პრემიერს და მარიონეტს ვეძახით.

ახლა ისე არ გაიგოთ, თითქოს საუბარი სხვა მიმართლებით მიგვყავს. პირიქით, ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და ახლაც გავიმეორებთ _ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც იმაზე კი არ უნდა იფიქრონ, როგორ აამონ დასავლეთს და როგორ მოსწმინდონ ერთი ადგილი, არამედ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ქვეყანა იმ უმძიმესი მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა არის. ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულან ჩვენი პოლიტიკოსები, ევროპისა და ამერიკის ლიდერები, რომლებიც რუსეთის კრიტიკისკენ მოგვიწოდებენ, თვითონ რატომ ხვდებიან რუსეთის პირველ პირებს ძალიან მშვიდ და მეგობრულ გარემოში, რატომ აქვთ საქმიანი ურთიერთობა და სამომავლო გეგმებს აწყობენ. იმაზე თუ დაფიქრებულან, რუსულ ბაზარზე უარის თქმის შემდეგ არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ სანქციებზე რომ უარი თქვა და რუსულ ბაზარზე ისევ შევიდა? რატომ? იმიტომ, რომ მიხვდნენ, ეს მათი ქვეყნისთვის იყო საზიანო და სწორედ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდნენ. ვერ გეტყვით, როდის ვისწავლით საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვასა და სხვისი მითითებების გარეშე ცხოვრებას, მაგრამ დღევანდელი რეალობა ძალიან მწარეა.

ამ კვირაში დავოსის ფორუმი იმართება, სადაც აუცილებლად იქნებიან, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფოს პირველი პირები. შანსი იმისა, რომ სწორედ დავოსში მოხდება საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრა, არსებობს და ეს ჩვენზე კარგად სწორედ ევროპამ და ამერიკამ იცის. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ, მიშუსტინი სასწრაფოდ “ჩავდეთ” მიწაში, რადგან ახალ პრემიერს სურვილი არ გასჩენოდა, ქართულ მხარესთან საუბარი სუფთა ფურცლით დაეწყო. ფურცელი სუფთა უკვე აღარაა, მაგრამ, მიშუსტინი თუ მაინც გადაწყვეტს საუბარს, უკვე უპირატესობა ექნება, რადგან უსამართლოდ გავაკრიტიკეთ, მას კი სიტყვაც არ უთქვამს.

შესაძლოა, ისიც აღარ ახსოვს ბევრს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რომ განაცხადა, _ საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება გაზაფხულზე შეიძლებაო. შარშან ჩავარდნილი ტურისტული სეზონის ამოქაჩვის შესაძლებლობა ამ ზაფხულს უნდა გაჩენილიყო, მაგრამ ისე ჩანს, ეს მატარებელიც ჩაივლის და ისევ სხვა ქვეყნის ტურისტების იმედად ვიქნებით. ეს იმის მიუხედავად, რომ ქართულმა მხარემაც აღიარა და საერთაშორისო ექსპერტებმაც თქვეს: ტურისტების ჩანაცვლება არ ხდება, არ არსებობს ასეთი რამ და ჩანაცვლებას ხშირ შემთხვევაში საუკუნე სჭირდებაო.

ისე, პარადოქსულია, ჩრდილოელ მეზობელს ვეძახით მტერს და მისგან ვიღებთ პურის 90%-, ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს, ბუნებრივ აირს, საწვავს, ანუ საარსებოდ აუცილებელ პროდუქტებს და საკმარისია, ამ ლანძღვის გამო რუსეთმა ერთი ხაზი მაინც გადაკეტოს, კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. აი, ლანძღვა, გინება და ოკუპანტის ძახილი მერე ნახეთ, ასე თუ მოხდება, მაგრამ აქეთკენ მიზანმიმართლად რომ მივდივართ, ამაზე ხმას არ ვიღებთ. უნდა აიტანოს რუსეთმა ჩვენი კრიტიკა, უნდა შეირგოს და უხმოდ გვასაზრდოოს ყველაფრით. ისიც ხომ ცხადია, ალტერნატიული გზები რომ არსებობდეს, აქამდე ან ჩვენი ხელისუფლება ნახავდა, ან დასავლეთი შემოგვტენიდა და საკუთარ პროდუქციას გაგვასაღებინებდა, მაგრამ არ გამოდის, არ არსებობს სხვა გზა და ალტერნატივე, ამის მიუხედავად, ცეცხლთან თამაშს განვაგრძობთ.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მიშუსტინი თავის ქვეყანასა და ხალხზე იმაზე უკეთ იზრუნებს, ვიდრე ქართველი პრემიერები ზრუნავენ საქართველოზე. იმაშიც დარწმუნებულები იყავით, რომ სხვა ქვეყნების ლიდერები მიშუსტინს სიხარულით შეხვდებიან, სიხარულით ჩამოართმევენ ხელს და მომავალ სტრატეგიულ პარტნიორობაზეც იმსჯელებენ. ჩვენ ვიქნებით ამ სამყაროში ერთადერთი, ვინც მუშტის ქნევით მოვიხსენიებთ მას და ყველა მისასვლელ გზას მოვჭრით, ყველა ხიდს დავწვავთ. ჰოდა, სანამ ამას ვიზამთ, სანამ დაწყებულ სისულელეს ბოლომდე მივიყვანთ, ეგებ მათ, ვინც აღნიშნული განცხადებების გაკეთებას კარნახობს ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, კითხვა დავუსვათ: თვითონ რატომ არ აკრიტიკებენ ახალ პრემიერს და რატომ უგებენ ფიანდაზებს, პირველად ჩემთან ჩამოდიო?

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here