მთავარი პოლიტიკა როდის დამთავრდება პანდემია

როდის დამთავრდება პანდემია

2713
გააზიარეთ
რუსული „რუსლანი“ ნიუ იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში

დღეს, როცა COVID-19 ისევე წარმატებით დახეტიალობს ევროპაში, როგორც თავის დროზე კომუნიზმი, ავტორიტეტული მკვლევარები ეპიდემიის მალე დამთავრებას წინასწარმეტყველებენ.

სტენდფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა მაიკლ ლევიტმა ყველაზე ადრე, ჯერ კიდევ წლევანდელი იანვრის თვეში ჩამოაყალიბა მოდელი იმისა, თუ როგორ განვითარდებოდა ეპიდემია ჩინეთში, _ იუწყება Los Angeles Times.

თებერვლის დასაწყისში გაგზავნილ თავის ანგარიშში იგი აღნიშნავდა, რომ დაავადებამ პიკს მიაღწია და სიკვდილიანობის ზრდის ტემპი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო შენელდებოდა.

ლევიტმა იწინასწარმეტყველა, რომ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ჩინეთში დაახლოებით 80 ათასს მიაღწევდა, დაიღუპებოდა დაახლოებით 3250 ადამიანი.

ზუსტად გათვალა ბატონმა ლევიტმა!

მაშასადამე, სანდო უნდა იყოს ის ვარაუდი, რომელსაც იგი აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოზე გამოთქვამს. მისი დასკვნაც ყურადსაღებია: ამჟამად უნდა გავაკონტროლოთ პანიკა!

არ უნდა ავყვეთ ბრბოს ინსტიქტს და მაშინ, გრანდიოზული სქემით, “ყველაფერი რიგზე იქნება”. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეპიდემიოლოგი გვაფრთხილებს სოციალური რყევების თაობაზე, რომლებიც თვეებისა და წლების განმავლობაში თავს გადაგვხდება და დაიღუპება მილიონობით ადამიანი.

მეცნიერი გვარწმუნებს: არსებული მონაცემები არ ადასტურებს ამ აპოკალიფსური სცენარის განვითარების რეალობას. განსაკუთრებით იმ რაიონებში, რომლებშიც ეპიდემიის შეჩერებისა და სოციალური დისტანცირების დაცვის გონიერი ღონისძიებები განახორციელეს.

ასეთ პროგნოზს ბევრი სპეციალისტი ეთანხმება. ჩვენც დავიჯეროთ და ვიყოთ ამის იმედად.

ამასობაში კი მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობების სურათი იცვლება და თანდათან თავს იჩენს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი აქცენტები, რომლებიც ძალიან ჰგავს სამოკავშირეო მიმართულებას.

პოლიტიკური ამბიციებით დაცილებული კონტინენტები ურთიერთმიზიდულობის, დახმარებისა და თანალმობის ნაკადის გავლენას სულ უფრო შესამჩნევად ემორჩილებიან.

დრომ მოიტანა.

ამერიკელი პოლიტოლოგი დიმიტრი საიმსი ამ ახალ ტენდენციებს რომ განიხილავს, შენიშნავს: მაშინ, როცა აშშში პანდემიის უბედურება ტრიალებს, როცა ნიუიორკის საავადმყოფოებში დაავადებულთა მისაღებად ადგილები არ ჰყოფნით, ხელოვნურ სუნთქვაზე შეერთებული პაციენტებიდან არჩევენ, ვინ დატოვონ, ვინ გამოთიშონ გაჯანსაღების უპერსპექტივობის გამო, ინფიცირებულები დერეფნებში უწევთ, მათი მკურნალობის საშუალება არ აქვთ და ასე უყურადღებოდ მიგდებულები იღუპებიან, ხოლო ოჯახის წევრები და ნათესავები უკანასკნელ გზაზე ვერ აცილებენ ინფექციის გავრცელების შიშით. აი, ეს ყველაფერი მესამე მსოფლიო ომის შთაბეჭდილებას ტოვებს”.

ამერიკამ ინფიცირებულებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით ბევრად გაუსწრო ჩინეთს და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას.

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ამ უმძიმეს ვითარებაში, _ შენიშნავს საიმსი, _ ორი პრეზიდენტის ტრამპისა და პუტინის _ ინიციატივით რუსეთიდან ნიუიორკში ჩავიდა მედიკამენტებითა და სამედიცინო მოწყობილობებით დატვირთული თვითმფრინავი. იგი განტვირთეს და ყველაფერს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენებენ” (ამ ფაქტზე საუბრისას ტრამპმა თქვა: “ძალიან, ძალიან დიდი თვითმფრინავი”).

საიმსი კი ასკვნის: “პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან თბილად ილაპარაკა იმ დახმარებაზე, რომელსაც რუსეთიდან იღებს.

ეს მოწმობს, რომ ტრამპს ძალიან უჭირს, განახორციელოს არაკონფრონტაციული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, მაგრამ, დაინტერესებული რომ არის, უეჭველია. ეს კრიზისი ტრამპს აძლევს საშუალებას, სულ ცოტა, შეეცადოს ახალი ურთიერთობის დამყარებას რუსეთთან, პირადად პრეზიდენტ პუტინთან”.

ვითარება მართლაც ჰგავს საომარ მდგომარეობას და ამას ადასტურებენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები.

ანგელა მერკელი _ გერმანიის კანცლერი: “მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინაშე არ დამდგარა ასეთი სერიოზული გამოწვევები”.

ემანუელ მაკრონი _ საფრანგეთის პრეზიდენტი: “ჩვენ სანიტარული ომის პირობებში ვიმყოფებით”.

დონალდ ტრამპი _ აშშის პრეზიდენტი: “უამრავმა ამერიკელმა გაწირა თავი მეორე მსოფლიო ომის დროს. დადგა ჩვენი დრო. ჩვენ ყველამ თავი უნდა გავწიროთ, რადგან ყველანი ვმონაწილეობთ ამაში და ჩვენ ერთად დავძლევთ ამას. გარკვეული აზრით, თავს ვგრძნობ ომისდროინდელ პრეზიდენტად”.

ასეთ “საომარ ვითარებაში” რუსეთმა დიდი ჰუმანიტარული დახმარება და თავისი სპეციალისტები გაგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იტალიაში.

“საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ!”

ზოგიერთი სახელმწიფო ამ საქმეს “ჯერ თავო და თავოს” პრინციპით განახორციელებს.

რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, COVID-19-ით დაავადების დასადგენი ტესტების პირველი პარტია _ 100 ათასი ეგზემპლარი ისრაელში “მოსადის” მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად ჩაიტანეს. ოპერაცია, რომელიც სპარსეთის ყურის ერთ-ერთ სახელმწიფოში (!) ჩაატარეს, ისე საიდუმლოდ იყო ორგანიზებული, რომ ისრაელის დაზვერვის საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა არაფერი იცოდა.

ეს “კურიოზი” ასე ახსნა ისრაელის სახელმწიფო მოღვაწემ და სამხედრო-პოლიმტიკურმა მოღვაწემ, ერთ დროს ისრაელის სპეცსამსახურ “ნათივის” ხელმძღვანელმა იაკობ კედმიმ:

_ უპირველესად, კაცის შესახებ. დაზვერვის საქმეში მისი მოღვაწეობა მახსენებს ანეკდოტს შუააზიელი კოსმონავტის შესახებ, რომელსაც საბჭოთა კავშირში ჰყვებოდნენ. დედამიწაზე დაბრუნებულს ხელები დალურჯებული ჰქონდა. ორბიტაზე ყოფნისას ხელსაწყოებთან შეხებას რომ მოინდომებდა, ხელებზე გამეტებით ურტყამდნენ, ხელი არაფერს ახლოო.

ან აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ტრუმენს (რუზველტის პრეზიდენტობისას), რომელიც ისეთ სულელად მიაჩნდათ, რომ არც ერთ სერიოზულ საქმეში არ რევდნენ. მან არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ შტატებში ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობდნენ.

ჩვენთან კაცი დაახლოებით იმავე დორნეზეა, ანუ ტიტული კი აქვს, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, რომ მისნაირ ადამიანებს რაიმე შეხება ჰქონდეთ დაზვერვასთან.

ის, რაც მოხდა, სამწუხაროდ, ისევ ანეკდოტს მაგონებს. საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილ მოიპოვა ისრაელელმა ქირურგმა, რომელმაც ჩიყვის ოპერაცია სწორი ნაწლავიდან გააკეთა. ჩვენი ქვეყანა თანდათან ანეკდოტს ემსგავსება, სამწუხაროდ: ისეთი მარტივი და ნახევრადპრიმიტიული ნივთების შესაძენად, როგორიც აღნიშნული ტესტების ჩხირებია და რომლის შეძენაც ინტერნეტის საშუალებით შეგვიძლია, ვიყენებთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე პროფესიულ საპეცსამსახურს.

ასეც ხდება.

არმაზ სანებლიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here