Home რუბრიკები საზოგადოება როგორ აფასებენ ექსპერტები პრემიერის მიერ წარმოდგენილ მთავრობის მუშაობის წლიურ ანგარიშს

როგორ აფასებენ ექსპერტები პრემიერის მიერ წარმოდგენილ მთავრობის მუშაობის წლიურ ანგარიშს

849
დემურ გიორხელიძე

20 დეკემბერს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას მთავრობის მუშაობის წლიური ანგარიში წარუდგინა. ის თავის სიტყვაში ყველა სფეროს შეეხო, ისაუბრა ნაკლოვანებებზე და მათი გამოსწორების გზებზე. მისი საუბრიდან ორ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს გამოვყოფთ: ეს არის ეკონომიკა და საგარეო პოლიტიკა.  “თუ ჩვენ შევხედავთ ჩვენს ეკონომიკურ სტრუქტურას, ნათლად ჩანს, რაში გვაქვს ყველაზე დიდი ჩამორჩენა. სიღარიბის მთავარი წყარო გახდა ის ეკონომიკური მოდელი, რომლითაც ქვეყანა ცდილობდა, თავისი კონკურენტუნარიანობა განევითარებინა და ის არ აღმოჩნდა წარმატებული. რატომ? იმიტომ, რომ მასში ბევრი იყო არასამართლიანი თამაშის წესები. ეს იყო ერთერთი პირველი, რისი ცვლილებაც ჩვენ დავიწყეთ. დიახ, ჩვენ გვჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ქართულ ოჯახს”, _ განმარტა პრემიერმა.

ის, რასაც ჰქვია იაფი ფული, სტარტაპებისთვის უნდა გაიღოს სახელმწიფომ, სხვანაირად ეკონომიკა ფეხზე ვერ დადგება

დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის საკითხების ექსპერტი:

_ პრემიერმინისტრის მოხსენებას მოვუსმინე, მიწვეული ვიყავი. მისი გამოსვლა იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც ბოლო რამდენიმე წელიწადში მომისმენია, დადებითად განვეწყვე. მან ზუსტი აქცენტები დასვა. ამხილა ყალბ ლიბერალიზმზე აგებული მოდელი, რომელიც დარვინიზმს უწევდა კულტივირებას საქართველოში და რომლის მიხედვითაც ადამიანი დავიწყებული იყო. განვითარების გლობალური მიზნები სახელმწიფოსთვის დავიწყებული იყო და არაპროფესიულად ჩატარებული რეფორმის შედეგად ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე შედეგი _ ეკონომიკა დანგრეულია, მიგრაცია უსაზღვროდ დიდია. გამბედაობა სჭირდებოდა პრემიერის მხრიდან იმის თქმას, რომ არსებული მოდელი შესაცვლელია. ყალბი იდეოლოგია, რომელიც, ამდენი წელიწადია, ინერგებოდა საქართველოში, მართლაც შესაცვლელია. ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს, ბიზნესი თავისუფალი უნდა იყოს. მართალია, პრემიერმინისტრს ბევრი რამ არ დაუკონკრეტებია, მაგრამ, რაც თქვა, საკმარისი იყო იმისთვის, ვიფიქროთ, რომ მან საქმე იცის.

საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ხალხის ნიჭსა და ინტელექტზეა დამოკიდებული, ძალიან კარგია, თუ მართლაც შეძლებენ, მთლიანი შიდა პროდუქტის ათი პროცენტი განათლების სფეროში გაუშვან.

_ პრემიერმა განაცხადა, რომ სიღარიბე 10 პროცენტით შემცირდა, მაგრამ ეს ძნელი დასაჯერებელია რიგითი მოქალაქისთვის, ასევე ძნელი დასაჯერებელია ის, რომ სოფლის მეურნეობაში ფული ჩაიდო და წინ მიდის საქმე, რადგან საქართველოში გლეხს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს

_ მოდელი, რომელიც დაიწუნა პრემიერმა და რომელშიც, 28 წელიწადია, საქართველო ცხოვრობს, ცუდი იყო. ის არ ითვალისწინებდა ინოვაციებს. მოდელის შეცვლა ნიშნავს რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩაბმას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამ ყველაფრის დაზუსტებული ფორმა არ არსებობს ამჟამად, მაგრამ შემიძლია წინასწარ გითხრათ _ ფინანსები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სტარტაპებისთვის; მცირე და საშუალო ბიზნესი საერთოდ უნდა გათავისუფლდეს გადასახადებისგან. სახელმწიფო შესყიდვებში მცირე და საშუალო ბიზნესი ამოვარდნილია, მხოლოდ ვიწრო ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული ბიზნესი. აუცილებელია, ხელმისაწვდომი გახდეს ეს სფერო ყველასთვის და მჯერა, ეს მოხერხდება კიდეც. ის, რასაც ჰქვია იაფი ფული, სტარტაპებისთვის უნდა გაიღოს სახელმწიფომ, სხვანაირად ეკონომიკა ფეხზე ვერ დადგება, სახელმწიფოც მეტ სარგებელს მიიღებს.

მოდელის ცვლილება ნიშნავს სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებას, თანაც არა მხოლოდ ეკონომიკაში.

_ ბიზნესს გასაღების ბაზარიც სჭირდება, განსაკუთრებით მეწარმეობას, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირს

_ საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაში, რომელზეც უზარმაზარი მოთხოვნაა მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ მიმზიდველები ვიყოთ, განსაკუთრებით გადამამუშავებელ მრეწველობაში. სახელმწიფო უნდა გადაერთოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე და მჯერა, ასეც იქნება. სახელმწიფოში ყალბი იდეოლოგიის მქონე ადამიანები, რომლებიც პესტიციდების მომხრენი არიან და ლიბერალურ ეკონომიკაზე აკეთებენ აქცენტს, კერძო სექტორში გადავიდნენ. რაც ნაკლები იქნებიან ასეთი ადამიანები ბიზნესში, მით უკეთესი ჩვენთვის.

_ მოგვეცემა საშუალება, ვაწარმოოთ ჩვენი პროდუქცია და გავასაღოთ კიდეც?

_ ჩვენთან აქამდე არ ყოფილა სწორი პოლიტიკის გატარების ნება. პოლიტიკოსებს, რომლებიც აქამდე მოღვაწეობდნენ, სურვილიც არ ჰქონიათ რაიმეს შეცვლის. დღეს ამ ხელისუფლებას უკანდასახევი გზა აღარ აქვს _ ან საბოლოოდ დავიღუპებით და განუვითარებელი ქვეყნების რიგებს შევუერთდებით, ან ჯერ კიდევ არსებულ შანსს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს, გამოიყენებენ.

თუკი ცვლილებები, რომლებზეც საუბარია, განხორციელდება, რამდენიმე თვეში უნდა დაეტყოს ქვეყანას. თუმცა ექვსი წლის დაგვიანებით, მაგრამ ხელისუფლება ალაპარაკდა შეცდომებზე და ეს არის მთავარი.

პრობლემა ჩვენვე გვაქვს, მაგრამ ხშირად გარე ძალებს ვაბრალებთ, ამიტომ აუცილებელია შევარდნაძის თაობის, შევარდნაძის ფრთის ქვეშ გამოზრდილი პოლიტიკოსების, ნეოლიბერალური პოლიტიკის გამტარებლების ჩამოშორება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროებიდან, განსაკუთრებით _ ეკონომიკიდან.

პრემიერმა ბახტაძემ საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა, თუმცა ჩვენდა გასაკვირად, მან ყველაზე ნაკლები დრო ამ სფეროს დაუთმო: რამდენიმე დღის წინათ აშშის კონგრესში მომზადდა დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი, ფაქტობრივად, ყველა გამოწვევა და არის ძალიან კონკრეტული მხარდაჭერის გზავნილები. სასიხარულო იყო ჩვენთვის, რომ მივიღეთ მხარდაჭერა იმ კონსულტაციებზე, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის შემოღების თვალსაზრისით საქართველოსა და აშშ შორის მიმდინარეობს. ვფიქრობ, 2019 წელი წარმატებული იქნება ამ თვალსაზრისითაც”, _ განმარტა ბახტაძემ.

საქმე ის არის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი _ “საქართველოს მხარდამჭერი აქტი”. საქართველოში ეს აქტი ზოგიერთმა პოლიტიკოსმა “გეორგიევსკის ტრაქტატს” შეადარა.

გულბაათ რცხილაძე
გულბაათ რცხილაძე

მხარდამჭერი აქტისშემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უფრო დაიძაბება, გაიზრდება აგრესია და ალბათობა ახალი პროვოკაციისა

საგარეო პოლიტიკაში მიღწეულ წარმატებებსა თუ წარუმატებლობაზეევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:

_ უახლოეს რამდენიმე წელიწადს საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ნატოს წევრი, ამიტომ საგარეო პოლიტიკაში მიღწევებზე საუბარი ზედმეტია. უკვე ბევრი წელია, “მომსწრენი ვართ წარმატებებისა” ნატოს სამიტებზე, ეს სირცხვილია. არადა, ყველა ხელისუფლება აქტივებში იწერს ნატოს სამიტებს.

_ არ დაგეთანხმებათ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, რადგან რამდენიმე დღის წინათ აშშის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი _ “საქართველოს მხარდამჭერი აქტი”, რომელიც საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატის ტოლფასად შეფასდა

_ გეორგიევსკის ტრაქტატმა სრულიად კავკასიაში შეცვალა პოლიტიკური ვითარება და საზღვრები. საქართველოს საზღვარი გაცილებით შორს იყო გადაწეული, ვიდრე დღეს გვაქვს. ამათი მხარდაჭერის წერილები და წარმატებული სამიტები 1991 წლის შემდეგ ბევრი გვაქვს, მაგრამ სიკეთე არ მოუტანია. გეორგიევსკის ტრაქტატის შედარება ამერიკელების მიერ მიღებულ აქტთან, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცოდინარობაა.

ამ აღნიშნულ აქტზე მეტი იყო 2009 წელს კონდოლიზა რაისთან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, მაგრამ რა მივიღეთ? ათი წელიწადი გავიდა მას შემდეგ და სიკეთე არაფერი დაგვინახავს.

_ გინდათ, თქვათ, რომსაქართველოს მხარდამჭერი აქტისშემდეგ რუსეთი ჩვენკენ აგრესიულად რომ წამოვიდეს, ამერიკა არ დაგვეხმარება? მავთულხლართები რომ გადმოწიოს, ხელს არ შეუშლიან?

_ ჯერ ერთი, რუსეთს საზღვარი არ გადმოუწევია. ის აკეთებს იმას და მიჰყვება იმ საზღვრებს, რომელზეც თავის დროზე სააკაშვილმა მოაწერა ხელი, მათ არაფერი დაურღვევიათ. ისინი ნომინალურ საზღვარს ღობავენ, მართალია, დიდი შეცდომაა რუსეთის მხრიდან და აგრესიული პოლიტიკა, მაგრამ საზღვარს აქეთ არ წევენ.

მიღებულიმხარდამჭერი აქტისშემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უფრო დაიძაბება, გაიზრდება აგრესია და ალბათობა ახალი პროვოკაციისა.

საწყის ეტაპზე გეორგიევსკის ტრაქტატმაც არ გაამართლა, 15 წელიწადი დასჭირდა, რომ საქართველოს შვება ეგრძნო რეალურად. კონდოლიზა რაისთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ათი წელიწადი გავიდა და კიდევ ხუთი წელიწადი მოთმინებით დაველოდებით, მაგრამ არა მგონია, ამან შვება მოგვიტანოს.

საქართველო, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რაც ნატოსა და ევროკავშირს სჭირდება: იქნება ეს ბაზების გამოყენება, წვრთნების ჩატარება თუ სხვა რამ, თანაც ისე აკეთებს ამას, რომ მეორე მხარეს ვალდებულებები არ აქვს, ჩვენ მოსამსახურეები ვართ მათი სისტემის. თუკი ნატო საქართველოს თავის რიგებში მიიღებს, გაუჩნდება გარკვეული ვალდებულებები, ამაზე კი, ისინი არ წამოვლენ, რადგან ისედაც მათი მონამორჩილები ვართ.

ჩვენმა პარტნიორებმა დასვეს საკითხი რუსეთის წინაშე, რომ მან გაათავისუფლოს ჩვენი ესა თუ ის ტერიტორია; მათ დაგმეს რუსეთის საქციელი და მოუწოდეს, აიღოს მავთულხლართები, მაგრამ რუსეთმა მათი მითითებები შეასრულა? ერთი ყანა მაინც დაგვითმო? რუსეთი დათმობს მაშინ, თუკი ჩვენ ურთიერთობები გვექნება მათთან, თუკი ბერკეტები გვექნება ზუსტად ისეთი, როგორიც სომხებსა და აზერბაიჯანელებს აქვთ. ჩვენ გარდა, ასეთი ურთიერთობები ყველას აქვს რუსეთთან. საქართველო კი გამუდმებით იმ მხარეს იყურება, საიდანაც სარგებელი არაფერია. ეს სამომავლო პერსპექტივებს გვისპობს.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის უდიდესი მიღწევა არის ის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი კეთილი ნებით ჩვენებს საზღვარი გაუხსნა, რათა პროდუქტები შეეტანათ ბაზარზე, ვიზების რეჟიმი შერბილდა, რითაც ქვეყნის ეკონომიკა გაუმჯობესდა. ეს ყველაფერი კი ისე მოხდა, რომ საქართველო დათმობაზე არ წასულა, ისევ ისეთივე ანტირუსული პოლიტიკა მიმდინარეობს, უბრალოდ, რუსეთი იმითაც კმაყოფილია, რომ ესენი სააკაშვილივით არაპროგნოზირებულები არ არიან.

რუსეთი ითმენს, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება, აუცილებლად დაგროვდება ნეგატიური მუხტი და საქართველოს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება, ამიტომაქტებს”, “პაქტებს”, “ხელშეკრულებებსთავი უნდა დაანებონ და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაზე იზრუნონ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here